3.8.11
მოგზაურის გიდი
Approved by
თავისთავად ტურიზმი და მოგზაურობა ძალიან საინტერეოს და შესანიშნავი რამაა, მაგრამ მასაც თავისი წესები და უარყოფითი მხარეები აქვს. განსაკუთრებით, როცა საზღვარგარეთ მიემგზავრებით. არსებობს, რამდენიმე პირობა თუ ნორმა რომლის დაცვაც აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის. ნებისმიერ აზიურ ან ტროპიკულ ქვეყანაში (თუნდაც აფრიკაში) გამგზავრებისას სავალდებულოა მთელი რიგი აცრების გაკეთება - ჩვენი ორგანიზმი იქაურ ვირუსებს შეჩვეული არაა და შეიძლება ნებისმიერი პატარა ინფექციაც კი ფატალური აღმოჩნდეს. ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია თითოეული ქვეყნის ტრადიციები და ჩვევები. აბა, ვის რად უნდა უცხოეთში შარის აკიდება?! ქურდობასა და თაღლითობაზე აღარ ვლაპარაკობ. მაგალითად, კანის კინოფესტივაზე გამგზავრებულ ჩემს რძალს პირველისვე საღამოს აწაპნეს ხელჩანთა. სხვათა შორის ძალიან ფეშენებელურ ღამის კლუბში.
ქვევით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი „საეჭვო“ თუ „საშიში“ ქალაქების, ადგილების და საჭირო რეკომენდაციების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. გაითვალისწინეთ სპეციალისეტბის რჩევები და აბა თქვენ იცით - Bon voyage!
მსოფლიოში ჯიბის ქურდობით ყველაზე სახელგანთქმული 10 ქალაქი
ბარსელონა - რამბლას ტროტუარებზე მოზიმზიმე ტურისტების ჯიბეში ხელის ჩაცურება არაოფიციალურად ეროვნულ სპორტის სახეობადაა აღიარებული. ასე, რომ გაუდის შედევრების თვალიერებისას საკუთარ საფულესაც ნუ დაივიწყებთ.
რომი - ტრევის შადრევანის ირგვილვ, ხანდახან ტურისტებზე მეტი ჯიბის ქურდი იყრის თავს. მოტოციკლეტისტები კი გამვლელებისთვის ჩანთის აწაპვნასა და როგორც თვითონ ეძახიან "შოპო"-ზე არასდროს ამბობენ უარს და ქურდობის ნაცვლად გასართობ ( და ამავე დროს სარფიან) საქმიანობად მიიჩნევენ.
პრაღა - უღვთოდ ლამაზ და ასეთივე ვიწრო კარლოვის ხიდზე ბაროკოს სტილში შესრულებული ოცდაათი ქანდაკების სანახავად მისული უამრავი ტურისტი ფუთფუთებს. და სანამ ყველა მათგანი ცდილობს ლეგენდის თანახმად ბედნიერების მომტან ქანდაკებას შეეხოს ხელით, იღბლის რა მოგახსენოთ, მაგრამ მათი ფინანსები და ფოტოაპარატები კი უკანმოუხედავად ტოვებენ ჯიბეს.
მადრიდი - სახელგანთქმული ბაზრობა El Rastro ქურდბაცაცებისთვის ნამდვილი სამოთხეა. და ნურც მადრიდის მუზეუმებს დაივიწყებთ! განსაკუთრებით ყურადთღებით იყავით, როცა „პრადოში“ სანდომიანი და სიმპატიური ახალგაზრდა თქვენს ტანსაცმელზე მოულოდნელად შემჩნეული ლაქის საკუთარი ცხვირსახოცით გაწმენდას მოინდომებს, მას კი გამვლელები მიეშველებიან.
პარიზი - იქაურ მძარცველებს განსაკუთრებულად აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისაკენ მიმავალი მატარებლები უყვართ. და რასაკვირველია, ფრთხილად უნდა იყოთ მუზეუმებში, მეტროში და ეიფელის კოშკის ძირში.
ფლორენცია - ეს ქალაქი ერთნაირადაა სახელგანთქმული თავისი არნახული ღირშესანიშნაობებითაც და ჯიბის ქურდებითაც.
ბუენოს-აირესი - არგენტინელი თაღლითები წარმატებულად იყენებენ თავიანთი ესპანელი კოლეგების სქემას: ოპერის თეატრის დათვალიერებისას ცხვირსახოც მომარჯვებული ადამიანი ჩიტის სკინტლის მხრიდან ჩამოწმენდას თუ შემოგთავაზებთ, სასწრაფოდ გაეცალეთ!
ამსტერდამი - ამ ქალაქის დამამშვიდებელი ატმოსფერო და ვიწრო არხები განსაკუთრებულად იოლად ხელმისაწვდომს ხდის ტურისტების ჯიბის (და არა მარტო მის) შიგთავსს.
ათენი - პართენონის თვალიერებისას საფულეს ხელი რაც შეიძლება მყარად მოუჭირეთ.
ჰანოი - ვიეტნამის დედაქალაქის ძველი კვარტალი ტურისტებს და ფულის იოლად შოვნის მოყვარულებს ერთნაირად იზიდავს. აი, ქურდბაცაცებს თუ არ ჩავთვლით ჰანოი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება.
10 ყველაზე უცნაური კანონი ტურისტებისთვის
გრენადა - საცურაო კოსტიუმში სეირნობა აკრძალულია! ზღვის სანაპიროდან ამოსული მახლობელ კაფეში ჩაუცმელად გადასვლას თუ განიზრახავთ, 1 ჭიქა კოკაკოლა შეიძლება 270 $ ჯარიმა დაგიჯდეთ. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ კანონის შესრულებაზე ხშირად თვალს ხუჭავენ და მთლად თუ არ გაშიშვლდებით, ტურისტების დაჯარიმებისგან თავს იკავებენ.
დანია და ჩეხეთი - აკრძალულია მანქანის ტარება ჩამქრალი ფარებით. დღისით, მზისით თუ ღამით, მანქანის ფარები ანთებული უნდა გქონდეთ.
გერმანია - ავტობანზე მანქანის გაჩერება და ფეხით სიარული. ავტობანზე ბენზინი თუ გაგითავდათ ან მანქანა გაგიფუჭდათ 100 € ჯარიმა გარანტირებული გექნებათ. ამდენივეს დაიმატებთ მანქანიდან გადმოსვლას და უახლოეს ბენზოგასამართ სადგუმარმდე გასეირნებას თუ განიზრახავთ.
იტალია - მტრედებისთვის საკენკის დაყრა არ შეიძება! დატკბით ვენეციით, ისეირნეთ გონდოლით, მაგრამ მტრედების გამოკვებას ნურც გაბედავთ! მტრედის სკინტლისგან გასაწმენდად ქალაქის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად უზარმაზარ თანხას ხარჯავს (როგორ მესმის მათი, მტრედების ჩემი აივნიდან გასახლებას მეათე წელია უშედეგოდ ვცდილობ!). ასე რომ, მტრედისთვის საკენკთან ერთად ჯარიმისთვის 50-60 €-ც გაამზადეთ (ხანდახან ჯარიმა 600 €-მდე იზრდება).
კანადა - წვრილი მონეტები კანონგარეშეა. კანადაში მოხვედრისას მიხვდებით რომ ყველა ფული ფული არაა. 1985 წელს მიღებული კანონით რაიმეს საფასურის გადახდისას პენის მხოლოდ „გონივრული რაოდენობის“ გამოყენება შეგიძლიათ. ეგ გონივრული რამდენია არავინ იცის და ამიტომ ნებისმიერ გამყიდველს შეუძლია არ მოგემსახუროთ ხურდა ფულის დიდი ოდენობის დანახვისას.
რუსეთი - გარეცხილი მანქანების საზოგადოება. მოსკოვში სტუმრობისას მანქანის კარგად გარეცხვა არ დაგავიწყდეთ! ამის გაკეთება კი, რუსეთის გზების მდგომარეობის გათვალისწინებით, წამდაუწუმ მოგიწევთ.
არაბეთის გაერთიანებული ემირატები - რამადანის დროს საზკვების ობიექტები იხურება. რამადანის დროს არაბეთში ქუჩაში ჭამა სასტიკად იკრძალება და რესტორანში სადილი ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დაგიჯდებათ. ორმა ბრიტანელმა ტურისტმა პარკში სენდვიჩის ჭამისთვის ციხეში 3 კვირა გაატარეს, წვენის დალევისთვის კი 275 $-ის გადახდა მოუწიათ.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - რკინიგზის ვაგზალზე კოცნა აკრალულია! მსოფლიოს ყველაზე რომნატიულ ქვეყანაში გამოსამშვიდობებელი კოცნა 1910 წელს აიკრძალა, რაც ბრიტანელებს ძალიან მოეწონათ და დაუყოვნებლივ მიბაძეს ფრანგებს. ამ კანონის თავდაპირველი მიზანი მატარებლის გამგზავრების შეყოვნების თავიდან აცილება გახლდათ! კანონის დარღვევისთვის ჯარიმა არ არსებობს და შეყვარებულებს როგორც წესი, ბაქანიდან ავტოსადგომზე გადანაცვლებას სთხოვენ.
ტაილანდი - საჭეზე ტოპლეს (წელს ზემოთ შიშველი) ჯდომა აკრძალულია. ტროპიკულ ხვატში მაისურის გახდისთვის 10 $-ით დაგაჯარიმებენ. მაგრამ ვიც იცის, იქაურ სიცხეში ასეთი მცირე თანხის გადახდა იქნებ ღირდეს კიდეც?!
სინგაპური - დაივიწყეთ საღეჭი რეზინი! ამ ქვეყანაში გამგზავრებას თუ განიზრახავთ ჯიბეების შემოწმება და საყვარელი „ორბიტის“ ან „სტიმოროლის“ სახლში დატოვება არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, სასტიკად აკრძალულია ქუჩაში გადაფურთხება და ჩიტებისთვის საკენკის დაყრა. ყველაფერი იქაური ეტიკეტის ბრალია: არავის არ სიამოვნებს ფურთხებიან, საღეჭრეზინიან და ჩიტების სკინტლიან ქუჩაში სიარული.
ტდარიციები ანუ ტურისტების 10 ფატალური შეცდომა!
ირანი - ზევით აწეული ცერ თითი. დანარჩენ მსოფლიოში ასე გავრცელებული „კარგია“-ს ნიშანი ირანელისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. აი, ამერიკულ „ოკეის“ ანუ რგოლად შეკრული ცერა თითისა და საჩვენებელი თითის ჩვენებას კი არ გირჩევთ ბრაზილიასა და თურქეთში (სხეულის ინტიმურ ნაწილებს ნიშნავს).
ტაილანდი - თავს ნუ შეეხებით! ბუდისტურ ქვეყნებში ცოცხალი არსების თავი წმინდა ნაწილია და შიგ სული ცხოვრობს, ამიტომ პატარა ბავშვის თავზე ხელის გადასმაც კი მის შეურაწხყოფას ნიშნავს. და ნურაფრისკენ ნუ გაიშვერთ თითს! მაგალითად მალაიზიაში თითის გაშვერა ძალიან დიდი უზრდელობაა, ფილიპინებში კი რაიმესაკენ მხოლოდ თვალებით მიგანიშნებენ. იგივე ტაილანდში, ფულის კუპიურის დაჭმუჭვნა ან საფოსტო მარკაზე ენის ასმა მათზე გამოსახული მონარქის პორტრეტის გამო სამეფო ოჯახის შეურაცხყოფად ითვლება და კანონით ისჯება!
ირლანდიას უწოდო ბრიტანეთის კუნძული! ყველა ქვეყანას აქვს თავისი აკრძალული თემა. მაგალითად ავტრალიაში აბორიგენებზე არ საუბრობენ, ინდოეთში მზითევზე და ჩინეთში ადამიანის უფლებებზე. აი, ირლანდიელებს ბრიტანელს თუ უწოდებთ, უფრო მეტად ვერაფრით აწყენინებთ!
არგენტინაში გაუჩოს ტანსაცმლით სიარული! სანამ რომელიმე ქვეყანაში ეროვნული ტანსაცმლის მორგებას განიზრახავთ, ნუ დაიზარებთ და შესაბამის კანონმდებლობას გაეცანით. არგენტინაში გაუჩოს ტანსაცმლის ჩაცმა და სასეირნოდ გასვლა საკმაოდ მწარედ ისჯება. ინდონეზიაში ბატიკის ტარებისთვის კი მსუყე ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.
იაპონურ სახლში ფეხსაცმლით შესვლა - იაპონიაში და ბევრ სხვა აღმოსავლურ ქვეყანაში მოგზაურობისას ფეხსაცმლის წამდაუწუმ გასახდელად მოემზადეთ და სუფთა წინდებიც ჩაიცვით. ამომავალი მზის ქვეყანაში, სახლის კარიდან სასტუმრო ოთახამდე მისასვლელად დროებით საშინაო ჩუსტებს შემოგთავაზებენ, მაგრამ ტატამზე ასვლისას მასთან გამომშვიდობებაც მოგიწევთ.
გერმანიაში 12 ცალი მიხაკის ჩუქება - გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში მიხაკები მიცვალებულისთვის მიაქვთ (ისევე, როგორც ჩვენთან). ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და თურქეთში იგივე მიზნებისთვის ქრიზანთემებს იყენებენ. საფრანგეთსა და ავსტრიაში წითელი ვარდი რომანტიულ ინტერესს ნიშნავს, მექსიკასა და ჩილეში კი ყვითელი ვარდები - გლოვასა და განშორებას. ჩინეთში და ინდონეზიაში ყვავილების კენტ რიცხვს უბედურება მოაქვს, აი, გერმანიაში, ინდოეთში, თურქეთსა და რუსეთში კი, პირიქით - თაუგულში ყვავილების წყვილი რიცხვი უნდა იყოს!
ჩინელის სახელის და გვარის არევა. ჩინელები ჯერ გვარს წერენ და მერე სახელს. და საერთოდ, მაგალითად ჩვენებურ მიმართვა „ბატონო უშანგი“-ს ქართველები ერთ ძალიან გავრცელებულ შეცდომასთან მივყავართ. უცხოური „მისტერ“, „მისიე“ თუ „სინიორ“ მხოლოდ გვარებთან იხმარება! ამიტომ ჩვენებური, „მისტერ რიჩარდ“ ძალიან დიდი უზრდელობაა და მხოლოდ ჩვენს უმეცრებაზე მეტყველებს. უცხოელს სახელით თუ მიმართავ, ე.ი. უკვე ძალიან ახლობელია და არავითარი დამატებითი რეგალიები და თქვენობით ლაპარაკი აღარაა საჭირო.
მუსლიმისთვის ალკოჰოლის ჩუქება. ისლამი დალევას კრძალავს და მისი მიმდევრები თუ სვამენ, ამას საჯაროდ არ აკეთებენ. ამიტომ მათთვის კონიაკის ან ღვინის ბოთლის ჩუქება მათ ცოდვოლობაზე ხაზის გასმაა.
სხვათა შორის, უცხოური სააგენტოებში მომზადებულ ამ სიაში მეცხრე ადგილზე ასეთი პუნქტია: „სადღეგრძელოებს შორის ღვინის დალევა საქართველოსა და აზერბაიჯანში!“
და ბოლოს, იაპონიაში ბრინჯში ხასის (საჭმელი ჩხირების) ჩარჭობა! იაპონიაში ჩხირებით ჭამას თუ განიზრახავთ, მთელი რიტუალის შესასწავლად მოემზადეთ. ხასი ყოველთვის ზემოთ აწეული უნდა გეჭიროთ, ერთმანეთზე არ უნდა გადაგედოთ და რამისკენაც ნუ გაიშვერთ. და ნურას დიდებით ნუ ჩაარჭობთ ბრინჯში და „სუფრაზე სიკვდილს ნუ მოუხმობთ“, ასე მხოლოდ ქელეხში იქცევიან!
(გაგრძელება იქნება)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment