"We will stand tall face it all together at Skyafall..."

Approved by Natia Jinjolava


ერთხელ, სტუდენტი რომ ვიყავი და მე და ჩემს, ჩემი აზრით, საკმაოდ სიმპატიურ მაგრამ სათვალიან მეგობარს ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი შეგვხვდა ქუჩაში. განსაკუთრებული არაფერი მოხდებოდა ამ შეხვედრის შემდეგ ამ ბიჭს ჩემთვის ძალიან უცნაური რამე რომ არ ეთქვა: „დაქალებს ეტყობა გარეგნობის მიხედვით არჩევ, იმათ ფონზე უფრო სიმპატიური და ლამაზი რომ გამოჩნდეო“... გაოცებისაგან სიცოცხლეში პირველად და იმედია, უკანასკნელად დავკარგე მეტყველების უნარი. ჯერ ერთი, არათუ დაქალები, არავინ და არცერთი მიზნისთვის არ შემირჩევია გარეგნობით და მეორე - სრულიად გულწრფელად მესიმპატიურება ყველა ჩემი მეგობარი. 
როცა ადამიანი ჭკვიანი და საინტერესოა, ნაკლებად თვალში მოსახვედრია მისი მონგრეული ფეხები ან თუნდაც დაბალი უკანალი. პარალელურად, ძალიან ბევრი ულამაზესი გოგო ვიცი უპერსპექტივო დებილის გამომეტყველებით. თუმცა, მგავსი უმსგავო ბრალდებები ალბათ სულაც არაა გასაკვირი - რატომღაც ოფიციალურადაა აღიარებული და ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებად ითვლება რომ ქალებს ერთამანეთის გარეგნობის შურთ და ერთი ქალი მეორეს კარგს არ ურჩევს. კაცები კი... კაცების მეგობრობაზე და ერთგულებაზე საგმირო ჰიმნებსა და ბალადებს თხზავენ. საკმარისია რომელიმე ცნობილი მსახიოი ან სხვების გაგებით ლამაზ ქალზე თქვა, არ მომწონსო, რომ მყისიერად ქალურ შურში გამხელენ და არაობიექტურობაში დაგდებენ ბრალს - როდის იყო ქალი სხვა ქალის სილამაზეს აღიარებდესო.
არადა, რეალურად სულ სხვაგვარადაა საქმე. და, ახლავე აგისხნით რატომ. პირველად ეს საოცარი ფენომენი საკმაოდ დიდი ხნის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ მეგობარ ბიჭთან უწყინარი საუბრის დროს: რომელიღაც სპორტსმენ მამაკაცზე ვთქვი მომწონს-თქო. რატომო? გრძელი და სწორი ფეხები აქვს-მეთქი, ვიხუმრე. ზუსტად ოცი წუთი ვისმენდი აღშფოთებულ ისტერიკას - მე უფრო სწორი და გრძელი ფეხები მაქვსო. მეორეჯერ უკვე ჩემმა სამაგალითოდ მშვიდმა და თავდაჯერებულმამა სიძემ დაიმართა ბნედა და გაჭიმა ყირა იგივე თემაზე. მე და ჩემმა დამ, აღარ მახსოვს რომელი მსახიობის გრძელ და სწორ ფეხებს მივაპყარით ყურადღება და მერე ერთი საათის განმავლობაში ვტკბებოდით, სიძის აღშოთებული ტირადებით, ფეხების ბაკუნითა და ჟესტიკულაციით მდიდარი არგუმენტაციით, რომ თვითონაც გრძელი და სწორი ფეხები აქვს. თუმცა, მისთვის არავის უთქვამს რაიმე საწინააღმდეგო.
ეს ყველაფერი კი ბონდიანას სერიის ბოლო ფილმმა გამახსენა. ფილმის ნახვის მერე, კითხვაზე - როგორ მომეწონა, აღვნიშნავდი რომ  მიუხედავად ჩემი ანტიპატიისა ქერა და ცისფერთვალება მამაკაცების მიმართ, საოცარი ესთეტიური სიამოვნება მივიღე და რომ კაცი არ მინახავს კოსტუმი და კოსტუმში გამოწყობილი სირბილი დენიელ კრეიგის მსგავსად ვინმეს უხდებოდეს-მეთქი. ოციდან ოცი კაცი იქვე მომიტრიალდა: ალბათ კარგად შეკერილი კოსტუმი აცვიაო...
დიახ, კარგი და კარგად შეკერილი კოსტუმი იყო - მოგეხენებათ ეს საქმე ბრიტანელებს რა კარგად გამოსდით. აღარ ვლაპარაკობ, კარგი კოტუმი რა კარგ ტანს ეცვა. მაგრამ, კოსტუმის სწორად ტარებასაც, ჰალსტუხის არ იყოს, ცოდნა უნდა და ბრიტანელებს ესეც სხვებზე უკეთესად ეხერხებათ. არავინ შემედავება, რომ პრაქტიკულად იდეალური ტანი აქვს იტალიელ ადრიანო ჩელენტანოს, მაგრამ კოსტუმში მასთან შედარებით, სრულიად არაიდეალური აღნაგობის კოლინ ფირთი ათი თავით აჯობებს. აღარ ვლაპარაკობ შონ კონორიზე, ჯუდ ლოზე, ჰიუ გრანტზე, რალფ ფაინსზე და სხვა მეკოსტუმე ბრიტანელებზე.
ახლა, ისმის სრულიად დროული და „კანონიერი“ კითხვა: ვინ უფრო შურიანია, ქალები, ვისაც გვერდზე მყოფი ქალების სილამაზე აღიზიანებთ თუ კაცები, რომლებიც სადღაც ოკეანის გადაღმა მყოფი მსახიობების და სპორტსმენების თეორიულ ქებასაც კი პირად შეურაცხყოფად ღებულობენ?


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment