7.5.12
Insalata Caprese - სალათა კაპრეზე
Approved by
საბოლოოდ გაზაფხულდა, დათბა და ყველაზე მარტივი, მაგრამ
უგემრიელესი და ძალიან არომატული იტალიური სალათა კაპრეზეს ჯერიც დადგა. იტალიიის ნაციონალურ
ფერებში გადაწყვეტილი სალათის სამშობლოდ კუნძული კაპრი მიიჩნევა, დასახელება კაპრეზეც
სწორედ ამას ნიშნავს, მაგრამ ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს სალათა მეოცე საუკუნის
50-იან წლებში, ეგვიპტეში მეფე ფარუქის საზეიმო წვეულებებზე გამოჩნდა პირველად (რასაკვირველია
სხვა სათაურით) და მალე ძალიან პოპულარულიც გახდა.
სალათა იმდენად მარტივია, რომ კლასიკური ვარიანტის მოსამზადებლად
ერთადერთი პირობაა საჭირო - ყველა პროდუქტი იტალიური უნდა იყოს. სალათა სულ რამდენიმე
წუთში კეთდება, და ხარისხიანი პროდუქტების გარდა, მართლაც არაფერი უნდა. სულ მთლად
იდეალურ სალათას, „ხარისგულას“ ჯიშის იტალიური პამიდორები, იტალიური შავი კამეჩების მოცარელა
და ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი უნდა.
სალათა
კაპრეზე (ტრადიციული)
საუკეთესო მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა (ანუ
სულგუნი), შაშკვლამი (ჩვენთვის რეჰანიც გამოდგება), ზეითუნის ზეთი და მარილი და პილპილი.
პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი იგივე ზომის თხელ
ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი, ყველი, შაშკვლამის
ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და
მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი. სულ ესაა!
სალათა
კაპრეზე ზეთის ხილით
საუკეთესო ხარისხის მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა,
შაშკვლამის ფოთლები, ზეთისხილი, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი
პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი იგივე ზომის თხელ
ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი, ყველი, შაშკვლამის
ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და
მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი. ბოლოს მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი ზეთის ხილი.
სალათა
კაპრეზე ბალზამიკოთი
საუკეთესო ხარისხის მწიფე პამიდორები, კამეჩის მოცარელა,
შაშკვლამის ფოთლები, ზეთისხილი, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო
4-5 ს/კ ძმარი ბალზამიკო დაბალ ცეცხლზე ადუღეთ სანამ
არ შესქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. პამიდორი დაჭერით მრგვალად, ყველი
იგივე ზომის თხელ ნაჭრებად. შაშკვლამს დააცალეთ ფოთლები და სპირალივით დაალაგეთ პამიდორი,
ყველი, შაშკვლამის ფოთოლი, პამიდორი, ყველი, შაშკვლამის ფოთოლი და ა.შ. მოაყარეთ მარილი
და პილპილი და მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი.
ცხელი
სალათა კაპრეზე
8 პორცია
პურის ბატონი ნაჭრებად დაჭრილი, ¼ ჭ ზეითუნის ზეთი,
მარილი და ახალდაფქული პილპილი, 5 მწიფე პამიდორი, ნაჭრებად დაჭრილი მოცარელა, შაშკვლამის
ფოთლები.
ღუმელი გავახუროთ 230°C-მდე. პურის ნაჭრები დავალაგოთ
საცხობ ფირფიტაზე. მოვაწუწოთ ან ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი.
შევდგათ ღუმელში დაახლობით 5 წუთით, სანამ პური არ დაიბრაწება. გამოვიღოთ. ყველა ნაჭერზე
დავალაგოთ თითო ნაჭერი პამიდორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან დავალაგოთ კიდევ
თითო ნაჭერი მოცარელა და მოვაყაროთ მარილი. შევაბრუნოთ ღუმელში დაახლოებით 5 წუთით,
სანამ ყველი და პამიდორი არ შეთბება. ტოსტები გადმოვიტანოთ თეფშზე და მოვრთოთ შაშკვლამის
ფოთლებით. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მივირთვათ ცხლად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment