24.6.11
„აბსენტწვეულება“ კლუბში
Approved byჩვენს კლუბში დროთა განმავლობაში ბევრი საინტერესო (კეთილი, კარგი, მისასალმებელი) ტრადიცია მკვიდრდება: ჯერ ერთი ის, რომ კლუბს არაერთი საწინააღმდეგო სქესის (ბანაკის) წარმომადგენელი შემოუერთდა და მეორე - შემოერთებულებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ ჩვენთვის სიურპრიზების მოწყობის სურვილი (ერთგულ მკითხველებს „მოულოდნელი ჩაქაფული“ გეხსომებათ). გუშინაც ასეთი საღამო გახლდათ. როგორც ჩანს, ჩვენმა „აღმზრდელობითმა მოღვაწეობამ“ ნაწილობრივ მაინც გაამართლა და კლუბის ერთ-ერთი მავნე გამოსწორების გზას დაადგა. თუმცა ეჭვი მაინც არ მასვენებს: იქნებ სულაც ჩვენი აბსენტით დათრობა და მერე სეირის ყურება განიზრახა? მოკლედ, კეთილი აზრები აწუხებდა თუ ბოროტი, ხელდამშვენებული გვესტუმრა და როგორც „სვეცკი“ თბილისელები იტყოდნენ, მაგარი „აბსენტფართი“ (ჩვენებურად „აბსენტწვეულება“) მოვაწყვეთ!
როგორ ვერთობოდით, ამაზე მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აბსენტის ტრადიციული კოვზის უქონლობამ ხელი სულაც არ შეგვიშალა. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ქართული ანდაზის „ხერხი სჯობია ღონესაო“... მართებულება, სპილენძის მავთულისგან შესანიშნავი შინაური თუ ხელნაკეთი „შაქარმჭერი“ შევქმენით, ალკოჰოლმოსხმულ ლერწმის შაქრის ნატეხებზე მშვენიერი კოცონიც გავაჩაღეთ და ასე ცეცხლის გიზგიზში ვიზეიმეთ ჩვენი მის ენდრიუსა და თავად მავნეს დაბადების დღეები.
წვეულების მენიუ:
ბეზეს მერენგები შოკოლადით
4 კვერცხის ცილა, 300 გრ შაქარი, 1 ფილა თხილიანი და ქიშმიშიანი შოკოლადი
ცეცხლზე შემოვდგათ 1/3-ზე წყლით სავსე დიდი ქვაბი. ამ ქვაბში კარგად რომ ჯდება, ისეთ ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილა და ჩავაყაროთ შაქარი. წყალი რომ ადუღდება, ცილიანი ჯამი შემოვდგათ წყლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ დაახლოებით 10-15 წუთი (ბეზე გამოსაცხობად თუ გინდათ, 10 წუთიც ჰყოფნის, ტორტის ან ნამცხვრის მოსართავად მთელი 15 წუთი უნდა. რაც უფრო მეტხანს თქვეფთ, გაციებული ბეზე უფრო მაგრად „ხმება“).
თუნუქის ფორფიტაზე დავაფინოთ ძალიან თხლად ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, სუფრის კოვზით დავადოთ მოხარშული ბეზე და ოდნავ მოვასწოროთ (შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმა მიიღოთ საკონდიტრო შპრიცით). ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ ოდნავ კარგამოღებულ ღუმელში. მოხარშული ბეზე ფერს არ იცვლის და ცხვება თეთრად.
პატარა ჯამში ჩავტეხოთ შოკოლადის ფილა, დავასხათ დაახლოებით 50 მლ წყალი და მორევა-მორევით გავადნოთ. მოვაწუწოთ უკვე გამომცხვარ ბეზეს.
ატმის ნამცხვარი
1კგ ატამი, 4 კვერცხი, 0,5 ლ მაწონი, 200 გრ შაქარი, 50 გრ კარაქი, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, მარილი დანის წვერზე, 1,5 ჩ/კ სოდა, 50 მლ კონიაკი ან ატმის ლიქიორი
100 გრ შაქარი, კვერცხი, მაწონი და მარილი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ 3 ს/კ ფქვილი და სოდა (სოდას უკეთესად ამოჰყავს, როცა ცომში ცოტა ფქვილიცაა გარეული). მოვურიოთ და ცომი ბუშტებს რომ გაიკეთებს, ნელ-ნელა ჩავამატოთ დანარჩენი ფქვილი საშუალო სისქის არაჟნის კონსისტენციის ცომის მიღებამდე. თავზე დავაფაროთ და შევდგათ მაცივარში.
ატამი გავთალოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ტაფაზე დავყაროთ დარჩენილი შაქარი, დავასხათ წყალი და ლიქიორი.
კარამელი ქაფად რომ ადუღდება, დავუმატოთ კარაქი და დავაყაროთ ატამი (ატამი წვენს გაუშვებს). ვთუშოთ დაახლოებით 3-4 წუთი.
საცხობ ფორმას სქლად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი. დავალაგოთ ატამი და ზემოდან დავასხათ ცომი (ეს ნამცხვარი უკუღმა, თავით დაბლა ცხვება). შევდგათ გახურებულ ღუმელში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 25-30 წუთით. გამომცხვარი ამოვაბრუნოთ და თავზე მოვასხათ ატმებისგან დარჩენილი სიროპი. ეს ნამცხვარი კეთდება ნებისმიერი ხილიგან (შეგიძლიათ ხილი კარამელში სულაც არ ამოავლოთ), და ცომის პორციას თუ გაანახევრებთ, თავდახურულ ტაფაზეც ცხვება 10 წუთში.
ალუბლის ნამცხვარი მოხარშული კრემით
ცომისთვის: 300 გრ ლიმონიანს გულიანი ფხვიერი ორცხობილა („პეჩენიე“ - იყიდება“ნიკორაში“), 75 გრ კარაქი
კრემისათვის: 500 მლ რძე, 4 კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 40 გრ ფქვილი.
მოსართავად: 1 კგ დაკურკული ალუბალი, 1პაკეტი ჟელატინი, 50 მლ ალუბლის ლიქიორი, 100 გრ შაქარი
ალუბალი დაკურკეთ, მოაყარეთ შაქარი და მოასხით ლიქიორი.
"პეჩენიე" დაფშვენით და მოზილეთ დარბილებულ კარაქთან ერთად. "პეჩენიე"-ს ცომი ამოაფინეთ გასაშლელ ან ერთჯერად ალუმინის ფოლგის ფორმაში და შედგით ნახევარი საათით საყინულეში, მერე კი მაცივარში. საკონდიტრო მოხარშული კრემის დასამზადებლად რძე დადგით ასადუღებლად. მანამდე ათქვიფეთ შაქარი და კვერცხის გულები. კარგად რომ აითქვიფება, დაუმატეთ ვანილი და ფქვილი. რძე, როგორც კი ბუშტებს გაიკეთებს (ნუ აადუღებთ), გადმოდგით ცეცხლიდან და წვრილ ნაკადად, მორევა-მორევით ჩაათქვიფეთ გოგლი-მოგლში. კვერცხიანი ქვაბი შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ არ შესქელდება. გადმოდგით და გააციეთ.
გაციებული კრემი დაასხით "პეჩენიე"-ს ცომზე, თანაბრად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე და შეაბრუნეთ მაცივარში.
ჟელატინი 10 წუთით ჩაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში. ალუბლები გადაწურეთ და დაალაგეთ კრემზე. გადანაწურ წვენში გახსენით დამბალი ჟელატინი (თუ არ გადნა, ცოტა შეათბეთ). შეთბობა თუ დაგჭირდათ, მერე ოდნავ შეაგრილეთ და მოასხით ალუბლებს. ნამცხვარი შედგით მაცივარში და 2-3 საათით დაივიწყეთ (ჟელეს შესქელებამდე).
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment