დედიკო რუ და შვილები

Approved by Natia Jinjolava


ბლოგის კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი და კოლორიტული პერსონაჟი უნდა წარნმოგიდგინოთ: დედიკო რუ თავისი მრავალრიცხოვანი შვილებით. მრავალრიცხოვანი რას ნიშნავს? ორზე მეტს და რვაზე ნაკლებს. ანუ რუ1, რუ2, რუ3 და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენია, მთავარია, რომ ბევრია და თან ძალიან კარგი და ხარისხიანი.
ჩვენი დედიკო რუ მთელი დღე გზაშია, ერთი შვილი რომ სკოლაში მიყავს, მეორე გამოყავს, მესამე კალათბურთზე, მეოთხე მათემატიკაზე, ... და რაც მთავარია, მეგობრებს და ახლობლებსაც არ ივიწყებს. ყველას გაჭირვების ტალკვესია. არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაც ჯადოსნური მანქანების წყალობით ახერხებს ერთდროულად იყოს კარგი დედაც, მეგობარიც, ცოლიც, დიასახლისიც და რაც ყველაზე დეფიციტურია, არაჩვეულებრივი მძღოლიც.
ყველას ეხმარება, ყველას ენდობა, ყველასი ჯერა და შესაბამისად, ხშირად რჩება მოტყუებული და გულნატკენია. რა გგონიათ? არც ადამიანების რწმენა დაუკარგავს და არც ცხოვრების ხალისი.
მთელი დღე ქუჩაშია და მაინც ახერხებს სხვებზე უკეთესად მოვლილი შვილებიც ყავდეს, სხვებზე უკეთესად დალაგებული სახლიც ქონდეს და სადილიც გამზადებული და სარეცხიც დარეცხილ-გაუთავებული. ოჯახის წევრებს არ იკითხავთ? ქმარ-შვილის გარდა სახლში ყავს დედამთილი, მამამთილი, ქმრის ბებია და პერიოდულად - ქმრის გაუთხოვარი მამიდაც. ამას დამატებული მეზობელი: ოთხი შვილის დედა, რომელიც 24 საათი (ნუ მთლად 24 თუ არა, ქმარი სანამ სამსახურში ყავს, ანუ 8 მაინც) რუს სახლში ზის კომპიუტერთან და „ოდნოკლასნიკების“ და „სკაიპის“ მეშვეობით ცდილობს ფულიანი კაცის გამოჭერას და პერიოდულად ყავასაც ითხოვს. თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ უშედეგოდ...


ჰოდა, რუმ, ლამაზიც ვარო, ჭკვიანიცო და რატო ჩემზე არავინ არ გაგიჟდაო (მისი, სხვათაშორის,  ძალიან ხარისხიანი და სიმპატიური ქმრის გარდა, რა თქმა უნდა). მრავალშვილიანი და მრავალწლიანი ქორწინების მერე, სულ პატარა წახალისება, ვინმესგან პლატონური ყურადღება სულ არ მაწყენდაო. ამის პასუხი ძალიან მარტივია: იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მიზეზი არავისთვის მიგიცია!...
რეკავს, დაწვრილებით ყვება რა ჭამა, რა დალია, ვის ელაპარაკა... ცოლად გამომყევიო, იხვეწება. არადა არც მეტი არც ნაკლები, 4 ცოლი უკვე ჰყავს (სხვადასხვა ქალაქში). რუსულთან ძალიან მწყრალადაა და ამიტომ რუს გასაოცარი მოთმინებით ათასჯერ გამეორებული, ქმარი მყავს და მიყვარსო სულ „ვერ“ ესმის. ერთ დღესაც შორით დაგვა მოწყინდა, აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა გადაწყვიტა და თბილისში ძღვენით ჩამობრძანდა. საცოლესთან ხელდამშვენებული მივიდა და მანქანიდან გადმოზიდა: ერთი ტაფა ტოლმა, დიდი თავი ცხვრის ყველი, „ципленек табакааа, килограм шоколадууу и полкило медууу“... დარეკა და რუს პაემანი „у зеркального моста, там где мужчина держит вруках конь“ დაუნიშნა. მის ნარბენზე ალბათ ბალახი აღარ ამოვა, მაგრამ...
ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი, და ამ ზაფხულს ზღვაზე რუს ეგზომ ნანატრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა -  პროვინციელი თანამდებობის პირი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან. ენა არ მიბრუნდება „მოწიფული ასაკის ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი“, რომ ვუწოდო. პატარა, გალეული, შავი, ულვაშიანი... ერთი სიტყვით, ნამდვილი ტამარინი (საიმპერატორო ტამარინი - ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჯიშის მაიმუნი. ზრდასრული ცხოველის სიგრძე -25 სმ, წონა - 250-500გ), მეტსახელად ჯალალა.
არა, ვიტყუები. ასეთი სიმპატიური არაა, უფრო მადაგასკარულ აიე-აიეს გავს. მარტო მისი პირველი სასიყვარულო შეტყობინება რად ღირს: „Тваи глаза как чорное море чем далше тем апаснее” – მე არაფერ შუაში ვარ! ავტორის სტილი დავიცავი! დღეში 100-ჯერ 
ამ ისტორიის მორალი რაში მდგომარეობდა?
კარგად დაფიქრდით, რას ნატრულობთ. ნატვრა შეიძლება ახდეს. და კაცმა არ იცის რეალობა როგორი იქნება.  ერთი ნატვრა მეც ამიხდა, მართალია, მთლად ასე უკუღმართად არ... თუმცა კაცმა არ იცის, ვისი ისტორია უფრო უკუღმართად ახდენილი ნატვრაა, ჩემი თუ რუსი. ერთ დღეს ჩემს ამბავსაც მოგიყვებით და მერე თავად განსაჯეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment