ყავას დალევთ?

Approved by Natia Jinjolava

ამ ლირიული გადახვევის თუ სტარტის შემდეგ, მივხედოთ კონკრეტიკას. ზოგადად, საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ და არც არავის ვერჩი (კაცებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში). მე და ჩემი მეგობრები, როცა ვიკრიბებით, ვსაუბრობთ ყავაზე, შოკოლადზე, წიგნებზე... და ხანდახან კაცებზეც, ხან გაბრაზებით, ხან გულდაწყვეტით, მაგრამ  ყოველგვარი ბოღმისა და სიძულვილის გარეშე. ძირითადად იუმორით (იმედია, ხვდებით, შოკოლადს და ტორტს რომ არ ვგულისხმობ). ჰოდა, იმდენი საინტერესო და კურიოზული ამბავი დაგვიგროვდა, სინდისმა აღარ მოგვასვენა, კაცობრიობას რომ არ გავუზიაროთ.
ამიტომ დღეიდან შევეცდებით ჩვენს ყავის სმაზე ყველა დაინტერესებული პირი დავპატიჟოთ  და მამრების ოინებსა და ხრიკებზე ქილიკით ერთად ვისიამოვნოთ.
ერთადერთი თხოვნა გვაქვს, ნუ დაიზარებთ, გაეცანით ჩვენს წესდებას, ნურავის ნუ შერისხავთ, შეინარჩუნეთ ხალისიანი განწყობა და არ დაგავიწყდეთ - კაცები ჩვენი მტრები არ არიან, მათ გარეშე ცხოვრება ასე სახალისო ვერ იქნებოდა. ძალიან მოვიწყენდით. თქვენი არ ვიცი და მე უნამცხვრობა კიდევ უფრო გამამწარებდა, ამიტომ ველით თქვენგანაც სახალისო ისტორიებს მამრებზე და საინტერესო რეცეპტებს, როგორც ტორტების, ასევე სხვა კულინარიული შედევრების. 
ვიმხიარულოთ ერთად..... დავისხათ ყავა, მოვიმარაგოთ ტკბილეული და დაიწყოთ....


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

როგორც იქნა დავიწყე :)

Approved by Natia Jinjolava

მარადიული კითხვა - რა უნდათ კაცებს?
არც არაფერი!!!!
არაფერი არ ადარდებთ (რა თქმა უნდა მანქანის, სამსახურის და ქეიფის გარდა)
ამ კითხვაზე ვერავინ გვიპასუხებს.
ან რაში გვჭირდება?!  კაი, მე კი ვიცი, რაც უნდათ და მერე? ვერც შვებას ვგრძნობ, ვერც უფრო დამყოლი ვხდები.  უნდათ და უნდოდეთ, მთავარია მე რა მინდა. რა გვინდა ქალებს?
მშვიდი ცხოვრება, ცოტა თავისუფლება, მეტი სივრცე, კარგი თავგადასავლები და მამრი, რომელსაც ჩვენი ესმის და სადმე ახლოს ბუდობს (თუმცა, სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ბოლო პუნქტი სავალდებულო არ არის. საკუთარ თავს თვითონაც კარგად ვართობ).
ამას დავამატებდი ცოტა გართობას, ხალისს, ზოგისთვის სავსე საფულეს და ზოგისთვის კაცის შრომით და ხელით გავსებულ  მაცივარს, გარდერობს, ბენზინის ბაკს ...


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი