ახალორლეანური საკარნავალო ნამცხვარი - Mardi Gras King Cake

Approved by Natia Jinjolava


ახალ ორლეანში, ყველიერის დროს, Mardi Gras-ს კარნავალზე სამეფო ნამცხვარს ანუ Mardi Gras King Cake-ს აცხობენ, რომელიც რეალურად კარნავალის ფერებში შეღებილ შაქარმოყრილი დაწნული ფუნთუშაა სიურპრიზით. სიურპრიზი კი ცომში ჩატანებული პაწაწინა თოჯინა გახლავს, რომელიც ჩვილ იესოს განასახიერებს. სამეფო ნამცხვარს ოჯახურ თავყრილობაზე ჭრიან და თოჯინიანი ნამცხვარი ვისაც შეხვდება, გარდა იმისა, რომ იღბალი და წარმატება დაებედება, მომავალ კარნავალზე ნამცხვარიც მისი გამოსაცხობია. გარდა ამისა, Mardi Gras King Cake-ის ფერებს და ფორმასაც თავისი დატვირთვა აქვს: ნაწნავი სამი მოგვის მიერ ბეთლეემისაკენ გავლილ გზას ასახიერებს, ოქროსფერი შაქარი ძალაუფლების სიმბოლოა, მწვანე სამართლიანობის, იისფერი კი რწმენის.
მაშ ასე,

Mardi Gras King Cake
ნამცხვრისთვის:1 ჭ ნელთბილი რძე, ½ ჭ შაქარი, 2 ს/კ მშრალი საფუარი, 3 ¾ ჭ ფქვილი, 1 ჭ გამდნარი კარაქი, 5 კვერცხის გული ათქვეფილი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 1 ჩ/კ ახალგახეხილი ლიმონის ცედრა, 3 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)
სარკალასთვის: 2 ჭ შაქრის პუდრა, ¼ ჭ შესქელებული რძე, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, მწვანე, ოქროსფერი და იისფერი დეკორატიული შაქარი, 1 პლასტმასის პაწაწინა საჭამაშო თოჯინა
რძე ჩავასხათ ფართო ჯამში, გადავურიოთ შაქარი, საფუარი და ერთი თავშედგმული ს/კ ფქვილი. რძე ბუშტების გკეთებას რომ დაიწყებს დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ათქვეფილი კვერცხის გულები და ლიმონის ცედრა. შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი, დარიჩინი და ჯავზის კაკალი. ცომი რომ შეიკვრება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, მივცეთ ბურთის ფორმა და დაახლოებით 15 წუთი ვზილოთ და ვაგორაოთ ფქვილმოყრილ დაფაზე - სანამ ელასტიური არ გახდება. ცომის ბურთი ჩავაბრუნოთ ჯამში, გადავაფაროთ ცელოფანი და დავდგათ თბილ ადგილას 1 ½ სთ-ით, სანამ ზომაში არ გაორმაგდება. გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. ამოსული ცომი გადმოვიღოთ დაფაზე და გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად. სამივე ნაწილიგან ხელის გულებს შორის დავაგორგოლაოთ გრძელი ლენტები და დავწნათ. ნაწნავისგან შევკრათ რგოლი. ჩვენი რგოლი მოვათავსოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გავაჩეროთ კიდევ 30 წუთი. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთი, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
სარკალასთვის, სანამ ნამცხვარი გრილდება, ჩანგლით გავქნათ შაქარი, შესქელებული რძე და ლიმონის წვენი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ძალიან სქელი სარკალა თუ გამოგვივიდა, ცოტაოდენი რძე ან ლიმონის წვენი დავუმატოთ. თუ თხელია - შაქრის პუდრა. გაგრილებულ კექს ზემოდან სარკალა მოვასხათ და ფერადი შაქარი ფართო ზოლებად, რიგ-რიგობით მოვაყაროთ. თოჯინა ნამცხვრის ქვევიდან დავმალოთ ნაწნავის ნაკეცებს შორის, მერე კი სტუმრებთან ერთად მივირთვათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment