30.11.12
მორისის ჭიაყელა და ინფორმაციის დაცვის საერთაშორისო დღე
Approved by
მას მერე, რაც აწ უკვე შორეული 1988 წლის 30 ნოემბერს
ვინმე რობერტ თი. მორისის მიერ შექმნილმა კომპიუტერულმა ვირუსმა (არა, ცუდი არაფერი უნდოდა,
უბრალოდ, თავისი პროგრამის მოქმედების ძალა გამოსცადა რეალურ გარემოში) ჯერ
კიდევ ახალგაზრდა კომპიუტერულ თანამეგობრობაში ნამდვილი ეპიდმია გამოიწვია და ამერიკის
შეერთებულ შტატებში, არც მეტი არც ნაკლები, ექვსი ათასი ინტერნეტკვანძი გათიშა, სპეციალისტები
სერიოზულად დაფიქრდნენ ჩვენი ცხოვრების ამ განუყრელ თანამგზავრში საგულდაგულოდ დასაწყობებული
პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაზე და... ეს თარიღი ინფორმაციის დავცის საერთაშორისო
დღედ (Computer Security Day)
გამოაცხადეს.
მაგრამ ვიდრე ამ დიდებულ და ძალიან საჭირო თუ აუცილებელ
(ვითომ?!) გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, ვირუსის ნეიტრალიზაციისთვის ბერკლის ინსტიტუტში
მთელი ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებს უხმეს კომპიუტერული უსაფრთხოების დარგში. სანამ
მეცნიერები თავს იმტვრევდნენ დიზასემბლირებული კოდის ანალიზზე და პროგრამაში, როგორც
გაირკვა, არარსებული ნაღმების გაუვნებელყოფას ცდილობდნენ, მორისის ჭიაყელისგან გამოწვეულმა
ზარალმა ას მილიონ დოლარს მიაღწია (გაითვალისწინეთ, რომ 1988 წელი იყო).
ვირუსის კოდი იმდენად კარგად იყო შენიღბული, რომ ეგზომ
შთამბეჭდავი ვირუსის შემოქმედის სახელი უსახელო უფლისციხელივით დაიკარგებოდა, რომ არა
მამამისი - უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მეტად კეთილსინდისიერი კომპიუტერის ექსპერტი,
რომელმაც საყვარელი პირმშო აიძულა ეღიარებინა დანაშაული. სწორედ ამ დღის შემდეგ გაამკაცრეს
პროგრამის კოდის დაცვისთვის აუცილებელი ნორმები და კომპიუტერული ქსელის ადმინისტატორთათვის
დამცავი პაროლები შემოიღეს. ყოველი წლის ამ დღეს კი საგანგებო კონფერენციებსა და ემინარებს მართავენ
და ერთმანეთს უზიარებენ კომპიუტერული უსაფრთხოების სიახლეებსა და პრობლემებს.
დაცვა დაცვად და პაროლი პაროლად, მაგრამ ადამიანურ ფაქტორს
რა ვუყოთ? ახლავე აგისხნით რას ვგულისხმობ. მაგალითად მყავს ბუა ქმარი ან ძველმოდური
დედამთილი და სახლს გარეთ მეგობრებთან ერთად სრულიად უწყინარი ყავის სმაც კი სერიოზულ
უხერხულობას მიქმნის ოჯახში. ჩემს მეგობრებს კი ყოველი ფინჯანი ყავის მიკროჩიპზე აღბეჭდვა
და მერე გაფეისბუქება აქვთ მანიად ქცეული. რამდენად ეთიკურია „ფეისბუქის“, „ტვიტერის“,
„ადნაკლასნიკების“ ან თუნდაც „მაისპეისისა“ და „გუგლ+“-ის გვერდებზე მთვრალი თუ ფხიზელი
ნაცნობ-მეგობრებისა და თანამშრომლების საკმაოდ პიკანტური და არაპიკანტური მხიარულების
ამსახველი ფოტოების გამოჭენება?
კარგი, ეს მთლად კომპიუტერული უსაფრთხოების თემა არაა,
მაგრამ სამსახურებში ნებადართულ პირად „სკაიპსა“ და „ფეისბუქს“ რა ვუყოთ? იმ აიტიშნიკს
და ქსელის ადმინისტრატორს რა ვუთხარი, მის მიერ გამართულ კომპიუტერში და მის აწყობილს
სისტემაში შენ რომ პაროლს შეიყვან და ის ვერ გატეხს მერე. ამიტომ, რამდენადაა დაცული
ჩვენი ფოსტა ან სოციალური ქსელის ანგარიშები სამსახური კომპიუტერიდან ერთხელ მაინც
შესვლის მერე? რეალურად, არანაირად. მხოლოდ ქსელის ადმინისტრატორის კეთილსინდისიერების
ან მისი უცოდინრობის და არაკომპეტენტურობის იმედზე უნდა ვიყოთ. მეტყვით, „სკაიპი“ შიდა
მიმოწერა და დოკუმენტების გადაგზავნას აადვილებსო. კარგმა ადმინისტრატორმა სამსახურის
ფოსტა, შიდა ქსელი და შიდა ჩატი უნდა გახსნას.
ვის გაუგია საჯარო სოციალური ქსელით საქმიანი მიმოწერა?! რასაკვირველია,
თანამშრომლებზე კონტროლითვის თუ არ გჭირდება. საყოველთაოდ ცნობილია, „სკაიპის“ გატეხვა
მხოლოდ იმ კომპიუტერიდანაა შესაძლებელი, რომლიდანაც
შეხვედი და ჩვენც გახარებულები, სამსახურში მთელი დღე „სკაიპში“ ვზივართ, ყურებს ვაბარტყუნებთ
და საკუთარი უფროსობის ლოიალურობით ვამაყობთ. აჰა, როგორ არა, სულ ჩვენს კომფორტზე
და გართობაზე ფიქრობენ.
მაგალითად, ჩემს ვაშინგტონელ მეგობარს, მისი სამუშაოდან
გამომდინარე, სახლის ინტერნეტსაც სამსახური უხდის. მაგრამ სამსახურის ნაყიდი ინტერნეტიდან
საკუთარ სახლში არასამსახურებრივ საიტებზე და პირად ფოსტაში შესვლის უფლება არ აქვს.
შესაბამისად, მისი პირად ინფორმაციასთან თანამშრომლებს ხელი აღარ მიუწვდებათ.
რეალობა კი ერთია: რამე თუ არ გინდა რომ გაიგონ, ნუ
შეინახავ კომპიუტერში და ნურც ქაღალდს ანდობ - საკუთარ ტვინზე და მოკუმულ პირზე უფრო
სანდო არაფერი არსებობს, დანარჩენს რაც შეეხება, უნდა შევეგუოთ, რომ საღაც ვიღაცამ
მაინც იცის. ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩება, რომ რაღაც ჩვენც ვიცით...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment