7.8.11
ორი კოქტეილის ისტორია
Approved by
მოხიტო Mojito
თურმე ამ კოქტეილს თავისი წინაპარიც ჰყოლია - ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში სახელგანთქმულს მეკობრე ფრენსის დრეიკს მაგარ რომში პიტნისა და ლაიმის წვენის დამატება დაუწყია და „დრაკი“ დაურქმევია, რომელიც კონკრეტულად სად შეიქმნა არავინ იცის (დრეიკი სად არ დახეტიალობდა), მაგრამ ფეხი კუბაზე მოიკიდა და ეროვნულ სასმელად იქცა. დროთა განმავლობაში „დრეკმა“ სახეცვლილება განიცადა და დღევანდელ „მოხიტოდ“ მოგვევლინა.
ერთი ვერსიით, მოხიტო სასტუმრო „სევილიას“ ბარმენმა (მისი სახელი ისტორიას არ შემორჩა) გამოიგონა, როცა ცნობილ კოქტეილ ჯულეპში (ბურბონის, შაქრისა და პიტნის ნარევი) ბურბონი Bacardi Superior-ით შეცვალა. რამდენიმე წყაროში ამ ღირშესანიშნავი მოვლენის თარიღიც კი აქვთ მოხსენიებული - 1930 წლის 25 მაისი. იმასაც ამბობენ მოხიტოს რეცეპტი ჰავანას პატარა კაფე „ბადეგიტა დელ მედიოში“ გაჩნდაო. 1942 წელს გახსნილი ვიქტორიანული სტილის დაწესებულება ქალაქის ცენტრში სტუმრებს დღესაც ღებულობს.
დავა კოქტეილის დასახელების წარმოშობაზეც გრძელდება: ერთ-ერთი ვერსიით მოხიტო, ნივრიანი და წიწაკიანი კრეოლური სოუსი მოხოს (Mojo) კუბური დასახელების კნინობითი ვარიანტია. მეორე ვერსიით კი ესპანური მოხადიტოდან (Mojadito) მოდის, რაც „ოდნავ ნამიანს“ ნიშნავს.
კუბური მოხიტოს ორი ვარიანტი არსებობს: მსუბუქალკოჰოლური და უალკოჰოლო. ყველაზე პრესტიჟული კი, რასაკვირველია რომი „ბაკარდით“ მზადდება.
ალკოჰოლური მოხიტო ტრადიციულად ხუთი ინგრედიენტისგან შედგება: რომი, შაქარი, ლაიმი, გაზიანი წყალი და პიტნა. ციტრუსისა და პიტნის კომბინაციამ, რომალიც იმთავითვე რომის სიმაგრის „დაფარვას“ ემსახურებოდა ეს სასმელი პოპულარულ საზაფხულო კოქტეილად აქცია. აი, ალკოჰოლო ვარიანტში კი რომს ლერწმის შაქრითა და წყლით ანაცვლებენ.
ცნობილ ამერიკელ მწერალ ერნესტ ჰემინგუეის კუბაში მოხიტოს ორმაგ პორციას „Double Papa“-ს უმზადებდნენ, რომრლშიც მინერალურ წყალს აღარ ამატებდნენ. თავად წარმოიდგინეთ რა „ბომბა“ იქნებოდა!
მოხიტოს მომზადება სახლშიც თავისუფლად შეიძლება - თუმცა, ერთი პატარა და აუცილებელი ნიუანსი უნდა დაიმახსოვროთ: ლაიმს ლიმონით და რომს ჯინით ნუ შეცვლით! ყველაფერი გამოგივათ, მოხიტოს გარდა.
ერთი ლაიმი გაჭერით სიგრძეზე. მაღალ ჭიქაში ჩაწყვეთ კუბიკებად დაჭრილი ლაიმის ნახევარი და პიტნის პატარა ტოტი, დააყარეთ ლერწმის შაქარი (გემოვნებით) და ჭიქაშივე ჩასრისეთ ხის სანაყით. დაუმატეთ ყინულის რამდენიმე კუბიკი და 50-60 მლ რომი. ჭიქას დააფარეთ შეიკერი და კარგად შეაჯანჯღარეთ. კიდემდე შეავსეთ ჩაციებული მინერალური წყლით.
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
მარგარიტა Margarita
ამ კოქტეილის მოყვარულები იმასაც ამბობენ რომ ტეკილას ეგზომ გაპოპულარულება სწორედ მისი დამსახურებააო. ასეა თუ ისე, ტეკილას და მარგარიტას ისტორია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. კოქტეილის შემნის ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ პირველად 1940 წელს შეაზავეს (ზოგი ცნობით 1938 და 1935 წლებშიც) ტიხუანის შემოგარენში მდებარე ბარ „Rancho La Gloria“-ში. მოგეხსენებათ ამერიკის მშრალი კანონისგან შეწუხებული „მაღალი საზოგადოება“ მექსიკას წაქეიფების მიზნით ხშირად სტუმრობდა და ამიტომ, მექსიკის ეს პატარა სასაზღვრო ქალაქი უცხოელი ტურისტების ნაკლებობას არ უჩიოდა. ბარში თურმე მსახიობი მარჯორი კინგი დადიოდა ხშირად, რომელსაც ტეკილას გარდა ყველანაირ ალკოჰოლზე ალერგია ჰქონია. კინგს კი ტეკილა არ უყვარდა და გონებამახვილ ბარმენ დენი ერერას რაღა დარჩენოდა - ერთმანეთში აურია სამი წილი ტეკილა ბლანკო, ორი წილი ლიქიორი Triple Sec და ერთი წილი ლაიმის წვენი. შამპანურის ჭიქის კიდე ლიმონის წვენში ჩააწო, მარილში ამოავლო და კოქტეილიც ჩაასხა. სასმელს მარჯორის საპატივცემულოდ კინოვარსკვლავის სახელის მექსიკური ვარიანტი მარგარიტა უწოდეს.
მეორე ლეგენდით, „მარგარიტას“ ავტორობას ასევე მექსიკელ ბარმენ პანჩო მორალეზს მიაწერენ. რომელსაც თურმე 1942 წლის 4 ივლისს ერთმა კლიენტმა ქალმა კოქტეილი „მაგნოლია“ შეუკვეთა (ბრენდი, კუანტრო, კვერცხის გული და შამპანური). მისი რეცეპტიდან მორალეზმა კუანტროს გარდა ვერაფერი გაიხსენა, ჰოდა ტეკილა და ლაიმის წვენი დაუმატა. სახელი კი თავისი საყვარელი ყვავილის საპატივცემულოდ შეურჩია.
კიდევ ერთი ლეგენდის მთავარი გმირი მარგარიტა სეიმსი გახლავთ, რომელიც წვეულებებზე სტუმრებისთვის სხვადასხვანაირი კოქტეილების შეზავებით ერთობოდა ხოლმე. 1948 წლის საშობაო ზეიმზე შემთხვევით „მარგარიტა“ დაამზადა, ტომი ჰილტონმა კი ეს სასმელი თავისი სასტუმროების ქსელში გაავრცელა. 1999 წელს გამოსული ალკოჰოლური ცნობარიც, კოქტეილის ავტორად სწორედ ამ ქალბატონს მოიხსენიებს... თუმცა, კოქტეილის შექმნის კიდევ 20-მდე ვერსია არსებობს, რომელთა მოყოლითაც თავს აღარ შეგაწყენთ: ზოგი შეყვარებულისთვის აზავებდა (შეყვარებულს რა ერქვა ალბათ თავადაც ხვდებით), ზოგიც ცოლისთვის (ალბათ მის სახელსაც ადვილად გამოიცნობთ) და ზოგიც საპატიო სტუმრებისთვის.
კლასიკური მარგარიტა კი ლაიმის წვენისგან, ფორთოხლის ლიქიორისა და ტეკილასგან შედგება. მისი დამზადების მთავარი ნიუანსი პროპორციების სწორად დაცვაა, რაც შემდეგში მდგომარეობს: სამი წილი ტეკილა, 2 წილი ლიქიორი და ერთი წილი ლაიმის წვენი.
თუმცა, ამ ბოლო დროს ლაიმის წვენის ნაცვლად სხვა ხილსაც იყენებენ - განსაკუთრებით გემრიელი გამოდის მარწყვის, ნესვისა და ატმის წვენით.
გემრიელად მიირთვით!
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
0 კომენტარი.:
Post a Comment