სათვალეების წარსული

Approved by Natia Jinjolava

ალბათ ცოტა ვინმე თუ მოიძებნება, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გაუკეთებია სათვალე. დიახ, ეს ის ნივთია, რომელიც ან აუცილებელია (მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აწუხებს), ან სასურველია (მათთვის, ვისაც მზერა კი მახვილი აქვს, მაგრამ მზიან დღეებში თვალმოჭუტული სიარულს ერიდება), ზოგისთვის კი ეს სულაც უბრალოდ აქსესუარია და ჩაცმულობის დანამატს წარმოადგენს. ასეა თუ ისე, ამ ნივთს მყუდროდ მოუკალათებია ბევრი ჩვენგანის ჯიბეში, ჩანთასა ან სულაც საწერ მაგიდაზე.
სათვალეს კი თავისი საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მისი ”დაბადების თარიღი და ადგილი” დღემდე უცნობია (ოფიციალურად ითვლება, რომ პირველი სათვალე მე-13 საუკუნეში იტალიაში შეიქმნა), თუმცა ზოგიერთმა ცნობამ, ისტორიული ფაქტისა თუ ლეგენდის სახით, ჩვენამდე მოაღწია. ძველი ეგვიპტის ფარაონის თუთანჰამონის სამარხში აღმოჩენილია ბრინჯაოს ჩარჩოთი გადაბმული ზურმუხტის ორი თხელი ფირფიტა. კუნძულ კრეტასა და ტროას გათხრებისას ნაპოვნია მთის ბროლის სხვადასხვა ზომის ლინზები, ჩვენთვის ნაცნობი მონოკლების წინაპრები (ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს ლინზები დანიშნულებისამებრ - ანუ მხედველობის კორექციისთვის გამოიყენებოდა, ზოგი ამტკიცებს, რომ ამ ლინზების მეშვეობით ცეცხლს ანთებდნენ, ზოგს კი მიაჩნია, რომ ასეთ ფერად ”სათვალეებს” მდიდრები იყენებდნენ მმართველთან მიახლოებისას, რომელიც ანტიკურ სამყაროში მზის შვილად ითვლებოდა და მისი ყურება ჩვეულებრივ მოკვდავს შეუიარაღებელი თვალით არ შეეძლო).
ძველ რომში მდიდარი პატრიციები მზის ცქერისას დამუშავებულ ძვირფას ქვებს (მთის ბროლს, ამეთვისტოს, ტოპაზს) იყენებდნენ. ცნობილია იმპერატორ ნერონის (სხვა სიკეთესთან ერთად,  იმპერატორი ახლომხედველი გახლდათ) ზურმუხტის ლინზა, რომლის მეშვეობით ნერონი გლადიატორთა ბრძოლებს უყურებდა (ჰ. სენკევიჩის რომანში ”Quo vadis?” იმპერატორი ამ ლინზის მეშვეობით რომში მისივე ბრძანებით გაჩაღებული ხანძრის ცქერით ტკბება). 
მე-13 საუკუნემდე ”სათვალეები” მხოლოდ ერთი თვალისთვის მზადდება, მოგვიანებით ხელოსნები ლინზების ლითონის ჩარჩოში ჩასმას სწავლობენ. უძველესი წერილობითი ცნობა, სადაც სათვალეა მოხსენიებული, 1285 წელს განეკუთვნება, ხოლო 1352 წელს ის ტრევიზოს (იტალია) ერთ-ერთი ეკლესიის ფრესკაზე გვხვდება. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით (რომლის ავტორები და პერსონაჟები ვენეციელი მინამბერები არიან), 1280 წელს ერთ ხელოსანს თხევადი მინა ბრტყელ ზედაპირზე შემთხვევით დაეწვეთა. გაგრილებული მინა ერთ მხარეს გლუვი, მეორე მხარეს კი ამოზნექილი აღმოჩნდა. მინამბერმა ის კარგად  მიათვალიერ-მოათვალიერა და აღმოაჩინა, რომ ამგვარი მინა საგნების კონტურებს აახლოებს. ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ ვენეციელი მინამბერების ჰილდიის ქრონიკებში სათვალეები 1300 წლიდან მოიხსენიება.
შუა საუკუნეების ევროპის წარმოდგენით ქვეყნის დასალიერს მდებარე ჩინეთში სათვალეები ფეხს მე-14 საუკუნეში იკიდებს. თუმცა კირკიტა მეცნიერების აზრით, ეს გამოგონება ჩინელებს არ ეკუთვნით (ჩინელებს ქაღალდის და დენთის ავტორობაც გეყოფათო) და ჩინეთში ის სპარსელი და არაბი ვაჭრების წყალობით მოხვდა. სამაგიეროდ,  სწორედ ჩინელებს ეკუთვნით დამუქებული მინის გამოგონება, რომელსაც მოსამართლეებისთვის ამზადებდნენ: მას მოსამართლის მზერა და მზერასთან ერთად, დამნაშავესადმი მოსამართლის პირადი დამოკიდებულება უნდა დაემალა.
ევროპაში მზისგან დამცავი სათვალეები დიდგვაროვნებისა და მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი და ინდივიდუალური შეკვეთით მზადდებოდა, მათი მასობრივი წარმოების პირველი მაგალითია ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკვეთა, როდესაც მან ხელოსნებს ეგვიპტეში საომრად წასული ჯარისკაცებისთვის სათვალეების დიდი ოდენობით დამზადება დაავალა (ამ სათვალის მინები გალაქული და მჭვარტლით დამუშავებული გახლდათ, რაც, ჩემი წარმოდგენით, საკმაოდ მოუხერხებელი უნდა ყოფილიყო და აფრიკის თაკარა მზით გათანგულ ჯარისკაცებს პრობლემას კი უხსნიდა, უმატებდა).
თუ მანამდე სათვალეს გარეგნულად თვალშისაცემი ცვლილებები არ განუცდია (აქამდე არსებულ  სულ რამდენიმე სახეობას - პენსნეს, მონოკლს და ლორნეტს თუ არ ჩავთვლით), მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მინა უფრო დამუშავებული (სფერული, ცილინდრული, სფეროცილინდრული, პრიზმული, სტენოპტიკური, ფოტოქრომული - ე.წ. ”ქამელეონები”) ხოლო ჩარჩოს მასალა უფრო მრავალფეროვანი ხდება (ტყავი, ლითონი, რქა, კუს ჯავშანი, ვეშაპის ულვაში და, რაღა თქმა უნდა, ხელოვნური მასალა), და სათვალე ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მე სათვალეების წარსულზე მოგიყევით, თანამედროვე სათვალეებსა და მოდის ტენდენციებზე კი იფიგენია დაუტფაიერი მოგითხრობთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

2 კომენტარი.:

  1. Masento Gulacho

    საინტერესო პოსტია.
    მართალი გითხრათ, ამ ბლოგის ტენდენციებიდან გამომდინარე, სტატიის ბოლომდე მეგონა რომ სათვალეების არასწორად და არაშესაბამის გარემოში გამოყენებაზე იქნებოდა საუბარი. ამიტომ პოსტის სათაური რომ დავინახე წინასწარ საგულდაგულოდ შევამზადე ეს ლინკი, რომელიც უფრო მოუხდებოდა ამ პოსტს, ჩემი მოლოდინი რომ გამართლებულიყო, მაგრამ რადგან მოვძებნე - მაინც დავდებ
    http://www.youtube.com/watch?v=Aj7f3B1VCYM

  1. Aunt Polly

    ლინკისთვის მადლობა, ვიხალისე :))) თუმცა მათი საცოდაობით დავიწვი კიდეც - საკუთარი თავი გამახსენდა, როცა წლების წინ არასწორად მორგებული სათვალით გარეთ გავედი და პირველივე კიბის საფეხური უფრო შორს დავინახე, ვიდრე სინამდვილეში იყო. გვარიანად დაბეჟილი გვერდები დღემდე მწარედ მახსოვს...

Post a Comment