20.2.13
6 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე დაბრაწული ღორის ბეჭი
Approved by
დაბრაწული
ღორის ბეჭი ჯეიმი ოლივერისგან
2
კილოგრამიანი ღორის ბეჭი თავისი ძვლით და ტყავით, ზვის მარილი და ახალდაფქული პილპილი,
2 წითელი ხახვი შუაზე გაჭრილი, 2 სტაფილო გათლილი და სიგრძეზე ორად გაჭრილი, 2 ღერო ბოლქვიანი ნიახური შუაზე გაჭრილი, 1 თავი ნიორი კბილებად დაშლილი და კბილები თავისავე ტყავში
დატოვებული, 6-8 დაფნის ფოთოლი, 600 მლ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი.
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე.
ღორის ბარკალი მოვათავსოთ დაფაზე ტყავით ზევით.
ავიღოთ ბასრი დანა და ღორის ტყავი 1 სმ-ის შუალედით დავსეროთ დიაგონალზე, ძალიან ღრმადაც
ნუ ჩავჭრით. კარგად შევაზილოთ მარილი. ზედმეტი მარილი გადავფერთხოთ და ხორცი ამოვატრიალოთ
და მეორე მხრიდანაც მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ბეჭი დავდოთ ღუმელში შესადგამ ტაფაზე ტყავით ზევით და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ვბრაწოთ 30 წუთი, ღორის ტყავი რომ დაიბუშტება
და დაკრაწუნებას დაიწყებს, ცეცხლს 170°C-მდე დავუწიოთ. ღორის ბეჭს ორმაგად გაკეცილი
ალუმინის ფოლგის ნაჭერი გადავაფაროთ და შევაბრუნოთ ღუმელში 4 საათ ნახევრით.
გამოვიღოთ ღუმელიდან. გადავხადოთ ფოლგა და ხორცს მოვასხათ
ტაფის ფსკერზე დაგროვებული ცხიმი. ბეჭი ფრთხილად ავიღოთ და გადავიტანოთ ლანგარზე ან
საჭრელ დაფაზე. ტაფიდან რამდენიმე სუფრის კოვზი ცხიმი გადმოვასხათ ფიალაში და კარტოფილის
შესაწვავად შევინახოთ.
ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული და კარგად ამოვგანგლოთ ცხიმში. ბოსტნეულზე ზევიდან დავდოთ ღორის ბეჭი და ფოლგის გარეშე შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ ერთი საათით.
ამ დროისთვის ხორცი უნდა "დნებოდეს" ანუ ფანტელებად იშლებოდეს.
ხორცი გადმოვიტანოთ ლანგარზე, გადავაფაროთ ფოლგის ნაჭერი
და „დავასვენოთ“, ჩვენ კი მანამდე საწებელის მომზადებით დავკავდეთ. ტაფიდან ზედმეტი
ცხიმი კოვზით ამოვხაპოთ, მერე დავუმატოთ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი და შემოვდგათ
გაზზე. წამოვადუღოთ და ვათქუხთუხოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ
ხის კოვზით და ვეცადოთ, რომ ტაფის ძირზე მიკურული ხორცის მინაწვავი ავფხიკოთ. სოუსი
რომ შესქელდება და გამუქდება, გადავწუროთ ხშირ საცერზე და კოვზით მოხარშული ბოსტნეულის
პიურეც გავიყვანოთ საცერზე. გავსინჯოთ. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი.
ღორის ხორცი მივირთვათ მისავე საწებელთან და მის ცხიმშივე
შემწვარ კარტოფილთან ერთად.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment