Дурная голова ногам покоя не дает...

Approved by Natia Jinjolava


ავადმყოფთა საერთაშორისო დღე (11 თებერვალი) 1992 წელს რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის მოთხოვნით დაწესდა და მას ყოველწლიურად აღნიშნავენ. თანაც ეს დღე, თურმე ავადმყოფების კი არა, საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციების თანამშრომლების მადლიერად მოხსენიებას და მათ წახალისებას ემსახურება. ამიტომ, მეც გადავწყვიტე, რომ მისი დასახელება გადავაპერიფრაზო და დღეს ნამდვილ სნეულებზე კი არა (უდიდესი პატივისცემა, თანადგომა და მოკრძალება ჩემგან თითოეულ მათგანს), ჩვენს ირგვლივ მრავლად მოფუთფუთე ცოტა არ იყოს ფსიქიურად მუბუქად არაჯანსაღ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ.
უფრო კარგად რომ ავხსნა ვინ მყავს მხედველობაში, ერთ მაგალითს მოვიყვან: გინესის რეკორდების წიგნშია შესული ადამიანი, რომელიც რეზინის სათბურს (ჩვენებურად „გრელკას“) პირით ისე მაგრად ბერავს რომ ხეთქავს! საქმე იცით რაშია? ეგებ იგივე მეც შემიძლია, მაგრამ ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა მოგივიდეს თავში „გრელკის“ გაბერვა? ან მატარებელს რომ აწვებიან შიშველი ხელებით და ადგილიდან ძრავენ. რატომ უნდა დაეჭიდო მატარებელს? ან ფეხს რომ იდებენ ყურსუკან. ფეხი იმისთვის მისცა ღმერთმა ადამიანს, რომ მიწაზე იდგეს მყარად და არა იმისთვის, რომ მხარზე შემოიდოს.
ამას წინათ „ფეისბუქზე“ ჩემმა ერთმა ნაცნობმა ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე ათეული სართულის სიმაღლეზე აღმართულ ამწეკრანზე ჩამოკიდებული „დახტუნავს“  და მალაყებს ჭიმავს, მისი მეგობარი კი ამ დროს ვიდეოს უღებს. ბიჭი მართლაც შესაშური ოსტატობისა და მოქნილობის (გამძლეობისაც) დემონისტრირებას ახდენს, მაგრამ მისი საქციელი ჩემი გაგებით ჰომო საპიენსის ანუ მოაზროვნე ადამიანის მოქმედებაში ვერაფრით ჯდება. 
აზროვნების ნატამალიც არაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მხოლოდ გაიუთუბების მიზნით საფრთხეში ჩაგდებაში. სიმაღლეზე ცოცვა თუ გიყვარს, წადი და ალპინიზმით დაკავდი. თუ ჩამოვარდები, ქვევით შემთხვევით გამვლელს მაინც არ დაეცემი თავზე, არც სრულიად უდანაშაულო სამშენებლო ფირმას აკიდებ ჯარიმას უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო და არც შენი თვითმკვლელობის შემსწრე ვიდეოკამერიან მეგობარს დუტოვებ საშვილიშვილო ფსიქიურ ტრავმას. როცა მოჭარბებული ტემპერამენტი და ენერგია გერჩის, ამისთვის არსებობს პროფესიონალური სპორტი.
ექსტრიმი კარგია უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით.
გახსოვთ ერთ დროს პოპულარული ბავშვთა ცენტრი „მაუგლი“? ბავშვები ზამთარში თხელი სარაფნებით და გეტრებით რომ დაყავდათ - ჯანმრთელია და არ გაცივდებაო. კარგით, ზამთარში გაკაჟებულია და არ შეცივდება, მაგრამ ყინვაში თხელი პერანგით მოსიარულემ ქართული ზაფხული სიცხეში რა ქნას (მე შენ გეტყვი ალიასკაზე ან ციმბირში ჩვენ ვცხოვრობთ), რომელ მტკვარში ჩახტეს ან დანარჩენი ოჯახის წევრები სად უნდა გადასახლდნენ? ადრე თუ გვიან ხომ მოუწევს ჩვეულებრივ ანუ მცივანა ადამიანებთან ერთად ცხოვრება? აღარ ვლაპარაკობ იმაზე რა მაღალი იყო „მაუგლის“ ბავშვებში ტრავმების პროცენტულობა სტატისტიკით.
ქუჩში „გონკაობაზე“ აღარ ვლაპარაკობ - შაბათ-კვირას პავლოვზე გავლა შეუძლებელი გახდა, საკმარისია „BMW და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად სპორტული მანქანა ერთმანეთის გვერდზე მოხვდეს შუქნიშანზე, რომ სად წახვიდე და დაიმალო აღარ იცი. ესეთი მაგარი თუ ხარ, ეგერ რუსთავი და ეგერ მისი ტრეკი, თვითონ თავპირიც გიმტვრევია და გამვლელებს რას ერჩი?
მართლა ვერ ვხვდები ძალით რატომ უნდა გაიჩალიჩო და რატომ უნდა ეთამაშო ცეცხლს თანამედროვე და ცივილიზებულ სამყაროში? შეირგე რა კომფორტი და კარგი ცხოვრება.

საუკეთესო სურვილებით, თქენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Whitney

    Hello mate, nice blog

Post a Comment