20.6.11
პატარა კურიოზები ანბანის, სიტყვებისა და ენების თაობაზე
Approved byპირველი ანბანი ფინიკიელებმა გამოიგონეს. მოგვიანებით ბერძნებმა ანბანში ხმოვნები დაამატეს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვ.წ.აღ.-ის მე-4 საუკუნეში გატარდა, როცა რომაელებმა ლათინურ ანბანში დიდი და პატარა ასოები დაამკვიდრეს. დღეისათვის მსოფლიოში 65 სხვადასხვა ანბანს იყენებენ, რომელთგანაც ყველაზე მდიდარ ქხმერულში 72 ასო შედის, ყველაზე ეკონომიური კი პაპუა- ახალი გვინეის ერთ-ერთი ენაა და იგი მხოლოდ 11 ასოსაგან შედგება. ყველაზე ძველი ასობგერა „ო“-ა. იგი ჯერ კიდევ ფინიკიელთა ანბანში იყო 3300 წლის წინ და დღემდე სულ არ შეცვლილა. მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ხმოვანია „ა“ და იგი ყველა ენაში გვხვდება, მათ შორის აფხაზურშიც, სადაც მხოლოდ ორი ხმოვანია („ა“ და „ე“) და უბიხურშიც, სადაც ერთადერთი ხმოვანია - როგორც უკვე ხვდებით კვლავაც „ა“.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი სიტყვა ერთ-ერთი ქიმიური ნაერთის სახელწოდებაა და 1913 ასოსაგან შედგება. იტალიურ ენაში ასეთი სიტყვა „რაც შეიძლება ჩქარაა“, ესპანურში „ექსტრაორდინალური“, პორტუგალიურში „მეტისმეტად არაკონსტიტუციური“, ისლანდიურში „უზენაესი სასამართლოს ადვოკატი“, ჰოლანდიურში „სამუშაოები საბავშვო საკარნავალო მსვლელობის მოსამზადებლად“. ყალბი ფულის მჭრელების ფინური დასახელება „saippuakivikauppias“ მსოფლიოში ყველაზე გრძელ ლიტერატურულ სიტყვად ითვლება და მისი ზუსტი მნიშვნელობაა „აბრეშუმის ვაჭარი“. ქართულში კი ყველაზე გრძელი სიტყვაა „გაკონტრრევოლუციონერებულებისნაირთანებისათვისაც“ , იგი გრამატიკულად აბსოლუტურად გამართულია და 45 ასოსაგან შედგება.
სამეცნიერო სტატიის ყველაზე გრძელი სათაური 45 სიტყვიანია და გერმანულ ენაზეა. რაც არ უნდა გასაოცრად მოგეჩვენოთ, ყველაზე მჭევრმეტყველური დასახელებები სექსუალური პრობლემების შესახებ დაწერილ წიგნებს აქვს: „Muliebria Historico-Medico, hoc est Pertium Cenitalium Muliebrium Consideratio Physico-Medico-Forensis qua Pudendi Muliebris Partes tam externae, quam internae, scilicet Uterus cum Ipsi Annexis Ovariis et Tubis Fallopianis, nec von Varia de Clitoride et Tribadismo, de Hymen et Nymphotomania sue Feminarum Circumsisone et Castratione selectis et curiosis observatonibus traduntur. A.D. Martino Schurigio, Physico Dresdensi“ - ამ სათაურის ბოლომდე და ყურადღებით წამკითხველს მკურნალობა ნამდვილად აღარ დასჭირდება. ისე, არ ვიცი ამსიგრძე დასახელების ბრალია თუ შიგნით წერია რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ ამ ავტორის თითქმის ყველა ნაშრომი აკრძალულ წიგნთა სიაშია შეტანილი.
ყველაზე გრძელი სახელი ქალაქ ბანგკოკს აქვს, რომელიც ტაის ენაზე დაახლოებით ასე იკითხება: Krungthepmahanakhon Amornrattanakosin Mahintharayutthaya Mahadilokphop Noppharat Ratchathaniburirom Udomratchaniwetmahasathan Amonphiman Awatansathit Sakkathattiyawitsanukamprasit, რაც „ანგელოზთა ქალაქი, დიდებული ქალაქი, ზურმუხტის ბუდას რეზიდენცია, მსოფლიოს დიდებული დედაქალაქი, ცხრა ძვირფასი ქვით დაჯილდოებული და სამოთხის საცხოვრებლების მსგავსი შესანიშნავი სამეფო სასახლეებით უხვად დამშვენებული, რომლიდანაც მართავს ღმერთის განსახიერება, ღმერთი ინდრას ნაბოძები და ვისანუკამის აშენებული ქალაქი“-ა. ამ სიტყვაში, არც მეტი, არც ნაკლები 170 ასოა.
ყველაზე მოკლე გვარია O (ო), ყველაზე გრძელი ინგლისური გვარი 17 ასოსგან შედგება, ინგლისურენოვან სატელეფონო წიგნებში ბოლო ადგილზეა გვარი Zzzzzzzzzzpa. ყველაზე გრძელი სახელი კი ერთ ჰონოლულუელს აქვს, რომელიც ჩვენებურად ასე ითარგმნება: „მარგალიტების მთასთან მდებარე ჩემი სახლის ბრწყინვალე სურნელი ზეციური თვალებისკენ ადის“. ყველაზე გრძელი დასახელება 1967 წელს გადაღებულ ფინურ ფილმს აქვს: „სასჯელი და მკვლელობა ჟან-პოლ მარატისა, რომელიც განახორციელეს ჩარენტონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებმა მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“ (Jean-Paul Marat förföljd och mördad så som det framställs av patienterna på hospitalet Charenton under ledning av herr de Sade). ყველაზე გრძელი სახელწოდება კი ფრანგულ კინოთეატრ ამშვენებდა და დაახლოებით ასე ჟღერდა: „ლენტილელეკტროპლასტიკრომომიმოკოლიზერპემტოგრაფი“.
პაპუა -ხალ გვინეაში 4 მილიონი ადამიანი 500 ადგილობრივ ენაზე საუბრობს, რომელთაგანაც ბევრი მსოფლიოს უიშვიათესი ენების რიცხვში შედის. ამ ენებიდან არცერთზე არ ლაპარაკობს ერთად აღებული 100 ათასი კაციც კი. ენების ასეთი სიმრავლის მიზეზად გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევენ, გვინეის ხალხები მაღალმთიან ხეობაში ცხოვრობენ და ხშირად ერთი ტომის წევრები მეორისას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ხვდებიან; მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში ერთადერთ და სახელმწიფო ენად ტაილანდურია აღიარებული, სინამდვილეში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნაირ-ნაირ დიალექტებზე ლაპარაკობს და ლინგვისტების აზრით, ზოგიერთი მათგანი (მაგალითად: ლაო, კამუანგი და პაკტაილანდური), სრულიად დამოუკიდებელ ენასაც კი წარმოადგენს; ინდოეთში არც ერთი ენა არ ითვლება უმრავლესობის ენად და თითქმის ყველა შტატში საკუთარ ენაზე მეტყველებენ.
მსოფლიოში ყველაზე "პატარა" ენაზე ალფენდიო ანუ აღმოსავლურ სეპიკზე მხოლოდ 633 ადამიანი, კანდასაზე (ახალი ირლანდიის ენა) - 480 ადამიანი, ლილაუსა და სეიმატზე - 450 ადამიანი, კიდევ უფრო იშვიათ ოუნიზე (დასავლური სეპიკი) – 384 ადამიანი ლაპარაკობს.
იუნესკოს მიერ ნაკლებად ეგზოტიკურ, მაგრამ იშვიათ ენადაა აღიარებული ესტონური. ევროპაში ყველაზე იშვიათი ლივონური ენაა, რომელიც ფინური ენის მონათესავეა და დღეისათვის მასზე ლატვიის დაახლოებით 200 მოქალაქე საუბრობს.
უახლოეს წარსულში დარეგისტრირებულ უიშვიათეს ენებში შედის სუსუამი და მას მორავიის პროვინციაში ორად-ორი ოჯახი ფლობს. თანაც ამ ოჯახებში ბავშვებს ენა ესმით, მაგრამ მასზე ვერ მეტყველებენ. ჩვენი პლანეტის ყველაზე იშვიათი სალაპარაკო ენა კი ბიკიაა, რომელიც დღეისათვის კამერუნისა და ნიგერიის საზღვარზე მცხოვრებმა ერთადერთმა(!) 87 წლის ქალმა იცის.
მსოფლიოში ყველაზე რთული ენის, ტაბასარანულის მცოდნეები დაღესტანში ცხოვრობენ და ამ ენაში სხვა სირთულეებთან ერთად 48 ბრუნვაა! წყნარი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე ისეთი ხალხიც ცხოვრობს, რომლებიც უბრალოდ „მამას“ და „ძმას“ ვერ ამბობენ და მხოლოდ „ჩემი მამა“ და „ჩემი ძმა“ იციან. სხვათა შორის, ენის თავისებურებებეთან დაკავშირებით იმასაც შეგახსენებთ, რომ ბევრ ძალიან გავცელებულ ენაში არ არსებობს სიტყვა "შვილი", მის მაგივრად ქალიშვილს და ვაჟიშვილს ხმარობენ. ინგლისურში კი, შვილის გარდა სიტყვა "ადამიანიც" არ აქვთ. ქართველებმა თამამად შეგვიძლია ვიტრაბახოთ, ორივე სიტყვა გვაქვს, მაგრამ ზღვის პირას მცოხრები ერისთვის საზღვაო ტერმინების ნაკლებობას აშკარად განვიცდით. მაგალითად სიტყვა "პლიაჟიც" კი სხვა ენიდან ვისესხეთ. აი, არაბებს, კი რომლებისთვისაც აქლემი წმინდათაწმინდა ცხოველია (არაბულ ენაში "აქლემი" და "სილამაზე" სინონიმებია ), მისი აღმნიშვნელი სამასამდე სიტყვა აქვთ - "განთიადზე დაბადებული", "მზის პირველი სხივების გაჩენისას დაბადებული" და ა.აშ. ციმბირელ ჩუქჩებს, ნენცებსა და ლოპარო-საამებს სიტყვა „თოვლი“ არ აქვთ, სამაგიეროდ თოვლის სხვადასხვა მდგომარეობისა და კონსისტენციის აღმნიშვნელი ძალიან ბევრი სიტყვა გააჩნიათ. ჩინელის მიერ სხვადასხვა ინტონაციით ხუთჯერ გამეორებული მარცვალი „მა“ – „მიშველეთ ცხენებო, გაცოფებული ძაღლი მორბის“ გამოვა. ჩრდილოელი ტომის ნივხას ენაში გრძელი ნივთებისთვის სხვა რიცხვითი სახელები გამოიყენება, მოკლეებისთვის სხვა და მრგვალისთვის კიდევ სხვა.
ახალი გვინეის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი არქიპელაგის მცხოვრებლებს არ გააჩნიათ შავი ფერის განმსაზღვრელი ერთი სიტყვა. სამაგიეროთ მისი ყველა ნიუანსის საკუთარი დასახელება აქვთ, მაგალითად: „ისეთი, როგორც ყვავი“, ან „ისეთი, როგორც რომელიღაც ხის დანახშირებული კაკალი“. მათი რა უნდა გვიკვირდეს, როცა თანამედროვე უელსურში დღესაც არ აქვთ სიტყვა „ყავისფერი“. სხვათა შორის, ეს საკითხი დიდი ხანია მეც მაწუხებს, ნეტა რა ერქვა ამ ფერს საქართველოში ყავის შემოტანამდე? აი, ძველ ბერძნებს კი ნივთების დაჯგუფების ჩვენგან განსხვავებული პრინციპი ჰქონდათ და ყვითელი ფერის აღმნიშვნელი სიტყვით თხევად ნივთიერებებს ახასიათებდნენ, რის შედეგადაც „ილიადასა“ და „ოდისეაში“ შიგადაშიგ ყვითელი ან მწვანე სისხლი გვხვდება ხოლმე.
ერთ-ერთ ავსტრალიურ დიალექტზე შეუძლებელია ითქვას „მთაზე ხე დგას, რომელზეც ჩიტი ზის“. ენის სტრუქტურიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიუთითო ხის და ჩიტის სახეობა და წინადადება ასე დაალაგო: „დგას ევკალიპტი, ევკალიპტზე კაკადუ ზის“. აი, შეკითხვა კი „ტოტზე რამდენი სხვადასხვა ჯიშის ჩიტი იჯდა?“ საბრალო აბორიგენისთვის სრულიად გაუგებარია და ვერაფრით ვერ აუხსნით, როგორ შეიძლება კაკადუს და ემუს ან ნებისმიერი ორი სახეობის ერთმანეთთან შედარება...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment