„კაცი ლეგენდა, კაცი ზღაპარი, კაცი თეთრი პარახოდი შავ ზღავში...“

Approved by Natia Jinjolava


ზოგადი გაგებით კარგი ხასიათის და წესიერი კაცი მარტო ქალის დაწერილ რომანში და კონოში რომ არსებობს ამას დიდი ხნის წინათ მივხვდი და შეძლებისდაგვარად შევეგუე ძლიერი სქესის მიერ დადგმულ გულისამაჩუყებელ ცრემლიან სპექტაკლებს, გაუთავებელ ტყუილებს, უპასუხისმგებლობას და უპრინციპობას. ასეთად შექმნა ბუნებამ და რა ქნან?
იმასაც მივხვდი, რომ უნაკლო კი არა, ათეულზე ნაკლების ნაკლის მქონე კაცი (ისევე, როგორც ქალი) ბუნებაში არ არებობს და უნდა შეარჩიო ის, ვის „მინუსებსაც“ სხვის „მინუსებზე“ უფრო მარტივად ეგუები, ან ვისი ატანაც გიღირს. მშვიდად და დალხენილად ცხოვრება თუ გინდა, ყურადღება აღარ მიაქციო პერმანენტულ დაგვიანებას, არდარეკვებს, ცუდ სიმთვრალეს, საკუთარ (ანუ მის) თავზე დიდ წარმოდგენას, აბეზარ ძმაკაცებს, მანქანის და ქეიფის საკუთარ ოჯახზე მეტად სიყვარულს და ხშირად აქოთებულ ფეხის სუნსაც.
ერთი კლასელი ბიჭი მყავდა, ყველაზე შეუხედავი, დაბალი, შავი, ფერიჭამიებიანი, ყველაზე უბრალო ოჯახიდან და იმდენად უტვინო, რომ ორიანებსაც კი ხათრით უწერდნენ. გაიზარდა, ასაკთან ერთად გამქრალ ფერიჭამიებს თუ არ ჩავთვლით, მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. თუმცა, როგორ არა, განარკომანდა და უბანში სხვა ნარკომანების ჩამშვების სახელიც ქონდა და კიდევ ციხეში ჯდომა, ნარკომანიისგან განკურნება (რაც გულწრფელად მიხარია) და 2 ცოლის გამოცვლა მოაწრო. ამას წინათ კლასის შეკრებაზე ვნახე რესტორანში და ... ბუნებრივია, რომ გამოსწორებულ ნარკომანს ყველა აქებს და ეფერება და მანაც დაიჯერა, რომ კაცური კაცი, დიდი ადამიანი და განსაკუთრებული მოვლენაა, და ახლა 24 საათი საკუთარი თავის ქებაშია და თავის ბავშვობა-სიყმაწვილეზე საკუთარივე შეთხზულ ზღაპრებს ყვება. თურმე ყველა კლასელ გოგოს მხოლოდ ის უყვარდა, ყველა გოგოს ეარშიყებოდა (დამიჯერეთ, იმდენად უსახური არსება იყო, რომ განსაკუთრებულად ზრდილობიანად აღზრდილების გარდა, გამარჯობასაც არავინ ეუბნებოდა), უფრო მეტიც ბევრისთვის ზასაობაც კი უსწავლებია... ეშხში ისე შევიდა, რომ მე მომიყვა, როგორ დადიოდა ჩემთან ერთად პაემნებზე. თავიდან კი ბევრი იცინე, მაგრამ მერე დავფიქრდი, უცხოებთანაც თუ იგივეს ყვება, ხომ მომეჭრა თავი J
უკვე სამსახურში, ერთი ძალიან კარგი კოლეგა ბიჭი მყავდა, ძალიან კარგი ოჯახიდან - მამაკაცისათვი ყველა აუცილებელი ღირსებით აღჭურვილი და დღეს უკვე სტიქაროსანი პატრიარქთან. როგორც ამბობენ ხოლმე, კაცობაში არაფერი ეშლებოდა. ერთხელაც ჩვენმა საერთო მეგობარმა გოგომ სამსახურებრივი დანაშაული ჩაიდინა (მისი უშუალო უფროსის დავალებით) და ჩვენმა კარგმა და წესიერმა ბიჭმაც ეს ამბავი კიდევ უფრო დიდ უფროსს მიურბენინა. გოგოსაც და მის უშუალო უფროსსაც მაგრად მოხვდა.  უფრო დიდი უფროსი კი მამაჩემი იყო და გაცეცხლებული გოგო მომივარდა და მთელი სამსახურის თვალწინ სულ მოღალატე და ენატანია მეძახა და ბევრი კიდევ უფრო მწარე ტერმინითაც შემამკო. ჩვენი „გმირი“ იქვე, კომპიუტერთან იჯდა და გამწარებული თამაშობდა, ვითომ არაფერი  ესმოდა... მას მერე თითქმი 15 წელი გავიდა, მე მეგობარი დავკარგე, რომელმაც სიტყვაზე არ დამიჯერა, რომ არაფერ შუაშუ ვიყავი, ის ბიჭი კი დღესაც მეგობრობს მასთან. . .
ამას წინათ, ერთი სტატია დავწერე ზოგადად „ფეისბუქელების“ მავნე ჩვევებზე. ერთმა „ფრენდმა“ კი თურმე მთლიანად თავის თავზე მიიღო და მეგობრებიდან წამშალა, რაც მისი ნება და უფლებაა. თუმცა, მე მასზე კი არა, ბევრი ქალის კრებით სახეზე ვსაუბრობდი სტატიაში. კი წამშალა, მაგრამ მტრის ზურგში, ანუ ჩემი მეგობრების სიაში დესანტი გადმოსხა ქმრის და მაზლის სახით და ეს ორი ზრდასრული, მაგრამ უსაქმური კაციც (სხვა სიტყვით მათ საქციელს ვერ შევაფასებ), საკუთარ (თავის და არა ჩემს) ვოლებზე ქოქოლას მაყრიან და ანონიმურ სალანძღავ პოსტებს მიძღვნიან, რომლებსაც მათი მოკლე ჭკუით მე, ჯერ უნდა ვნახულობდე, მერე ვკითხულობდე, ვხვდებოდე რომ ჩემზეა და ვმწარდებოდე. თან მათ მიერ ნაწარმოები ცივი ომის უმთავრესი ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემს სახელს არ ახენებენ და პირადად არ მომმართავენ. მომავალზე ფირქობენ, ახლა კი უნდათ შემარცხვინონ, მაგრამ ხვალინდელ დღეზეც ზრუნავენ - რა იცი, რაში გამოვადგები. ახლობელს ამბავი რომ არ მოეტანა, არაფერი მეცოდინებოდა და მათი შრომა წყალში იქნბოდა ჩაყრილი. ალბათ ძალიან ბოროტი ვარ, მაგრამ დიდი ხანია ასე არაფერზე მიხალისია. ერთი თვის განმავლობაში, სადღაც ოცამდე გულისგამგმირავი პოსტი აქვთ შეთხზული - ან როგორ არ ბეზრდებათ?
მახსოვს, ერთხელ გოგოებთან ერთად კაცების ხსოვნა-არდავიწყების სადღეგრძელო დავლიე - სულ რომ გვახსოვდეს, ნამდვილი კაცები ჩვენთან თუ არა, სადღაც მაინც რომ არიან. დღეს კი, ნომებრის პირველ შაბათს მსოფლიო კაცების დღეს აღნიშნავს. ჰოდა, მეც მინდა ყველა კაცს მივულოცო (მშიშარასაც, მტირალასაც, მკვეხარასაც და ა.შ.) და თავისი შესაფერისი ქალის პოვნა და სულ ცოტა „კაცურობაც“ ვუსურვო!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment