რას არ გაიგებ ადამიანი....

Approved by Natia Jinjolava

უიი-უაას აეროპორტი
ახალგარემონტებული გომბორის გზაზე სოფლების - ვერონა (კახელებს ეტყობა რაღაც განსაკუთრებული და იდუმალი სიყვარული აქვთ იტალიის მიმართ. საფეხბურთო გუნდი წნორის „მილანი“ გაიხსენეთ), პალდოს და სასადილოს გავლის მერე კარგახანი ვიცინოდი. კასპის რაიონის სოფელ სასირეთზე აღარ ვლაპარაკობ. გვიშტიბე, კვახჭირი, საჭამიასერი, გვიმბალაური და ჯაპანა საერთოდ ჩემი ფავოროტების რიცხვში შედის. ჰოდა, ვიფიქრე, ქართველები კი გამოვირჩევით ორიგინალურობით, მაგრამ სასაცილო გეოგრაფიულ დასახელებებში ალბათ უცხოელებიც არ ჩამოგვრჩებიან-მეთქი და ისეთი ეგზემპლიარები აღმოვაჩინე, აბა, რა გული მომითმენდა თქვენთვისაც არ გამეზიარებინა.

ნახტომში თავგატეხილი ბიზონები

ავსტრალიის ბამბის მრეწველობის  დედაქალაქს Wee Waa (უიი-უაა) ჰქვია. არიზონას შტატში კი ასეთი დასახელების ქალაქიც აქვთ Why,  ანუ „რატომ“. თურმე ქალაქი ორი განსაკუთრებულად ფართო ავტომაგისტრალის შესაყართან დგას, რომელიც რუკაზე ასო y-ს წააგავს და ამიტომაც შეურქმებიათ ამ პატარა ქალაქისთვის ეგზომ უცნაური სახელი. კანადაში ალბერტას პროვინციის ერთ-ერთ დასახლებას ნახტომში თავგატეხილი ბიზონები ჰქვია (Head-Smashed-In Buffalo Jump). იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და  და ეგზომ უცნაური ტიტული ამ ცხოველზე ნადირობის ოდინდელი მეთოდიდან გამომდინარე ერგო. გერმანიაში ქალაქი Kissing (კოცნა) აქვთ. სამხრეთ აფრიკაში კი კიდევ უფრო დიდი ორიგინალობა გამოიჩინეს და ქალაქს „კიდევ ერთხელ სცადეთ“ (Try Again) დაარქვეს. რაფტინგის მოყვარულთა უსაყვარლეს ქალაქს „ლორწო“ (Slime) ჰქვია. ინგლისელებს მარწყვის მოსართავიც (Roseberry Topping) კი აქვთ. ამბობენ, ეს სოფელი გორაკის ძირშია განლაგებული, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებაო. თავად სახელწოდება კი თურმე ძველნორვეგიული ენიდან მოდის და „ღმერთი ოდინის კლდეს“ ნიშნავს.
"ჯოჯოხეთის" ქარაფები
დიდი კაიმანის კუნძულებზე ერთ პატარა ქალაქს სულაც ჯოჯოხეთი (Hell) ჰქვია და იგი თავისი მოქუფრული და შემზარავი ქარაფებითაა სახელგანთქნული. მისმა მცხოვრებლებმა ამ შემზარავ სახელწოდებაშიც კი გონებამახვილური გამორჩენა ნახეს და ადგილობრივი ფოსტის თანამშრომლები ტურისტებს ასეთი უნიკალური შანსის გამოყენებას და ჯოჯოხეთიდან ახლობლებისთვის ღია ბარათის გაგზავნას სთავაზობენ. 50-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ძალიან პოპულარულმა რადიოშოუმ თავისი შტაბ-ბინის იმ ქალაქში გადატანის მზადყოფნა განაცხადა, რომელიც გადაცემის სახელს დაირქმევდა. ასე გაჩნდა ნიუ-მექსიკოს შტატში ქალაქი  „სიმართლე თუ  შედეგი“ (Truth or Consequences), რომელიც მანამდე საკმაოდ ბანალურ სახელს „ცხელ წყაროებს“ ატარებდა.  პენსილვანიის შტატში  მე-18 საუკუნეში აშენებულმა ტავერნამ მის ირგვლივ მოგვიანებით გაშენებულ ქალაქს ფრიად ამაყი და პრეტენზიული სახელწოდებაც "პრუსიის მეფე" (King of Prussia) გადაულოცა.
მარწყვის მოსართავი

შოტლანდიაში მიწის ერთი პატარა ნაგლეჯი დიდი ხნის განმავლობაში ერთი კლანიდან მეორის ხელში გადადიოდა, რის შედეგადაც ყველა მათგანის მიერ შერქმეული სახელი შერჩა და დღეს მისი სახელწოდება 32 ასოსაგან შედგება და დაახლოებით ასე ჟღერს: მილა-ლია-სორი-მიკ-დჰაგჰაილი. ერთი ლეგენდის თანახმად, ღმერთ ტამატეას ცეცხლოვანი ისარი წყაროში ჩაუვარდა და მას მერე ახალ ზელანდიაში მდებარე ცხელი წყლის წყაროს ტე უაკატა კანგა ო ტე გნარეჰუ ო ტე ახი ა ტამატეა ჰქვია. საქვეყნოდ ცნობილი მექსიკური  კურორტი სანტაფეს სრული დასახელება ასე გამოიყურება: LA Villa Real de la Santa Fè de San Frabcisci de Asís. მასაჩუსეტსის შტატში ინდიელებისაგან თეთრკანიანებს ერთი ტბა ერგოთ, რომლის დასახელებასაც თავიდან ბოლომდე ადგილობრივი მცხოვრებლებიც კი ვერ კითხულობენ და შინაარსი დაახლოებით ასეთია: „შენს შენს მხარეზე ითევზავე, მე ჩემს მხარეზე ვითევზავებ, ჩვენს შორის კი არავინ არ იქნება“. ამერიკაში ყველაზე გრძელი სახელწოდების მქონე ქალაქის შემოკლებული სახელი ლოს-ანჟელესი ყველამ იცის, ოფიციალური ვერსია კი ასეთია: El Pueblo de Nuestra Seniora la Reina de los Angeles Del Rio de Porciuncula.
ერთ-ერთი ბრიტანული ქალაქი ქვეყანაში ყველაზე დიდი მატარებლის ბილეთებითაა სახელგანთქმული სახელწოდების გამო. სახელი ზომის გამო არც ერთ სტანდარტულ ბილეთზე არ ეტევა და უძველესი დიალექტიდან დაახლოებით ასე ითარგმნება: „წითელ გამოქვაბულში არსებული ბერების მორევის შორიახლო გაშენებული თეთრი თხილის ხეობაში მდებარე წმინდა მარტინის სახელობის ეკლესია“. რკინიგზამ გამახსენა, ვერაფრით ვერ დავადგინე ზუსტად სად (სავარაუდოდ, კუკის კუნძულების ერთ-ერთი ატოლია) - მაგრამ დედამიწაზე არსებობს რკინიგზის მაგისტრალი, რომელსაც „ეს სადღაც დრაკონის კბილისკენ მიმავალ გზაზეა, რომელიც ჩრდილოეთ პენრინას გზას მიუყვება, და ეს გზა ყურის სანაპიროზე გადის“ ჰქვია და ადგილობრივი მცხოვრებლები მარტივად, „გზა N4“-ის სახელით მოიხსენიებენ. აი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელწოდება კი ახალზელანდიურ გორაკს აქვს: „ადგილი, სადაც ტამატეას, ადამიანს დიდი მუხლებით, ფეხი დაუსხლტა, წაიქცა, მერე კი მთები გადაყლაპა (ამიტომაც ეძახიან მიწის მჭამელს), და თავისი შეყვარებულისთვის ფლეიტაზე უკრავდა“...
ვაღიარებ, ახალმა ზელანდიელებმა ცალსახად და უპირობოდ გვაჯობეს...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი




0 კომენტარი.:

Post a Comment