17.11.12
მეგრული ჭვიშტარი
Approved by
დღეს არც მეტი არც ნაკლები, სახლში გამომცხვარი პურის
დღეა. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ შედეთზე შეყვარებული და ამ მშვენიერ ქვეყანაში
არაერთხელ ნამყოფი მეგობარი მიყვებოდა ოდესღაც, რომ ყოველა თავმოყვარე შვედს აქვს სახლში
პურის საცხობი ღუმელი და დაუზარლად თვითონ აცხობს პურს. უფრო მეტიც, შვედურ პურის საცხობ
ღუმელს ტაიმერიც ქონია და თურმე, მუყაითი შვედები ღუმელში ცომს საღამოს ათავსებენ,
მერე ტაიმერს შესაფერის დროზე აყენებენ და დილით ახალგამომცხვარი პურის სურნელი აღვიძებთ...
იყო დრო, დაახლოებით 20-15 წლის წინ, როცა ჩემი დისთვის
ქალური ბედნიერების ერთადერთ სიმბოლოს სამზარეულოში საკუთარი ტოსტერის ქონა წარმოადგენა - ხან
დაქალი პირდებოდა ტოსტერის გერმანიიდან ჩამოტანას მთელი შვიდი წლის მანძილზე - სულ ტყუილად. მერე, როგორც იქნა ჩვენთანაც შემოვიდა გაყიდვაში და ქმარმა მიართვა
საჩუქრად ... სულ ორჯერ თუ სამჯერ გახუხეს პური გახარებულ გულზე და მას მერე, მანამდე
ასე ნანატრი ნივთი, სათავსოში იმტვერება. ასე ოცნებობდა წლების მანძილზე ჩვენი მის ენდრიუც პურის საცხობ ღუმელზე - ჩემი დისგან განსხვავებით, „იდეინიცაა“ და საჭმლის მარტივად
კეთების მეთოდებსაც არასდროს ეძებს.
ამიტომ ჯიუტად ხმარობს სამზარეულოს ნებისმიერ ტექნოლოგიურ
სიახლეს: ლიმონს მე თუ მუჭით ვწურავ, მას დაუზარლად გამოაქვს ათამდე ნაწილისგან შემდგარი
წვენის საწური რთული მოწყობილობა, ასევე დაუზარლად აწყობს, ლიმონს წურავს და მერე შლის
და ათივე ნაწილს რეცხავს, აშრობს და ინახავს, სანამ მე გამოწურულ ციტრუსს სანაგვეში
გადავუძახებ და დასვრილ ხელებს გადავიბან. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოკეანის
გადაღმიდან ერთი წლის წინ გამოგზავნილ ღუმელს ნამდვილად გამოიყენებდა და ამ „ღირშესანიშნავი“
თარიღისთვის (ხომ გახსოვთ, რომ დღეს სახლში გამომცხვარი პურის დღეა), სტატიას ჩემს
მაგივრად ის დაწერდა საკუთარი გამოცდილებიდან... ამდენი ხანი ღუმელისთვის დენი გადამყვანს
ყიდულობს...
არა, საკმაოდ გემრიელი შინაური პურის რეცეპტები მეც
ვიცი, მაგრამ რადგან მისნაირმა (მის ენდრიუ მყავს მხედველობაში) გამრჯე და საკუთარი
იდეების ჯიუტად განხორციელებით ცნობილმა ადამიანმა ვერ მოაბა თავი ცომის მოზელვას,
ეჭვი ძალიან მეპარება საქართველოში ვინმემ მოინდომოს ამის გაკეთება, ამიტომ დღეს სხვა,
ფუნქციით პურთან მიახლოებულ და საკმაოდ მარტივ რეცეპტს - მეგრულ ჭვიშტარს შემოგთავაზებთ, რომელიც რეალურად ყველით, კვერცხით და მაწონით გაკეთილშობილებული მჭადია.
მაშ ასე, ავიღოთ მჭადის ფქვილი (რაოდენობა საკუთარი მადით
და მჭამელები რაოდენობით განსაზღვრეთ), დავუმატოთ ერთ ტაფაზე 1-2 კვერცხი, ცოტა მარილი, 1 ჭ მაწონი (მოსაზელად
მაწონი თუ არ ეყო, დავუმატოთ წყალი), შეიძლება სულ ცოტა დარბილებული კარაქიც დავამატოთ, მაგრამ სავალდებულო არაა. მერე მერე გადავურიოთ მარილი და დაფშვნილი სახაჭაპურე ყველი რამდენსაც
გავიმეტებთ (რაც მეტი, მით უკეთესი). ერთი პატარა რჩევაც: ყველს ძალიან წვრილად ნუ
დაფშვნით - მსხვილი, ლუკმის ხელა ნატეხებიც დატოვეთ, ასე უფრო გემრიელი ჭვიშტარი გამოვა,
წარმოიდგინეთ, რომ ჩაკბიჩავთ და ცომში უზარმაზარი ყველის გამდნარი ლუკმა დაგვხვდებათ.
დავუმატოთ მარილიც და მოვზილოთ მჭადის ჩვეულებრივი ცომი. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ
ცოტა ზეთი და ჩავაფინოთ თითის სისქის მჭადი. დავაფაროთ და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.
ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება, გადავატრიალოთ. ეს სულსწრაფებისთვის - თხელი მჭადი ძალიან
მალე ცხვება.
ახლა მეორე ვარიანტი, მათთვი ვისაც მოთმინება აქვს:
ავიღოთ სქელძირიანი და მაღალბორტიანი თუჯის ტაფა, ფსკერზე და გვერდებზე მოვუსვათ ზეთიანი
ხელსახოცი. დავადგათ ცეცხლზე და გავახუროთ. მოვამზადოთ იმდენი ჭვიშტარის ცომი, რომ ტაფა ბოლომდე
გაავსოს. ჩავაკრათ ჭვიშტარი. ტაფას თავსახური დავაფაროთ და ცეცხლი მაქსიმალურად ჩავუწიოთ. დაახლოებით 35-40 წუთის შემდეგ გადავატრიალოთ ( ტაფა ამოვაყირავით თავსახურმოუხდელად - მჭადი
თავსახურზე გადმოვა, გადაყირავებული ჩავაცუროთ ტაფაში და ისევ დავაფაროთ თავსახური)
და ვაცხოთ კვლავაც 35-40. ასეთ სქელ ჭვიშტარშია განსაკუთრებულად გემრიელი ყველის დიდი
ნაჭრები. დავჭრათ ტორტივით დიდ, სამკუთხედ ნაჭრებად და გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.S. რასაკვირველია,
შეგიძიათ ჭვიშტარი კვერებადაც დააცხოთ, მაგრამ დამიჯერეთ, მთელი ტაფა ბევრად უფრო გემრიელია! და კიდევ, ჭვიშტარში ყველაზე გემრიელი მისი დაბრაწული ქერქია, ამიტომ ნუ დაიზარებთ და კარგად დაბრაწეთ.
0 კომენტარი.:
Post a Comment