31.8.11
მარციპანი - საკონდიტრო პლასტელინი
Approved byმარციპანი დახვეწილი და არისტოკრატული ტკბილეულია, რომელიც ნუშისა და შაქრისგან მზადდება და აქტიურად გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, როგორც დამოუკიდებელ ტკბილეულად, ისე გულსართად ან სულაც ტორტების მოსართავად. მის „ავტორობას“ ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი) იბრალებს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მარციპანის გამოგონების მიზეზი მარტივი და ბანალურია - შიმშილი! გადმოცემით, მე-10 საუკუნეში, ერთ წელს, რომელიც განსაკუთრებული მოუსავლიანობით გამოირჩეოდა, იტალიაში ერთადერთი საკვები, რომელიც ყინვასა და მავნებლებს გადაურჩა, ნუში აღმოჩნდა. იტალიელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია და შიმშილით ამოწყვეტის პერსპეტივა სულაც არ ეამათ, გაიხედ-გამოიხედეს, ეულად დარჩენილ პროდუქტს თვალი დაადგეს და გამოყენებაც მაშინვე გამოუძებნეს - გამოიგონეს ნუშის პური (მისი სახელი „Marzapane“ სწორედ იტალიური წარმოშობისაა და „მარტის პურს“ ნიშნავს), ნუშის პიცა, პასტა ნუშის სოუსით და ა.შ.
სიცილიელების ვერსიით, მარციპანი კუნძულზე (და მერე მატერიკზეც) „დიდი არაბობის“ დროს ტკბილეულის მოყვარულმა სარაცინებმა შემოიტანეს და უკვე 1143 წელს ერთ-ერთი მონასტრის მონაზვნები ყველაწმინდას დღესასწაულზე მონასტერს სწორედ მარციპანისგან გამოძერწილი და ბუსტუღის, ვარდისა და ზაფრანისგან დამზადებული საღებავებით შეღებილი ფიგურებით რთავდნენ. სხვათა შორის, მარციპანთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გერმანელებსაც აქვთ, რომელიც იტალიურ ვერსიას ძალიან წააგავს: 1407 წელი ქ. ლიუბეკისთვის შიმშილით გამოირჩეოდა, ქალაქში პურის მთელი მარაგი ამოილია და პურის მცხობელებმა სასრაფოდ „მარკუსპანი“ („წმინდა მარკოზის პური“) შექმნეს.
ფრანგები და ესპანელები ამ ვერსიებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ისტორიული ცნობებით, ესპანეთში მარციპანს მე-7 საუკუნიდან ამზადებენ, თუმცა ოდნავ განსხვავებული რეცეპტით (ნუშის მასაში ხან კედრის კაკალს, ხან ლიმონის ცედრას და ხან ცუკატებს უმატებენ). აი, ჰოლანდიაში, სადაც ნუშის ტკბილეული იქაური ნიკოლოზობის (სან ნიკოლას დღესასწაულის) აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს, ნუშს შაქართან ერთად, ლიმონის წვენს და კვერცხის ცილას უმატებენ, სამსანტიმეტრიან ფენებად აბრტყელებენ, ერთი კვირით მაცივარში ინახავენ და მხოლოდ ამის მერე მიირთმევენ.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, მარციპანი თავიდან საკვებ პროდუქტს კი არა, ნერვული დაავადებების სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა. ევროპის ერთ-ერთ უძველეს აფთიაქში, რომელიც ქ. ტალინის ცენტრში მე-15 საუკუნეში გაიხსნა და დღემდე არსებობს, მარციპანს წამლად თავის ტკივილის და ნერვული აშლილობის დროს უნიშნავდნენ. სხვათა შორის, ის მართლაც ყველაზე ჯანსაღ ტკბილეულად ითვლება - სტრესსთან ძალიან ეფექტურად მებრძოლი E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო.
ვერსიები ვერსიებად დარჩეს, ოფიციალურად კი ითვლება, რომ მარციპანს 1500 წლის წინ სპარსეთსა და ბიზანტიაში აკეთებდნენ, სადაც ის რჩეულთა ტკბილეულად ითვლებოდა, ანუ მხოლოდ დიდგვაროვნებისთვის იყო ხელმისწავდომი. მე-18 საუკუნეში ის უკვე ძალიან პოპულარული იყო გერმანიასა და ავსტრიაში, სადაც მარციპანისგან გამოძერწილი ფიგურები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდა. 21-საუკუნის ევროპაში მარციპანი შობა-ახალწელსა და ვალენტინობაზე ყველაზე ტრადიციულ საჩუქრად ითვლება.
მსოფლიოში მარციპანის ყველაზე დიდი მუზეუმები უნგრეთში, გერმანიაში, ესტონეთსა და ისრაელშია. აი, ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კი ჭეშმარიტი გერმანელია - 1806 წელს ქ. ლიუბეკში დაარსებული საკონდიტრო ფირმა „Niederegger“, რომელიც მე-19 საუკუნეში ევროპისა და რუსეთის საიმპერატორო ოჯახების მთავარი მომმარაგებელი გახლდათ და დღესაც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება. არსებობს ლიუბეკური მარციპანის ორასამდე რეცეპტი და ორასივე წმიდათაწმინდა და ხელუხლებელ საიდუმლოს წარმოადგენს. ნუშისა და შაქრის პროპორციების თუნდაც უმნიშვნელო დარღვევაც კი კონდიტერულ დანაშაულად, ხოლო ასეთი მარციპანი - „უკანონოდ“ ითვლება.
მარციპანი საკონდიტრო ნაწარმის ყველაზე ეფექტურ დეკორს წარმოადგენს - მისგან ნებისმიერი ფორმის ფიგურის გამოძერწვა შეიძლება, ადვილად იღებება და დიდხანს ინახება. და კიდევ ერთი რამ: მისი მომზადება შინაურ პირობებში რთული არ არის.
ინგრედიენტები: 250გ ნუში, 250გ შაქრის პუდრი, 2 კვერცხის ცილა, 2-3 წვეთი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: ნუში ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და დავამატოთ შაქრის პუდრი. არ დავიზაროთ და გატარების პროცესი გავიმეოროთ. მიღებულ მასას დავუმატოთ ლიმონის წვენი და გადავურიოთ. ამის მერე ძალიან ფრთხილად დავამატოთ კვერცხის ცილა და კარგად ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომელსაც მაცივარში შევინახავთ (გნებავთ ფირფიტის, გნებავთ გუნდის სახით).
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
P.S. სხვათა შორის, არსებობს მარციპანის ანალოგი - „პარციპანი“, რომელიც შაქრისა და ატმის ან გარგარის კურკების გულისგან მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წინამორბედისგან გემოთი საგრძნობლად განსხვავდება, პარციპანიც ადვილი და სასიამოვნო საძერწი მასალაა.
1 კომენტარი.:
გამარჯობა, მაინტერესებს გამზადებულ მარციპანს თუ შევიძენ სადმე? ტორტზე ზემოდან გადასაკრავად მინდა ვარდისფერი ფერის
Post a Comment