6.6.11
ფრანგი კლოშარები, რუსი ბომჟები და ქართველი მათხოვრები
Approved byოდესმე ამ თემაზე თუ დავწერდი, რას წარმოვიდგენდი?! მაგრამ ნანახისა და გაგონლისაგან დიდი აღშფოთება დამიგროვდა და უნდა გაგიზიაროთ. თავისთავად ძალიან მძიმე თემაა და უკიდურესი გაჭირვებისგან ქუჩაში გასულ ყველა ადამიანს წინასწარ ბოდიშს ვუხდი - ეს მათ არ ეხებათ! ამჯერად, „ფსევდომათხოვრებზე“ მოგიყვებით. საკუთარმა გამოგონილმა ტერმინმაც კი შემაძრწუნა, ალბათ მსგავსი ცნება, სხვაგან არსად არ იქნება. მაგრამ ჯანმრთელი, ძალღონით სავსე ადამიანი, რომელსაც სადღაც სოფელში მშვენიერი სახლი აქვს და მიწის დასამუშავებლად და საქონლის მოსავლელად ღონეც ერჩის, თბილისში ბინას რატომ ქირაობს და ქუჩაში რატომ დგას - ჩემთვის მართლაც გაუგებარია. თუმცა ალბათ გულის სიღრმეში პასუხიც ვიცი - მოსავლის მოყვანასა და ღორის გაზრდას შრომა უნდა, ქუჩაში ხელგაწვდილს კი ყოველდღიურად ჩემზე და თქვენზე ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, მხოლოდ ფეხზე დგომის და ჩვენთვის თავის შესაცოდებლად გამურული სახის ფასად. ნუ, ახლა მე რომ დავხატე, მთლად ასე ადვილადაც არ არის საქმე - ქართულ სამათხოვრო ბიზნესს თავისი მაფია ჰყავს. ადგილი უნდა იყიდო, „კრიშას“ წილი უნდა მისცე და ა.შ. ნეტავ ასე აწყობილი ნებისმიერი სხვა დარგი გვქონდეს.
სხვათა შორის, ისიც ფაქტია, რომ ქართველი მათხოვრები დანარჩენი სამყაროს თანამოძმეებისგან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსით განსხვავდებიან - უცხოეთში მათხოვარი უსახლკაროს ნიშნავს და მართლაც ქუჩაში, ხიდის ქვეშ, სადარბაზოში ან სულაც მუყაოს კოლოფში ცხოვრობს (ე.წ. „ბომჟი“), ჩვენებურების 90%-ს კი თავზე ჭერიც აქვს (თუნდაც ნაქირავები!) და შეიძლება მისი ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობდეს კიდეც. იმასაც ამბობენ, რომ მათხოვრის ფსიქოლოგია ერის ფსიქოლოგიაზე მეტყველებს. მაგალითად, ფრანგი მათხოვრობს იმიტომ, რომ ასე უნდა, ლოთობს იმიტომ, რომ დალევა უნდა და არ მუშაობს, იმიტომ, რომ ეზარება (იგივე ეხება ამერიკელ მათხოვარსაც), სულაც არ რცხვენია და ამ ყველაფერს ხალისით მოგიყვება. მოკლედ, საკუთარი არჩევნით კმაყოფილია. რუსი ბომჟი, თავისი ცხოვრების სტილსა და ლოთობას მძიმე ცხოვრებას და პოეტურ სულს აბრალებს. დოსტოევსკისა და სოლჟენიცინზე ფილოსოფიური საუბრებით დაგღლის (აქ საბჭოთა განათლება და მორალი იჩენს თავს) და გიმტკიცებს, რომ სახლ-კარი ალკოჰოლის სიყვარულმა კი არა, ცხოვრების ამაოებამ გააყიდინა. ებრაელებს მათხოვარი საერთოდ არ ჰყავთ...
ჩვენებს რაც შეეხება, რამდენიმე მაგალითს მოგიყვებით და დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. ყველას გეყოლებათ შემჩნეული კავსაძისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე საღ-სალამათი და საკმაოდ კარგად ჩაცმული მუნჯი ბიჭი, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ სულ ყმაწვილი დადგა სამათხოვროდ და ამ საქმიანობაში დავაჟკაცდა... აბა, სცადეთ და ლარიანზე ნაკლები მიაწოდეთ. იქვე ახლოს, ულიფტო სახლის მეოთხე სართულზე ერთი გულზე ნაოპერაციები კაცი ცხოვრობს. ბაზრიდან დაბრუნებული ბიჭს 2 ლარს სთავაზობდა სულ 2-3 მომცრო პარკის სახლში ატანისთვის. წლების მანძილზე ამ კაცს ბიჭისთვის იმდენი ფული ჰქონდა ნაჩუქარი, წესიერ ადამიანს საკუთარი ინიციატივითაც უნდა გამოეთქვა დახმარების სურვილი. მსუყე შემოსავლისგან გაზულუქებული ბიჭი კი უკადრისობდა და ასეთი „უღირსი“ წინადადებით „შეურაცხყოფილი“, კაცს რამდენიმე დღე არ ესალმებოდა ხოლმე - „ეს რა მაკადრეო!“
სამსახურში მივდიოდი, კარგად ჩაცმულმა ქალმა გამაჩერა: „საფულე სახლში დამრჩა და გეხვეწები, გზის ფული მომეციო“. შემეცოდა და მივეცი. „ახლა მშია და საჭმლის ფულიც დამიმატეო“, მომთხოვა.
ერთხელ მანქანასთან ახალგაზრდა ქალი მომადგა: „ეკლესიაში მივდივარ, სანთლის დანთება მინდა და ლარიანი მაჩუქეო“. მშიაო, რომ ეთქვა, გეფიცებით, მივცემდი. „შენ არ ინერვიულო, სახლში წადი და ყველა გაჭირვებულის სახელზე სანთელს მე დავანთებ-მეთქი“. ჯადოსნური სიტყვა „ეკლესიის“ ხსენებაზე რელიგიურ ექსტაზში რომ არ ჩავვარდი და ჯიბეები არ ამოვიტრიალე, ქალი ძალიან განაწყენდა და ჩემი „უღვთო“ საქციელით აღშფოთებული შორიახლო დადგა და კარგა ხანს მაგინებდა.
და მთავარი, რამაც ეს სტატია დამაწერინა: მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე დაფენილ მუყაოს ნაგლეჯზე დაკონკილ ტანისამოსში გახვეული შუახნის ქალი იჯდა და ისეთი საბრალო თვალებით მიყურებდა, გული ამიჩუყდა. ჯიბეში რკინის ლარიანი მოვიქექე და უცებ ტელეფონის ხმა გავიგონე. ქალისკენ გაწვდილი ხელი ჰაერშივე გამიშეშდა. მათხოვარმა ჯიბიდან „ნოკია“ ამოაძრო და არხეინი საუბარი გააბა. ამ დროს საკუთარი ტელეფონი გამახსენდა - უფრო მოძველებული მოდელი და ანგარიშზე დარჩენილი 2 ლარი. ფული ჯიბეში ჩავიდე და გზა გავაგრძელე...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
P.S. წერა დასრულებული მქონდა, კიდევ ერთი ისტორია რომ გამახსენდა. სამსახურთან ახლოს ბანკში შესულ ჩემს მეგობარს ნაცნობი მათხოვარი ბიჭი გადაეყარა, რომელსაც ყოველდღე ფულს სჩუქნიდა. მოზარდმა ჯიბიდან მონეტები ამოიღო და მოლარეს დაუყარა. მოლარემ მათხოვრის ბანკში შეხვედრით გაოცებულ ნაცნობს განუმარტა: „დღეში მინიმუმ ოც ლარს ახურდავებსო“. ჩემმა ნაცნობმა გუნებაში გადაითვალა და დაასკვნა, რომ არც თუ ისე ურიგო სამსახურში მომუშავეს ამხელა ხელფასი მასაც არ ჰქონდა.
1 კომენტარი.:
ეს სტატია უკვე დაწერილი მქონდა მორიგ ქართულ ფენომენს რომ გადავაწყდი - ვაკის "გუდვილთან" შავოსანი ბებოების მთელი მაფია მოქმედებს. ყველა გასასვლელ-შესასვლელი გამაგრებული აქვთ და რიგ-რიგობით შენობის ირგვლივ პატრულირებენ. თან ყოველი უშედეგო წრის ან ხელმოცარულად გაშვებული კლიენტის შემდეგ (რომელსაც გაცხარებული თავს ესხმიან), ყოველი მომდევნო გამვლელისაკენ კიდევ უფრო მრისხანე სახით მიიწევენ, შიგადაშიგ "ბელადი" აკითხავთ (ყველაზე ენერგიული და ახალგაზრდა ქალბატონი), რჩევებსაც აძლევს თავის სამწყოს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ტუქსავს კიდეც... ჩვენს პოლის ველოდებოდი და ცენტრალურ შესასვლელთან 15 წუთი ვიდექი - საოცარი სანახაობა იყო :)))))))))
Post a Comment