აი, სატურნალიებიც დგება...

Approved by Natia Jinjolava

„დეცემი“ - ძვლი რომაული კალენდრის მეათე თვე,  განსაკუთრებულად მიყვარს ქარაფშუტა და მხიარული სატურნალიების გამო.
რომაული სატურნალიების დროს (7 დღის განმავლობაში) თაყვანს სცემდნენ სატურნს (რომაელ ღმერთს).  ძველ რომში 17-დან 23 დეკემბრამდე, ყველა საზოგადო საქმე ჩერდებოდა, საზოგადოებაში როლები იცვლებოდა - მონები ფორმალურად თავისუფლდებოდნენ, იერარქიით უტოლდებოდნენ თავიანთ პატრონებს, საქეიფოდ ერთ მაგიდასთან სხდებოდნენ, ერთად მღეროდნენ და დიდგვაროვნები მონებს ემსახურებოდნენ კიდეც, სკოლები იხურებოდა და დამნაშავეებს აღარ სჯიდნენ. მიღებული იყო ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება, ისმებოდა ძალიან ბევრი ღვინო, იკვლებოდა ღორები. სწორედ ამ კოსტუმირებული დღესასწაულიდან წარმოიშვა კარნავალი. ცოტამ თუ იცის, რომ ტერმინი: „განტევების ვაციც“  სატურნალიებიდან მოდის. ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის განმავლობაში სატურნალიების მეფეს ირჩევდნენ და  რომელიმე მონას აცმევდნენ ფერად ტანსაცმელს, ახურავდნენ ბუტაფორიულ გვირგვინს და 25 დეკემბერს, სატურნალიების ოფიციალურ დახურვაზე, ამ უბედურს სატურნს მსხვერპლად სწირავდნენ. მოგვიანებით, ეს ბარბაროსული ტრადიცია შეიცვალა და მეფე-მონის ნაცვლად ვაცს კლავდნენ და საბრალო ცხოველს ამიტომაც დაერქვა განტევების ვაცი.
ჩემსავით კარგი ანგარიში თუ გეხერხებათ, იკითხავთ - შვიდი დღე თუ გრძელდება 17-დან 23-მდე, 25-ში როგორ მთავრდებაო? აბა რა გითხრათ? როგორც ვიცი, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა: ეს დღესასწაული ზამთრის  ბუნიობას (Зимнее Солнцестояние) ანუ წელიწადის ყველაზე გრძელ ღამის დამთავრებას და მზის წყვდიადიდან სინათლისკენ შებრუნებას ეძღვნება. სადღაც წავიკითხე, რომ 23,24 და 25-ში მზე ერთიდაიგივე დროს ჩადის და მერე დღე იზრდება. ანუ გაზაფხულის და სითბოს დადგომის მოლოდინი  და იმედი ჩნდება.
თქვენი არ ვიცი და მხიარულება და როლების გაცვლა ძალიან მომწონს, ამიტომ სატურნალიებს ყოველ წელს სიამოვნებით ავღნიშნავ. რათქმაუნდა ყოველგვარი რელიგიური დატვირთვის გარეშე. მაგალითად, სულ არ ვარ წინააღმდეგი ჩემს სახლში ჩემი მეგობრები თუ მომესახურებიან და მომიდუღებენ ყავას, ან სულაც დარეცხავენ  სატურნალიების მერე დაგროვებულ ჭურჭელს. ცხელი გლინტვეინი, კარგი ხალხი და ... თუ მაინცდამაინც რაიმე ტრადიციულის (სატურნალიურის) გაკეთებას მოვინდომებ ... ღორის ღორცი მაწონში... იფ, იფ იფ... დამიჯერეთ, უგემრიელესია!

მოკლედ:
ღორის ფილე მაწვნის სოუსში
დაახლოებით 1 კგ ღორის ფილე; ½ ჩკ მარილი, 1 ჩ/კ დაფქვილი ბულგარული წიწაკა, 100 გ ემენტალი ან გაუდა, 1 ს/კ ფქვილი, 2 ს/კ კარაქი, 0,5 ლ მაწონი, 1 ბულიონის კუბიკი; ნიორი გემოვნებით (შეგიძლიათ სულ არ უქნათ); ცოტა ოხრახუში.
ფილეს მოვაჭრათ ქონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კარგად შევაზილოთ მარილი და ბულგარული წიწაკა. ყველი დავჭრათ თითის სისქე 4 სანტიმეტრიან ზოლებად. ფილე ჩავხვრიტოთ დანით და ჩავარჭოთ ყველის ზოლები, ¾-ზე, თავები რომ უჩანდეს ცოტათი. გავადნოთ კარაქი და დავბრაწოთ ფილე ყველა მხრიდან. ფილე მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მაწონში ჩავყაროთ ნიორი და მარილი, ჩავაფშვნათ ბულიონის კუბიკი და დავასხათ ფილეს. 40 წუთით შევდგათ ღუმელში. ჭამის წინ დავაყაროთ ოხრახუში (სულ არ არის სავალდებულო!).
სხვათაშორის, ხშირად ფილეს ყოველგვარდი დაბრაწვის გარეშე პირდაპირ ვდგამ ღუმელში, უბრალოდ უფრო დიდხანს ვტოვებ. მართლა უგემრიელესია. ცადეთ, არ ინანებთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment