25.5.12
დევიდ ატენბორო და სამოთხის ჩიტები
Approved by
გავივლი გამოვივლი და ისევ ძველ თემებს ვუბრუნდები...
თუმცა, კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე სულ ერთიდაიგივე
ან შინაასრსობრივად მსგავსი პრობლემები აწუხებდა და მინდა არ მინდა, წრეზე სიარულს
და უკვე არაერთხელ წამოწეულ საკითხებზე ისევ და ისევ ლაპარაკს ვერც მე ავცდები.
დღეს ისევ „რადაც არ უნდა დაგიჯდეს გათხოვებისა“ და
„შვილი მაინც გააჩინე, სიბერეში მოგივლის“ პრინციპს უნდა დავუბრუნდე, მაგრამ ცოტა განსხვავებული
კუთხით. აღარ გავიმეორებ არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ქრისტიანი ადამიანი ერთხელ
მოდის ამ ქვეყნად და მარტო დაოჯახებულის სტატუსისთვის ნებისმიერის გვერდით რატომ უნდა
გაატაროს ან გაიმწაროს სიცოცხლე ჩემთვის გაუგებარია. არც იმას შეგახსენებთ, რომ ბევრი
სამ და ოთხშვილიანი მშობელი ვიცი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც მარტოობაში
კვდებიან, ან კარგი მშობელი, რომელმაც საკუთარი სიკარგისდამიუხედავად ნაძირალა გაზარდა.
მოგეხსენებათ, თავად დიდი აკაკი გვეუბნებოდა: „მარტო წვრთნა რას უზამს ბუნებამაც თუ
არ უშველაო“.
მოკლედ, ამას წინათ ცნობილი ბრიტანელი ნატურალისტი დევიდ
ატენბოროს ფილმი ვნახე სამოთხის ჩიტებზე და შემშურდა. ჩიტები, დიახ, ჩიტები რომლებიც
ხელხემლიანთა კლასში თავისი ჭკუით-და გონებით ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საფეხურზე დგანან, მხოლოდ
საუკეთესოს არჩევენ შესაჯვარებლად და, მხოლოდ გამრავლების მიზნით, ნებისმიერთან არ
წყვილდებიან. ჩიტებიც კი ხვდებიან, რომ უღირს და დეფექტიან შთამომავლობას, ჯობია სულ
არ გყავდეს. და როგორ იფასებენ თავს... რა დღეში არიან მამალი ფრთოსნები ერთი კინკილა
მდედრის ყურადღება მაინც რომ მიიქციონ. საკმაოდ შეუხედავი, თითქმის მახინჯი დედალი
სამოთხის ჩიტი კი კვერცხების დადების წინ ყველაზე ლამაზ, ყველაზე ფერადი ბუმბულის მქონე
და ყველაზე ჯანმრთელ მამალს არჩევს და მისი ბარტყი კიდევ უფრო ტანხატულა და მომხიბლავი
იბადება, უკაცრავად იჩეკება. ასე გრძელდება თაობიდან თაობამდე და სწორედ ამ ბუნებრივი
და ნებაყოფილობითი სელექციის შედეგია სამოთხის ჩიტების არნახული და არაბუნებრივად
მშვენიერი კუდ-ბუმბული.
სხვათა შორის, ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ დედამიწაზე
ბინადარ სულიერ არსებათა ზნე-ჩვეულებებისა და ქცევების ზოგადი მსგავსებიდან, ორი დიდი
გამონაკლისი არსებობს: ცხენთევზები და ადამიანები. ახლავე აგიხსნით რას ვგულისხმობ.
აბსოლუტურად ყველგან (თევზებშიც, ცხოველებშიც, ქვეწარმავლებშიც კი) მამრი უფრო ლამაზია
ვიდრე მდედრი და მამალი თავს იკლავს, კანიდან ძვრება და რა მსხვერპლზე არ მიდის საწინააღმდეგო
სქესისათვის თავის მოსაწონებლად. მარტო ხოჭო მომლოცველის მაგალითი რად კმარა, როდესაც
ორჯერ უფრო დიდი ზომის დედალი სექსის დროს ექსტაზში ჩავარდნილ მამალს თავს აჭამს. და
რა ხდება ადამიანებში? ყველაზე ლამაზი ქალებიც კი რა ზომას არ მივმართავთ, თუნდაც ყველაზე
ქეციან კაცს რომ მოვაწონოთ თავი. მერე, „მთავარია გავთხოვდე და ბავშვი გავაჩინოს“ ლოზუნგით
და ამაყად მივემართებით ზაგსისაკენ და გაივსო დედამიწა ფეხებგაღუნული, ტრაკდაბალი და
ღიპგადმოგდებული არსებებით.
აქვე განვმარტავ, არც რასობრივი ან რაიმე სხვა სახის
დისკრიმინაციის მომხრე ვარ და არც მე მაქვს ცისფერი სისხლი - ნებაყოფილობით და სიყვარულით
დამყარებულ ყველა კავშირს და უკვე გაჩენილი ყველა ფორმისა და ზომის ბავშვს მივესალმები. მე „მთავარია გათხოვდე“-ს მოწოდების და კაცებზე ნადირობის სეზონის გახსნის წინააღმდეგ
ვილაშქრებ. ჩემი აზრით, ზედმეტი პატივია მათთვის. მინდა რომ სულ ცოტა მაინც გვსდიონ აქეთ. ისე, რა საინტერესოა რატომ დაკარგეს კაცებმა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან გამოყოლილი ნადირობის ინსტინქტი? ალბათ არც არასდროს ქონიათ.
რაც შეეხბა, ცხენთევზებს, უნდა ვაღიარო, რომ თავის უცნაურობაში
მათაც კი ადამიანის მოდგმის ქალებზე მეტად გაუმართლათ. ბუნების თუ განგების ძალით მამალი ცხენთევზა ფეხმძიმდება. დიახ, დიახ, არაფერი მეშლება - მამალი ცხენთევზა, დედალსაც აბამს, ორსულდება (ალბათ მრავალსულდება უფრო სწორი ტერმინი იქნება ამ შემთხვევაში), მერე მშობიარობს კიდეც და ბავშვებსაც თვითონ უვლის. აი, კაციც ეგაა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment