8.6.11
დედიკოს ბიჭები და ბიჭების დედიკოები
Approved byქართველ კაცს თავი ყოველთვის ვაჟკაცად მოჰქონდა. რაც უფრო მაღალ მთაში ცხოვრობდა, მით უფრო „ავთენტურ“ ვაჟკაცად ითვლებოდა და სწორედ მთის ადათ-წესებით გაზრდილებს ყველაზე დიდ ფიცად და ყველაზე მკაცრ პირობად გამონათქვამი „დედა შემერთოს ცოლადა“ მიაჩნდათ. მართლაც, ნამდვილი კაცისთვის უფრო აღმაშფოთებელი და საზარელი რა უნდა იყოს? ქართველი მამაკაცის გათანამედროვებასთან ერთად, ამ გამონათქვამმა სახეც, ფორმაც და მნიშვნელობაც იცვალა და „ჩემი დედა...“ გახდა. ასე ვიქეცით მსოფლიოში უნიკალურ ერად, რომელსაც დედა ყველაზე მეტად გვიყვარს და ყველაზე გულიანადაც ვაგინებთ.
ქართველი დედიკოს და ზრდასრული შვილიკოს ურთიერთობა მართლაც ფენომენალურად უტრირებულია, სადაც ეს ორმხრივი „თანაპარაზიტობა“ ორივე მხარეს ერთნაირად აწყობს: დედას უხარია, რომ მისი პირმშო მის ჭკუაზე დადის და შვილიც ტკბება დედის ჰეგემონიით. აი, ასეთი დედაშვილობის ერთ მაგალითს წარმოგიდგენთ: ახლო მეგობრის დაბადების დღეზე ფეშენებელურ რესტორანში თანატოლები შევიკრიბეთ და მასპინძელმა გვამცნო, „ჩემი ბავშვობის მეგობარს ველოდებიო“. მალე საბაკურიანო სვიტრში ჩათბუნებული, ყელზე ნაქსოვ ქისაში მობილურჩამოკიდებული ოცდათხუთმეტიოდე წლის, ორმეტრიანი დევივით კაცი მოგვევლინა, რომელიც დედიკომ ხელჩაკიდებული მოიყვანა, „ჩემი ბიჭი უჩემოდ არსად დადისო“. „ბიჭმა“, რამდენჯერაც რომელიმე გოგო საცეკვაოდ გამოიწვია, იმდენჯერ იქვე ჩასაფრებული დედიკო შუაში ჩაუხტა და მთელი საღამო შვილთან ერთად შეუსვენებლად იცეკვა. ქეიფის დასასრულს, მაგიდიდან დარჩენილი სანოვაგე (ხაჭაპური და ქათმის ნაჭრები) ჩანთაში სათითაოდ ჩაილაგა, „ჩემს პატარას დილით ჩაისთან გავუცხელებო“, შვილიკოს ქურთუკი მზრუნველად შეუკრა და, როგორც მოიყვანა, ისევე ხელჩაკიდებული წაიყვანა.
ასეთი დედის ვაჟიშვილს, როგორც კი გოგოსკენ თვალი გაეპარება (უფრო სერიოზულამდე, როგორც წესი, საქმე არ მიდის), დედა მაშინვე სათანადო ზომებს იღებს: წნევა უწევს, გული ცუდად უხდება და მზრუნველ შვილს გვერდიდან აღარ იშორებს. და საერთოდ, ჯანმრთელობით სპეკულირება ბევრს ახასიათებს. ერთი ჩემი ნაცნობი დედიკო დაოჯახებულ შვილს ხშირად სტუმრობს, რძლისთვის მიხმარების მომიზეზებით. დღის ბოლოს ისე იღლება, „ფეხები უსივდება“, თავს შეუძლოდ გრძნობს და ტირილს იწყებს. შვილსაც გული უჩუყდება და, მინიმუმ, ორი კვირით დედიკოს თავისთან იტოვებს და რძალს ხელმარჯვე დამხმარეს ნაცვლად, მოსავლელი და საკმაოდ ჭირვეული დედამთილი რჩება, რომელსაც „სახელდახელო ავადმყოფობა“ ხელს სულაც არ უშლის, შვილის სახლში ავეჯი თავის ჭკუაზე გადაადგილოს და ფარდებიც საკუთარი გემოვნებით შეცვალოს.
არსებობს დედების კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც შვილის ყურადღების მიპყრობას თავისი „გასაჭირით“ და „მძიმე ბედით“ (ნაადრევად გათხოვება, დაქვრივება, განქორწინება და ა.შ.) ცდილობს: „მთელი ცხოვრება შენ შემოგწირე, შენს გარდა ვინ მყავს“. ასეთი დედის შვილები ხშირად მხოლოდ ცოლის ხელში აღმოაჩენენ, რომ დედის მზრუნველი ხელით დათლილ-დაჭრილ ვაშლს კი იყვნენ მიჩვეულნი, მაგრამ სინამდვილეში მსხალი უფრო მოსწონთ. ერთმა ჩემმა ნაცნობმა სტუმრად ყოფნისას, შემთხვევით გაიგო, რომ ჩაიში ორი კოვზი შაქარი კი არა, სამი ჰყვარებია (მთელი ცხოვრება დედამისს შაქარჩაყრილი და მორეული ჩაი მიჰქონდა და არც დედას მოსვლია თავში, შვილისთვის აზრი ეკითხა და შვილიც ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ „დედამ უკეთ იცის“).
ასეთი გაზულუქებული შვილები ყველა ქალში დედას ეძებენ და ცოლსაც ამ პრინციპით ირჩევენ (ფსიქოლოგიაში ასეთ მიდგომას თავისი სახელი, „ოიდოპისის კომპლექსი“ ჰქვია). ასეთზე გათხოვილი ქალი კი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ თავისდაუნებურად უკვე გაზრდილი „დიდი ბავშვის“ მშობელი გამხდარა. და მთელი ცხოვრება ისმენს და ითმენს: „დედაჩემი ამას უკეთესად აკეთებს“.
ჩემს ერთ მეგობარს ზამთარ-ზაფხულ კისრამდე შეკრულ და კოჭებამდე გრძელ პიჟამაში ეძინა. არ იკითხავთ, რატომ? საკმარისი იყო, ღამით მის ჩვილ ბავშვს დაეკვნესა, რომ დედამთილი საძინებელში გრიგალივით შექანდებოდა და, აქაოდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არ შეწუხდესო, ბავშვის დარწევას იქვე იწყებდა (თუ ასე გინდა, რძალს პატივი სცე, ბავშვი სხვაგან მაინც გაიყვანე, შე ქალო!).
რამდენი ყურადღებიანი დედა იცით, ახალდაქორწინებულებისთვის განსაკუთრეული პატივისცემის ნიშნად, საწოლს, ყველა ოთახის გზაჯვარედინი რომ გადის, ისეთ ადგილას უდგამს, ღამ-ღამობით საბნის გასასწორებლად აკითხავს და შიგადაშიგ კარსაც უფრიალებს, არ დაიხუთონო. და ცხოვრობენ წლობით ასე, ვიტრინაში!
როცა ასეთ დედას რძალიც მისი მსგავსი ხვდება, გასაყოფი მამაკაცისთვის ბრძოლაც და შეურიგებელი კონფლიქტიც აქ იწყება (ყველაზე საოცარი ის არის, რომ კაცი ამ დროს თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს), მაგრამ ვაი იმ ქალს, რომელიც დედიკოს ბიჭს ცოლად მაშინ გაჰყვა, როცა დედას რაღაც მიზეზის გამო (ავადმყოფობის, მოშორებით ყოფნის, დროებითი დეაქტივაციის თუ წამიერი სისუსტის მომენტში), ყურადღება მოდუნებული ჰქონდა და შვილის გადაწყვეტილება გამოეპარა! ასეთი რძალი გათხოვილის სტატუსს დიდხანს ვერ ინარჩუნებს და, როგორ წესი, ოჯახურ ცხოვრებას სერიოზული ნევროზით ამთავრებს, „საეჭვო ბედნიერებას“ უკანმოუხედავად გაურბის, უკან კი დედამთილის წყევლა-კრულვიანი მოძახილი მოჰყვება.
აი, ქუჩაში მიმავალს კი, დედიკოს ბიჭებისგან ომახიანად წარმოთქმული „ბოზიშვილი ვიყო“ რომ მესმის, გულით მინდა, უკან მივაყოლო: „ამინ!“
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment