მთვრალ ალუბალს ყოველთვის სიამოვნებით ვჭამდი, მაგრამ რეცეპტით არასდროს დავინტერესებულვარ და ნეტავ, ასეთივე უმეცრებაში დავრჩენილიყავი. დავიზაფრე! აქამდე სულ მეგონა, თუ მომინდება, მარტივად გავაკეთებ კიდეც. ნურას უკაცრავად. ჩემი თავდაჯერებულობა ჩანასახშივე ჩაკვდა. ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ვარ. და ალბათ კიდევ ბევრი ჩემნაირიც... ამ ტორტის გაკეთებას ინგრედიენტების ქონის, რეცეპტის ცოდნისა და ენთუზიაზმის გარდა, დროც სჭირდება. რა ვქნათ იმ ქალებმა, ვისაც არ გვცალია? ვინც მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დარბის, სახლში ენაგადმოგდებული ბრუნდება და სიქაგამოცლილს ერთი სული აქვს, ღამით საწოლამდე მილასლასდეს. და თან გაზთან დგომაზე მეტ სიამოვნებას, სტუმრად მისვლა და მზა-მზარეულის მირთმევა ანიჭებს?
სხვათაშორის, მამაკაცების საყვარელ სათამაშოებზე გამახსენდა: კარგად ჭამასაც არანაკლებ დიდი ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში. შესაბამისად, მათთვის გამზადებული საჭმლით უზუნველყოფას ქალების დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. ისინი ჭამენ, ჩვენ ვშრომობთ! შედეგად - ჩვენივე გაწყობილი და ჩვენივე ასალაგებელი მაგიდა, გასარეცხი ჭურჭლის გროვა და საუკეთესო შემთხვევაში, ცალყბად ნასროლი მადლობა...
მერი, შენმა თევზის რეცეპტმა მისი ბევრად უფრო მარტივი და მრავალნაცადი ვარიანტი გამახსენა, რომელმაც არაერთხელ გადამარჩინა მოულოდნელად თავსდამტყდარი დამშეული მეგობრების მოგერიებისას. როგორც მახსოვს, შენს ე.წ. „განსაბაჟებელი ბენტლის“ თევზი უყვარს, ასე რომ, ადვილად გამოძვრები. ვიცი, რომ განებივრებული გყავს კულინარიული „იზისკებით“, მაგრამ ამ რეცეპტით არამარტო ძველს, არამედ, სტუმრად პირველად მოსული სიმპათიის გულსაც მოიგებთ და კუჭსაც ადვილად მოინადირებთ. სხვა თუ არაფერი, თევზის საჭმელად მაინც მოგიკაკუნებთ კარზე ხელმეორედ.
ამ რეცეპტის მთავარი მომხიბვლელობა და სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ კერძის მოსამზადებლად სამად-სამი ინგედიენტია საჭირო, რომელთაგანაც ორი, როგორც წესი, მაცივარში მოგეპოვებათ: თევზის ფილე (დროის არმქონე ქალებმა რომ არ იწვალოთ, ჩაირბინეთ უახლოეს სუპერმარკეტში და გაწმენდილ-გასუფთავებული ფილე ამოარბენინეთ. ნებისმიერი თევზი გამოდგება, თუმცა მე პირადად, ხშირად პალტუსს ვყიდულობ, რომელიც საკმაოდ ცხიმიანია და გირჩევთ, ზედმეტი ქონი ჩამოაჭრათ), მაიონეზი (ოდნავ მოტკბო მაიონეზი ჩვეულებრივზე ბევრად მეტად უხდება) და სტაფილო. ვგულისხმობ, რომ მარილი და პილპილი ყველა სამზარეულოში დევს.
ვიღებთ თევზის ფილეს, ვჭრით პორციულ ნაჭრებად - მართკუთხედებად, კვადრატებად, ერთი სიტყვით, თქვენი გეომეტრიული ხედვისა და მადის მიხედვით. ვალაგებთ ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. გავხეხოთ სტაფილო, ჩავურიოთ მაიონეზი (მაიონეზისა და სტაფილოს ოდენობას თვალით ვსაზღვრავ, საჭიროებისა და მჭამელთა ოდენობის მიხედვით. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, არაფერი შავდება. რაც მეტია სტაფილო, უფრო გემრიელია კერძი), დავამატოთ პილპილი და მარილი, კარგად ავურიოთ. და აი, ეს მასა გავანაწილოთ თევზის ნაჭრებზე. შევდგათ ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავზე ოქროსფერი ქერქის გაკეთებამდე. დაახლოებით, 80-100 წუთით და დავივიწყოთ.
წადით, თამამად მიხედეთ საქმეებს, თავისუფლად მოასწრებთ სახლში მტვრის გადაწმენდას, თმის შეღებვას, სერიალის ყურებას, რამდენიმე სატელეფონო ზარსაც... ჩემს ერთ მეგობარს თუ ჰგავხართ, რომელიც მჭადის კვერებს საათმომარჯვებული აცხობს (ცალი მხარე 15 წუთი, მეორე - 15 წუთი) და ძალიან ღელავს არ გაუფუჭდეს(!), დაჯექით სამზარეულოში და პერიოდულად უშიშრად შეიჭყიტეთ ღუმელში - შეამოწმეთ, ხომ არ დაიბრაწა. გულით რომ მოინდომოთ, ვერაფერს დაუშავებთ - ტორტისგან განსხვავებით, ნამდვილად არ ჩავარდება!!!
კიდევ ერთი რჩევა: ამ თევზს გარნირად უბრალოდ მოხარშული ბრინჯიც უხდება, განსაკუთრებით, თევზის სიმცირისა და სტუმრების სიმრავლის პირობებში.
უი, კარზე ზარია, სტუმრები მოვიდნენ. თითქოს ყველაფერი მოვასწარი: სტატია დაწერილია, ბრინჯს მარტო გადაწურვა აკლია, თევზს კი ღუმელიდან გამოღება. გავიქეცი...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
2 კომენტარი.:
შესანიშნავი რეცეპტია და, ასევე, შესანიშნავად გემრიელად იჭმევა!
რაც შეეხება დაკავებულ ქალებს...ჩვენი დედები და "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გაიხსენე: ქალი დღე მუშაობდა, ბავშვს ზრდიდა და ღამით -მეცადინეობდა. მთავარი მაინც მონდომებაა. თუმცა, საჭმელმა და სტუმრების მიღებამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს, დაღლილ-დაქანცულს კი აღარც ჭამა გინდა და სტუმარს ხომ საერთოდ ვეღარ იტან...
დღეს როდესაც ამ ბლოგს ვეწვიე, პირველი რაც თვალში მომხვდა არის ეს მიმზიდველი თევზის კერძის სურათი. მთელი დღეა ეს კერძი მიტრიალებს თავში. მოკლედ ჩემო პოლ, დიდი მადლობა ასეთი იოლი და მიმზიდველი რეცეპტების დაპოსტვისთვის. კიდევ მოგვამარაგე:)) მოუთმენლად ველოდები. ეხლა კი წავედი, ავიფარებ ჩემს თეთრ წინსაფარს და ბავშვებს მოვუმზადებ ამ კერძს:)
Post a Comment