რემონტომანია

Approved by Natia Jinjolava

გაგანია ზაფხულია და, ზოგი თუ ზღვაზე, მთაში, აგარაკზე წასასვლელად ჩემოდნებს ალაგებს, მავანიც მთელი წლის განმავლობაში ნალოლიავები და ათასჯერ გადაკეთებულ-გადაწყობილი გეგმის განხორციელებას აპირებს და რემონტისთვის ემზადება. ამბობენ, თუ გინდა ვინმე გულიანად დაწყევლო, რემონტი უსურვე. თითქოსდა სახლის შერემონტებას და განახლებას რა სჯობია, მაგრამ ხანდახან კედლების ზედაპირულ შეღებვას კაპიტალური გადაკეთება მოსდევს: კედლებს სანამ მიადგები, შელახულ-შემურული ჭერი უნდა შეათეთრო, დეფექტები უნდა მიშპაკლ-მოშპაკლო, მერე იატაკს დახედავ და დაჩხაპნილ-გაქუცული ლაქი თვალებს მოგჭრის და ასე გაუთავებლად... სავარაუდოდ ერთ თვეზე გაწერილი სიამოვნება უსასრულო ტანჯვად იქცევა. მსგავსმა რემონტომანიამ ბევრი ისე ჩაითრია, რომ რემონტს ვითომ ნელ-ნელა, თითო-თითო ოთახობით აკეთებენ და შედეგად, სანამ ბოლო ოთახამდე გავლენ, პირველი ისევ უკვე სარემონტოა. ეს ყველაფერი მდინარე გუძონზე გადებული ცნობილი ხიდის ისტორიას მახსენებს: ტრადიციის მიხედვით, ამ ხიდს ერთი კაცი ხელით ღებავს და შედეგად, სანამ კილომეტრნახევრიანი ხიდის ბოლოში გავა, ხიდი თავიდანაა შესაღები და ასე უსასრულოდ.
ერთ წელს ჩემი მეგობრის მამამ ოჯახი დასასვენებლად გაისტუმრა და ბინის განახლებას შეუდგა. ქალები, თავისი ჭკუით, მძიმე შრომას კი მოარიდა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუდამო საწვალებელი გაუჩინა: ოჯახის მზრუნველ მამას ბინის ახლებურად დაპროექტებისას სამზარეულო გამორჩა და აგარაკიდან ჩამოსულ დიასახლისს გაზქურის, ონკანის და მაცივრის დასადგმელი ადგილიც კი არ დახვდა. ასე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.
კაცების გონივრულობის კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით: ჩემი ნაცნობის მამამ, ბიძებმა და სამეგობრომ სახლის ერთობლივად აშენება გადაწყვიტეს (თანაც საკუთარი ხელით). დიდხანს აშენებდნენ თუ ცოტა ხანს, თბილისის შემოგარენში კოხტა, მყუდრო, კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი წამოჭიმეს. აი, ერთი რამ კი გამორჩათ: მშენებლობისას მეორე სართულზე ასასვლელად ხარაჩოთი სარგებლობდნენ. შედეგს არ იკითხავთ? დამთავრებულ სახლს კიბე საერთოდ არ ჰქონდა! მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა, ის ხარაჩო დიდი ხანია დალპა და დაიშალა, და რა გგონიათ? კიბე - არა, ახალი ხარაჩო მიუდგეს. „მშენებლები“ დღესაც ამ სახელდახელო კიბით სარგებლობენ, ოღონდ სულ უფრო და უფრო იშვიათად. მოგეხსენებათ, ასაკის მატებასთან ერთად სახარაჩოე ალპინიზმი სულ უფრო და უფრო ჭირს...
კიდევ ერთი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება: მუსიკალური ათწლედისთვის სამსართულიანი კორპუსი საგანგებოდ ააგეს. მაგრამ იმ შენობაში ათწლედის მოსწავლეებს შესახლება არ ეწერათ: შენობის ყველა კარი იმდენად ვიწრო აღმოჩნდა, რომ საკლასო ოთახებში როიალების შეტანა ვერ მოხერხდა... სხვათა შორის, ჩემი მეგობრის მამამ მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად ჯერ ავეჯი დადგა და ოთახების გამყოფი შიდა კედლები მერე ამოაშენა (მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებამ ოჯახს ბინის გაყიდვისას საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა, მყიდველს ოთახებს ვერ უცლინენ). კიდევ ერთ ჩემს მეგობარს მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე (ახალშენში) მშენებლებმა საჩუქარი დაუტოვეს- ლოჯში დღესაც უდგას კარბიტის და ცემენტის ნარჩენებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი, მრავალტონიანი ცისტერნა (2 მეტრი სიგრძის), რომელიც არც კარში ეტევა და არც ფანჯარაში. პროფესიით მხატვარმა სახლის პატრონმა ერთადერთი გამოსავალი მოფიქრა და მშენებლების „მემკვიდრეობა“ ფრიად ორიგინალურად მოხატა და სრულიად უსარგებლო საგანი ოთახის დეკორაციად აქცია.
სხვათა შორის, ძალიან მეცინება, როცა მიყვებიან, ახლადაშენებულ ან თუნდაც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ კორპუსებში ჯაკუზის როგორ აყენებენ. ახლავე აგიხსნით რატომ: საქმე იმაშია, რომ ნამდვილი ჯაკუზი (და არა მასაჟორიანი აბაზანა) თავისი მოწყობილობიდან გამომდინარე, ნახევარი მეტრის სიღრმეზე ყენდება, ამიტომ ბინაში სართულებს შორის დაშორების გათვალისწინებით მისი დამონტაჟება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ზოგიერთი შანსიანი მობინადრესავით ქვედა მეზობლის ნებართვას არ იყიდით, რომ თქვენი ჯაკუზის ფსკერი მისი უნიტაზის თავზე კონწიალობდეს. არ ვხუმრობ, ასეთი რამეც ხდება.
ეს კერძო სექტორს რაც ეხება და, მათი რა უნდა გამიკვირდეს, როცა ზუგდიდში დადიანების სასახლის დირექტორი, ძალიან სიმპათიური ქალბატონი, მუზეუმის მორიგი რეკონსტრუქციის დროს ფრანგული შპალერის კატალოგით ხელში იჯდა, ნიკო დადიანის კაბინეტსა და სხვა ოთახებში გასაკრავ ნიმუშებს საკუთარი ნება-სურვილით არჩევდა და ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, რომ იქ მოსულ მნახველებს ისტორიული ექსპონატები აინტერესებთ და არა მუზეუმის ხელმძღვანელის გემოვნება, რომელ ოთახს რა ფერის შპალერგაკრული კედლები  მოუხდება.
ზუგდიდს გადავწვდი და აგერ, ყურისძირში, თავისუფლების მოედანზე 90-იან წლებში, როცა ევრორემონტი ახალი ხილი იყო და რატომღაც ის ყველას მხოლოდ თეთრად შეღებილი კედლები ეგონა, ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელობამ ისტორიულ შენობაში, სადაც კედლები ბუკოლიკური ფრესკებით იყო მოხატული, ხოლო შენობის სახურავს ვიტრაჟები ამშვენებდა, „ჭკვიანური“ გადაწყვეტილება მიიღო და მე-19 საუკუნის მოხატულობა თეთრად შეაბათქაშა, ვიტრაჟებს კი გუმბათი დაადგა.
ბევრი რაღა გავაგრძელო, აი, კიდევ ერთი მაგალითი, ამჯერად საკუთარი გამოცდილებიდან: ჩემმა ნიჭიერმა ხელოსნებმა კარი აჯამებზე უკუღმა ჩამოკიდეს - ახლა კარი ოთახისკენ გაღების ნაცვლად აივანისკენ იღება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ბოლომდე გაღებისთვის აივანს სიგანე არ ჰყოფნის...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment