აი, ახალი წლის სუნიც დატრიალდა ჰაერში

Approved by Natia Jinjolava

ნოემბერ-დეკემბერში ნისლი ჩამოწვება თუ არა, თოვლს ველოდები და ახლობლების რისხვას ვიმსახურებ. მომკალით თუ გინდათ, მაგრამ თოვლი მიყვარს... ოღონდ თბილისური თოვლი არა - ნამდვილი. სახლში რომ ხარ, თბილად, კომფორტულად და გარეთ ყველაფერი თეთრია და ხრაშუნა. ზიხარ შენთვის, თბილა და სვამ ცხელ ყავას და მიირთმევ რამე გემრიელობას. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ არასდროს არ არის ყავა და ჩაი ისეთი სასიამოვნო კარგ ამინდში, როგორც სიცივეში.
მაგრამ არის კიდევ ერთი რამე, რომელიც სიცივეში და ბუხრის პირას, კიდევ უფრო დიდი სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ქაფქაფა ჩაის ჭიქა. მადლობა გერმანელებს - გაუმარჯოს გლინტვეინს!
თუმცა, არც ისე მარტივადაა ყველაფერი - გლინტვეინის მოყვარულს სრულყოფილი სიამოვნების და ნეტარების განსაცდელად სამზარეულოს კარადაში სულ უნდა ჰქონდეს გვერდიგვერდ ჩაწიკწიკებული პატარა ქილები დარიჩინის ჩხირებით, მიხაკით, ჯავზის კაკალით (ფართო საზოგადოებაში ქე რომ მუსკატადაა ცნობილი), ვარსკვლავა ანისით და სხვ სანელებლებით. უჰ, რა სიამოვნებაა ასეთი ქილისთვის თავის ახდა და ღრმა, მადიანი ჩასუნთქვა.... და გლინტვეინით სავსე ცხელ ჭიქას რომ თითებს შემოაჭდობ  და გაყინულ ხელებს გაითბობ... ყველაზე მთავარი: არც სანელებლები გვიშველის და ხელების გათბობაც ჩაის ჭიქაზე მოგვიწევს, სახლის რომელიმე კუთხე-კუნჭულში წითელი (კარგი!!!) ღვინით სავსე ბოთლი თუ არ გვეგულება. მოკლედ, ვიღებთ წითელ ღვინოს, ვასხამთ ქვაბში, ვამატებთ თაფლს ან შაქარს (გემოვნებით), ასევე გემოვნებით ვყრით სანელებლებს, ვანილს, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრას და ეს ყველაფერი მიგვყავს ადუღებამდე (ღვინოს თუ აადუღებთ, მთელი ალკოჰოლი აორთქლდება, ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია, ლოთური სასმელი გინდათ თუ ფხიზლური. ბახუსის განსაკუთრებულად მოყვარულებმა, სიმაგრისთვის შეგიძლიათ ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაამატოთ კონიაკი). დამიჯერეთ, ცხელი შესუნელებული ღვინო, ზამთარში ძალიან გემრიელია.
უკვე მესმის აღშფოთებული კაცების ზუზუნი, ღვინოს როგორ ეპყრობითო. როგორ და როგორც უფრო მსიამოვნებს ისე - ქალურად ვაგემრიელებ და ვაკეთილშობილებ! იყავით და იყაყანეთ და სვით რაც გინდათ! მე გლინტვეინს ვარჩევ, თანაც თოვლში და სიცივეში, თქვენ ღვინო სვით, მე ამას დავლევ და ვნახოთ, ბოლოს ვინ უკეთესად იქნება.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment