21.9.11
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში... კაცმა არ იცის რა დაგხვდება
Approved by
კარგად მახსოვს, დიდი ხნის წინათ, გასული საუკუნის შორეულ 90-იან წლებში 55-ე სკოლაში ფრანგული ენის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. უცხოეთსა და უცხოელებთან ურთიერთობას დანატრებული ქართველობა უმალ მიაწყდა უცხო ენის კურსებს და ექვსი ჯგუფიც თვალის დახამხამებაში დაკომპლექტდა. უკმაყოფილოც ბევრი დარჩა და მიდიოდა „ექსტრა“ ადგილების გაცხარებული ჩაწყობა, ჩალიჩი, ნაცნობ-უცნობობის შეწუხება და იყო ერთი გაწამაწია. სექტემბერში ჩვენს განსანათლებლად ჩამოსულ ფრანგებს შევხვდი და სკოლის ამბავიც მოვიკითხე. ოცდაათამდე ქვეყანაში ვასწავლიდით და ასეთი საოცარი რამ არსად გვინახავსო მითხრეს. მეც გულუბრყვილოდ გავიხარე, მოგეხსენებათ, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და ალბათ ჩვენმა სიბეჯითემ და გონებაგამჭრიახობამ აღაფრთოვანა ეს ხალხი-მეთქი. შენც არ მომიკვდე - პირველად შევხვდით ზრდასრულ ადამიანებს რომლებიც სწავლაში საკუთარი ნებით, საკუთარ ფულს იხდიან და მერე აღარ დადიან და არ სწავლობენო. პირველ სამ გაკვეთილზე იყო ორიოდე ადამიანი, მერე კი თვალითაც აღარავინ გვინახავსო. სხვა ქვეყნებში მასწავლებლებს ტყავს გვაძრობენ ოდნავი გულგრილობა რომ შეგამჩნიონ - ჩვენ სასწავლებლად მოვედით და თქვენ კი „ხალტურობთო“.
აი, ასე, ჩემო კარგებო, ალბათ ყველა თქვენთაგანი იცნობს ისეთ მშობლებსაც (თან არა ერთს), თანახმანი რომ არიან ფულიც გადაიხადონ, საჩუქარიც მიიტანონ, ოღონდ მათ შვილს ნუ შეაწუხებენ და გაკვეთილს ნუ კითხავენ. მთავარი ნიშანია, თორემ სწავლობს თუ არა ეგ არავის საქმე არაა და ჰო, კიდევ: „რას ამბობ, შვილთან ინგლისურის მასწავლებელი სახლში დაუდის!“
თბილისში, ვაკეში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ხელფასის ხათრით ერთი ძალიან კარგი ფილოლოგი მივიდა მასწავლებლად და საცდელ გაკვეთილზე მეთერთმეტე კლასელებს ბარათაშვილის ერთი ლექსის სწავლა დაავალა. მეორე დღესვე დაიბარა დირექტორმა და მიტუქსა: „აქ ისეთი ხალხის შვილები სწავლობს, მაგათი მშობლები იმდენ ფულს იხდიან, შენი ბარათაშვილი ვის რად უნდა, ამხელა ლექსი როგორ მიეცი სასწავლად ბავშვები დაიღლებიან, მეორეჯერ აღარ გაბედოო!“.
გასულ წელს ჩემმა მეზობელმა და მეგობარმა აბიტურიენტი ანუ მეთერთმეტე კლასელი შვილი მომიყვანა - ინგლისურში მიმეცადინეო. პირველივე გავეთილზე აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ სიმპატიურმა გოგონამ არათუ ქართული გრამატიკაც არ იცოდა, გრამატიკის ელემენტარულ ტერმინებში ვერ ერკვეოდა. მერე როგორც იქნა დავამახსოვრებინე, რომ არსებითი სახელია რაც არსებობს და ზმნა რაც მოძრაობს (არა, მე ასე არ მგონია, იმან ვერ გაქაჩა ამის იქით) - უფრო მარტივად ახსნა ვეღარ შევძელი. გადაულახავ წინაღობას მესამე პირი რა იყო, ამის ახსნისას წავაწყდი - ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ მეზობლის სახლიც და მეზობლის შვილიც „ის“ რატომ იყო. სადღაც ერთი თვის თავზე ქართული ზმნა ელემენტარულ დონეზე რომ ავითვისეთ, ინგლისურ დროებსაც მივადექით და აი, მანდ დამერხა. Present Continuous Tense-ის ახსნის მეთორმეტე ცდაზე, ჩემი მოსწავლე დაფიქრდა და მითხრა: „ზმნა ინგლისურში ძალიან რთული რამე ყოფილა და სულ რომ არ ვიხმარო არ შეიძლებაო?“ (!!!) უსიტყვოდ ავდექი, აკაკი წერეთლის ერთ-ერთი ტომი გადმოვიღე თაროდან და „გამზრდელის“ ბოლო ორი ფურცელი ამოვხიე - სუიციდი რომ არ ჩამედინა. ყველაზე კარგი იცით რა არის? დედამისს რომ მოვუყევი, ჩემმა ნაამბობმა ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა - უბრალოდ ვერ მიხვდა მე რა მაწუხებდა. გოგონა 4 გამოცდაში 36 ქულით შავი ზღვის უნივერსიტეტში ერთ-ერთ საკმაოდ პრესტიჟულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და დედამისიც (დამიჯერეთ სულ არ ულხინთ) საკმაოდ მსხვილ თანხას იხდის მის დიპლომში. ჰო, დიპლომში და იმაში რომ თქვას, რომ შვილი სტუდენტი ყავს, თორემ სწავლით ის ბავშვი ისევე არ სწავლობს, როგორც მე არ ვსრულებ იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.
და, მარტო უსწავლელობა არაა პრობლემა. იცით რომ საქართველოში სულ ხუთ სასწავლებელს აქვს ფილოლოგიური ფაკულტეტი (აქედან მხოლოდ სამია თბილისში). აი, ინგლისურს კი ყველგან (!) ასწავლიან. თუ გიფიქრიათ იმაზე რომ სადღაც ოც წელიწადში საქართველოს აღარ ეყოლება ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, გეოგრაფები, ისტორიკოსები და ქართულის მასწავლებლები. სამაგიეროდ გვექნება საეჭვო დიპლომიანი ექიმების, ბუღალტრებისა და იურისტების ქვეყანა და ჰო, კიდევ ინგლისურენოვანი „ოფიციანტების“. და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულად ამაყობს საკუთარი შვილების სიყვარულით და მათზე გამორჩეული ზრუნვით. გილოცავთ, ჩვენი შვილები დამლაგებლები და „ოფიციანტები“ იქნებიან! კიდევ ერთ ცუდ ამბავს გეტყვით: მათ პრესტიჟულ რესტორნებშიც არ აიყვანენ სამუშაოდ. იმიტომ რომ იქ ინგლისური არ კმარა, ფრანგული აქცენტია მოდაში და ძალიან მაღალ ინტელექტს ითხოვენ. მიმტანები ზედმიწევნით უნდა ერკვეოდნენ რა განსხვავებაა ერბო-კვერცხს, ფრიტატასა და ომლეტში. უფრო დახვეწილ ნიუანსებზე აღარ ვლაპარაკობ. ასე რომ, ჩვენს მომავალ თაობას საუკეთესო შემთხვევაში „მაკდონალდსი“ და „ბურგერკინგი“ ელოდება, უარესში მცხეთის სალობიე. ასეთი მომავალი მე არ მხიბლავს და თქვენი არ ვიცი.
ხანდახან ვფიქრობ, რომ მარტო სწავლის მიმართ კი არა, საერთოდ ბავშვის აღზრდისადმი შეიცვალა დამოკიდებულება. ერთი ჩემი თანამშრომელი სასტუმრო საქართველოსთან ცხოვრობდა, შვილი ფილარმონიასთან დაყავდა სკოლაში და თავად რუსთაველზე, ცენტრალურ ფოსტასთან მუშაობდა - ანუ, მთელი მისი მარშრუტი დაახლოებით კილომეტრი-კილომეტრნახევარი იყო. თანაც, ძალიან კარგი უფროსი ყავდა და სამსახურიდან როცა უნდა მიდიოდა, როცა უნდა საერთოდ არ მოდიოდა. შვილი პირველკლასელი იყო და სწავლა 12 საათზე უმთავრდებოდა. იცით დედა რას შვებოდა? სამსახურში რომ მოწყინდებოდა „სკაიპში“ ჯდომა და ყავის სმა ბავშვს მერე აკითხავდა ოთხისთვის, რომელიც მანამდე სკოლის ბუფეტში ელოდებოდა. უფრო მეტიც, ხუთი მშობელი (ერთმანეთის მეზობელი) შეიკრიბა და მორიგეობით, კვირაში ერთხელ აკითხავდნენ
ბავშვებს და ყველა ერთად ერტთ მშობელს მოყავდა. ანუ ხუთი ბავშვი ყოველ დღე ოთხი საათი უპატრონოდ ყურყუტებდა ბუფეტში, მხოლოდ იმიტომ რომ მშობლბს ეზარებოდათ მიკითხვა. ისეთი შემთხვევებიც ვიცი, გაკვეთილების მერე მსწავლებლები საათობით რომ ელოდებიან ჭორაობას შერჩენილ და დაგვიანებულ მშობლებს ბავშვები რომ გაატანონ სახლში. ერთ-ერთ დამრიგებელს ორ საათზე დამთავრებული გაკვეთილების მერე, ექვსზე უკვე მისი სამუშაო საათები რომ მთავრდება, „დავიწყებული“ მოსწავლეები სახლში მიყავს ხოლმე - აბა რა ქნას? დედა სადღაც წყნეთში რსეტორანშია და სუფრას ვერ მიატოვებს, მამას კი არ გაახსენდა ბავში რომ უნდა გამოეყვანა... გეფიცებით, არ ვიტყუები.
არა, ვიცი რომ ბევრი ნიჭიერი ბავშვია, ბევრი ოჯახში ღებულობს ჯეროვან განათლებას, ბევრი შვილის საზღვარგარეთ გაყვანას და შველასაც ახერხებს, მაგრამ მე მასაზე ვსაუბრობ. მასაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. უცოდინრობა ყოველთვის იყო - სოფელში ხშირად შემოუჩივლიათ ჩემთვის (ადრე, „დასაწვავი და სასიკვდილე“ კომუნისტების დროს), ჩვენ ფული არ გვაქვს და შვილს უმაღლესში ვერ ვაწყობთო. გულში ვფიქრობდი ხოლმე, შე დალოცვილო, ცოდნა რომ არ აქვს შენს შვილს მაგაზე რატომ არ იღებ ხმას-თქო. მაგრამ პარალელურად, ძალიან ბევრი სწავლობდა, წიგნს კითხულობდა... ამაზე ერთი სიტორია გამახსენდა და რომ არ მოვყვე არ შემიძლია: ისეთი სამსახური მქონდა, უფროსობა ათ წელიწადში ერთხელ ოფიციალურად იცვლებოდა (სამსახურის ვადა გასდიოდათ), ჰოდა მორიგი როტაციის დრო რომ დადგა, რაღაც აირია და ძველები წავიდნენ, ახლების მოსვლა კი დაგვიანდა. ერთი სიტყვით, უსაქმურობა რამდენიმე თვე გაგვეწელა. საქმე კი არ გვქონდა, მაგრამ სამსახურში უნდა გვეარა. ჰოდა, მე და დეიდა პოლმ მთელი დღე ბაიყუშივით უაზროდ
ჯდომას და კედლების უსარგებლოდ თვალიერებას მანამდე დიდი ხნით გვერდზე გადადებული წიგნების სამსახურში წაღება, სავარძლებში რბილად მოკალათება და კითხვაში დროის გაყვანა ვარჩიეთ. იცით რა მოხდა? თანამშრომლები რიგ-რიგობით მოდიოდნენ, ოთახის კარებს ოდნავ აღებდნენ და როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს ისე გვათვალიერებდნენ. თან სახეზე ეწერათ: „აუ, ესენი რა მაგრად ვერ არიან, წიგნს კითხულობენ, ვაი, ამათ პატრონსო“. ერთხელ პლიაჟზე მითხრა, ჩემმა ახლობელმა: „შენ რა ნერვები გქონია, აქ რომ წიგნს კითხულობო!“ აბა, დანცოვას დეტექტივები სად უნდა წავიკითხო, საწერმაგიდასთან?!ჩემი აზრით, პლიაჟზე დებილივით წოლას ბევრად უფროო დიდი ნერვები უნდა...
ოდესღაც უნივერსიტეტის ბირჟაზე ვიდექით და ერთმა კურსელმა, რომელსაც პირამიდა მხოლოდ ჯინსის შარვალი ეგონა, გვკითხა: პომპეზური რას ნიშნავსო? ერთ-ერთი მიუბრუნდა და „გრანდიოზულის გროტესკულ ინტერპრეტაციასო“. ყველამ ბევრი ვიცინეთ და გული მწყდება, რომ ამ ამბავს რომ ვიხსენებ, დღეს სიცილზე უფრო ხშირად გაოცებულ მზერას ვაწყდები - ვერ ხვდებიან რა ვთქვი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
3 კომენტარი.:
nu exla sad shegvidzlia:)))) ubralod codna siketea da umecreba boroteba, am ors shoris sxva gansxvaveba ar aris:)))) dzalian bevri rame ici, magram mikvirs ar gagigonia aseti gamotqma " nichieria magram zarmaci" albat saqmis yurshi xar chemo ketilo adamiano da ici rom qartvelebi dziritadad nichierebi arian, shendami didi pativiscemis miuxedavad nichze uars ver vityvit:)) kargad maxsovs 90 wlis win egvipteshi arqeologiuri gatxrebis shedegad agmoachines "papirusi" dzveli xelnaweri:)) sadac dziritadad iset temebzea saubari ramac 21_e saukuneshi sheni gulistkivili gamoiwvia:) mtavari swavla ganatleba ki ar aris, mtavaria sworad agzrda, amashi shedis mere ganatleba. sakitxavi is aris romeli upro sashishia, gaunatlebeli viri tu ganatlebuli?? P.S swavla ganatlebas erti kargi tviseba aqvs, amboben: qveyanaze yvelam, rom migatovos sheni codna mainc arasodes migatovebso. albat igbalma ajoba???:))))))
ეს ვინ გამოჩნდა! ძალიან დაგვაკლდა შენი და შენი მეგობრის შეგონება-დარიგებანი:) აქ რამ შემოგიყვანა? სიბერე ხომ არ მოგეძალა და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრმა ძველი მეგობრები გაგახსენა? :))))))
მწარედ ვიცინე! ამდენი სიმართლის და ასეთი ტკივილის ერთად გადახარშვა ძალიან ძნელია. "მოყვარეს პირში უძრახეო... " - , მაგრამ ვის სჭირდება შენი სიმართლე. საკუთარ ქოთანში ვიხრაკებით , გამგები კი ცოტაა... :( :( :(
Post a Comment