საშობაო პუდინგი - ვისაც არ გეზარებათ!

Approved by Natia Jinjolava

საშობაო პუდინგი
100 გ კარაქი (ორიგინალში ძროხის ქონია), 150 გ ყავისფერი ქიშმიში, 150 გ ღია ფერის ქიშმიში, 50-50 გ ლიმნისა და ფორთოხლის ცედრის ცუკატები, 100 გ დარჩეული ნუში, 100 გ კრაჭუნა ალუბალი, 100 გ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 150 გ ხორბლის პურის საფანელი, 100 გ ყავისფერი შაქარი, 1 ლიმონის წვენი და გახეხილი ცედრა, 2-2 დანის წვერი დაფქვილი დარიჩინი, მიხაკი და ჯანჯაფილი, ½ ჩკ მარილი, 1 ფორთოხლის წვენი, 1 ჭ რძე, 3 კვერცხი, 3 სკ კონიაკი, კარაქი ფორმისთვის.

კარაქი გავადნოთ. ლიმნისა და ფორთოხლის ცუკატები და ნუში დავჭრათ, ალუბლები ოთხად გავჭრათ. დიდ ჯამში ჩავყაროთ ორივენაირი ქიშმიში, ცუკატები, ალუბალი და ნუში და ერთმანეთში ავურიოთ. დავუმატოთ კარაქი, ფქვილი, საფანელი, შაქარი, ლიმონის ცედრა, სანელებლები და მარილი და კარგად ავურიოთ. ჩავასხათ ლიმონის და ფორთოხლის წვენი და რძე. კვერცხში ჩავათქვიფოთ  კონიაკი, ჩავასხათ ჯამში და კიდევ ერთხელ კარგად მოვურიოთ. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ცოტაოდენი რძე. წყლის აბაზანისათვის პუდინგის ფორმის შესაფერის დიდ ქვაბში ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. პუდინგის ფორმას და მის თავსახურს წავუსვათ ცხიმი. ცომი ჩავასხათ ფორმაში, ისე რომ კიდემდე 5 სმ მაინც დარჩეს და მჭიდროდ დავახუროთ თავი. ჩავდგათ ფორმა მდუღარე წყალში - ფორმა წყალში 2/3-ზე უნდა ჩაიძიროს. ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაშ. გავაციოთ და გადმოვიღოთ ფორმიდან. გავახვიოთ  რომში დასველებულ ნაჭრის ხელსახოცში და შემდეგ შევფუთოთ ალუმინის ფოლგაში და მინიმუმ 4 კვირით შევდგათ მაცივარში. სუფრაზე გატანამდე პუდინგი შევათბოთ შემდეგნაირად: თავისივე ფორმში ჩავდოთ და 1-1,5 საათით მოვათავსოთ მდუღრე წყალში. გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვასხათ 5 სკ კონიაკი,  წავუკიდოთ ცეცხლი და ასე ალმოდებული გავიტანოთ სუფრაზე.

პუდინგისთვის ცეცხლის მოკიდება შედარებით ახლებული წესია, უფრო ტრადიციულია პუდინგის რომიანი კარაქის სოუსით მორთვა.


რომიანი კარაქი კემბერლენდიდან
100 გ კარაქი, 100გ შაქრის პუდრა, 20 გ რომი, დანის წვერზე ჯავზის კაკალი.

კარაქი და პუდრა ავთქვიფოთ კარგად. თანდათანობით დავამატოთ რომი - სულ ბოლოს კი კავზის კაკალი. მოხმარებამდე 1 სთ-ით ადრე თავდახურული ჭურჭლით შევდგათ მაცივარში.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment