„Махарашвили… Годердзи… Высокий… Красивый…“

Approved by Natia Jinjolava


უკვე კარგა ხანია, რიტუალად მექცა: ყოველი წლის ცხრა მაისს სახლში ვრჩებოდი, ქაღალდის ერთჯერად ცხვირსახოცებს ვიმარაგებდი და მთელი დღე მეორე მსოფლიო ომზე ფილმებს ვუყურებდი. რამდენიმე საათის განმავლობაში გულამომჯდარი  ტირილით გულს ვიოხებდი და მთელი წლის დაგროვებულ ბოღმასა და აგრესიას მუსრგავლებულს და ბოლომდე დასველებულ ზემოხსენებულ ცხვირსახოცებს ვაყოლებდი სანაგვე ვედროში. უარყოფითი ემოციებისგან ბოლომდე დაცლილი მხრებში ვიმართებოდი და ვაგრძელებდი ჩვეულ ხალისიან ცხოვრებას.
კინოები სადღაა, კარგი, ამას გარკვეული, ზოგისთვის ობიექტური და ზოგისთვის ნაკლებად, მიზეზები აქვს, მაგრამ მე გული სხვა რამეზე მწყდება. ომგამოვლილი და სულ რაღაც ასიოდე ცოცხლად დარჩენილი ვეტერანი და მათი ღვაწლი სულ დავივიწყეთ. მოდით რა, ნუღარ დავიწყებთ დავას იმაზე, იყო თუ არა ის ომი ჩვენი. იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობისთვის იყო და მათი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლების თავგანწირვა რომ არა, ჩვენიც იქნებოდა. და ვისაც რაღაც ეფემერული წარმოდგენა აქვს ფაშიზმზე, შეუძლია ჩვენთვის ასე ავტორიტეტულ ევროპის მოსახლეობას კითხოს რა იყო - განსაკუთრებით, პოლონელებს. დღესაც დადიან ადამიანის ტყავგადაკრულ სავარძლებიანი „ოპელები“. და ეს ყველაფერი მეოცე საუკუნეში ხდებოდა და არა ინკვიზიციის დროს ან ქვის ხანაში.
ნუ დავივიწყებთ რა ვეტერანებს, ნუ გადავაყოლებთ რაღაც გაურკვეველ ფსევდოპატრიოტიზმს. ჩვენი თინეიჯერებივით გვეგონოს, რომ ომი ამერიკამ მოიგო, გვეგონოს, რომ საბჭოთა კავშირი ეპიზოდურად და გავლით მონაწილეობდა (ამერიკელებს ეხმარებოდა), ოღონდ ამ ხალხს ნუ დავუკარგავთ ღვაწლს და ნუ ვიქნებით უმადურები.
ქვეყანაში, სადაც თანამედროვე ტელევიზიების ხელდასმით, წარმატებულად სტრიპტიზიორობიდან „გამამაშებული“ ქალი ითვლება, სადაც ნარკომოვაჭრე ეროვნულ გმირად ვაქციეთ (არა, სასიკვდილოდ არავინ მემეტება და ძალიან კარგი ვქენით, რომ გადავარჩინეთ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რისთვის დაიჭირეს), საკუთარი ხელით მეხუთე შვილის დამხრჩობი დარჩენილი ოთხი შვილის დედა კი ყველას გვეცოდება, მოდით რა ცოტა ჩვენითაც ვიფიქროთ.
და რუსეთის სიძულვილი ნუ დაგვაბრმავებს ბოლომდე. ის რუსეთი, კიდევ 14 რესპუბლიკა და ჩვენი ვეტერანები რომ არა, რომლებმაც ჰიტლერი კავკასიამდე არ მოუშვეს,  დღეს ჩემს კომპიუტერთან ჩემს ნაცვლად ალბათ ვინმე სომეხი იჯდებოდა (სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ისინი ჩვენზე მარიფათიანები არიან). ნუ ვიქნებით რუსეთის მადლიერი და მადლობელი, მადლობა ჩვენებს მოვუხადოთ, რომლებიც დავით გურამიშვილის და კიდევ ათასი სახელოვანი ქართველის მსგავსად, ტრადიციულად სხვისი ომის გმირები იყვნენ, სხვის არმიაში იბრძოდნენ და სხვისი იდეისთვის კვდებოდნენ.
წელს მე მოგიწყობთ ომზე კფილმების კვირეულს. უყურებთ თუ არა, ნება თქვენია...

მშვიდობის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

Insalata Caprese - სალათა კაპრეზე

Approved by Natia Jinjolava


საბოლოოდ გაზაფხულდა, დათბა და ყველაზე მარტივი, მაგრამ უგემრიელესი და ძალიან არომატული იტალიური სალათა კაპრეზეს ჯერიც დადგა. იტალიიის ნაციონალურ ფერებში გადაწყვეტილი სალათის სამშობლოდ კუნძული კაპრი მიიჩნევა, დასახელება კაპრეზეც სწორედ ამას ნიშნავს, მაგრამ ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს სალათა მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ეგვიპტეში მეფე ფარუქის საზეიმო წვეულებებზე გამოჩნდა პირველად (რასაკვირველია სხვა სათაურით) და მალე ძალიან პოპულარულიც გახდა.
სალათა იმდენად მარტივია, რომ კლასიკური ვარიანტის მოსამზადებლად ერთადერთი პირობაა საჭირო - ყველა პროდუქტი იტალიური უნდა იყოს. სალათა სულ რამდენიმე წუთში კეთდება, და ხარისხიანი პროდუქტების გარდა, მართლაც არაფერი უნდა. სულ მთლად იდეალურ სალათას, „ხარისგულას“ ჯიშის იტალიური პამიდორები, იტალიური შავი კამეჩების მოცარელა და ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი უნდა.

სალათა კაპრეზე (ტრადიციული)
საუკეთესო მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა (ანუ სულგუნი), შაშკვლამი (ჩვენთვის რეჰანიც გამოდგება), ზეითუნის ზეთი და მარილი და პილპილი.
პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი იგივე ზომის თხელ ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი. სულ ესაა!

სალათა კაპრეზე ზეთის ხილით
საუკეთესო ხარისხის მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა, შაშკვლამის ფოთლები, ზეთისხილი, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი
პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი იგივე ზომის თხელ ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი. ბოლოს მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი ზეთის ხილი.

სალათა კაპრეზე ბალზამიკოთი
საუკეთესო ხარისხის მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა, შაშკვლამის ფოთლები, ზეთისხილი, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო
4-5 ს/კ ძმარი ბალზამიკო დაბალ ცეცხლზე ადუღეთ სანამ არ შესქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი იგივე ზომის თხელ ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი.

ცხელი სალათა კაპრეზე
8 პორცია
პურის ბატონი ნაჭრებად დაჭრილი, ¼ ჭ ზეითუნის ზეთი, მარილი და ახალდაფქული პილპილი, 5 მწიფე პამიდორი, ნაჭრებად დაჭრილი მოცარელა, შაშკვლამის ფოთლები.
ღუმელი გავახუროთ 230°C-მდე. პურის ნაჭრები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე. მოვაწუწოთ ან ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი. შევდგათ ღუმელში დაახლობით 5 წუთით, სანამ პური არ დაიბრაწება. გამოვიღოთ. ყველა ნაჭერზე დავალაგოთ თითო ნაჭერი პამიდორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან დავალაგოთ კიდევ თითო ნაჭერი მოცარელა და მოვაყაროთ მარილი. შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 5 წუთით, სანამ ყველი და პამიდორი არ შეთბება. ტოსტები გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვრთოთ შაშკვლამის ფოთლებით. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მივირთვათ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შოკოლადის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ბისკვიტისთვის: დაახლოებით 200-300 გრამი კაკაოიანი პეჩენია დაფშვნილი, 5 ს/კ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ¼ ჭ შაქარი;
გულსართისთვის: 1 ¼ ჭ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ მწარე შოკოლადი (მინიმუმ 65% შოკოლადის შემცველობით) წვრილად დატეხილი, 2 დიდი ზომის კვერცხი, 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი, ¼ ჩ/კ მარილი;
სარკალასთვის: 2 ს/კ ცხიმიანინ ნაღები, 35 გრ ჭ წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადი, 1 ჩ/კ სიროპი, 1 ს/კ თბილი წყალი
1 ცალი 23 სმ დიამეტრიანი საცხობი ფორმა
ბისკვიტისთვის: ღუმელი 175°C-მდე გავახუროთ. ბისკვიტის ინგედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ, ტორტის საცხობ ფორმაში ამოვაფინოთ და დაახლოებით 10 წუთი ვაცხოთ. მერე 15-20 წუთის განმავლობაში გავაგრილოთ. გულსართისათვის: ნაღები წამოვადუღოთ, ჩავყაროთ შოკოლადი და 5 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ და თან ვურიოთ. პატარა ჯამში ავთქვიფოთ კვერცხები, ვანილიანი შაქარი და მარილი და ჩავურიოთ შოკოლადიან ნაღებში. გამზადებული შოკოლადის გონაში გამომცხვარ ბისკვიტიან ფორმაში ჩავასხათ და ღუმელში შევდგათ, ვაცხოთ სანამ გვერდები არ შეუმაგრდება, შუაგულში კი კვლავაც რბილი უნდა დარჩეს (დაახლოებით 20-25 წუთი). გაგრილების პროცესში კრემი ბოლომდე გამაგრდება. თავისივე ფორმაში გავაგრილოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. სარკალასთვის: ნაღები წამოვადუღოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ, ჩავყაროთ შოკოლადი და ვურიოთ სანამ არ გადნება. დავუმატოთ სიროპი, თბილი წყალი და მოვასხათ ტორტს. ერთი საათით გავაჩეროთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
P.S. ტორტი კიდევ უფრო გემრიელია წინა დღეს თუ გააკეთებთ და მაცივარში ჩააცივებთ, ოღონდ სარკალას ნუ მოასხამთ. სარკალას მოსხმამდე მაცივრიდან გამოიღეთ და 1 საათი გააჩერეთ, რომ თახის ტემპერატურის გახდეს. 

თხის ყველით დატენილი ბატკნის ბარკალი პიტნის ვინეგრეტით

Approved by Natia Jinjolava


გაზაფხული მოვიდა და ბატკნის სეზონიც დადგა. ბატკანი თხის ყველით - ცხვრის ხორცი ვისაც გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ. ეს საკმაოდ გემრიელი და საქართველოსთვის არატრადიციული კერძი, კვლავაც ცნობილი ბრიტანელი შეფის, გორდონ რამზიის საავტორო რეცეპტებიდან უნდა შემოგთავაზოთ.

ოთხი ულუფისთვის: 2,5 -2,7 კილოგრამიანი ბატკნის ბარკალი, ძვალგამოცლილი და შუაზე საშაურმე პურივით გადახსნილი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ ახალდაფქული პილპილი, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად, პიტნის დიდი კონა, თხის მაგარი ყველი (კარგად რომ გაიხეხოს, ნახევრად გაყინული), 6 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, როზმარინის რამდენიმე ტოტი
ლიმონისა და პიტნის ვინეგრეტისათვის: 6 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 კონა პიტნა, 1 ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი და პილპილი

გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე და საცხობი ტაფაც შევდგათ გასახურებლად. ძვალგაცლილი და გადახსნილი ბარკალი დაფაზე გავშალოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი და კარგად დავზილოთ. პიტნას დავაპუტოთ ფოთლები და ბატკნის ხორცის მთელ ზედაპირზე დავალაგოთ. თხის ყველი (ან ნებისმიერი მძაფრარომატიანი ყველი) საყინულედან გამოვიღოთ და ხორცს ზემოდან დავახეხოთ. მოვაყაროთ ნიორი. ხორცი რულეტივით დავახვიოთ და კულინარიული ბაწრით მჭიდროდ შევკრათ 3-4 სანტიმეტრიანი ინტერვალებით (შეწვისას რომ არ გაიშალოს). დახვეულ ხორცს გარედანაც მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვაწუწოთ ზეთი. ირგვლივ როზმარინის ტოტები შემოვაკრათ, დავდოთ საცხობ ტაფაზე (ძირზე სასურველია როზმარინის ტოტები დავუფინოთ) და ღუმელში შევდგათ დაახლოებით 20 წუთით. მერე ცეცხლი 190°C-მდე დავუწიოთ გავაგრძელოთ შეწვა ყოველ 450 გრამზე დამატებითი 20 წუთით, ანუ 2,5 კგ-იან ნაჭერს საათი და 20 წუთი დასჭირდება. ყოველ 15 წუთში მოვასხათ ფირფიტაზე დაგროვებული ზეთი და წვენი. გამოვიღოთ ღუმელიდან და 15 წუთი დავასვენოთ.
მანამდე პატარა თასში ჩავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, ცედრა, დაჭრილი პიტნა, მარილი და პილპილი და გავთქვიფოთ სოუსი ვინეგრეტი.
ცხვრის ხორცს შემოვაჭრათ ბაწარი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაწუწოთ პიტნის ვინეგრეტი და გემრიელად მივირთვათ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ვრეცხავთ და ვრეცხავთ, მთელი დღე ვრეცხავთ, ვრეცხავთ დღითა და ღამით...“

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ ერთმა ახლობელმა დამირეკა - საკმაოდ სიმპატიურმა და სასიამოვნო დიასახლისმა. სადღაც დილის თორმეტის ნახევარი იყო და მოკლე მოკითხვას ეგრევე სულ ოდნავ გაკიცხვისტონშეპარებული და აშკარად ირონიულ ღიმილ დაყოლებული: „რათქმაუნდა გეძინა“ მოაყოლა. ჰო, მეძინა, მერე? სულ მაინტერესებს, სხვებს რას უშავებს ჩემი დილის ძილის სიყვარული. სამაგიეროდ, საღამოს თერთმეტ საათზე ისინი რომ ფშვინავენ, მე გაქანებულ საქმიანობაში ვარ და დილას, უკაცრავად, შუადღეზე გაღვიძებულს სახლიც დალაგებული მხვდება და სადილიც გაკეთებული. ექიმები და ფსიქოლოგებიც კი აღიარებენ, რომ ორი ტიპის ადამნიანები არსებობენ, ისინი ვინც დღე აქტიურობენ და ისინი, ვინც ღამე ცოცხლდებიან.
ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავდა, იმერეთიდან. სტუდენტობის ჟამს თბილისში რომ ჩამოვიდა, ჩვეულებისამებრ დილის ხუთ საათზე ეღვიძებოდა. მოგეხსენებათ, ამ დროს ჩვენს ტელევიზიებსაც კი ძინავთ (ადამიანებზე აღარ ვლაპარაკობ). საუზმეს და დილის პროცედურებს რომ მოითავებდა, შვიდის ნახევრისთვის უკვე მოწყენილობისგან კვდებოდა და ახლობლებში რეკვას იწყებდა - შედეგად ოჯახებს აწიოკებდა. დილაუთენია ტელეფონი რომ რეკავს, კარგ ამბავს არავინ ელოდება, მით უმეტეს, რომ ტელეფონთან ჩვენს ნაცვლად დაფეთებული მშობლები მირბოდნენ ხოლმე. ტელეფონზე რეკვა რომ ავუკრძალეთ, მერე სტუმრად სიარული დაიწყო და ხან ვის კარს ანგრევდა გამთენიისას, ხან ვისას.
განსაკუთრებით ზამთარში, ცხრა საათზეც რომ ბნელა, სამსახურში თუ არ მეჩქარება, რატომ უნდა ავდგე უკუნში და ბნელში? არ ჯობია, გამოვიძინო? მე ხომ არავის ვუშლი დილას ადრე ადგომას. ამ ბოლო დროს ერთი კანონზომიერება შევამჩნიე: ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, ძილისგუდობა განსაკუთრებულად ცოტა მოგვიანებით და ქართული გაგებით წარმატებულად გათხოვილ დიასახლისებს აწუხებთ (რასაკვირველია, ყველას არ ეხება). აი, იმათ გარიგებულ ქმარს, 2 ბიჭი სასწრაფოდ რომ გაუჩინეს და ახლა სამაგალითო მოვლილ-დაბანილ-დავარცხნილი ოჯახი აქვთ. ჰალსტუხშებმული და ჯიპზემომჯდარი ქმარი სამსახურშია, ბავშვები ბაღში, იატაკი კი ბრწყინავს. სიცოცხლეში არ უმუშავიათ (ან ამჟამად აღარ მუშაობენ), ერთხელაც არ დაფიქრებულან დენის ან გათბობის, ან თუნდაც შვილების სწავლის ფული საიდან გადაიხადონ და მოწყენილობისგან სხვის ფუქსავატ ცხოვრებას აკრიტიკებენ: „შენ რა გენაღვლება სახლში ქმარი არ გელოდება...“. იცით რა? სამაგიეროდ, მზა-მზარეული არაფერი მომდის, ვმუშაობ კიდევაც, გადასახადებსაც მე ვიხდი, რემონტსაც მე ვაკეთებ, სანტექნიკოსიც მე მომყავს და ჩემი იატაკიც ბრწყინავს. მით უმეტეს, რომ პარკეტი არამარტო ჩემი შერჩეულია, დაგების საფასურიც ჩემივე გადახდილია. ამიტომ, დილას თუ ზედმეტი ერთი საათი მძინავს, სამაგიეროდ ქმრის სამსახურში და ბავშების სკოლაში გაშვების მერე სერიალებს კი არ ვუყურებ, ვშრომობ და ამას დამატებული, დიასახლისები რომ აკეთებენ ის საქმეც ჩემზეა.
ჰო, იგივე კატეგორიის თავალში კიდევ ერთი ნაკლი მაქვს: „როგორ ძვირფას შოკოლადს და ყავას ყიდულობ. შენი თავისთვის არაფერი გენანება“.... და რატომ უნდა დამენანოს? გეგონება, თვითონ შრომაში ათენ-აღამებენ შვილებს რომ რამე არ მოაკლონ. ქმარი თუ ფულს უჟოშკავთ, ჩემი ბრალი არაა. არადა, ასეთ ცოლებს, როგორც წესი ხელზე სახარჯო ფულს არ აძლევენ ხოლმე. ერთი ნაცნობის და მოსკოვშია გათხოვილი. აი, რუსეთში „ბიზნესები რომ აქვთ“ ისეთი ფულიანი ქართველის ოჯახში. გოგოს მანეთს არ აძლევენ, რამე თუ უნდა, მამამთილს უნდა თხოვოს. ისიც წაიყვანს და ათასებს ახარჯავს. მაგრამ ტრუსიკს და კალგოტკის რაოდენობას და მოდელსაც კი მამამთილს უთანხმებს, აბა, დიასახლისს ფული რად უნდა. რაღა რუსეთი, ჩემთან სამსახურში ქმარს ზემოთ რომ ვყვებოდი ისე გვიან მოყვანილმა და სასწრაფოდ ბიჭებგაჩენილმა, ქმრის იმიჯის შესაფერისად სილამაზის სალონგამოვლილმა მანქანიანმა ცოლმა მოაკითხა და 100 ლარი თხოვა: დიდი ფასდაკლებაა და რაღაც ჩუსტებს ვიყიდიო. ქმარმა უარი უთხრა, არ მაქვს, დღე პატენტი სათვალე ვიყიდე 80 ლარად და აღარ დამრჩაო. სათვალეში კაცმა სწორედ იმ დილას ჩემს თვალწინ 2300 ლარი გადაიხადა...
ცხოვრების სტილი ყველას თავისი აქვს: ზოგს სხვებისთვის თვალის დაყენება ურჩევნია, ზოგიც თავის თავზე ზრუნავს. ჩემთვის პრიორიტეტული პირადი კომფორტია. მართლა ვერ ვხვდები ვის რას უშლის ჩემი ძილი ან ჩემს ვაზაზე დაყრილი შოკოლადი. რაღაც არ შემიმჩნევია, რომ ვინმეს ყელზე დადგომოდა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

დიეტა გუშინ და დღეს

Approved by Natia Jinjolava


როგოც ერთ ბოროტ მაგრამ საკმაოდ რეალისტურ ანეკდოტში ამბობენ, ჭეშმარიტ ქალს სულ ორი რამე ადარდებს: პირველი, რა ჩაიცვას და მეორე - რა ჭამოს ისეთი, რომ გახდეს... არადა, სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ არც ზედმეტი წონის პრობლემა ადარდებდათ და არც ჯანმრთელი კვების. პირიქით, სიმსუქნე და ღაჟღაჟა ლოყები ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის ნიშნად ითვლებოდა. აბა, ფერდებჩავარდნილ ქალს ოჯახში ვინ შეუშვებდა?! ერთი სიტყვით, ძველი დროის ადამიანი რასაც შოულობდა, საკმაოდ მძიმე შრომის და ბევრი ენერგიის ფასად უჯდებოდა და ამიტომ ბოლომდე და თანაც მადიანად ჭამდა. შედეგად, დაახლოებით მე-19 საუკუნეში კაცობრიობას - კონკრეტულად კი დიდგვაროვნებს, პირველად დაუდგათ სიმსუქნის პრობლემა. აი, სწორედ მაშინ შეიძინა სიტყვა დიეტამ დღევანდელი მნიშვნელობა, თორემ მანამდე დიეტას ავადმყოფებს უნიშნავდნენ და უბრალოდ, კვების განსაკუთრებულ რეჟიმს ნიშნავდა და არა შიმშილს. სწორედ იმ დროიდან დაიწყეს სხვადასხვა ჯურის თაღლითებმა ათასგვარი სასწაულმოქმედი დიეტების გამოგონება და დამჯერი ადამიანებიც დღემდე ხან ვისი მეთოდით „ხდებიან“ და ხან ვისი.
ერთი სიტყვით,
პირველი საავტორო დიეტა 1087 წლით თარიღდება და ინგლისის მეფეს, ვილჰელმ დამპყრობელს ეკუთვნის. მეფემ როგორც კი აღმოჩნდა, რომ  მის აღარცთუ მოკრძალებული ზომების სხეულს ვეღარცერთი ცხენი ვეღარ ზიდავდა, საჭმელზე მთლიანად უარი თქვა და მხოლოდ ლუდისა და ღვინის სმაზე გადავიდა. დიეტის შედეგები დღემდე უცნობია,  იმდენად რამდენადაც, დიეტის ავტორი დიეტაზე დადგომიდან სულ მოკლე ხანში ცხენიდან ჩამოვარდა და მოკვდა.
ხანგრძლივი და თანმიმდევრული დიეტის პირველი დოკუმენტირებული წყარო ლორდი ჯორჯ გორდონ ბაირონის ბიოგრაფია გამოდგა. საკმაოდ ფერხორციან პოეტს გახდომა და „კლდემამოსილი სიფერმკრთალე“ მოუნდომებია. მიზნის მისაღწევად ბაირონი სპორტით დაკავდა და ხორცის ჭამაზე უარი განაცხადა - შედეგად მისმა ღაწვებმა მანამდე არნახული სიღაჟღაჟე და ფორმები შეიძინეს. სასოწარკვეთილმა ლორდმა ჭამის წინ ძმრის სმა და საჭმლის ძმარში ჩალბობის ხერხს მიმართა. მისი რაციონის ძირითად კერძად მოხარშული ბრინჯი და ძმრიანი წყალი იქცა და მალე გახდა კიდეც და სასურველ სიფერმკრთალესაც მიაღწია, მაგრამ შედეგით დიდხანს ვერ დატკბა - მალევე გარდაიცვალა 36 წლის ასაკში.
სხვათა შორის, ძმრის დიეტამ პოპულარულობა მე-20 საუკუნის 70 წლებშიც დაიბრუნა, როცა ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭამის წინ ვაშლის ძმრით იჭყიპებოდა. იმათთვის ვინც ძმრის გემოს ვერ იტანდა, ვაშლის ძმრის ტაბლეტებიც კი გამოუშვეს.
მე-19 საუკუნის 30 წლებში კვლავაც ამერიკაში, პრესვიტერიანელმა მღვდელმა, სილვესტერ გრეჰემმა რელიგიური დიეტაც კი შეადგინა, რომელიც იმთავითვე ღორმუცელობის ცოდვის აღმოფხვრას ემსახურებოდა, დაკლებული კილოგრამები კი დამატებითი ბონუსი გახლდათ. გრეჰემის დიეტა ხორცს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ალკოჰოლს, ჩაის, ყავას, მარილსა და სანელებლებს კრძალავდა. ჭეშმარიტი ქრისტიანის საკვები მხოლოდ შავი პური და ხრაშუნა ორცხობილები უნდა ყოფილიყო.
სხვათა შორის, დღეისათვის ყველაზე პოპულარული ამერიკული საუზმის - სიმინდის ბურბუშელას შექმნა, სწორედ გრეჰემის დიეტის დამსახურებაა. ხრაშუნა და ტკბილი ბურბუშელები, სწორედ მისმა მიმდევრებმა, ცოლ-ქმარმა კელოგებმა დაამზადეს, მასიურ წარმოებაში კი მათმა  ნაკლებადრელიგიურმა ძმამ ჩაუშვა.
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში, როლები რომ შეიცვალა და სიმსუქნე ღარიბთა ხვედრი გახდა, არისტოკრატიამ კი გახდომა დაიწყო, სწორედ მაშინ გახდა სუპერპოპულარული ბრიტანელი პოლიტიკოსის, უილიამ გლადსტონისა და ექიმი ფლეტჩერის „დიდხანს ღეჭვის თეოირია“. მეთოდი თითო ლუკმის 32-ჯერ დაღეჭვას და საკვების ნერწყვით გაზავებას ითვალისწინებდა. სხვათა შორის, სწორედ ამდაგვარად დიეტობდა როკფელერი. ექიმი ფლეტჩერი საჭმლის საგულდაგულოდ ღეჭვის   მეთოდებზე დაწერილი წიგნების წყალობით მილიონერი გახდა.
კვლავაც მე-19 საუკუნის ბოლოს, შაქრის შემცვლელი საქარინის გამოგონებასთან ერთად თაღლითებმაც გაიხარეს და ადვილად დამჯერ ჭარბწონიანებს „სასწაულმოქმედი“ თეთრი ფხვნილის ნაცვლად, ლამაზად შეფუთულ სოდას, სტრიხნინს და დარიშხანსაც კი სთავაზობდნენ. ერთი ბიზნესმენი, ლენტისებრი ჭიების ჭუპრებით სავსე კაფსულებსაც კი ყიდდა.
უკონტროლო დიეტომანიას ბოლო პირველმა მსოფლიო ომმა მოუღო. მაგრამ ომიდ დამთავრებისთანავე, დიეტა კვლავაც აქტუალური გახდა და ამერიკაში სიგარეტის დიეტის ბუმი დაიწყო. „Lucky Strike“-ს 1925 წელს ასეთი სარეკლამო ლოზუნგი ქონდა: „პირში კამფეტის ნაცვლად სიგარეტი ჩაიდე“.
არკტიკის ხალხებზე სპეციალიზირებულმა ეთნოგრაფმა, ვილიალმურ სტეფანსონმა 1928 წელს მსოფლიოს ესკიმოსების დიეტა (Inuit Diet) შესთავაზა. ესკიმოსებთან გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ მათმა კვების რაციონმა მასზეც კარგად იმოქმედა. ესკიმოსები მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ახალი თევზით იკვებებიან, რაც დღეში დაახლოებით 1200 კალორიაა და ზედმეტი წონის სწრაფად დაკლებას იწვევს, მაგრამ ცივილიზაციასნაზიარები ქალაქელისთვის ყოველდღე ახალდაჭერილი თევზი ფუფუნების საგანია და ურბანიზაციის შვილები ასეთ დიეტას წონის დაკლებასთან ერთად დაუძლურებისკენ მიყავს.
ექიმმა ჯორჯ ჰაროპმა ტკბილეულის მოყვარულთათვის საგანგებო დიეტა შეადგინა, რომელიც მხოლოდ ბანანისა და ნაღებისგან შედგებოდა (Bananas & Skim Milk Diet). ბანანი და ნაღები ადამიანს კარგის გარდა არაფერს დაუშავებს, მაგრამ ორივე იმდენად კალორიულია, წონის დაკლებაზე რაიმე ლაპარაკიც ზედმეტია, მით უმეტეს, რომ ეს დიეტა ექიმს ბანანების გამსაღებელმა კონკრეტულმა კომპანიამ დაუკვეთა.
1930 წელს გამოუშვეს პირველი გასახდომი ტაბლეტები, რომელიც დინიტროფეროლს შეიცავდა. ტაბლეტებით მას მერე აკრძალეს, რაც მისი დიდი ზომით მიღებას ზედმეტ კილოგრამებთან ერთად ასეულობით ადამიანის მხედველობა და ამდენივეს სიცოცხლეც შეეწირა.
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში არნახულად პოპულარული გახდა ე.წ. „წრფელი გულის დიეტა“, „რუსული გლეხური დიეტა“ და „ჯენერალ მოტორსის დიეტა“ ანუ დღესაც საკმაოდ გავრცელებული კომბოსტოს სუპი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიეტით, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობის კომბოსტოს სუპის ჭამით, კვირაში 5 კგ-ს დაკლება შეიძლება, მაგრამ ხუთივე კილოგრამი მალევე უბრუნდება თავის ადგილს. გარდა ამისა, ამ დიეტას ერთი საკმაოდ უხერხული გვერდითი მოვლენაც ახლავს - შებერილობა და მოჭარბებული მეტეორიზმი.
ჰოლივუდის ანუ გრეიპფრუტის დიეტა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების პირმშოა, მაგრამ პოპულარული მხოლოდ 70-იან წლებში გახდა. ანუ ყოველი ჭამისას სვამ გრეიპფრუტის წვენს და ნაჭამის საერთო ჯამი 800 კალორიას არ აღემატება. ასეთი დიეტის დროს მართლაც იკლებ, მაგრამ მომატებული მჟავიანობის გამო ძალიან ცუდ დღეში ვარდება კბილების ემალი და კუჭნაწლავის სისტემა.
1976 წელს ელვის პრესლის წყალობით უჩვეულოდ გავრცელდა სრულიად შიზოიდური დიეტა, მეტსახელად „მძინარე მზეთუნახავი“, რომლის დროსაც შიმშილს რამდენიმე დღის განმავლობაში დამაძინებელი საშუალებების დახმარებით ებრძვიან. მემგონი, ამ შემთხვევაში რაიმე კომენტარი ზედმეტია.
უარესი შედეგები მოიტანა თხევადი პროტეინის დიეტამ, როდესაც პროტეინებისშემცველმა კოქტეილებმა სისხლში ნატრიუმისა და კალიუმის უკმარისობა გამოიწვია და ბევრი სიფრიფანა და დაკუნთული (პროტეინების წყალობით) დიეტისმოყვარული გაუყენა საიქიოს გზას. მით უმეტეს, რომ პროტეინებით, ანუ ცილებით მდიდარი პროდუქტები, როგორც წესი ვიტამინებს არ შეიცავს და ქოლესტერინისა და ცხიმის ზედმეტობას იწვევს.
70-იანი წლების ბოლოს ექიმმა როჯერ ლინმა „ბოლო შანსის დიეტა“ შეიმუშავა და პაციენტების მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ნარჩენების, ანუ ძვლების, რქების, ჩლიქებისა და ტყავის საფუძველზე დამზადებული სასმელი შესთავაზა. მოუხედავად იმისა, რომ „ჯადოსნური სასმელი“ თავის დანიშნულებას საკმაოდ კარგად ასრულებდა, ზემოთ ჩამოთვლილი ნარჩენების გარდა იმდენ ქიმიკატს შეიცავდა, რომ მალე ჯანმრთელობისათვის საშიში პრეპარატების სიაში შევიდა და აიკრძალა.
ამერიკელი ექიმი პიტერ დ’ადამო კიდევ უფრო შორს წავიდა და კვების რეჟიმი სისხლის ჯგუფებს მიუსადაგა. მისი თეორიის თანახმად, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე გახდომის მსურველები პირველყოფილი შემგროვებელი მონადირეებივით ხორცით უნდა იკვებებოდნენ და  კარტოფილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს მოეროდონ. მეორე ჯგუფის მოდიეტეებს ვეგეტარიანული რაციონი ერგოთ, მესამისას - მხოლოდ რძის პროდუქტები. აი, მეოთხე, საპრობლემო ჯგუფის სისხლის პატრონები კი დიეტაშიც პრობლემურები გამოდგნენ - მათთვის კომპლექსური დიეტის შედგენაა სჭირო. დიდი დიეტოლოგობა არაა აუცილებელი იმის მისახვედრად, რომ მსგავსმა მეთოდმე მაინცდამაინც კარგი შედეგები ვერ მოიტანა.
უცნაური და დაუმსახურებლად გარეკლამებული დიეტების ჩამონათვალის გაგრძელება უსაზღვროდ შეიძლება. ფაქტი ერთია - ჯობს არ გასუქდე!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„...ჰო, უყვარხარო, უყვარხარო - უნდა იცინო და უნდა იხარხარო...“

Approved by Natia Jinjolava


ერთი თანაკურსელი გოგო მყავდა - სიმპატიური, მოხდენილი, ლამაზი და გონიერიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ ღირსებებსა და განუმეორებლობაში შესაშურად დარწმუნებული. ერთ დღესაც უნივერსიტეტის ბირჟაზე ჩვეულებისამებრს გამოპრანჭული გამოგვეცხადა და ამაყად გაგვიმხილა: „დღეს ისეთი ლამაზი ვარ, ისეთი ლამაზი, სადარბაზოდან რომ გამოვედი, იქვე მაწანწალა ძაღლი იწვა და ჩემს დანახვაზე ისიც კი ფეხზე წამოდგა, თავი დამიხარა და გამატარაო...“ ერთი კი გავხედე ირონიული მზერით, მაგრამ არაფერი მითქვამს. ხანდახან მგონია, რომ ძაღლები ადამიანებზე მეტად მიყვარს (ზოგზოიერთებზე მაინც) და არც მათ მეტისმეტად გონიერებაში მეპარება ეჭვი, მაგრამ კინოლოგობა და  ძაღლის ფსიქოლოგიის სპეციალისტობა არ უნდა იმის ცოდნას, რომ ძაღლი ადამიანს გარეგნობით არ, უფრო სწორედ, ვერ მოაიხიბლებ - მაგისთვის მამაკაცი შექმნა ღმერთმა. ეს უკანასკნელები რამდენად წარამატებით ართმევენ თავს ამოცანას, ეგ უკვე სხვა საკითხია...
და თურმე ნუ იტყვით და ჩემი კურსელის მეზობელ მაწანწალა ძაღლს გაუმართლა, ქალის მშვენიერებისგან მოხიბლულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომაში და უსიტყვო თაყვანისცემაში რომ დასდეს ბრალი. დასავლური გორილა ბოკიტო, ბერლინის ზოოპარკში დაიბადა. ახალშობილი დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და ბოკიტოც ადამიანების გვერდით გაიზარდა. უკვე დავაჟკაცებული გორილა, როტერდამის ზოოპარკში გადაიყვანეს და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, სამი მეტრის სიფართის და 10 მეტრის სიღრმის თხრილ და მინის ბარიერშემოვლებულ ღია ვოლიერში მოათავსეს. ბოკიტოს იდილიას არაფერი არღვევდა, სანამ ერთმა ჰოლანდიელმა ბუნებისმოყვარულმა და მარტოხელა ქალბატონმა არ გადაწყვიტა, რომ ბრგე და ახოვანმა მამრმა გორილამ მას მამაკაცური ინტერესით სავსე თვალი მიაპყრო. თავისი ჯიშის მამრთა ყურადღებას დანატრებულმა ქალმა ზოოპარკში შესასვლელი წლიური აბონემენტი შეიძინა, თვეების მანძილზე კვირაში ოთხი დღე გორილების ვოლიერთან მიდიოდა, ბოკიტოს წინ უდგებოდა, შუშის ბარიერს ხელებს ადებდა, სახით ეხუტებოდა და საათობით ეპრანჭებოდა: ხან თვალებს უჟუჟნებდა, ხან დეკოლტეს უჩვენებდა, ხანაც მრავალაზროვნად უცინოდა. 
კაცმა არ იცის, ბოკიტო ქალის უსიტყვო „ნამიოკებს“ მიხვდა თუ მისი მანჭვა-გრეხა მოწყინდა, ერთ დღესაც მოთმინებამ უღალატა, თხრილს ერთი ნახტომით გადააფრინდა და აბეზარ ქალს გავეშებული დაეძგერა. დაფეთებული ქალი მახლობელი კაფესკენ გაიქცა და შიგნით დამალვა სცადა, მაგრამ მეტისმეტად აღტკინებულმა თაყვანისმცემელმა კარები შელეწა, იქაც შეაღწია, ქალს დაეწია და საკმაოდ ძლიერადაც დაკბინა. ზოოპარკის თანამშრომლებმა ბოკიტოს სასწრაფოდ ტრანკვილიზატორიანი ტყვია ტყორცნეს, დააძინეს და ღია ვოლიერის ნაცვლად რკინის გალიაში უკრეს თავი. პანიკაში საკმაოდ ბევრი ხალხი დაზიანდა.
გორილასგან ნაგვემმა ქალმა როტერდამის ზოოპარკს და ბოკიტოს სასამართლოში უჩივლა უსაფრთხოების წესების დაუცველობისთვის. საკმაოდ გახმაურებულ პროცესზე გორილების ქცევის ექსპერტებმა განმარტეს რომ დომინანტი ხვადის გაღიზიანება და მისი არაადეკვატური ქცევა საწინააღმდეგო სქესის ჰომო საპიენსის დაუფიქრებელმა საქციელმა გამოიწვია. ბოკიტომ აბეზარი ქალის გრიმასები, რომელშიც რასაკვირველია ქალის მიერ ჩადებულ შორსმიმავალ ქვეაზრებს ვერც ხედავდა, თავის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობად ჩათვალა,  ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა და „მტრის“ გაგდება განიზრახა. გარეულ ცხოველებთან ვისაც კი ელემენტარული შეხება ქონია, ყველამ კარგად იცის, რომ მათთვის თვალის თვალში გაყრა, ან კბილების ჩვენება აგრესიის ნიშნად ითვლება და სასტიკად აკრძალულია. სასამართლომ ძალათპროვოცირებული ბოკიტო გაამართლა, ზოოპარკს მისი ვოლიერის „გაუსაფრთხოება“ დაავალა, „დაზარალებულ“ ქალს კი ზოოპარკთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
ბოკიტო ზოოპარკში მას მერე ბედნიერად ცხოვრობს, მისი სახელი კი  ჰოლანდიურ ენაში გაალმასებული და გაავებული კაცის სიმბოლოდ იქცა.
აქედან მორალი: აი, სადამდე მიყავს ზოგიერთი ქალი უკაცობას. მაგრამ საკითხავი ისაა, ამ უკაცობის მიზეზი სადაა დამალული. რა კაცი გაუძლებს ქალს, რომელიც ცხოველს ეპრანჭება და აბრალებს, ისეთი ლამაზი ვარ ვუყვარვარო ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი