8.5.12
„Махарашвили… Годердзи… Высокий… Красивый…“
Approved by
უკვე კარგა ხანია, რიტუალად მექცა: ყოველი წლის ცხრა
მაისს სახლში ვრჩებოდი, ქაღალდის ერთჯერად ცხვირსახოცებს ვიმარაგებდი და მთელი დღე
მეორე მსოფლიო ომზე ფილმებს ვუყურებდი. რამდენიმე საათის განმავლობაში გულამომჯდარი
ტირილით გულს ვიოხებდი და მთელი წლის დაგროვებულ
ბოღმასა და აგრესიას მუსრგავლებულს და ბოლომდე დასველებულ ზემოხსენებულ ცხვირსახოცებს
ვაყოლებდი სანაგვე ვედროში. უარყოფითი ემოციებისგან ბოლომდე დაცლილი მხრებში ვიმართებოდი და ვაგრძელებდი ჩვეულ ხალისიან ცხოვრებას.
კინოები სადღაა, კარგი, ამას გარკვეული, ზოგისთვის ობიექტური
და ზოგისთვის ნაკლებად, მიზეზები აქვს, მაგრამ მე გული სხვა რამეზე მწყდება. ომგამოვლილი
და სულ რაღაც ასიოდე ცოცხლად დარჩენილი ვეტერანი და მათი ღვაწლი სულ დავივიწყეთ. მოდით რა, ნუღარ დავიწყებთ
დავას იმაზე, იყო თუ არა ის ომი ჩვენი. იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობისთვის იყო
და მათი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლების თავგანწირვა რომ არა, ჩვენიც იქნებოდა.
და ვისაც რაღაც ეფემერული წარმოდგენა აქვს ფაშიზმზე, შეუძლია ჩვენთვის ასე ავტორიტეტულ
ევროპის მოსახლეობას კითხოს რა იყო - განსაკუთრებით, პოლონელებს. დღესაც დადიან ადამიანის
ტყავგადაკრულ სავარძლებიანი „ოპელები“. და ეს ყველაფერი მეოცე საუკუნეში ხდებოდა და არა ინკვიზიციის
დროს ან ქვის ხანაში.
ნუ დავივიწყებთ რა ვეტერანებს, ნუ გადავაყოლებთ რაღაც
გაურკვეველ ფსევდოპატრიოტიზმს. ჩვენი თინეიჯერებივით გვეგონოს, რომ ომი ამერიკამ მოიგო,
გვეგონოს, რომ საბჭოთა კავშირი ეპიზოდურად და გავლით მონაწილეობდა (ამერიკელებს ეხმარებოდა),
ოღონდ ამ ხალხს ნუ დავუკარგავთ ღვაწლს და ნუ ვიქნებით უმადურები.
ქვეყანაში, სადაც თანამედროვე ტელევიზიების ხელდასმით,
წარმატებულად სტრიპტიზიორობიდან „გამამაშებული“ ქალი ითვლება, სადაც ნარკომოვაჭრე
ეროვნულ გმირად ვაქციეთ (არა, სასიკვდილოდ არავინ მემეტება და ძალიან კარგი ვქენით,
რომ გადავარჩინეთ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რისთვის დაიჭირეს), საკუთარი ხელით მეხუთე
შვილის დამხრჩობი დარჩენილი ოთხი შვილის დედა კი ყველას გვეცოდება, მოდით რა ცოტა ჩვენითაც ვიფიქროთ.
და რუსეთის სიძულვილი ნუ დაგვაბრმავებს ბოლომდე. ის
რუსეთი, კიდევ 14 რესპუბლიკა და ჩვენი ვეტერანები რომ არა, რომლებმაც ჰიტლერი კავკასიამდე
არ მოუშვეს, დღეს ჩემს კომპიუტერთან ჩემს ნაცვლად
ალბათ ვინმე სომეხი იჯდებოდა (სომხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ისინი
ჩვენზე მარიფათიანები არიან). ნუ ვიქნებით რუსეთის მადლიერი და მადლობელი, მადლობა ჩვენებს
მოვუხადოთ, რომლებიც დავით გურამიშვილის და კიდევ ათასი სახელოვანი ქართველის მსგავსად,
ტრადიციულად სხვისი ომის გმირები იყვნენ, სხვის არმიაში იბრძოდნენ და სხვისი იდეისთვის
კვდებოდნენ.
წელს მე მოგიწყობთ ომზე კფილმების კვირეულს. უყურებთ
თუ არა, ნება თქვენია...
მშვიდობის სურვილით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment