დედამიწის დღე და ჩვენი კლუბი

Approved by Natia Jinjolava


ასეც ხდება, ისეც ხდება და ერთ მშვენიერ მზიან დღეს ისე მოხდა, რომ ჩვენი კლუბის ექვსი წევრი და ერთი კლუბის წევრებთან ახლო კავშირში მყოფი ძაღლი სრულიად სხვადასხვა მიზეზითა და ერთმანეთთან შეუთანხმებელი საფუძვლით აღმოჩნდა მიპატიჟებული თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე. არა თავად ღონისძიებას სკოლის მევსვეურები და იქაური ბავშვები ატარებდნენ, მაგრამ ჩვენ რაღა ჩვენ ვიქნებოდით, როგორც კი ერთად შევიყარეთ, საერთო ფუსფუსში საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი და წარუშლელი კვალი რომ არ შეგვეტანა.
დღის წესრიგში სკოლის საკმაოდ მოკრძალებული ეზოს დალაგება და მისი გამწვანება ანუ ჩვიდმეტიოდე ძირი კედარისა და კიპარისის დარგვა შედიოდა. ჰოდა, ჩვენც დავფაცურდით: ყველაზე ენერგიულმა ხელში ფოცხი დაიკავა და მოსწავლეებს ჩაუდგა სათავეში. მეორემ, აქაოდა კვირაცხოვლობაა  და დღეს მიწაზე მუშაობა არ შეიძლებაო, შენობაში დურთა თავი და სხვების შრომას სკოლის მესამე სართული ფანჯრიდან ადევნებდა მახვილ თვალს - ეტყობა, შეშინდა, მეორე სართულზე ადვილად მომწვდებიან და ეზოში დამაბრუნებენო. 
მესამემ მშრომელთა მორალურად გამხნევება აიღო თავის თავზე და სანამ ნიჩბებითა და ცოცხებით შეიარაღებული მოზარდები ბალახს პუტავდნენ და თან „ცელო მოუსვი ბალახსა“-ს ხმაშეწყობილად ღიღინებდნენ, მზრუნველ და პროფესიონალურ ჭკუა-დარიგებას არ აკლებდა - „...ცოცხი ასე დაიჭირეთ... ორმო ისე გათხარეთ... მიწა წესიერად მიუტკეპნეთ...“ ერთ-ერთს, ჩვენი კლუბის ყველაზე ახალგაზრდა წევრს და სკოლის მოწაფეს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა - თანაკლასელების მხარდამხარ ღვრიდა ოფლს, სანამ დედამისი (ასევე ჩვენიანი) შვილის დალაგებულ-გაწმენდილზე ძაღლს ასეირნებდა.
მე, რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია ვიტვირთე - ჩვენი კლუბის სახელით გასახარებელი ნერგი შვეარჩიე - მოგეხენებათ, სიცოცხლის განმავლობაში ერთ ხეს მაინც თუ არ დარგავ, არ გიცხოვრია. ერთი სიტყვით, ყველაზე ლამაზი ნერგები გვერდზე გადავალაგე, ზომიერად განათებული ადგილიც მოვნახე და ყველაზე გამრჯე მოსწავლეებს მივანდე დასარგავად. მერე თვალყურიც მივადევნე, რომ ყველა წესისა და რიგითს დაცვით დაერგოთ, მიწაც სათუთად მიეყარათ და მზრუნველად მოერწყათ. დავუბარე, ცივი ნიავი არ გააკაროთ, თუ გახმა, თქვენი სირცხვილი და თავის მოჭრა იქნება-მეთქი და დავარწმუნე, რომ გავივლიდი და მოვინახულებდი ხოლმე.
მსგავი მძიმე შრომისა და თავდადების შემდეგ გულმა ახლომდებარე სახაჭაპურიაკენ გაგვიწია. თუმცა, ცოტა ხანი ვიმსჯელეთ, „ვინც არ მუშაობს, არ ჭამს“ პრინციპით ხომ არ გვემოქმედა და ჩვენი მესამესართულად ამაღლებული და სულის სიჯანსაღეზე მზრუნველი მეგობარი, მშიერი დაგვეტოვებინა. მაგრამ, მერე კეთილმა გულმა არ გვიქნა და ხაჭაპური ვუწილადეთ - ოღონდ ლიმონათის გარეშე.  მოკლედ, ჩვენი ბებერი დედამიწის წინაშე ვალი პირნათლად მოვიხადეთ, ჩვენი წილი ხე დავრგეთ და მიერიდან შეგვიძლია მშვიდად და სინდისის ქენჯნის გარეშე ვისუნთქოთ ჩვენი წილი სუფთა ჰაერი...

საუკეთესო სურვილებით,  თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment