18.2.13
ამერიკის შეერთებული შტატების დროშა
Approved by
ცოტა ხნის წინ მცირე განხილვა მქონდა მეგობართან
სხვადსახვა ქვეყნის დროშების შესახებ და როგორც აღმოვაჩინე აზრთა სხვაობა
დაფიქსირდა შეერთებული შტატების დროშის გარშემო, კერძოდ მისი დიზაინის საკითხებზე.
დროშაზე გამოსახული ზოლების რაოდენობაზე ჩვენი პოზციები დაემთხვა, აი
ვარსკვლავებთან დაკავშირებით ცოდნის შედარებისას კი ,,ერთვარსკვლავიანი“ ცდომილება
დაფიქსირდა. აღნიშნულის შემდეგ გადავწყვიტე უფრო დეტალურად გავცნობოდი ხსენებულ
თემატიკას.
ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე გამოსახულია
ცამეტი ზოლი (შვიდი წითელი და ექვსი თეთრი) და მუქ ლურჯ მართკუთხა ფონზე
განლაგებული ორმოცდაათი თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ხსენებული ზოლები
სიმბოლურად გამოხატავენ ბრიტანეთის იმ ცამეტ ყოფილ კოლონიას, რომელთა გაერთიანების
შედეგადაც მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაეყარა ახალ, დამოუკიდებელ
სახელმწიფოს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ისინი სახელმწიფოში შემავალ შტატებს ასახიერებენ.
ვარსკვლავები განლაგებულია ცხრა მწკრივად და თერთმეტ რიგად (ხუთი ექვს
ვარსკვლავიანი და ოთხი ხუთვარსკვლავიანი მწკრივი). თავად ლურჯი ფონი
ვარსკვლავების, ანუ შტატების ერთიანობის, კავშირის სიმბოლოა.
სულ პირველ სახელმწიფო დროშაზე, რომელიც კონგრესმა
1777 წლის 14 ივნისს დაამტკიცა, გამოსახული იყო ცამეტი ვარსკვლავი. დროთა
განმავლობაში, შტატების რაოდენობის მატებასთან ერთად იცვლებოდა ვარსკვლავების
რაოდენობა. როგორც წესი დროშაზე ვრსკვლავი ემატებოდა მომდევნო 4 ივლისს (ა.შ.შ.–ს
დამოუკიდებლობის დღეს), მას შემდეგ, რაც ახალი შტატი სახელმწიფოს შემადგენლობაში
შევიდოდა. ზოლების რაოდენობა მხოლოდ ერთხელ შეიცვალა 1795 წელს, როდესაც ორ
ვარსკვლავთან ერთად დროშას ორი ზოლიც დაუმატეს ვერმონტისა და კენტუკის შტატების
სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანების ნიშნად. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ
ზოლების რაოდენობა კვლავ ცამეტს გაუთანაბრდა. მას მერე
მხოლოდ ვარსკვლავთა რაოდენობა იცვლებოდა. ბოლო
ცვლილება დროშაზე 1960 წელს მოხდა, ჰავაის კუნძულების ა.შ.შ.–ს შემადგენლობაში
შესვლის შემდეგ. სწორედ ამ ბოლო ცვლილების შემდეგ მიიღო შტატების დროშამ
დღევანდელი იერი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშის გამოყენება დარეგულირებულია საკანონმდებლო ნორმებით. აღნიშნული ნორმებით დადგენილია არაერთი წესი, რომელთა სრულ ჩამონათვალს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა მოვიყვან ზოგიერთ მათგანს:
–
ა.შ.შ.–ს დროშა
არასდროს უნდა ეხებოდეს მიწას;
–
დროშა ყოველთვის
უნდა ეკიდოს (ფრიალებდეს) თავისუფლად (გამონაკლისი შემთხვევა დაშვებულ იქნა
ამერიკელი ასტრონავტებისათვის, რომლთაც მთვარეზე აღმართეს იგი);
–
ღამის საათებში
დროშა უნდა იყოს განათებული;
–
დროშის კანტონი (თეთრი
ვარსკვლავებით გაწყობილი ლურჯი ფონი) ყოველთვის უნდა იყოს დროშის ზედა მხარეს.
ბოლო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა,
როდესაც დროშის თავდაყირა აღმართვით ხდება უბედურების სიგნალის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება ნანახი გქონდეთ
რობერტ რედფორდის მონაწილეობით გადაღებული ფილმი ,,უკანასკნელი ციხესიმაგრე“ (The
Last Castle), სადაც ყოფილი
სამხედროებისათვის განკუთვნილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ყოფილი
გენერლის თაოსნობით მომხდარი ბუნტის ფინალი თითქოსდა ციხის ეზოს ცენტრში მდგარ ფლაგშტოკზე სახელმწიფო
დროშის თავდაყირა აღმართვა უნდა ყოფილიყო, რითაც გარე სამყაროსათვის ციხის დაცემის
სიგნალი უნდა მიეწოდებინათ, თუმცა როგორც შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან
ირკვევა, გენერალს აზრადაც არ ჰქონია სახელმწიფო სიმბოლიკის თავდაყირა აღმართვა.
თუ ნანახი არ გაქვთ ხსენებული ფილმი, გირჩევთ ნახოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც
სამხედრო თემატიკითაა დაინტერესებული.
თუ დაკვირვებიხართ, შტატების დროშა სიბრტყეზე
ძირითადად ლურჯი ფონით მარცხნივ გამოისახება, თუმცა შეიძლება შეგინიშნავთ ისიც,
რომ სამხედრო ტექნიკაზე, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საველე უნიფორმის მკლავებზე
იგი ხშირად ლურჯი ფონით მარჯვნივ არის გამოსახული. ერთ–ერთ ამერიკელ სამხედროს
ვკითხე ამის შესახებ. როგორც მან განმიმარტა, აღნიშნულს სიმბოლური დატვირთვა
ჰქონია. კერძოდ, ტექნიკის ბორტზე (ან
სამხედროთა საველე ფორმის მკლავზე) გამოსახავენ დროშას ლურჯი ფონით ტექნიკის წინა
მხრის მიმართულებით (მკლავზე – სამხედრო მოსამსახურის მკერდის მიმართულებით).
სიმბოლური დატვირთვა კი შემდეგში მდგომარეობს: წარმოიდგინეთ შეტევაზე გადასულ
ამერიკელ სამხედროთა ქვედანაყოფი, რომელსაც წინ მედროშე მიუძღვის. დროშის ლურჯი
ფონი რა თქმა უნდა შეტევის მხარის მიმართულებით იქნება მოქცეული... შესაბამისად,
ყოველივე ხსენებული მუდამ წინ – შეტევაზე მიმავალის ასოციაციას იწვევს.
ერთ–ერთ ინტერნეტ გვერდზე დროშის ახალი ვარიანტის
ორი ესკიზიც ვიხილე, გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, თუ შეერთებული შტატებს
ახალი, ორმოცდამეთერთმეტე შტატი შეემატება. მოხდება თუ არა ამ ახალი ესკიზებიდან
რომელიმეს დამტკიცება სამერმისოდ, ამას დრო გვიჩვენებს.
მავნე ნუიზამ, სპეციალურად ბლოგისთვის
0 კომენტარი.:
Post a Comment