18.5.12
А может тебе дать еще ключ от квартиры, где деньги лежат?
Approved by
მორიგი სამუშაო კვირის (რაღა თქმა უნდა, მძიმე
კვირის) დამთავრება ტრადიციული ყავის სმით
აღვნიშნეთ. ვინ მოთვლის, მერამდენე ფინჯანი ყავისა და განუსაზღვრელი ოდენობით სასუსნავის
შთანთქმისა და მსოფლიო ჭორების მიმოხილვის შემდეგ, განცხრომაში მყოფებს საჭირბოროტო და ზოგადსაკაცობრიო აზრები
მოგვეძალა. დღის მთავარი კითხვა: ვის რა გვსურს მომავალში. ყურადღება მიაქციეთ: ლაპარაკი
სამომავლო გეგმებსა და მოქმედებებზე კი არა, სურვილებზეა! არადა, მსგავსი „გონებრივი
შტურმი“ თავიდან ჩვენი სამსახურების განხილვამ გამოიწვია. ერთმა საზღვარგარეთ სამეცნიერო
ხარისხის მოსაპოვებლად წასვლა ახსენა, მეორემ საკუთარი „შეფის“ სავარძელს შეავლო მსუნაგი
მზერა, მესამემ ხმამაღალი აღმოჩენა გააკეთა, რომ მუშაობა სულაც არ უნდა და კვირაში
შვიდ დღეს საკუთარ ტახტზე წიგნით ხელში წამოწოლილი სიამოვნებით გაატარებდა. ერთი სიტყვით,
ყველაფერი ერთობ ბანალური იდეების დაფრქვევით დაიწყო.
სწორედ ამ დროს გაისმა ნეტარი ხმით ნათქვამი მოკრძალებული
ფრაზა „მე, იცით, რა მინდა? ერთ დღეს უცხოელმა ადვოკატებმა მომაკითხონ“. მაგიდასთან
სიჩუმე ჩამოვარდა. ნეტარმა ხმამ ზანტად გააგრძელა: „...და მითხრან, რომ სადღაც, კანადაში
თუ ავსტრალიაში (მთავარია, შორეულ ქვეყანაში), თურმე ვიღაც მილიარდერი გარდაცვლილა
და ჩემზე ახლობელი მემკვიდრე არ ჰყოლია. ჰოდა, მე დამრჩენია მთელი მისი ქონება“. რეპლიკა
მაგიდის ბოლოდან: „მილიონები არ გყოფნის და მილიარდებს გადასწვდი?“ პასუხი: „ჰო, აბა
რა, თუ ოცნებაა, ოცნება იყოს!“ უკვე გარანტირებულად მიღებულ მილიარდებს უეცრად უამრავი
პატრონი გამოუჩნდა. ქონება გავინაწილეთ და დაბანდებასაც იქვე შევუდექით.
ბედნიერმა მემკვიდრემ თავისი წილი ბანკში შეიტანა და
სიბერემდე მშვიდად და უზრუნველად იცხოვრა (ერთი ნახევარი საიმედოობით ცნობილი შვეიცარიის
ბანკის საცავში განათავსა, მეორე ნახევარი მოგების მაღალი პროცენტებით განთქმულ სამამულო
ბანკებში გაანაწილა პრინციპით „ყველა ერთ დღეს ხომ არ გაკოტრდებაო“).
მოულოდნელად გამდიდრებულებიდან ყველაზე დაუზარელმა,
„მე საკონდიტროს გავხსნიო, ოღონდ „ეკლერი“ და „მედოკი“ არ დამანახოთ, ჩემს კაფეში მხოლოდ Lady
Godiva, Patchi და Hermé-ის ტკბილეულობა
გაიყიდებაო“.
მეორემ, კიდევ უფრო საზრიანმა და აშკარად პრაქტიკულმა,
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების ტიუნინგ-ატელიეს გახსნა და სრულიად
საქართველოს მანქანების, პირველ რიგში კი მერსედესების, „გაკეთილშობილება“ განიზრახა
(როგორც გაირკვა, მისი ბიზნესისადმი მიდრეკილება
არაფერ შუაში აღმოჩნდა, ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ესთეტური მოსაზრებით აკეთებდა
თურმე!). მერე უფრო შორს წავიდა და ქუთაისში მერსედესის ქარხნის ფილიალის გახსნა და
ახალი მოდელის „მერსედეს-ბენც აია-1“-ის გამოშვება მოინდომა (რაღა თქმა უნდა, იაპონიის
ბაზარსაც გადასწვდა და მისთვის მარჯვენასაჭიანი ვერსიაც ჩაუშვა წარმოებაში).
მესამეში არშემდგარი ზოოლოგის სულმა გაიღვიძა, სასწრაფოდ
ღრმადმივიწყებული ოცნება გაიხსენა, აქაოდა, ბავშვობაში სელაპები და პინგვინები მიყვარდაო
და, ჯერალდ დარელის ნიუ-ჯერსის ზოოპარკის ქართული ვარიანტის შექმნა გადაწყვიტა აქვე,
სახლთან ახლოს, ლისის ტბის მიდამოებში.
ამ დროს შევნიშნეთ,
რომ ერთ-ერთი ჩვენგანი დისკუსიაში მონაწილეობის ნაცვლად, საეჭვოდ გაისუსა და გამალებული ინტერნეტში იქექება.
თურმე ნუ იტყვით და, უცხოურ ვებგვერდებზე დედამიწის გარშემო მომდევნო ოც წელიწადზე
გაწერილ სამოგზაურო ტურს არჩევს!
მოკლედ, მსოფლიოს ბიზნესფორუმის მონაწილეებს რომ შეშურდებათ,
ისეთი გენიალური და მომგებიანი პროექტები და გეგმები დაიყარა სულ რაღაც ერთ საათში.
ეშხში შესულები რისკის ფაქტორების გამოთვლაზე გადავედით და მანდ დავიღუპეთ... უცებ
აღმოჩნდა, რომ ახლადგამომცხვარ მოგზაურს მადაგასკარის ტროპიკულ ტყეებში მალარია შეეყარა.
ლისის ტბის „ეროვნული პარკიდან“ სკუნსების მთელი ოჯახი გაიქცა, რამაც ნუცუბიძის პლატოს
მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია. მერსედესების აქილევსის ქუსლმა „აია-1“-შიც იჩინა
თავი და ტრადიციულად სუსტი პრისკი გერმანულ-იმერული ავტოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
საკონდიტროს „ჰაილუქსური“ ნაწარმის ადგილობრივი დამფასებლები ცოტანი აღმოჩნდნენ და
მისი მომხმარებელი მაინც ჯიუტად „ტრუბოჭკას“ და „ნაპალეონს“ ითხოვდა. საკონდიტრომაც
დაყვინთა...
ყველაზე იღბლიანი დამბანდებელი ის ნეტარი ხმის პატრონი
აღმოჩნდა, რომელსაც, მართალია, ადგილობრივმა ბანკებმა უმტყუნეს, მაგრამ ნახევარი კაპიტალი
შვეიცარიაში დარჩა...
მორალი: «Жизнь
прекрасна, невзирая на недочеты» (Ильф и Петров)
0 კომენტარი.:
Post a Comment