წიგნის დღე და ხელნაწერი მემკვიდრეობა

Approved by Natia Jinjolava


მახსოვს, სტუდენტობის პირველ თუ სკოლი ბოლო წლებში, მორიგ დაბადების დღეზე მაშინ ძალიან მოდური მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ ხუთი სრულიად იდენტური ეგზემპლიარი და გრიგოლ რობაქიძის შვიდი „გველის პერანგი“ მივიღე საჩუქრად. ისიც მახსოვს, რომ კიდევ უფრო ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში, წერა-კითხის ცოდნისდა მიუხედავად, ყველამ იცოდა რომ წიგნი კარგი და აუცილებელი იყო და ძალიან ბევრ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი ტოლსტოისა თუ ჰიუგოს მოწიწებით ნაყიდი და შეურყვნელი, გადაუშლელი ტომები. ერთი სიტყვით, იყო დრო, როცა ყველაზე მკითხველ და ნაკითხ ერად ვითვლებოდით.
დღეს, აქა-იქ კიდევ შემორჩა წიგნის სიყვარული და ბევრმაც ინსტინქტურად იცის, რომ წიგნი კარგია, მაგრამ ხუთიოდე წლის წინ, სამსახურში იძულებითი უსაქმურობის დროს მე და დეიდა პოლი წიგნით ხელში რომ ვისხედით და უაზოდ გაწელილი საათების შინაარსიანად გაყვანას ვცდილობდით,  აკადემიურ ხარისხიანი თანამშომლები რიგ-რიგობით მოდიოდნენ და უცხო მხეცებივით გვათვალიერებდნენ. თან ერთმანეთს თითით უჩვენებდნენ და ეჩურჩულებოდნენ: „შეხედე, შეხედე, წიგნს კითხულობენო!“
ერთხელ პლიაჟზე გასარუჯად წამოკოტრიალებულს მითხრეს, „შენ რა ნერვები გქონია, აქ წევხარ და „კოსმოპოლიტანს“ კითხულობო, გეგონება შექსპირის ტრაგედიებით ვტკბებოდი ან ფოლკნერის და ჰესეს შემოქმედებით. ერთი სიტყვით, სად გაქრა და ახალ თაობას გენეტიკის დონეზე რატომ არ გადაეცა მშობლების და ბებია-ბაბუების წიგნის სიყვარული არავინ იცის. 
განა, სულ ცოტა ხნის წინ არ იყო, როცა ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულები, მე და მამაჩემი ერთმანეთს წიგნებს ვპარავდით და საკმარისი იყო ვინმეს უყურადღებოდ დაეგდო გადაშლილი წიგნი, მაშინვე მეორე დასტაცებდა ხელს? თანაც ამასობაში სხვაგანაც ისწავლეს კითხვა და ამერიკელები ყველაზე აქტიურ მკითხველ ერად იქცნენ. ერთადერი ის გვშველის, რომ ძალიან ბევრნი არიან და უმეტესობის განათლების დონე მოიკოჭლებს. ევროპელებიც კითხულობენ, რუსებიც. ჩვენ კი ყოველი სექტემბრის ბოლოს სკოლის წიგნების საფასურს ხელის კანკალით ვიხდით და პარალელურად შვილისთვის მორიგ აიფონს კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც ვყიდულობთ.
მატენადარანი
ერევანში, ყველაზე ლამაზ შენობაში, ყველაზე ლამაზ ადგილას, ქალაქის ცენტრში ხელნაწერთა ინსტიტუტი „მატენადარანი“ მდებარეობს და ქალაქის რომელ ქუჩაზეც არ უნდა იყოთ, მისკენ მიმავალ გზის მაჩვენებლებს ყველგან ნახავთ. არადა, საკმაოდ მწირი კოლექცია და პატარა მემკვიდრეობა აქვთ. სამაგიეროდ, როგორ აქვთ გამოფენილი? თავი ნამდვილ სასახლეში გეგონება და ეგრევე მიხვდები წიგნს და საკუთარ ისტორიას როგორ პატივს სცემენ.
საქართველოს ხელნაწერთ ცენტრში ყოფილხართ? 
გული დაგეწვება როგორ უპატრონოდ ყრია პირადად თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალისა და ერეკლე მეორი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და მე-9 - მე-19 საუკუნის უნიკალური წიგნები: ბეშქენ ოპიზრის ერთადერთი შემორჩენილი ნამუშევარი, ლაილაშის ბიბლია და პირველი „ვეფხისტყაოსანი“. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კლიმატკონტროლისა და ძველი ხელნაწერების მოვლის ყველა წესის დარღვევით, ეგებ ვინმეს ორი კაპიკი დავცანცლოთო, ყველა მეტ-ნაკლებად პატივსაცემ სტუმარს საცავში მიათრევენ და მერე გაოცებული უცხოელების (და არამხოლოდ) თვალწინ დაახრიგინებენ და ფურცლავენ ამ წიგნებს. ყბადაღებული „მოქვის“ შენახვის პირობები რომ განახათ, ალბათ ამაზე პასუხისმგებელი პირის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებას მოითხოვდით. პარალელურად, ხელნაწერებს თითქმის აღარავინ სწავლობს და ეს საგანმანათლებლო ცენტრი მხოლოდ საკმაოდ დაბალი ხარისხის სურათებიანი ალბომების დამშტამპავ და დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის გამოფენების მომწყობ ორგანიზაციად იქცა, რომელიც რეაურად ერთადერთი ადამიანის, მისი დირექტორის კაიბიჭობის რეკლამირებას და ტელეეთერში ღრმადპატრიოტული და ერის გასაჭირზე მჭმუნვარე სიფათით კვანწვას ემსახურება. 
იქ დაცული წიგნების 90%-ის შინაარსი დღემდე უცნობია. არადა, უნდა განახათ იქ მოხვედრილი სხვადასხვა ქვეყნის ელეჩები და მეცნიერები როგორი გაოცებით კითხულობენ აქ, ასეთ პირობებში რატომ ხართო და ვერაფრით ხვდებიან როგორ შეიძლება მოექცე ასე აგდებულად კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ხალხზე ბევრად მაღლა გაყენებს. იმათ ხომ ვერ აუხსნი, რომ მეცნიერებაზე, კვლევაზე და ნებისმიერი უნიკალური ხელნაწერი ძეგლის რესტავრაციაზე უფრო მაღლა ადმინისტრაციის მივლინებები და ექსპედიციები დგას, მათივე განსადიდებელ საკმაოდ უხარისხოდ ორგანიზებულ გამოფენებთან ერთად.
დღეს სომხეთში ერთმანეთისთვის წიგნების ჩუქების დღეა, რომელიც სომხეთის მთავრობამ 2008 წელს აღადგინა(!), ჩემთვის კი წიგნი ბოლო 10-15 წელია არავის უჩუქებია... არადა, ყველამ იცის, რომ მაქვს ასეთი ნაკლი და კითხვა ძალიან მიყვარს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ერთი ისტორია გამახენდა: ჩემს რძალს უმცროსი და ყავ და ერთხელ მამამ (იმათმა, ჩემმა არა) ჩემზე უთხრა, ამას მიბაძე, შეხედ როგორი ჭკვიანი და განათლებულია, რამდენი რამე იცის, ბევრს კითხულობს და იმიტომო და გოგომ ხელზე მომქაჩა, “შენისთანა რომ გავხდე, დღეში რამდენი გევრდი უნდა წავიკითხოო...“

0 კომენტარი.:

Post a Comment