მამაკაცები და მათი საყვარელი სათამაშოები (???)

Approved by Natia Jinjolava



გასულ კვირას, მცხეთაში თეატრონზე რალის დავესწარი. ქართველი ავტომოყვარულები  ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რამდენიმე პროფესიონალი  კი ხალისობდა. საკაიფოდ გავერთე (მით უმეტეს, რომ ჩემმა საყვარელმა კლუბმა - SubaruClabGeorgia-მ გაიმარჯვა) და სტატიების ახალი ციკლის შექმნის იდეა გამიჩნდა: „მამაკაცები და მათი სათამაშოები“. ანუ მანქანები, კომპიუტერი, იარაღი, მობილური, ლამაზი ქალები (!) ... და ა.შ.
მოვინდომე მანქანებით დამეწყო. ამ თემაში ქალის კვალობაზე, საკმაოდ კარგად ვერკვევი. პრაქტიკულად მანქანაში გავიზარდე, თანაც ისე გამიმართლა, რომ ოჯახში ყველა კარგი (მართლა კარგი) მძღოლი გამოდგა, შემომატებულებიც კი, სიძეების სახით. მამიდაჩემის ქმარმა და ჩემმა განსაკუთრებულად საყვარელმა ბიძამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაუყენა საბჭოთა 06-ს GPS-ი. საჭესთან სისტემატიურად იძინებდა და მანქანა ისე გაწვრთნა, რომ სახლში და სამსახურში თვითონ დადიოდა. რობოტის მოვალეობას კი, რომელიც აცხადებს: „50 მეტრში შესახვევი მარჯვნივ“, ერთად მგზავრობისას, მე და მამიდაჩემი ვასრულებდით წარმატებით. საქართველოსა და უკრაინას შორის სისტემატიური მიმოსვლისას და 10 000-ობით კილომეტრის დაფარვისას ერთი ავარიაც არ მოსვლია, აი, მამიდაჩემის და ჩემი ჩაძინების შედეგად, გზაჯვარედინზე არასწორი მიმართულებით გადახვევა და მარშრუტიდან 200-300 კილომეტრით, რამდენიც გინდა. მამაჩემი კი, ასევე საბჭოთა მანქანით (მართალია, სულ ახალი 24-ებით, 24-10-ით, 31...) ახერხებდა 3 სთ-სა და 45 წუთში ჩასვლას თბილისიდან ქობულეთში, გზაზე ჭამით და ზესტაფონში საყვარელი სიდედრის მონახულებით.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ მანქანებში მეტნაკლებად კარგად ვერკვევი. ზუსტად ვიცი, რომ „მერსედესი ბრაბუსი“ ჯიპი არაა („ბრაბუსი“ ავტომანქანების დატიუნინგებაზე სპეციალიზირებული ქარხანაა და „მერსედესი ბრაბუსი“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა ქარხნულადაა „ბრაბუსის“ მიერ დატიუნინგებული), „ფერარის“ გარდა თავისი წითელი ფერი „სუბარუ ბლიტცენსაც“ აქვს, „ჰონდა-CRV“ საბარგულში დამონტაჟებულ მაგიდას გამობმული 4 ბორბალია, „მაიბახიც“ „მერსედესისაა“ და SLR-სთვის ზეთის გამოცვლა 10 000$ ჯდება, „პლიტა-მოტორმა“ მარტო „ოპელისთვის“ არ გაამართლა და საერთოდ, „ოპელიდან“ სხვა მანქანაზე გადამჯდარი მძღოლები რომ იძახიან, „ოპელი“ გავყიდე და მანქანაზე გადავჯექიო, ეგ რა არის, „ტვინტურბოსა“ და „ბიტურბოს შორის“ რა განსხვავებაა, ეგეც კი ვიცი...
გავემზადე საწერად. საქმეს, როგორც ყოველთვის, მთელი სერიოზულობით მოვეკიდე, მინდოდა ქართული ავტომოყვარულების შესაძლებლობები და მსოფლიო ბაზარი შემედარებინა ერთმანეთისთვის. სახლში ყოველთვის ახალი მანქანა გვყავდა და ამიტომ (და ქალური ლოგიკითაც) ჩემთვის კარგი ისაა, რასაც არაფრის დამატება არ სჭირდება. ანუ - ყიდულობ ხარისხიანს. კაცები ჩამქოლავენ, მაგრამ "მანქანას ვიყიდი და ამას დავიყენებ, იმას მოვაძრობ", ჩემს თვალში მანქანის ფასს აქვეითებს. არადა, კაცებს როგორ უყვართ საკუთარი მანქანის მოტორში ძრომიალი და „დაბუსტვა“ „დალიფტვა“, "გაჩიპვა" და "კოვანნი პორშინების ჩაყრა" ... კიდევ იცით, რას ვფიქრობ? იმ კაცის ტვინში ჩამახედა, 10 000-ზე მეტს რომ გადაიხდის მანქანაში და მერე ბენზინის ფასზე წუწუნებს, ან „იაგუარი“ რომ ჰყავს და ელიავაზე დადის ნახმარი საბურავების საყიდლად.
დავიწყე სურათების შერჩევა: „ხულიგანი“ იტალიელების („ფერარი“, „ლამბორგინი“ -  დიახ! „ლამბორგინი“ და არა, „ლამბორჯინი“! ეგეც კი ვიცი, ბევრი ქართველი ავტომოყვარული მამაკაცისგან განსხვავებით), დინჯი და ფერხორციანი გერმანელების („ბუგატი“, „მერსედესი“, „აუდი“, „პორშ-ი“ და არა „პორშე“), არასერიოზული, მაგრამ ძალიან ხარისხიანი და დონე ბრიტანელების („ასტონ მარტინი“, „იაგუარი“, „როლს-როისი“, „რენჯ-როვერი“), დიდი და ძლიერი ამერიკელების („ფორდ GT“, "შევროლე კორვეტი", "დოჯ ვაიპერი"), სწრაფი და აგრესიული იაპონლების („ნისან სკაი-ლაინი“, „სუბარუ იმპრეზა“, „მიცუბიში ევო“)... ავარჩიე ჩვენთვის უცნობი, მაგრამ კომფორტის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი „ფორნასარი“, „დიტომასო“, "არიელ ატომი", "ზონდა"... და აი, ისიც - ბენტლი...
ნამდვილი ბრიტანელი, ერთდროულად არისტოკრატი და მონსტრი. კომფორტის, სიძლიერისა და უზრუნველყოფილობის განსახიერება. მეტალისა და ტყავის 2 ტონიან კონსტუქციაში აცხადებული ოცნება.
სახლი აღარ მინდა, „ბენტლიში“ ვიცხოვრებ. ნახეთ, რა სალონია!


მამაკაცების სათამაშოებიო? რა მამაკაცები, რის მამაკაცები? მამაკაცები ვინ ან რა არიან? ჩემთვის მინდა!!! ასეთი მანქანა რომ გყავს გვერდით, კაცს როგორ მოაშლევინებ ნერვებს? გულწრფელად მითხარით, რითი ჯობია ახლა ამას კაცი? რაღად მინდა კაცი? ბენტლიც მეყოფა.


მარტო აქსესუარები რად ღირს? ნუუ, სულ 20 000$ ღირს: Windows Vista აყენია, 64 ბიტიანი პროცესორი, 160 გიგა მყარი დისკი... უჰ, ფერზე ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ...
ჩემი სათამაშოები, მხოლოდ ჩემი... დიახ! მიყვარს დიდი და ღონიერი, თბილი და კომფორტული მანქანები! ძალიან მიყვარს... არ მითხრათ, რომ ჭეშმარიტი მამაკაცის „ვიდზე“ არ დგას და ყველა ქალის ოცნება არ არის...
კაი, გამოვტყდები, ბენტლი ძალიან მიყვარს და... კაცებიც მიყვარს. ისე, გემოვნება უცნაური რამეა, არა? ახლა მივხვდი, რომ „ბენტლი“ და ჩემი... არ ვიცი, რა სტატუსი მივანიჭო... ერთ სტილშია. ვისაც „იგი“ ნანახი გყავთ, აღიარეთ, რომ ნამდვილად ჰგავს. ნუუუ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, ცოტა მოუვლელი, დასატიუნინგებელი, ძველი მოდელი, სხვისი ნახმარია ჩამოყვანილი, განსაბაჟებელი... „პალიროვკა“ და სალონის „გახიმჩისტკებაც“ არ აწყენდა ... მაგრამ მაინც „ბენტლია“....
ვაიმე, მე მგონი, საჯაროდ ვაღიარე მიყვარს-თქო... სულ „ბენტლის“ ბრალია! აბა, მე და ასეთი გულის აჩუყება ვის უნახავს?! დავხურე ლაპა და წავედი, სანამ რამე უარესი დამიწერია!!!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Aunt Polly

    "განსაბაჟებელი ბენტლი", მაგარია! რა ვიცინე...

Post a Comment