6.12.10
საახალწლო საყიდლები
Approved byუჰ, დადგა შესანიშნავი პერიოდი! ახლა არ მითხრათ, რომ ვინმეს არ გიყვართ :) ვიცი, ბევრს ვწუწუნებთ, ხანდახან დაღლილობა, ან დროის თუ ფინანსების უქონლობაც გვიშლის ხელს, მაგრამ მაღაზიის ჭრელ-ჭრელი ვიტრინების დანახვისას გული სხვადასხვა მიზეზით, მაინც გვიჩქროლდება. განსაკუთრებით ახალი წლის წინ.
მე პირადად, ახალი წლის წინა დღეებში ნაძვისხის ათასფერი სათამაშოსა და მოციმციმე გირლიანდის დანახვაზე ისეთი სიხარული და ბევრკილოგრამიანი კარგი განწყობა მეუფლება, ლამის სანტა კლაუსის არსებობაც კი ისევ დავიჯერო. ბალიშის ქვეშ ვინმე საჩუქარს რომ მახვედრებდეს, საერთოდ სრული საახალწლო იდილია მექნებოდა. არც ხელმოწერილ და არც ანონიმურ საჩუქრებზე ვიტყოდი უარს...
მაგრამ წუწუნი არ მჩვევია და ამიტომ საყვარელი საკუთარი თავისთვის საჩუქრებზე ჩემზე უკეთ ვერავინ იზრუნებს. ანუ, ჩვენი ბედნიერება, მხოლოდ ჩვენს ხელშია (და საფულეშიც).
ამიტომ, ყოველი ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, ვივსები ენთუზიაზმით, ვიცვამ პალტოს და მივეშურები... როგორ არ ვტუქსავ საკუთარ თავს, საოცნებო ნაძვის ხე დიდი ხანია იყიდე და სათამაშოების დასაკიდებელი ადგილიც აღარ გაქვს-თქო, მაგრამ... ივსება მაღაზიის კალათები ნაირ-ნაირი უსარგებლო თვალდაგულგასახარი ბრჭყვიალა ნივთებით. ალბათ წინა ცხოვრებაში კაჭკაჭი ან ჭილყვავი ვიყავი... და ამაზე ჩემი ბავშვობა და გივი ჭიჭინაძე გამახსენდა:
ყოველდღე ეკითხებოდა ჭილყვავს პატარა ჭილყვავი:
- დედი, თეთრ კვერცხში რომ ვიჯექ, იქაც ჭილყვავი ვიყავი?
-ჭილყვავი იყავ, ჭილყვავი! კარგი, დამღალე საშინლად!
- დედი, ჭილყვავი ვიქნები, რომ გავიზრდები მაშინაც?
დედამ იფიქრა, ეს ბრიყვი ბოლოს მომიღებს კითხვებით
და ასე უთხრა: - დაწყნარდი, მაშინ ბულბული იქნები!
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ წელსაც საახალწლო ნაძვისხე ზუსტად ისევე მიხარია, როგორც შარშან, შარშანწინ, იმის წინ... და ასე შემდეგ...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment