20.8.11
მოგზაურობა მეხუთე: Meersburg-Mainau
Approved byმაინაუ - ულამაზესი კუნძული-ბაღნარი - კონსტანციდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და იქ მოხვედრა სხვადასხვა გზით შეიძლება: გემით, ქალაქის ავტობუსით, ან სულაც ველოსიპედით. ვის როგორც უნდა. ჩვენ საზღვაო (უფრო სწორად, „სატბაო“) მარშრუტი ვარჩიეთ, მით უმეტეს, რომ გემი ბოდენის ტბის სხვადასხვა ნაპირას განლაგებულ ნავსადგურებში ჩერდება და ამით ამ ადგილების დათვალიერების შესაძლებლობასაც გაძლევს.
პირველი გაჩერება ზუსტად კონსტანცის მოპირდაპირე ნაპირზე მდებარე მეერსბურგია, რომელიც ბოდენის ტბის ქალაქებიდან ყველაზე ლამაზად ითვლება და რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც ხუთი ათასს შეადგენს, რაც თანამედროვე ქალაქის რიგითი უბნისთვისაც კი ძალიან ცოტაა.
მეერსბურგი, ტბის დასახლებული პუნქტების უმრავლესობის მსგავსად, თავდაპირველად მეთევზეთა სოფელი ყოფილა და მისი შემდგომი ტრანსფორმაცია და ქალაქად ჩამოყალიბება, ჩემს მიერ ნახსენებ ეკლესიის რეფორმაციას უკავშირდება - მეერსბურგი მთელი სამი საუკუნის მანძილზე კოსტანციდან გაძევებული ეპისკოპოსების რეზიდენცია გახლდათ (ეპოსკოპოსთა ამგვარ „სილაღეს“ ბოლო ნაპოლეონმა მოუღო).
პორტის შესასვლელში კონსტანცის „იმპერიის“ ქანდაკების ავტორის, პეტერ ლინკის სკულპტურა „მაგიური სვეტი“ დგას: ერთ ბოძზე მიმაგრებული სხვადასხვა ფიგურები - განსხვავებული იდეოლოგიის მიმდევარი ცნობილი გერმანელი ექიმები, ქალაქის ეპისკოპოსი თავისი ხის ცხენით, მეერსბურგში მცხოვრები გერმანელი პოეტი ქალი თოლიას თავით, ამური ისრებით... მოკლედ, ჩემი წარმოდგენით, სრული დომხალი! მიუხედავად ამისა, ეს ერთობ უჩვეულო ქანდაკება ძალიან ცოცხალი და არც ისე უადგილოდ დადგმული მეჩვენა, თუმცა ამ „თანამედროვეობას“ ფონად ტიპიური შუასაუკუნოვანი ქალაქის ხედი აქვს.
მეერსბურგი კლდეზეა შეფენილი, ნავსადგურიდან მაღლა მიემართება გზა ძველი და ახალი ციხესიმაგრეებისკენ. ამ ბასტიონებში ახლა სხვადასხვა მუზეუმებია განთავსებული (მათ შორის, „წამების მუზეუმიც“), ოდესღაც კი ისინი სამღვდელო პირების საზაფხულო აგარაკებს და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ერთ-ერთ ასეთ მუზეუმში პირველი ნაბეჭდი წიგნის ავტორის, გუტენბერგის ნამდვილ საბეჭდ პრესს დაგათვალიერებინებენ, თან ბეჭდვის პროცესსაც გიჩვენებენ.
გზა ციხესიმაგრეებისკენ ტერასებად განლაგებული ვენახების გავლით მიემართება. საეპისკოპოსო რეზიდენციის ერთ-ერთ შენობას კი რატომღაც „ღვინო“ აწერია... მეერსბურგში სახლები განსაკუთრებულია, საბავშვო სათამაშოებს ჰგავს, სახელებიც თავისებური აქვს: „დათვთან“, „ლომთან“, „გემთან“; „წითელი სახლი“, „თავადის სახლი“ და ასე შემდეგ. მოკლედ, აქაურობა ტიპიური გერმანული ქალაქის ტიპიურ ილუსტრაციად გამოდგება.
ჩვენი მოგზაურობის შემდეგი პუნქტი კუნძული მაინაუა, ამჟამად ბერნადოტების საგვარეულო საკუთრება, 45 ჰექტარი კლდოვანი მასა, რომელზეც შეფენილ პარკს სათავე ჯერ კიდევ მისმა წინა მფლობელმა, ბადენის ჰერცოგმა ფრიდრიხ I-მა ჩაუყარა თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურბებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ტროპიკული ხეების გაშენებით.
კუნძულის ახლანდელი მეპატრონეების საგვარეულოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა: 1932 წლიდან მაინაუ გრაფ ლენარტ ბერნადოტის საკუთრებაში აღმოჩნდა, როგორც ერთგვარი კომპენსაცია შვედეთის სამეფო ტახტზე უარის თქმის სანაცვლოდ არაგვირგვინოსანი გვარის ქალის ცოლად შერთვის გამო. დიდი ვერაფერი კომპენსაციააო, იტყვით, სად შვედეთის მეფის გვირგვინი და სად ერთი პატარა კუნძული?! გულწრფელად გეტყვით, თავიდან მეც ასე ვიფიქრე და გრაფს ვუთანაგრძნე კიდეც, თუმცა კუნძულის ნახვის შემდეგ აზრი შემეცვალა. ასე იყო თუ ისე, გრაფმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება განვლო (სულ ახლახან, 2004 წელს გარდაიცვალა) და ახლა კუნძულის „გენერალური დირექტორი“ მისი ქალიშვილია.
მოკლედ, გრაფმა ბერნადოტმა კუნძული ბაღნარად გაააქცია, რომელსაც ყოველწლიურად ორ მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს. ასე რომ, მაინაუ საკუთარი შემოსავლით ცხოვრობს და ქველმოქმედებასაც ეწევა: მონაწილეობს გარემოსა და ძეგლთა დაცვაში, აფინანსებს ბაღების გაშენებას და სხვადასხვა ისტორიული შენობის შენახვა-კონსერვაციას, ეხმარება მეცნიერებს. სხვათა შორის, აქ ყოველწლიურად იმართება ნობელის პრემიის ლაურეატების შეხვედრა.
ეს ყველაფერი უდავოდ ყურადღების ღირსია, თუმცა კუნძულზე რომ აღმოჩნდებით და იქაურობას რომ ნახავთ, ბუნებით ტკბობისა და სეირნობის გარდა არაფერი გენდომებათ.
დასათვალიერებელი კი ბევრია (მიუხედავად იმისა, რომ მაინაუზე ერთადერთი სასახლე და ეკლესიაა, დანარჩენი ფართობი კი ყვავილნარებსა და ხეივნებს უჭირავთ). ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერ დროს ჩამოსულმა ტურისტმა მაინაუს განსაკუთრებული იერი იხილოს: მაგალითად, ჩვენ რომ ჩავედით, ზუსტად ამ დროს ვარდების 30.000-მდე ბუჩქი ყვავილობას იწყებდა, ხოლო სხვადასხვა ფერის აზალიები და როდოდენდრონები ყვავილობას ასრულებდნენ. საოცარი ბაღებია! ჩვენც ვხეტიალობდით მრავალრიცხოვანი ცოცხალი ყვავილებისგან შექმნილ გეორაფიულ რუკებსა და გიგანტური ზომის ფრინველების ფორმის კარკასებზე გაშენებულ კლუმბებს, იტალიურ შადრევნებს, ჩინური წითელი ხეების ხეივნებს, მოყვავილე პალმებს, ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის ხეებს შორის.
კიდევ, მაინაუზე 6000-მდე ჯიშის ორქიდეების სათბური და გერმანიაში ყველაზე დიდი პეპლების ბაღია, სადაც ხელოვნურად შექმნილ ტროპიკულ ჯუნგლებში თავისუფლად დაფარფატებენ უამრავი სახეობის პეპლები. პეპლებივით ურიცხვია კუნძულზე ტურისტების ჯარიც - საბავშვო ეტლებში მსხდარი პატარებიდან დაწყებული, ინვალიდის გორგოლაჭებიანი სავარძლით მოსიარულე ღრმად მოხუცებულებით დამთავრებული. აი, მცენარეები კი შემოღობილი არსად არის, არც გამაფრთხილებელი განცხადებები („ყვავილებს ნუ მოწყვეტთ“, „გაზონებზე სიარული აკრძალულია“, ა.შ.) გვინახავს და მაინც, ასეთი თავისუფლების მიუხედავად, მოწყვეტილ, გათელილ, დაზიანებულ თუ ძირს დაგდებულს მაინაუზე ვერაფერს ნახავთ...
და ბოლოს, ორი სიტყვით: ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ და თქვენც იგივეს გისურვებთ, ოდესმე მაინც...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო
0 კომენტარი.:
Post a Comment