18.8.11
მარაოს ისტორია (ორი სიტყვით)
Approved byისტორიკოსებმა მარაოს წარმოშობის ზუსტი თარიღი არ იციან, მის ”ავტორობას” ერთდროულად იჩემებენ ჩინელებიც, იაპონელებიც და ინდოელებიც. მარაოს, პირველადი და ძირითადი დანიშნულების (გაგრილება-დანიავების) გარდა, სხვა დატვირთვაც ჰქონდა, სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ხალხების კულტურაში ძალაუფლების ნიშანს წარმოადგენდა და მისი ქონის უფლება მხოლოდ და მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ.
თავდაპირველად მარაოს (ხის ტოტს, ფოთოლს თუ ბუმბულის შეკვრას) მხოლოდ გამოყენებითი ფუნქცია გააჩნდა. ყველაზე ძველი მარაოები და მათი გამოსახულება ჩვ.წ.აღ-მდე 8 საუკუნეს განეკუთვნება.
უძველესი პრიმიტიული მარაო მცენარის ფოთოლს წარმოადგენდა, შემდეგ ის ერთიანი ფირფიტისგან ან ქაღალდისგან გამოჭრილი საგანი გახდა, მერე კი დასაკეცი მარაო გამოიგონეს (მიუხედავად იმისა, რომ დასაკეცი მარაოს გამომგონებლად ქალი ითვლება, ძველ აღმოსავლეთში ასეთი მარაოს გამოყენების უფლება მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ).
იაპონურ კულტურაში, სადაც თითოეულ ნივთს თავისი სიმბოლიკა აქვს, ის სხვადასხვა ცერემონიების დროს გამოიყენებოდა (საბრძოლო მარაოდან დაწყებული, ჩაის სმისას გამოსაყენებელი მარაოთი დამთავრებული), ჩინელი იმპერატორები კი წყალობის ნიშნად, სანდალოზის ხისგან, ბამბუკისა თუ ძვლისგან გამოჭრილი და ოქროთი მოვარაყებული მარაოებით ”დამსახურებულ” მოხელეებს და მხევლებს ასაჩუქრებდნენ. სხვათა შორის, ჩინეთში მარაო დღესაც დამცავ და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ძლიერ თილისმად ითვლება.
ასირიელებითვის, სპარსელებისთვის, ინდოელებისა და ძველი ეგვიპტელებისთვის მარაო ძალაუფლების, სიმშვიდისა და ნეტარების სიმბოლოა. ეგვიპტეში მარაო ფარაონის ატრიბუტი იყო, რომლის ფლობის უფლება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ (მათ ”მარცხენა მხრიდან დამნიავებლების” ტიტული ენიჭებოდათ). ბერძნულ მითოლოგიაში მარაო ქალურობის სიმბოლო და სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს ატრიბუტია. ანტიკურ რომში კი მარაოს გამოყენებამ ახალი ხელობა შექმნა - მონებს (”ფლაბელეფერებს”) სპეციალურად წრთვნიდნენ და მათ მარაოს ქნევა ევალებოდათ.
ბიზანტიაში ტარიანი მარაოები საზეიმო ღვთისმსახურების დროს გამოიყენებოდა (თავიდან შემოწირულობისგან ბუზების განსადევნად, შემდეგ კი სარიტუალო დანიშნულებისამებრ). ბინანტიიდან მარაომ ევროპაში გადმოინაცვლა და მოგვიანებით დამატებითი ფუნქციებიც შეიძინა. ევროპაში მასალად, პერგამენტის გარდა, გამოიყენებოდა აბრეშუმი ან თხელი შალის ქსოვილი, მოგვიანებით - სირაქლების და ფარშევანგის ბუმბული. მე-17 საუკუნეში ჩნდება მაქმანის და ტყავის მოხატული მარაოები, სპილოს ძვლის, კუს ჯავშნის, ებანოზის ხის ან სადაფის კარკასით და ძვირფასი თვლებით მოჭედილი ტარით, რომლებსაც ხშირად ოქროს ძეწკვი ან სარკე ამშვენებდა.
ბაროკოს პერიოდში მარაოს გამოყენების მკაცრი წესები არსებობდა (მაგალითად, იმდროინდელ საფრანგეთში ამ ნივთით სარგებლობის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ, ხოლო მეფის კარზე მარაოს გაშლა ქალებს მხოლოდ დედოფლის თანდასწრებით შეეძლოთ). თანდათანობით იცვლება მისი იერიც: თუ ბაროკოს დროინდელი მარაოს მოხატულობა ”თავშეკავებულია” (ორნამენტები, ყვავილები და მითოლოგიური ან ბიბლიური სიუჟეტები), როკოკოს პერიოდის მარაოები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და ჭრელია (მოხატულია პასტორალური და ხშირად, ფრივოლური ხასიათის სცენებით).
1673 წელს პარიზში დაარსდა მარაოს ოსტატების ჰილდია, დაახლოებით ამ დროს მარაოს კიდევ ერთი ფუნქცია გაუჩნდა - ის გადაიქცა ე.წ. ”მარაოს ენის”, ანუ ფლირტის ინსტრუმენტად (სადაც თითოეულ ჟესტს თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, რასაც იმდროინდელი ბანოვნები წარმატებით იყენებდნენ). მეტიც, ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მარაოს ფერსაც (თითოეულ ფერს კი - თავისი ახსნა).
ხშირ შემთხვევაში, მარაოებზე ისტორიულ სიუჟეტებსაც გამოსახავდნენ: მაგალითად, მე-18 საუკუნის იტალიური მარაოებზე ყველაზე გავრცელებული ნახატი ვულგანი ვეზუვის ამოფრქვევა იყო, ხოლო საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ მარაოებზე რევოლუციის მოღვაწეების, მირაბოს, რობესპიერის, მარატის პორტრეტები და რევოლუციის დევიზი.
მე-19 საუკუნეში მარაო ე.წ. ”სარეკლამო” დატვირთავასაც ითავსებს: აი, მაგალითად, ინგლისელებმა დანერგეს მარაოებზე სხვადასხვა საქონლის რეკლამების, ბანქოს თამაშების წესების, თეატრალური პროგრამების, წარმოდგენებზე მოსაწვევების ასახვა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
ძალიან საინტერესოა, გმადლობთ... პრეზენტაციისთვის ვამზადებ თემას და ძალიან დამეხმარება :) საავტორო უფლებები დაცული იქნება:)
წარმატებებს გისურვებთ!
Post a Comment