ჩემნაირი მანიაკებისთვის

Approved by Natia Jinjolava

სულ მაინტერესებდა როგორი იყო ყბადაღებული საშობაო პუდინგი. მთელი ევროპა და ამერიკა რომ გიჟდება, განსაკუთრებით კი - დიდი ბრიტანეთი. სადღაც 5-6 (ან მეტი) წლის უკან, დიდი შრომისა და გარჯის შედეგად, როგორც იქნა ამისრულდა ნატვრა და ხელში ჩავიგდე ეგზომ სასურველი რეცეპტი.  მოვიმარაგე ინგრედიენტები, როგორც მოგვიანებით დარწმუნდებით, არც თუ ისე იაფი, აღვიჭურვე მოთმინებით, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, მოვიწვიე მეგობრები (ასეთ საზეიმო მომენტში ტაშის დამკვრელები ხომ მჭირდებოდა) და დავიწყე მზადება. თქვენს მტერს, მე რომ საქმე დამემართა.
ბრიტანეთს მეტნაკლებად კარგად თუ იცნობთ, დამეთანხმებით, რომ მსგავს ნამცხვარს ინგლისელის გარდა მართლა ვერავინ მოიგონებდა. კარგი ინგლისური იუმორის გარეშე ავადმოსახსენებელი პუდინგის გაკეთება და მერე ჭამა, შეუძლებელია. თვითონ ცომი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, მაგრამ შემდეგ, წყლის აბაზანაზე 5 საათის განმავლობაში ორთქლზე იხარშება! და ამ 5 საათის განმავლობაში სამზარეულოში ტენიანობამ ისე მოიმატა და ყველაფერი ისე დაიორთქლა, რომ ჭერიდან ბათქაში ცვიოდა, ფარდები დასველდა, ჩამოწვა ჭეშმარიტად ინგლისური ორთქლი, უკაცრავად, ნისლი, კედლები დაიცვარა ოთახი ნაომარს დაემსგავსა და აღარ დაიდგომებოდა. ეგ არაფერი, ყოველ ნახევარ საათში სახეზე აირწინაღაფარებული და თავზე ჩაჩქანდახურული წინ და უკან დავრბოდი და ვამოწმებდი ქვედა ქვაბში წყალი ხომ არ ჩაშრა. როგორც იქნა გამოცხვა და რა გგონიათ? ვჭამე და დავტკბი? არც იოცნებოთ. საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემმა მწარე გამოცდილებამ თუ არ გადაგაფიქრებინათ, ხვალვე უნდა გაქანდეთ და გამოცხობა დაიწყოთ, იმიტომ რომ გამოცხობის მერე მინიმუმ 4 კვირა უნდა გააჩეროთ. ანუ, გამოაცხოთ და დაივიწყოთ, იდეალში 3 თვით. დიახ! ინგლისელის გარდა ამას ვინმე მოიფიქრებს? უფრო მეტიც, ჩემს მოპოვებულ რეცეპტს ბოლოში ასეთი რჩევა ქონდა: „В Англии в канун Рождества этот пудинг готовят к Рождеству следующего года“. Вот так! სხვათაშორის, იქვე ინგლისური საქორწილო ტორტის რეცეპტიც იყო, რომელიც დაახლოებით იგივენაირად მზადდება და ქორწილის მერე ერთ ნაჭერს ინახავენ და პირველი შვილის შეძენისას ჭამენ! მშვენიერია, ერთი ტორტით გაისტუმრებ ქორწილსაც და ძეობასაც. თავშემონახული ხალხია - მიყვარს ინგლისელები.
ჰო, მთავარი! ჩვეულებრიც, რეცეპტს წავიკითხავ თუ არა, დაახლობით ვიცი რა გამოვა და ამიტომ არ ვტყუვდები ხოლმე. ინგლისელებმა აქაც კარგად მათოხლეს. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, იდეაში ძალიან გემრიელი უნდა ყოფილიყო, თქვენც არ მომიკვდეთ! მსგავსი უგემური არაფერი არ მიჭამია.  4 კვირა მაცივარს მგელივით ვუვლიდი ირგვლივ, დღეებს თოთებზე ვითვლიდი და კედელზე გაკრულ კალენდარზე სქელი წითელი მარკერით ვხაზავდი ყოველ გასულ დღეს. გავარდა ხმა, გავრცელდა ჭორი, პუდინგის გასინჯვის მსურველები სიაში ეწერებოდნენ და ყოველდღე რეკავდნენ. როგორც იქნა დადგა 7 იანვარი ... კიდევ კარგი, სტუმრები ბევრი იყვნენ, პუდინგი კი პატარა. ახლობელებს პირველად შეეპარათ ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებში ეჭვი. პუდინგზე ცეცხლის წაკიდების ატრაქციონმაც კი არ უშველა საქმეს. მეგობრულად გირჩევთ, ნებისმიერი კექსი გამოაცხვეთ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება.
არ ვიცი. ვერ ვიტყვი, აღარასოდეს გავაკეთებ-თქო. ძალიან კარგ ხასიათზე თუ ვიქენი, შეიძლება მარტო იმიტომ გამოვაცხო, რომ ყველას ვანახო რა უგემურია....
თუ გარისკავთ, რეცეპტი ჩემზეა.







საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment