რამდენიმე მარტივი რჩევა ვალენტინობის აღნიშვნასთან დაკავშირებით

Approved by Natia Jinjolava

Fran's Chocolates


ვალენტინობა ერთ-ერთ იმ უცხოურ დღესასწაულთაგანია, რომლის აღნიშვნაც ქართველებმა უსიტყვოდ და ზედმეტი ფიქრის გარეშე გავითავისეთ. ოღონდ, გარკვეული სახეცვლილებები და ჩვენებური კორექტივები ამ საქმეშიც შევიტანეთ. მაგალითად: მინიმალურ დროს ვუთმობთ ეგრეთ წოდებული ხელითნაკეთი „ვალენტინების“ დამზადებას (რაც ჩემი აზრით სულ არაა ცუდი) და არ ვაცხობთ წმინდა ვალენტინის დღისადმი მიძღვნილ კექსებსა და ტორტებს. ერთი სიტყვით, პირდაპირ ვალენტინობის დღის საუკეთესო ნაწილზე ანუ საჩუქრებსა და რეტორანში რომანტიულ საღამოზე გადავდივართ ზედმეტი შრომისა და თავის შეწუხების გარეშე. არადა ამ დღის მთელი არსი, სწორედ სატრფოსთვის თავის შეწუხებასა და მის მიართ ზრუნვის გამოხატვაში, ანუ საკუთარი ხელით რამის შექმნაშია. კიდევ ერთი მომენტი, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, განსაკუთრებულად სკოლის მოსწავლეებში, როცა გოგოს, ამ შემთხევაში მოწონებულ სარძლოს, ბიჭის დედა უგზავნის საჩუქარს. თუმცა, რა სკოლის მოსწავლეები, ჩემი ახლობელი 28 წლის ბიჭის დედაც ასე უგზავნის შვილის ხელის სავალენტინობო და საახალწლო საჩუქრებს 27 წლის სარძლოს.
Vosges Haut-Chocolat
ამან ქართული სასიყვარულო ტრადიციების კიდევ ერთი უცნაურობა გამახსენა: შეგიმჩნევიათ, რომ ოფოციალურ ნიშობაზე საქორწილო ბეჭედს სარძლოს სადედამთილო უკეთებს და არა საქმრო? და, ისვე ასხამს საჩუქრად მირთმეულ დანარჩენ სამკაულებსაც.
ახლა ისევ ვალენტინობის ჩვენებურად აღნიშვნას მივუბრუნდები და გეტყვით, რომ აქ თუ ყველაზე კაი პონტად რესტორანში წასვლა ითვლება, უცხოელებს ამ დღის შინ გატარება ურჩევნიათ. ჯერ ერთი, უფრო რომანტიულია. რომანტიკული სადილი კი საღამოს კიდევ უფრო რომანტიულად გაგრძელებას გულისხმობს და ამისთვის სწორედ სახლია ზედგამოჭრილი და გარდა ამისა, ამ დღეს რესტორნები გადაჭედიალია. შესაბამისად: უარესია მომსახურებაც, სიტუაციაც და სამზარეულოც და ძალიან ძნელია ამ აყალ-მაყალსა და საყოველთაო გნიასში რომანტიული განწყობის შენარჩუნება.
Christipher Elbow Artisanal Chocolate
სახლში კი ყველაფერი თქვენს ხელთაა, ოღონდ წინდახედული სპეციალისტები (მოგეხსენებათ, უცხოეთში ყველაფრის სპეციალისტები ყავთ) რამდენიმე რჩევას აქაც გთავაზობენ: ჯერ ერთი, რაიმე მსუბუქი, ადვილად დასამზადებელი და მაგიდასთან ადვილად მისატანი კერძები შეარჩიეთ. თავს ნუ მოიკლავთ სამზარეულოსა და საადილო ოთახს შორის სირბილით და არც თქვენი მეწყვილე უნდა დატანჯოთ ჩინური ჩხირებით ან კიბორჩხალების საცეცების სამტვრევი პინცეტებით ჯახირით. მეორე - ბინდ-ბუნდი კი რომანტიულ გარემოს ქმნის, მაგრამ ოთახს ისეც ნუ დააბნელებთ, რომ ერთმანეთის სახეს და გამომეტყველებას ვერ ხედავდეთ. 3. არომატიზირებული სანთლების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, ჭამის დროს, საჭმლის სუნთან შერწყმისას უარყოფითი ეფექტი არ გამოიწვიოს. არომატიზირებულ სანთლებს სასადილო ოთახში საერთოდ არ ხმარობენ - მათი ადგილი საძინებელშია.
შინ იქნებით თუ გარეთ, ვალენტინობაზე კატეგორიულად იკრძალება ნივრის, ლობიოს, მუხუდოს, კომბოსტოს და  მწნილების ჭამა. ასევე, დიდი ოდენობით გაზიანი სასმელი დალევა. ერთი სიტყვით, ერიდეთ ყველაფერ მყრალს და იმას რაც ბოყინს, მუცლის გაბერვას და მოჭარბებულ მეტეორიზმს იწვევს.
L.A. Burdick Chocolates
ჩემი მხრიდან კი იმას დავამატებ, რომ პირადად მე, ყველაზე მეტად აი, ამ შოკოლადების მიღება გამეხარდებოდა, მაგრამ მთელი უბედურება იმაშა, რომ საქართველოში ვერცერთ მათგანს ვერ ნახავთ...





საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპონს

0 კომენტარი.:

Post a Comment