2.5.12
„...ჰო, უყვარხარო, უყვარხარო - უნდა იცინო და უნდა იხარხარო...“
Approved by
ერთი თანაკურსელი გოგო მყავდა - სიმპატიური, მოხდენილი,
ლამაზი და გონიერიც, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ ღირსებებსა და განუმეორებლობაში
შესაშურად დარწმუნებული. ერთ დღესაც უნივერსიტეტის ბირჟაზე ჩვეულებისამებრს გამოპრანჭული
გამოგვეცხადა და ამაყად გაგვიმხილა: „დღეს ისეთი ლამაზი ვარ, ისეთი ლამაზი, სადარბაზოდან
რომ გამოვედი, იქვე მაწანწალა ძაღლი იწვა და ჩემს დანახვაზე ისიც კი ფეხზე წამოდგა,
თავი დამიხარა და გამატარაო...“ ერთი კი გავხედე ირონიული მზერით, მაგრამ არაფერი
მითქვამს. ხანდახან მგონია, რომ ძაღლები ადამიანებზე მეტად მიყვარს (ზოგზოიერთებზე მაინც)
და არც მათ მეტისმეტად გონიერებაში მეპარება ეჭვი, მაგრამ კინოლოგობა და ძაღლის ფსიქოლოგიის სპეციალისტობა არ უნდა იმის ცოდნას,
რომ ძაღლი ადამიანს გარეგნობით არ, უფრო სწორედ, ვერ მოაიხიბლებ - მაგისთვის მამაკაცი
შექმნა ღმერთმა. ეს უკანასკნელები რამდენად წარამატებით ართმევენ თავს ამოცანას, ეგ უკვე სხვა
საკითხია...
და თურმე ნუ იტყვით და ჩემი კურსელის მეზობელ მაწანწალა
ძაღლს გაუმართლა, ქალის მშვენიერებისგან მოხიბლულს მხოლოდ ფეხზე წამოდგომაში და უსიტყვო
თაყვანისცემაში რომ დასდეს ბრალი. დასავლური გორილა ბოკიტო, ბერლინის ზოოპარკში დაიბადა.
ახალშობილი დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და ბოკიტოც ადამიანების გვერდით გაიზარდა.
უკვე დავაჟკაცებული გორილა, როტერდამის ზოოპარკში გადაიყვანეს და უსაფრთხოების ყველა
ნორმის დაცვით, სამი მეტრის სიფართის და 10 მეტრის სიღრმის თხრილ და მინის ბარიერშემოვლებულ
ღია ვოლიერში მოათავსეს. ბოკიტოს იდილიას არაფერი არღვევდა, სანამ ერთმა ჰოლანდიელმა
ბუნებისმოყვარულმა და მარტოხელა ქალბატონმა არ გადაწყვიტა, რომ ბრგე და ახოვანმა მამრმა
გორილამ მას მამაკაცური ინტერესით სავსე თვალი მიაპყრო. თავისი ჯიშის მამრთა ყურადღებას
დანატრებულმა ქალმა ზოოპარკში შესასვლელი წლიური აბონემენტი შეიძინა, თვეების მანძილზე
კვირაში ოთხი დღე გორილების ვოლიერთან მიდიოდა, ბოკიტოს წინ უდგებოდა, შუშის ბარიერს
ხელებს ადებდა, სახით ეხუტებოდა და საათობით ეპრანჭებოდა: ხან თვალებს უჟუჟნებდა, ხან
დეკოლტეს უჩვენებდა, ხანაც მრავალაზროვნად უცინოდა.
კაცმა არ იცის, ბოკიტო ქალის უსიტყვო
„ნამიოკებს“ მიხვდა თუ მისი მანჭვა-გრეხა მოწყინდა, ერთ დღესაც მოთმინებამ უღალატა,
თხრილს ერთი ნახტომით გადააფრინდა და აბეზარ ქალს გავეშებული დაეძგერა. დაფეთებული
ქალი მახლობელი კაფესკენ გაიქცა და შიგნით დამალვა სცადა, მაგრამ მეტისმეტად აღტკინებულმა თაყვანისმცემელმა
კარები შელეწა, იქაც შეაღწია, ქალს დაეწია და საკმაოდ ძლიერადაც დაკბინა. ზოოპარკის
თანამშრომლებმა ბოკიტოს სასწრაფოდ ტრანკვილიზატორიანი ტყვია ტყორცნეს, დააძინეს და ღია
ვოლიერის ნაცვლად რკინის გალიაში უკრეს თავი. პანიკაში საკმაოდ ბევრი ხალხი დაზიანდა.
გორილასგან ნაგვემმა ქალმა როტერდამის ზოოპარკს და ბოკიტოს
სასამართლოში უჩივლა უსაფრთხოების წესების დაუცველობისთვის. საკმაოდ გახმაურებულ პროცესზე
გორილების ქცევის ექსპერტებმა განმარტეს რომ დომინანტი ხვადის გაღიზიანება და მისი
არაადეკვატური ქცევა საწინააღმდეგო სქესის ჰომო საპიენსის დაუფიქრებელმა საქციელმა
გამოიწვია. ბოკიტომ აბეზარი ქალის გრიმასები, რომელშიც რასაკვირველია ქალის მიერ ჩადებულ შორსმიმავალ ქვეაზრებს ვერც ხედავდა, თავის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობად ჩათვალა, ერთ დღესაც ყელში ამოუვიდა და „მტრის“ გაგდება განიზრახა.
გარეულ ცხოველებთან ვისაც კი ელემენტარული შეხება ქონია, ყველამ კარგად იცის, რომ მათთვის
თვალის თვალში გაყრა, ან კბილების ჩვენება აგრესიის ნიშნად ითვლება და სასტიკად აკრძალულია.
სასამართლომ ძალათპროვოცირებული ბოკიტო გაამართლა, ზოოპარკს მისი ვოლიერის „გაუსაფრთხოება“
დაავალა, „დაზარალებულ“ ქალს კი ზოოპარკთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
ბოკიტო ზოოპარკში მას მერე ბედნიერად ცხოვრობს, მისი
სახელი კი ჰოლანდიურ ენაში გაალმასებული და
გაავებული კაცის სიმბოლოდ იქცა.
აქედან მორალი: აი, სადამდე მიყავს ზოგიერთი ქალი უკაცობას.
მაგრამ საკითხავი ისაა, ამ უკაცობის მიზეზი სადაა დამალული. რა კაცი გაუძლებს ქალს,
რომელიც ცხოველს ეპრანჭება და აბრალებს, ისეთი ლამაზი ვარ ვუყვარვარო ...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
2 კომენტარი.:
ოჰო! :) გორილები დაილია თუ კაცები?
გორილებზე წითელმა წიგნმა იზრუნდა და აი, კაცებთან უფრო რთულად გვაქვს საქმე :)
Post a Comment