საქორწილო ტორტი

Approved by Natia Jinjolava

ჯვრისწერისა და ხელმოწერის ძირითადი თემა თუ პატარძლის კაბა, ვარცხნილობა და თაიგულია, საქორწილო წვეულების მთავარი მოქმედი გმირი და ყველაზე დიდი ინტერესის საგანი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას გამოდგმული ტორტია. საქორწილო სუფრის უმეფე-დედოფლოდ წარმოდგენა ალბათ უფრო ადვილია, ვიდრე საქორწილო ტორტი გარეშე. რაც სულაც არაა გასაკვირი, იმიტომ რომ  ტორტს ოდითგანვე რიტუალური დატვირთვა ჰქონდა და მექორწინეთა რწმენით, ახალდაქორწინებული წყვილის მომავალი ბედი თუ უბედობა უნდა განესაზღვრა.
მეფე-დედოფლის ხელით ტორტის ერთდროულად გაჭრის ისტორია თავის სათავეს ხუთი ათასი წლის წინ იღებს და საფუძვლად პურის ერთად გატეხვის და ამ გზით დამეგობრების ტრადიცია უდევს. დიახ, დიახ, თანამედროვე საქორწილო ტორტის
წინაპარი სწორედ უბრალო ხმიადი გახლდათ. კონკრეტულად კი, რომის იმპერიაში საქორწილო პურს ქერის ან ხორბლის ფქვილისგან აცხობდნენ, რომელსაც სიძე დედოფლის თავზე ამტვრევდა (დედოფლის თავს ზემოთ და არა თავზე!) და ნატეხებს სტუმრებს ურიგებდა - ამ გზით, სიმბოლურად, საკუთარ ბედნიერებას და იღბალს სხვებსაც უნაწილებდა. პატარძლის თავზე დაყრილ უხვად ნამცეცებს ისევ სიძე აგროვებდა და თანამეცხედრესთან ერთად მიირთმევდა. ამ ტრადიციის მთავარი იდეა ქმრისადმი ახალგაზრდა ცოლის მორჩილებაში მდგომარეობდა: ქორწილის დღესვე სტუმრების თვალწინ რომ ლავაშს გადაგატეხავენ თავზე, მერე აბა რა ვეღარ უნდა მოითმინო! მსგავსი ტრადიცია შოტლანდიაშიც არსებობდა, ოღონდ იქ პურს შვრიისაგან ამზადებდნენ და  საბრალო დედოფლის ხვედრს იმითი ამსუბუქებდნენ, რომ პატარძლის მეგობრები  ქალს თავზე ტილოს ხელსახოცს აფარებდნენ და ზედ შვრიის პურიან კალათას ადგამდნენ. თავად წარმოიდგინეთ რა სანახავი იქნებოდა საპატარძლოდ მოკაზმული ქალი პურით თავზე. კაცმა არ იცის, თმაზე დაყრილი პურის ნამცეცები ჯობია თუ „ამაყად“ აღმართული კალათა. ასეთი პური უფრო კვერს წააგავდა ვიდრე პურს და ტორტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და მსგავსი ცერემონიების შესახებ ცნობები მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით გვხვდება.
კიდევ უფრო შემზარავია პატარძლის თავზე პურის გადატეხვის წინამორბედი ტრადიცია: ჩვენს ერამდე დაახლოებით 100 წელს რომაელები პატარძალს პურის კვერებს ესროდნენ! შემდეგ როგორც ჩანს მათ გულებში ჰუმანიზმმა გაიღვიძა, კომპრომისამდე მივიდნენ და პურის თავსზემოთ გადატეხვასა და ნამცეცების დაყრას დაჰყაბულდნენ, რასაც „conferratio“ ანუ „ერთად ჭამა“ უწოდეს. მოგვიანებით სწორედ ეს „conferratio“ იქცა დღეისათვის ასე პოპულარულ ფერად-ფერად ქაღალდის „კონფეტებად“, რომლებსაც მთელ მსოფლიოში აყრიან თავზე ახალდაქორწინებულებს.
საქორწილო პური ძალიან ბევრი ქვეყნის ჩვეულებებში არსებობდა. მაგალითად ჩინეთში სიძის ოჯახი პატარძალს ოთხ კვერ პურს უგზავნიდა, რომლებსაც ჰაერში სათითაოდ ისროდნენ და პატარძლის თავს ზემოთ გაშლილი ზეწრით იჭერდნენ. თითოეული კვერის ტყორცნისას პატარძალი გათხოვებაზე ლექსებს გამოთქმით კითხულობდა და ასე აღნიშნავდა მშობლების ოჯახთან განშორებას. ქრისტიანობამდელ რუსეთში ქორწილისთვის საგანგებო პურს ე.წ. „კარავაის“ აცხობდნენ და საკმაოდ რთულ რიტუალს ატარებდნენ: პურისთვის ცომს აუცილებლად გათხოვილი ქალი ზელდა, აცხობდა კაცი და ჭრიდა ბავში. მის ნაჭრებს კი სტუმრებს მაჭანკალი ურიგებდა. თანაც მთელი ეს პროცესი სპეციალური სიმღერების თანხლებით მიმდინარეობდა. თან ქორწილის ცერემონიამდე კარავაის ახალდაქორწინებულები სახით უნდა შეხებოდნენ და საკუთარი ცრემლებით დაენამათ.
პრინცი უილიამის საქორწილო ტორტები
შუასაუკუნეების ინგლისში საქორწილო ტორტს ნამცხვარს კი ეძახდნენ, მაგრამ მთლად ნამცხვარიც არ იყო. სინამდვილეში სტუმრები სიძის სიახლოვეს მაგიდაზე სახლიდან მოტანილ პატარა და ტკბილი ფუნთუშებს ახვავებდნენ (რაც უფრო შეძლებული იყო ოჯახი, მით უფრო მაღალი გორა უნდა ყოფილიყო), რომლის თავზე კოცნაც ახალდაქორწინებულების უღრუბლო მომავლისა და უხვშვილიანობის საწინდრად ითვლებოდა და ეს რიტუალი ხშირად ბედნიერების გარანტიისათვის ფუნთუშებში ახალგამომცხვარი ცოლ-ქმრის თავით ჩარჭობით მთავრდებოდა. სხვათა შორის, ინგლისელებს დღესაც საკმაოდ უცნაური ტრადიაცია აქვთ - საქორწილო ტორტს საშობაო პუდინგის მსგავსი ჩირიანი და ცუკატებიანი კექსისმაგვარი მასისაგან ამზადებენ, რომელიც ძალიან დიდხანს არ ფუჭდება. ქორწილის მერე ტორტის ერთ ნაჭერს ინახავენ  და პირველი შვილის ძეობაზე მიირთმევენ!
კროკემბუში
1660-ინ წლებში ერთი ფრანგი კონდიტერი ლონდონს გაემგზავრა და ერთმანეთზე უთავბოლოდ დაყრილი ფუნთუშები რომ ნახა, მართალია დაიზაფრა, მაგრამ იდეა გადაათამაშა და შესანიშნავი საქორწილო ტორტი „კროკემბუში“ შექმნა. დაშაქრული ყვავილებითა და კაკლით მორთული პირამიდასავით დაწყობილი უგემრიელესი კრემიანი ფუნთშების ტორტი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ დღემდე უზარმაზარი მოწონებით სარგებლობს მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში.
მრავალიარუსიანი საქორწილო ტორტები ევროპელ არისტოკრატებში სადღაც მე-19 საუკუნიდან გახდა პოპულარული. მათ ავტორად მე-18 საუკუნის ერთ ლონდონელ მებაყლეს ბობ სმიტს მიიჩნევენ, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული შექმნა სურდა და არაფერი გამოსდიოდა, სანამ ფანჯრიდან ფლიტ-სტრიტზე მდებარე სენტ-ბრაიდის ეკლესიის გუმბათი არ დაინახა.
მე-17 საუკუნის ევროპაში ტრადიციად იქცა ორი საქორწილო ტორტის აუცილებლობა - ერთი პატარძლისთვის (თეთრი ფერის, როგორც სისპეტაკისა და უმანკოების სიმბოლო) და ერთიც სიძისთვის (ჩვეულებრივი ხილის ნამცხვარი). დედოფლის ტორტში შუშის ბეჭედს მალავდნენ, რომლის მპოვნელიც, როგორც უკვე ხვდებით, უახლოეს მომავალში ბედს უნდა წეოდა. ნეფის ტორტს უფრო მოკრძალებულად რთავდნენ, მაგრამ ზომით საცოლის ტორტზე ბევრად დიდი იყო (აქაც მამაკაცური ეგოზიმი!). სიძის ტორტს წინასწარ ჭრიდნენ, გაბაფთულ თეთრ კოლოფებში აწყობდნენ და დარბაზის გასასვლელში ალაგებდნენ.  ქორწილის დასასრულს კი შინისკენ მიმავალი სტუმრები კოლოფებს სამახსოვროდ ხელს აყოლებდნენ და დილას ჩაისთან მიირთმევდნენ. თანამედროვე მსოფლიოში სიძის ტორტს ზედმეტ ხარჯად თვლიან და აღარ აცხობენ, მაგრამ მაინც თუ გადაწყვისტეს მისი გაკეთება, მაშინ აუცილებლად თემატური ხასიათისაა და სიძის გატაცებებს ასახავს. მაგალითად, კომპიუტერის ფორმა აქვს ან საფეხბურთო მოედნის და ა.შ. სხვათაშორის, ბრიტანეთში ახლახან გამართულ სამეფო ქორწილშიც ორი ტორტი იყო - თეთრი დედოფლისთვის და შოკოლადის მეფისთვის.
შაკოტისი
ლიტვურ საქორწილო ტორტ შაკოტისს ძალიან ლამაზი ლეგენდა აქვს: ერთხელ დედოფალმა ბარბარამ გრანდიოზული წვეულების გამართვა განიზრაზა და საუკეთესო კერძის ავტორს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუთქვა. მზარეულებს შორის ერთი ჟღალთმიანი ბიჭი იოზასიც გახლდა, რომელსაც ერთი გოგო უყვარდა. გოგოს მამა კი შვილის გათხოვებაზე ცივ უარს აცხადებდა. იოზასმა შეიტყო რომ დედოფალს ტკბილეული უყვარდა და უჩვეულო ნამცხვრის გამოცხობა განიზრახა, რომელიც ზღაპრულ ყვავილს წააგავდა და ფერადი სარკალათი იყო მომინანქრებული. ნამცხვრის ცომი დიდი ოდენობით კვერცხისა და კარაქისგან მოზილა, გამოაცხო და ვენეციური მინის ვაზაში მოათავსა. თავისი ქმნილება სადღესასწაულო მაგიდასთან რომ მიიტანა, ასეთივე ვაზებში მოთავსებული სხვადასხვა ფორმის უამრავი ნამცხვარი დახვდა და მიხვდა რომ კონკურსში ასე მარტივად ვერ გაიმარჯვებდა. სასოწარკვეთილი იოზასი სამზარეულოში დაბრუნდა და შამფურზე წამოცმულ დარჩენილ ცომს მაშნალურად ატრიალებდა ცეცხლის თავზე. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ღია ცეცხლში გამომომხვარი ცომით ტორტის გაკეთება. შამფურზე აცმული ცომი უცნაურ ფორმებს ღებულობდა და ტოტებსა და ფოთლებს წააგავდა. იოზასმა ბლომად ტოტი დააცხო და ვენეციური მინის ვაზაში მუხასავით დიდი ხე ააწყო. „ხე-ტორტი“ დედოფალს ისე მოეწონა, რომ იოზასი სამეფოს მთავარ მზარეულად დანიშნა და ქორწილშიც ესტუმრა.
ტრამპის საქორწილო ტორტი
მე-20 საუკუნეში სამსართულიანი მრგვალი ტორტები შომოვიდა მოდაში, რომლის თითო იარუსიც ნიშნობის, საქორწილო და მარადჟამობის ბეჭდების სიმბოლოს წარმოადგენდა. ტორტის ერთდროულად გაჭრის ტრადიცია კი 1930 წლიდან აღდგა, როცა კონდიტერებმა ტორტის მოსარკალება ერთგვარი მეტისმეტად მაგარი „სამეფო მინანქრით“ დაიწყეს და რომელსაც  პატარძლის მოკრძალებული მარჯვენა ვერ ერეოდა.
თანამედროვე საქორწილო ტორტები ნამცხვარზე მეტად ხელოვნების ნიმუშებია. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საქორწილო ტორტად თავისი პორტრეტი შეუკვეთა. სულ უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ შენობების, ადამიანებისა და ცხოველების ფორმის ტორტებს, ათასგვარი ჩანართებითა და მოძრავი მექანიზმებით.
თბილისში ასე პოპულარული მრავალიარუსიანი, კოლონებზე შემომდგარი ტორტები დიდი ხანია დანარჩენ მსოფლიოში კლასიკად ითვლება და მოდიდან გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ძალიან პოპულარულია მარციპანის თუ დაშაქრული ყვავილებითა და ხილით მორთული საქორწილო ტორტები, მათი ფორმა, დიზაინი და ფერები ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ექსტრავაგანტული და ხშირად თემატურიც გახდა. უცხოეთში საქორწილო ტორტის დიზაინს ძირითადად საქორწილო დარბაზის ინტერიერს, მეფე-დედოფლის ჩაცმულობასა და მათთვის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ან თარიღს უხამებენ. ფორმა იცვალა ტორტის მოსართავმა მეფე-დედოფლის კლასიკურმა ფიგურებმაც, მათი არჩევა უკვე ნებისმიერი გემოვნებით და შინაარსით შეიძლება.
 ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნილება ე.წ. „ქაფქეიქებისგან“ შედგენილ ტორტებზეა. ანუ ტორტებზე, რომელიც ცალ-ცალკე გამომცხვარი თოთო პორციიანი რამდენიმე ათეული (ხანდახან ასეული) ნამცხვრისგან შედგება. თქვენი არ ვიცი, და მე უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ტორტები მართლაც ძალიან ლამაზია.
მსოფლიოში ყველაზე დიდი საქორწილო ტორტი 2003 წლის 12 ივნისს ორლანდოელმა კონდიტრებმა შექმნეს (ამ ამერიკელების გიგანტომანიას რა ვუთხარი!). ექვსი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი სიმაღლის ტორტი-მუტანტი ხუთი სართულისგან შედგებოდა და 2420 კილოგრამს იწონიდა. ალბათ დაგაინტერესათ ამხელა ტორტი ვისი ქორწილისთვის გამოაცხვეს - ტორტი მულტფილმის გმირების შრეკის და ფეონას ბედნიერ შეუღლებას ეძღვნებოდა ...
ყველაზე ძვირფასი ტორტი 2006 წელს ბევერლი ჰილზის საქორწილო გამოფენაზე გამოიტანეს. მისი ავტორები საქორწილო ტორტების დიზაინერი Nahid La Patisserie Artistique  და იუველირი Mimi So გახლდნენ. ტორტი ძვირფასი ქვებით იყო მორთული, რომელთა უმრავლესობაც, ყველა სიკეთესთან ერთად, უნიკალურიც გახლდა. ტორტი მხოლოდ თვალსასეიროდ დაამზადეს და მისი გემო არავის გაუსინჯავს. გამოფენის დროს მას  შეიარაღებული მცველების მთელი ჯგუფი იცავდა - იმ დროისათვის ტორტის ფასი 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2010 წელს დალასელმა კონდიტრებმა „Delicious Cakes“ და იუველირულმა ფირმებმა „Dallas Gold“-ი  და „Silver Exchange“-ი 1,3 მილიონად შეფასებული 1200 კარატი საფირებითა და ბრილიანტებით მორთული მორიგი 73 კილოგრამიქნი საქორწილო შედევრი შექმენს. 360 სტუმარზე გათვლილი ტორტის ერთი ნაჭერი 3125 დოლარი დაჯდა. ტორტის ნაჭრის შეკვეთა და პირის ჩაგემრიელება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
2011 წლის ყველაძე ძვირადღირებული საქორწილო ტორტი 4 თებერვალს იტალიაში “Bride Villa”-ს ფარგლებში გამოფინეს. ამ შედევრის შექმნაზე კონდიტრებმა და დიზაინერმა Laura Aguglia-მ 36 საათი და სვაროვსკის 500 კრისტალი დახარჯეს. მისი ფასი კი 6000 ევროა.  ტორტი ოთხი იარუსისაგან შედგებოდა და მის თავს მწვანე-ლურჯი კრისტალისგან შესრულებული ერთმანეთში გადახლართული ჩიტების ფიგურა ამშვენებდა...
დინალდ ტრამპის საქორწილო ტორტს სამი ათასი თეთრი შაქრის  ვარდი ამშვენებდა, უინძორის ჰერცოგინიისა და ჰერცოგის 1937 წლის საქორწილო ტორტის ნჭერი სოთბის აუქციონიდან 1998 წელს 29, 900 დოლარად გაიყიდა. რა საინტერესოა რა ეღირება Fiona Cairn-ის მიერ პრიცი უილიამისა და კეიტ მიდლტონის ქორწილში დამზადებული ტრადიციული ხილის ტორტის ნარჩენები სამოცი წლის შემდეგ?
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    ლიზა

Post a Comment