საახალწლო ზღაპარი

Approved by Natia Jinjolava

ათას რაღაც რომელიღაც წელი იწურებოდა. ახალ წლამდე დარჩენილი იყო ნოლი დღე, ცხრა საათი და თორმეტი წუთი. N ქვეყნის N ქალაქის მთავარ მოედანზე ჩოჩქოლი იყო. ქალაქის მცხოვრებლები წინასაახალწლო სამზადისით იყვნენ შეპყრობილნი: ზოგი გაცხოველებულად ვაჭრობდა, ზოგი უკვე ნავაჭრ სანოვაგეს მიეზიდებოდა სახლში, ზოგიც მხოლოდ ათვალიერებდა ისევე, როგორც რატუშის კიბეებზე ჩამომჯდარი პატარა ბიჭუნები.
- წელს თოვლი არ უნდა მოვიდეს? - იკითხა ერთმა და ნაღვლიანად ახედა მოქუფრულ ცას.
- ბებიაჩემმა თქვა, უთოვლო ახალი წელი აქამდე არავის ახსოვსო.
თავზე ნაცრისფერქუდჩამოფხატულმა ბიჭმა გაღმა გორაკებს ეჭვის თვალით გახედა და ამოიოხრა:
- ასე მგონია, თოვლი რომ მოვა, ყველა სურვილი ამიხდება.
- ოქროს ღილებიან ჯუბას მაინც არავინ არ გაჩუქებს. ვიცი, სულ მაგას მისჩერებიხარ, ჩვენს თერძს რომ უკიდია გასაყიდად.
- მაგასაც ვნახავთ! - გაჯიუტდა ალექსანდრე და გაგულისებულმა პატარა კენჭს ფეხი გაჰკრა.
ბიჭებმა გაგორებულ კენჭს თვალი გააყოლეს და მოედნის მეორე ბოლოდან შემოსული ნაირფერი ლენტებითა და ზანზალაკებით მორთული ფორანი დაინახეს, რომელსაც კოხტად ჩაცმული ხანშიშესული კაცი მოუძღოდა.
- უი, თოჯინების თეატრი ჩამოსულა!
- შენ რომ გინდა, ისეთი ტანსაცმელი აცვიათ, მიდი შეეხვეწე, ეგებ გაჩუქონ. სხვანაირად მაინც ვერ ეღირსები!
ბავშვები ფეხზე წამოხტნენ და მოედნისკენ თავპირისმტვრევით დაეშვნენ.
- ყველას გეპატიჟებით ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ზღაპარზე! ჯადოსნური სანახაობა გელით!
ფორანს ხალხი შემოეხვია. ხანშიშესულ მამაკაცს ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოუერთდნენ და მოქალაქეებს ფერადი ქაღალდის ნაკუწები დაურიგეს:
-  ჩაუთქვით სურვილები. ამ საღამოს ყველაფერი აგისრულდებათ!
შარფშემოხვეულმა კიკინებიანმა პატარა გოგონამ ვარდისფერი ფურცელი მუჭში ჩაბღუჯა და დედას დიდი ცისფერი თვალებით ახედა:
- მე ნაჭრის დედოფალა მინდა, მართლა ამისრულდება?
ფორანის კუთხესთან ატუზულმა ალექსანდრემ ქვაფენილზე დაგდებული ქაღალდი შენიშნა, აქეთ-იქით გაიხედა, ჩემი მეგობრები ხომ ვერ მხედავენო, დაიხარა, სწრაფად აიღო და ჯიბეში ჩაიჩურთა.
- თოვლი მოვიდეს, თოვლი, თორემ მოსავალი დაგვეღუპება! - გასძახა მოხეტიალე  მსახიობებს ზურგზე ტომარამოკიდებულმა ჭარმაგმა გლეხმა.
- მოვა ძიაკაცო, ამაღამ ყველა ნატვრა ასრულდება! წარმოდგენა იწყება!
სახელდახელოდ იმპროვიზირებულ პატარ სცენას უამრავი ხალხი გარს შემოერტყა. ამ საყოველთაო მხიარულებაში ალექსანდრე მონაწილეობას არ იღებდა, ფორანის კიდეზე ჩამომჯდარი, ჯიბეში ქაღალდს და ფანქრის ბოლომოჭმულ ნატეხს ხელში აწვალებდა და ფიქრობდა: „რა მინდა? თოვლი მინდა, ჯუბაც მინდა, ახალი თბილი ფეხსაცმელიც არ მაწყენდა...“ ცხვირი შეიჭმუხნა და ჰაერში დატრიალებული ტკბილი სურნელი შეისუნთქა... „თაფლაკვერიც რომ მინდა?“ და მხოლოდ ახლა შეამჩნია თეატრის მეპატრონე, რომელიც დაკვირვებით უყურებდა. ალექსანდრემ დაიმორცხვა და ნაგლეჯი საჩქაროდ ჯიბეში ჩააბრუნა.
- წარმოდგენას რატომ არ უყურებ?
ალექსანდრემ მხრები აიწურა.
- სურვილებზე ვფიქრობდი.
- და რა გინდა, პატარავ?
- ბევრი რამე და ალბათ არაფერი არ მექნება.
მოხუცმა ჯიბიდან თაფლაკვერი ამოიღო და გაუწოდა:
- იქნებ ამან მაინც გაგამხიარულოს.
- მაგას ჯუბა უნდა, ჯუბა! ზუსტად თქვენნაირი! - ალექსანდრეს მეგობრებმა ბიჭის პირისაკენ გაქანებულ კვერს შურიანი თვალი გააყოლეს.
კაცმა ალექსანდრეს თავზე ხელი გადაუსვა, გატრიალდა და ხალხს შეერია.
მოულოდნელი საჩუქრით აღტაცებული ბიჭი მაყურებლებს შეუერთდა და საერთო ჟრიამულში ჩაერთო. სანახაობამ ისე გაიტაცა, რომ ვერც კი შეამჩნია, თავზე რამდენიმე ფანტელი როგორ დაეცა.
- თოვლი მოდის, ხალხო, თოვლი! - იყვირა ვიღაცამ. ატყდა ხვევნა-კოცნა, ჟივილ-ხივილი, მილოცვები. დიდსა და პატარას, თოვლის დანახვა ყველას გაუხარდა.
„თოვლი მოვიდა, თაფლაკვერი მაჩუქეს, ნეტა სხვა სურვილებიც ამისრულდება?“ - ალექსანდრემ ჯიბიდან ფერადი ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო და გამალებულმა  ოკრობოკრო ასოების გამოყვანა დაიწყო.
* * *

ახალი წლის დილა გათენდა. ბავშვთა თავშესაფრის ბიჭების საერთო საძინებელში გარედან მხოლოდ თოვლის ხრაშუნის ხმა შემოდიოდა. ალექსანდრემ ლოგინში გაიზმორა, ბალიშის ქვეშიდან მწვანე ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო, გადაიკითხა და ოთახს გადახედა.
„ისევ აქ ვარ“, ამოიხვნეშა და ჩაცმა დაიწყო. ქუდი ჩამოიფხატა, იდაყვებზე გაცვეთილი ქურთუკი მოისხა და  ეზოს მიაშურა. კარებში დარაჯის ხმა წამოეწია:
- ალექსანდრე,  საჩუქარი დაგიტოვეს! - და უხეშად გახვეული ფუთა მიაწოდა.
- მეე?? - სიცოცხლეში პირველი საჩუქარი ხელების კანკალით გამოართვა და სულმოუთქმელად დაიწყო რუხი ქაღალდის შემოცლა. ფუთაში ჯუბა იდო, ხავერდის, ოქროსფერღილებიანი, სწორედ ის, რომელსაც ნატრობდა!
- მადლობა უნდა ვუთხრა! - მიაძახა დარაჯს და გულში ჯუბაჩაკრული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქალაქის მთავარი მოედნიკენ. მოედანი ცარიელი დახვდა,  საზეიმოდ მორთული ფორანი არსად ჩანდა... ბიჭი გაშრა, დაბნეულმა არ იცოდა, რაღა ექნა. მოულოდნელად დილის სიჩუმეში ნიავმა შორიახლო ქუჩიდან ზანზალაკების ხმა მოიტანა.
„შორს არ წასულან, დავეწევი!“, გაიფიქრა და ადგილიდან მოწყდა. ქალაქის გასასვლელთან მართლაც დაეწია, ფორანი დაინახა და:
- დამელოდეთ!  მეც მოვდივარ თქვენთან! - დაიძახა.
ფორნის ფარდის კალთა აიწია, სიღრმიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა, ბიჭის აღტკინებული სახე რომ დაინახა, გაიღიმა და ფორამში მსხდომებს რაღაც გასძახა. - მოდი, გელოდებით! - ხელი გაუწოდა ალექსანდრეს.  ბიჭი ფორნის კიდეზე ქალის გვერდით მოკალათდა, თოვლიან ქალაქს გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია, ჯიბიდან ნატვრის ფურცელი ამოიღო, დახედა, გაიღიმა და გადააგდო.
ნიავმა ფურცელი აიტაცა და ქალაქის კარიბჭესთან მიაფრიალა. გამვლელი მოხუცი ქალი დაიხარა, ფურცელი აიღო და გაოცებულმა წაიკითხა ერთადერთი სიტყვა: „ოჯახი“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორთა ბრიგადა

7 კომენტარი.:

  1. Freken Snork

    არა,საუკუნეა გიცნობთ და თქვენს ტალანტებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ.. ეს ზღაპარი არ მეცნო და მართლა თქვენია? მომეწონა!!!

  1. Natia Jinjolava

    მადლობა, მადლობა და მადლობა! ჩვენია. იფიგენიას პოსტმა შთაგვაგონა:)

  1. Blue Caterpillar

    salian momezona. velodebi shemdeg sgapars

  1. Aunt Polly

    აი, ასე, მოკლედ და ლაკონურად! გურუმის სიტყვა მოკლედ ითქმის, მაგრამ რაოდენ ფასეულია?! დავწერთ... წელი მხოლოდ იწყება!

  1. Mrs Pots

    ძალიან მაგარია, ამაღამ ჩემს შვილს წავუკითხე ძილის წინ. ჯერ ძალიან პატარაა და ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ ზღაპრის წაკითხვის გარეშე არ იძინებს :))

  1. Dediko Ru

    Девчонки, сказка супер!

  1. Efigenia Doubtfire

    ძალიან საინტერესო ზღაპარი არის. დიდი სიამოვნებით წავუკითხავ შვილებს. თითქოს იმ პატარა ბიჭუნდა გადავიქეცი და იმ ეპოქაში ვიმოგზაურე:) ერთი რამ ნათელია, თუკი რაიმე გულით გინდა აუცილებლად აგიხდება, ისევე როგორ ამ ბიჭუნას აუხდა სურვილი "ოჯახი":)) ასე რომ, გულით ინატრეთ, მოინდომეთ და აუცილებლად აგიხდებათ:)

Post a Comment