3.6.11
თოვლში გაყინული ხილიდან „ბასკინ რობინსამდე“
Approved byკაცმა არ იცის პირველად ვინ, სად, როდის და როგორ გააკეთა ნაყინი. მაგრამ ამ უგემრიელესი დესერტის წარმოშობის ამბავს ყველა თავისებურად ყვება და ათასგვარი ლეგენდითაც ალამაზებს. ზოგი (ისტორიაში განსაკუთრებით ძლიერი), იჩემებს თვით ჩინეთის იმპერატორები მიირთმევდნენ 5000 (ან 3000?!) წლის წინო. მიუხედავად იმისა, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, უკიდეგანოდ მდიდარი ფანტაზიის მქონე მეცნიერები იმასაც ირწმუნებიან, ყველაზე მეტად თოვლში არეული ფორთოხლისა და ლიმონის ნაჭრები და ბროწეულის მარცვლები უყვარდათო. ჩინეთის იმპერატორი კი რა ჩინეთის იომპერატორი იქნებოდა, რაც თვითონ უყვარდა, უბრალო ხალხისთვისაც რომ გაეზიარებინა და ამიტომ გაყინული ხილის შენახვის რეცეპტსა და წესებს საგულდაგულოდ მალავდნენ. მხოლოდ ჩვ.წ.აღ.-მდე XI საუკუნის კანონიკური სიმღერების კრებულ „ში-კინგში“ ახადეს ფარდა ამ საიდუმლოს.
მავანნი ნაყინის ავტორობას ძველ ბრეძნებს მიაწერენ და ალბათ ძალიანაც არ სცოდავენ. თუმცა, დანამდვილებით მხოლოდ ის იციან, რომ ალექსანდე მაკედონელის დროს ხილს დატკბილულ ყინულში ინახავდნენ და ისე აკნატუნებდნენ. ხვათა შორის, ხილის გასაყინი თოვლის ალპებიდან ჩამოსატანად, სირბილში საგანგებოდ გაწვრთნილ-ნავარჯიშებ მონებს აგზავნიდნენ და ეს მეტად სათუთი და მალფუჭებადი სუბსტანცია გზაში რომ არ გამდნარიყო, ნამდვილ ესტაფეტას მართავდნენ. სხვათა შორის, სწორედ მაკედონელის ჯარისკაცებს მოაფიქრდათ გასაყინ წყალში ხილის, ღვინის, რძისა და თაფლის დამატება.
ევროპაში ნაყინის რეცეპტი რომ 1295 წელს მარკო პოლომ ჩამოიტანა ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ერთ საკითხზე მაინც ვერ შეთანხმდნენ: პოლოს ნაყინი მონღოლეთის ხანმა საკუთარი ნებით აჩუქა თუ ჩინეთის სამეფო კარზე შემთხვევით შეესწრო მისი დამზადების პროცესს და იქიდან მოიპარა. ასეა თუ ისე, ვენეციელ მოგზაურს შრომა დაუფასდა და მისი „ინოვაცია“ იტალიისა და საფრანგეთის მეფეებისა და დიდგვაროვნების ტრაპეზის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყველ თავმოყვარე ევროპელს პირად პარიკმახერთან და თერძთან ერთად საკუთარი მენაყინეც უნდა ჰყოლოდა და რაღა გასაკვირია, რომ ნაყინის რეცეპტს უკმაცრესად ინახავდნენ. იმ პერიოდის იტალიაში მეზობლის მენაყინის გადაბირება მოსისხლე მტრისთვის საყვარლის „დაწერაზე“ ბევრად დიდ პრესტიჟად ითვლებოდა.
ეკატერინე მედიჩის საფრანგეთში გათხოვებასთან ერთად, ნაყინის „ინდუსტრიამ“ იტალიიდან პარიზის სამეფო კარზე გადაინაცვლა. ახალგაზრდა დედოფალმა მზითვად გამოცდილი მზარეული წაიყვანა, რომლის ხელოვნებამაც მეფე კარლოს I ისე მოხიბლა, რომ ნაყინის რეცეპტი სახელმწიფო საიდუმლოდ გამოაცხადა, ცოლის მზარეული სამეფოს მთავარ მენაყინედ შერაცხა და სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაუნიშნა. მეორე ვერსიით, კარლოს I მორიგ ბანკეტზე სტუმრების გაოცება განიზრახა და მეუღლის მზარეულს ახალი და გამაოგნებელი კერძის მოფიქრება დაავალა. გამოცდილმა კულინარმაც ტვინის ბევრი ჭყლეტის შემდეგ გამოსავალი მონახა და ძველ რეცეპტი „დაანავაროტკა“ - გაყინულ ხილის წვენში ბლომად კრემი გაურია, გვარიანად დაატკბო და მონარქის გაზულუქებულ სტუმრებს თოვლის მსგავსი რაღაც შესთავაზა. აღფრთოვანებულმა მეფემ დე მარკოს (ასე ერქვა მზარეულს) ყოველთვიური ჯამაგირი დაუნიშნა და გაყინული კრემის ინგრედიენტების გასაიდუმლოება უბრძანა. მაშინდელ საფრანგეთში სამეფო ხაზინის გაქურდვისთვის უფრო მსუბუქი სასჯელი იყო დაწესებული, ვიდრე ნაყინის რეცეპტის გამხელისთვის. ანა ავსტრიელის მიერ მისი ვაჟიშვილის, ლუდოვიკო XIV-ის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე სტუმრებს მოოქროვილ ფუჟერებში ჩადებული სირაქლემას კვერცხები მიართვეს, რომელიც სინამდვილეში უგემრიელესი ნაყინი აღმოჩნდა.
უკვე 1649 წელს ფრანგმა კულინარმა ჟერარ ტირსენმა რძისა და ნაღებისგან დამზადებული გაყინული ვანილის კრემის ძალიან საინტერესო ვარიანტი მოიგონა. სიახლეს „ნეაპოლიტანური ნაყინი უწოდეს“ და მას მერე ამ ცივი დესერტის რეცეპტურას წამდაუწუმ აახლებდნენ. 1676 წელს კი 250 პარიზელი კონდიტერი მენაყინეთა კორპორაციაში გაერთიანდა და ნაყინის უწყვეტი წარმოება გადაწყვიტეს.
ეს ნუგბარი უბრალო ხალხისათვის ხელმისაწვდომი კვლავაც შორსმხედველი იტალიელების წყალობით გახდა. 1686 წელს ფრანჩესკო პროკოფიო დი კოლტელიმ პარიზში კომედი ფრანსეზეს მოპირდაპირე მხარეს პირველი კაფე-სანაყინე გახსნა. არადა, სამშობლოში, ჩვენი პროკოფი, ერთი უბრლო პალერმოელი მეთევზე იყო. ნაყინის საკეთებელი აპარატი მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო და პარიზში სხვას რომ ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა ბედი ამ „ბიზნესში“ მოესინჯა და მომხმარებლებს 80-მდე სახეობის ნაყინი შესთავაზა. კაფე „პროკოფი“ დღესაც არსებობს და თანაც ძალიან პოპულარულია.
მომდევნო საუკუნეში ვენაში კულინარიული წიგნი გამოიცა, რომელშიც ნაყინის დამზადების სხვადასხვა მეთოდია აღწერილი: ნაყინი თავზე ათქვეფილი ნაღებით და დარიჩინით, ვანილით და „მარასკინით“ (ალუბლის ლიქიორი), ლიმონით, ფორთოხლით, ღვინით, მარწყვით და ჟოლოთი. სხვათა შორის, რეცეპტების ეს კრებული იმ დროისათვის სერიოზულ სამეცნიერო ნაშრომად ითვლებოდა და მასში წყლის გაყინვის თეოლოგიური და ფილოსოფიური ახსნაც არის მოყვანილი. მუყაოს ჭიქაში ჩასხმული ნაყინი და სახელგანთქმული პლომბირი, რომელიც წარმოშობით ფრანგული ქალაქიდან პლობიერ-ლე-ბენიდანაა ნაპოლეონ მე-3 ის დროს (1852-1870 წწ) გამოიგონეს. იტალიაში ამ გამაგრილებელ დესერტს სხვადასხვა ხილს, თხილს, ლიქიორს, ნამცხვრის ნატეხებსა და ყვავილებსაც კი ურევდნენ, ყავა-გლიასესა და შოკოლადის ნაყინის სამშობლო კი ავსტრიაა.
ამერიკაში ნაყინის არსებობის შესახებ 1774 წელს შეიტყვეს, როცა ფილიპ ლენზიმ ნიუ-იორკული გაზეთის ფურცლებიდან გამოაცხადა, ლონდონიდან ბევრი საინტერესო რეცეპტი და მათ შორის ნაყინისაც ჩამოგიატანეთო. მაგრამ მართლა პოპულარული მხოლოდ დოლი მედისონის წყალობით გახდა, რომელმაც 1813 წელს ეს იშვიათი დესერტი თავისი ქმრის, პრეზიდენტი ჯეიმს მედისონის ინაუგურაციაზე მოსულ სტუმრებს შესთავაზა.
ვაფლის კონუსების გამოგონებას კვლავაც იტალიელ ემიგრანტ იტალო მარკონის მიაწერენ. რომელმაც ვაფლის პირველი კონუსი ნიუ-იორკელების სამსჯავროზე 1896 წელს გამოიტანა, 1903 წელს კი თავისი გამოგონება დააპატენტა კიდეც. თუმცა, ამ ხრაშუნა ნუგბარის ნაყინთან დაკავშირების სხვა ვერსიაც არსებობს. თურმე, ასევე ემიგრანტი, ოღონდ სირიელი ერნესტ ჰამვი 1904 წელს სენტ-ლუისში „მსოფლიო ბაზრობაზე“ ვაფლებს ყიდდა. იქვე, კიოსკში ნაყინის ჭიქები გაუთავდათ და გონებამახვილმა სირიელმა ცხელ-ცხელი ვაფლები სასწრაფოდ დაახვია და მეზობელს შექმნილი უხერხული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი შესთავაზა.
1919 წელს ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა შოკოლადით მოსარკალებული და ჯოხზე წამოცმული ნაყინის ახალი სახეობა ჩამოასხა, რომელსაც „ესკიმოსის ღვეზელი“ (Eskimo Pie) შეარქვეს (აქაოდა, ნელსონი თავის პროდუქციას ქალაქიდან ქალაქში დაათრევდა და ესკიმოსების შესახებ ფილმის ჩვენების დროს ჰყიდდაო).
მეორე ლეგენდის თანახმად, 1905 წელს 11 წლის ფრენკ ეპერსონს ზამთრის ერთ ღამეს ლიმონათიანი ჭიქა ქუჩაში შემთხვევით დარჩა და დილით კოვზზე წამოცმული გაყინული ცილინდრი დახვდა. ამ ისტორიაში ბევრი რამე გაუგებარია: ჯერ ერთი, იმ დროს რომელი ბავშვი დატოვებდა დაულეველ
ლიმონათს, მეორე ვის რად უნდა გამაგრილებელი სასმელი ზამთარში და ისიც ყინვაში? მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ეპერსონმა ლიმონათის ესკიმოს მასიური წარმოება და პარკში გაყიდვა დაიწყო. თავის ქმნილებას ჯერ „ეპსიკლს“ ეძახდა, (საკუთარი გვარი და icicle - ლოლუა გააერთიანა). გაყინულ ხილის წვენს თავიდან ეპერსონის შვილებიც არ ეკარებოდნენ და ნაყინს „პაპსიკლს“ ანუ მამის ლოლუას ეძახდნენ. სხვათა შორის, მოგვიანებით სწორედ ამ სახელმა იცვალა სახე და ასეთ ნაყინს დღესაც - „პოპსიკლი“ (popsicle) ჰქვია. უკანასკნელ წლებში კი ნაყინის ორი ახალი „ჯიში“ შექმნეს: რბილი ნაყინი (ანუ ჩამოსასხმელი), რომელზეც ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი (მათ შემადგენლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერიც შედიოდა) მუშაობდა და 1990-იან წლებში გამოგონილი ჩვეულებრივზე მეტად შესქელებული ფაქტურის და განსაკუთრებულად გემრიელი უმაღლესი ხარისხის ნაყინი („Ben and Jerry’s“, „Beechdean“, „Haagen-Dazs“).
ჩვენამდე შემორჩენილი 1718 წლის ნაყინის რეცეპტი ასეთია:„აიღეთ ნაყინის თუნუქის ქილები, ჩაასხით თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახეობის ნაღები, გნებავთ ჩვეულებრივი, გნებავთ დატკბილული, ან სულაც ხილგარეული, ქილებსს კარგად დაახურეთ თავი; ექვსი ქილისათვის დაგჭირდებათ თვრამეტი ან ოცი გირვანქა ყინული. ყინულის დაქუცმაცეთ. დარჩენილი დიდი ნატეხები სულ ფსკერზე და თავზე დასაწყობად გადაინახეთ: აიღეთ დიდი ჭურჭელი, ფსკერზე თივა ჩააფინეთ, შემდეგ მოაყარეთ ყინული და მოაფრქვიეთ ზღვის მარილი;
ჩაალაგეთ ნაყინიანი ქილები და თითოულს მათგანს შორის ჩაყარეთ ყინული და მარილი, ისე რომ ქილები ერთმანეთს არ ეხებოდეს და ყინული თითოეულ ქილას ირგვლივ ჰქონდეს შემოყრილი; თავზეც ბლომად ყინული დააყარეთ, ჭურჭელი თივით გადაფარეთ და მზის სინათლისგან და სითბოსგან შორს, სარდაფში შეინახეთ; ოთხ საათში გაიყინება, მაგრამ უფრო დიდხანს დატოვეთ; ზუსტად გამოყენების წინ გამოიტანეთ, ცოტა ხანი ხელში გაათბეთ და გადმოსრიალდება. ალუბლის, ჟოლოს, ხურტკმელის, მარწყვისა და მათი მსგავსი ხილის გაყინვას თუ განიზრახავთ, თქვენი ქილები გაავსეთ ხილით, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია თავისუფლად და თავზე წყაროს წლისა და ლიმონის წვენისგან დამზადებული დატკბილული ლიმონათი მოასხით; სითხე იმდენი ჩაასხით რომ ხილი სულ დაფაროს და ნაღებივით ყინულში მოათავსეთ“.
ნაყინის სეზონი დადგა, ხალხო! გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment