21.6.11
ჩვენი ცხოვრების წიკწიკა თანმდევები
Approved byროცა პირველ ადამიანს პირველი აზრი გაუჩნდა, გარშემო მიმოიხედა, ჯერ დღე და ღამე განასხვავა, მათ მონაცვლეობაში გაუგებარი და აუხსნელი კანონზომიერება დაინახა, მერე მათი ათვლის მოთხოვნილებაც გაუჩნდა და... საათი გამოიგონა.
უძველესი საათები უფრო დროის ზომვის ხერხებს წარმოადგენდა, ვიდრე მექანიზმებს, ხელსაწყოების სახე მათ ცივილიზაციის განვითარებასა და ცოდნის დაგროვებასთან ერთად მიიღეს. პირველი, „მზის საათი“, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 3500 წლის წინ ბაბილონში გამოიგონეს, თორმეტდანაყოფიან ბრტყელ ციფერბლატს წარმოადგენდა, რომლის შუაგულში განთავსებული ვერტიკალური ღერძის ჩრდილი მზის სვლასთან ერთად ციფერბლატზე ადგილს იცვლიდა. გიგანტომანიით შეპყრობილი ძველი ეგვიპტელები საათად მაღალ კოშკს იყენებდნენ და დროის მონაკვეთებსაც მისი ჩრდილის გადაადგილებით ითვლიდნენ.
მზის საათს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა - დროის მთვლელის მოვალეობას მხოლოდ დღისით და ისიც კარგ ამინდში ასრულებდა. აი, მისი ნათესავი წყლის საათი (კლეპსიდრა) კი დღეღამის მანძილზე გამართულად მუშაობდა. ბერძნული სახელის მიუხედავად, ეს საათი საბერძნეთში კი არა, ძველ ეგვიპტეში შეიქმნა, ანტიკურ ელადაში კი მას სასამართლო პროცესებზე ორატორებისთვის გამოყოფილი დროის საზომად იყენებდნენ. ამ ქვეყნებში არსებული წყლის საათები თუ დანაყოფებიან ცილინდრულ ჭურჭელს წარმოადგენდა, საიდანაც წყალი წვეთავდა და დროის ათვლაც ჭურჭლის დაცლის მიხედვით ხდებოდა, მათი ჩინელი და ინდოელი „თანამოძმები“ ზუსტად საწინააღმდეგო პრინციპით მუშაობდნენ - გახვრეტილი ჭურჭელი წყლით თანდათანობით ივსებოდა (სხვათა შორის, იგივე ჩინელები „ცეცხლის საათსაც“ - ნასკვებიან თოკს იყენებდნენ, რომელსაც ცეცხლს უკიდებდნენ და დროს დამწვარი ნასკვების ოდენობის მიხედვით ითვლიდნენ, ეს თოკი მოგვიანებით დანაყოფებიანმა სანთელმა შეცვალა).
პირველი მაღვიძარა და სკოლის ზარიც წყლის საათი გახლდათ, რომელიც გადმოცემის თანახმად, მოწაფეების მოსახმობად ძველბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა გამოიგონა. ორი ჭურჭლისგან შექმნილი მოწყობილობა შემდეგნაირად მუშაობდა: ზედა ჭურჭლიდან წყალი ქვედაში წვეთავდა და ქვედაში დაგროვებულ ჰაერს ჭურჭელზე მიმაგრებულ ფლეიტაში გადენიდა, ფლეიტაც მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდა (და ალბათ ამ მისტიკური ხმების გაგონებაზე მოწაფეებიც „სკოლისკენ“ თავპირისმტვრევით მირბოდნენ).
მოგვიანებით წყლის საათი მოძრავი ფიგურებით მორთეს და მოკაზმეს - გადმოცემით, სწორედ ასეთი ბრინჯაოს კლეპსიდრა უსახსოვრა არაბმა ჰარუნ არ-რაშიდმა თავის ფრანკ „კოლეგას“ კარლოს დიდს: ლითონის სფერო ხმამაღლა აუწყებდა მორიგი საათის გასვლას, ხოლო შუადღეზე მექანიზმში დატანებული დეკორატიული კარიბჭე იღებოდა და სიღრმიდან ლითონისვე მოძრავი რაინდები ჩნდებოდნენ. სხვათა შორის, წყლის საათი ძალიან „სიცოცხლისუნარიანი“ აღმოჩნდა და ევროპის ქვეყნებში მე-17 საუკუნემდე იარსება.
საათის კიდევ ერთი ძველი ნაირსახეობა, ქვიშის საათი, დღევანდელი ჯიბის საათის წინაპრად მიიჩნევა - მომცრო ზომის მინის ჭურჭელს ქვიშის შიგთავსით პატრონი ფეხზე იბამდა და თან ატარებდა (შეიძლება ითქვას, რომ ჯიბის საათი თვით ჯიბეზე უფრო ადრეც კი გაჩნდა!). შუა საუკუნეებში ქვიშის საათს ციფერბლატი და, ციფერბლატთან ერთად, გუშაგიც დაუმატეს, რომელსაც საათის გადაბრუნება და ისრის გადაწევა ევალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქციის გამომდინარე, ქვიშის საათი „მოქმედება“ ხანმოკლე იყო (სულ რაღაც 1-2 საათზე გათვლილი), ნაოსნობაში ის საუკუნეების მანძილზე შეუცვლელი გახლდათ.
პირველ მექანიკურ საათს, რომელიც 1335 წელს მილანში შეიქმნა, მარტივი კონსტრუქცია ჰქონდა და მხოლოდ დროს აჩვენებდა. რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში გაჩნდა მზის, მთვარისა და იმ დროისთვის ცნობილი ხუთი პლანეტის სვლის აღმნიშვნელი მექანიზმი. კედლის საათიც შუა საუკუნეების ევროპაში შეიქმნა, რომელსაც იმ დროს მხოლოდ მონასტერში თუ შეხვდებოდით და რომელიც ბერებს მოახლოებული ლოცვის შესახებ ზარის რეკვით აუწყებდა. მერე საათმა ნელ-ნელა მონასტრების კედლებს თავი დააღწია, ქალაქის ქუჩებში გავიდა და მთავარ მოედანზე მოიკალათა.
ქანქარის პროტოტიპები უკვე მეცამეტე საუკუნიდან არსებობს, თუმცა მის ოფიციალურ ავტორად გალილეო გალილეი ითვლება, რომელიც პიზის ტაძარში მღვდელთმსახურების დროს ანთებული ლამპადების ალის რხევებს აკვირდებოდა და ქანქარიანი მექანიზმის შექმნის იდეაც თავში სწორედ ამ დროს მოუვიდა. აი, ქანქარიანი საათის შექმნას კი 1656 წელს ჰოლანდიელ მეცნიერს, ქრისტიან ჰაიგენსს მიაწერენ.
პირველი ზამბარიანი საათი მე-15 საუკუნეში გერმანულმა პიტერ ჰენლაინმა შექმნა და მას ფორმისა და მშობლიური ქალაქის სახელის მიხედვით, „ნიურბერგის კვერცხი“ დაარქვეს. 100-120მმ დიამეტრისა და 75მმ სისქის მქონე საათებს თავმომწონე მფლობელები ხელით დაატარებდნენ ან კისერზე იკიდებდნენ.
მე-17 საუკუნიდან საათის სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მესანიზმს წუთ- და წამზომი ისრები ემატება. იწყება განსაკუთრებული ზრუნვა საათის, როგორც ნივთის, გაფორმებასა და გარეგნულ მხარეზე: ჩნდება ციფერბლატის საფარი მინა, ხახუნის ძალის შემცირებისა და შესაბამისად, საათის უფრო ზუსტი სვლისთვის იყენებენ ლალსა და საფირონს, საათი ფუფუნების საგანი და საიუველირო ნაკეთობა ხდება. ასე გრძელდება მე-19 საუკუნემდე, სანამ არ დაიწყო საათების სერიულ წარმოება და იგი ჩვეულებრივი (მართალია, შეძლებული) მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომ ნივთად არ იქცა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე მაჯის საათი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ნივთი გახლდათ (მამაკაცები ამ დროს ჟილეტის ჯიბეში ძეწკვით დამაგრებული საათებით სარგებლობდნენ).
დღევანდელი საათების უმრავლესობა კვარცის „გენერატორით“ მუშაობს, მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩევა და ცდომილებაც უმნიშვნელობა, თუმცა კიდევ უფრო ზუსტიც არსებობს - „ატომური საათი“, რომლის ცდომილებაც ფანტასტიკურად გამოიყურება: 1 (ზედმეტი) წამი 10 მილიონ წელიწადში!
აი, ასეთი გზა განვლო (და ვინ იცის, წინ კიდევ რა ელის!) საათმა, რომელიც პრიმიტიული და მოუქნელი ხელსაწყოდან დახვეწილ მექანიზმად, ჩვენი ყოფისა და ყოველდღიურობის ატრიბუტად და განუყრელ საყვარელ ნივთად იქცა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment