ლუდის და შოკოლადის ტორტი ირლანდიურად

Approved by Gourmet Guide


1 მარტი ლუდის საერთაშორისო დღეა, 17 მარტს კი ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ, ამიტომ გადავწყვიტე ეს ორი თარიღი გამეერთიანებინა და რამდენიმე „გინესით“ შთაგონებული და რასაკვირველია, გემრიელი რეცეპტი შემომეთავაზებინა.
მაშ ასე, წმინდა წყლის ირლანდიური დესერტი:

„გინესის“ ტორტი შოკოლადით
ბისკვიტისთვის: 50 გრ კაკაო, 200 მლ ლუდი „გინესი“ (ან ნებისმიერი მაგარი, მუქი ფერის ლუდი), 110 გრ დარბილებული კარაქი, 275 გრ ლერწმის შაქარი, 2 მსხვილი კვერცხი ათქვეფილი, 175 გრ ფქვილი, ½  ჩ/კ სოდა
კრემისთვის: 110 გრ შაქრის პუდრა, 50 გრ დარბილებული კარაქი, 2 ს/კ „გინესი“, 110 გრ შავი შოკოლადი, 25 გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი
მოსართავად: ნიგვზის 8 ლებანი და კაკაო ზემოდან მოსაფრქვევად
გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. ბისკვიტისთვის კარაქი და შაქარი ვთქვიფოთ 3-4 წუთის განმავლობაში სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. თანდათანობით დავუმატოთ კვერცხი და გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ ერთად გავცრათ ფქვილი და სოდა. ცალკე ჯამში ლუდში გავხსნათ კაკაო. ამის მერე, გაცრილი ფქვილი და კაკაოიანი ლუდი პორცია-პირციად ფრთხილად დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხს და კარაქს. 2 ცალი 20 სმ დიამეტრის ტორტის საცხობი ფორმა დავცხიმოთ, ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და მათში გავანაწილოთ ცომი. შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30-35 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტები 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კი გადმოვატრიალოთ, ავაცალოთ ქაღალდი და ცხაურზე დავალაგოთ საბოლოოდ გასაგრილებლად.
კრემისთვის კარგად გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. ჩავათქვიფოთ ლუდიც პატარ-პატარა პორციებად. ცხელი წყლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი (შოკოლადიანი ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს!). შოკოლადი რომ გადნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ოდნავ შევაგრილოთ და გადავურიოთ ათქვეფილ კარაქში. კრემის ერთი მესამედი ცალკე ჯამში გადავიტანოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. კრემი კარგად რომ გაცივდება დავიწყოთ ტორტის მორთვა. ავიღოთ ერთი ბისკვიტი და ზემოდან წავუსვათ ნიგვზიანი კრემი, ზემოდან მეორე ბისკვიტი დავაფაროთ და დარჩენილი 2/3 კრემით მოვრთოთ ტორტის თავი და გვერდები. ნიგვზის ლებნებს კაკაო მოვაფრქვიოთ და ტორტზე დავალაგოთ. ტორტი ბევრად უფრო გემრიელი ქინება, რამდენიმე საათი თუ გავაჩერებთ და ეგრევე არ შევჭამთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

შორეული იაპონიის ხიბლი ქართულად

Approved by Gourmet Guide


ამას წინათ, რომელიღაც პოპულარულ კულინარიულ ჟურნალში გადავაწყდი სტატიას თემაზე: ყველაზე გავრცელებული შეცდომები რესტორნებში, რომლის შემდეგაც კლიენტები აღარ ბრუნდებიან. საზკვების ობიექტის მომაკვდინებელი ცოდვების ჩამონათვალი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:
პირველი და ყველაზე მთავარი დანაშაული - თმა საჭმელში.
მეორე - ერთმანეთთან ძალიან ახლოს დადგმული მაგიდები, როცა მშვიდი და პრივატული საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია.
მესამე - ზედმეტი მარილი ან მარილის ნაკლებობა საჭმელში.
მესამე - უგერგილო ან უხეში მომსახურება.
მეოთხე - ბინძური საპირფარეშო.
მეხუთე - დაგვიანებულად მოტანილი ან ცივი საჭმელი...
ამ ჩამონათვალის წაკითხვის შემდეგ ჩემი და თქვენი თავიც ძალიან შემეცოდა. ამათგან ერთს მაინც რომ ვაქცევდეთ ყურადღებას, ქართული რესტორნების 95% ცარიელი იქნებოდა. მართლა მაინცდამაინც თმა თუ არ ჩაგვიგდეს საჭმელში, ოფიციანტის უჟმურ სახეს, უხეშ საუბარს, მეათასეჯერ გათბობისგან გახრიგინებულ ხორცს ან მიკროტალღურ ღუმელში შემთბარ და შიგნით ჯერ კიდევ ცივ და ხშირად უმ განაყინ კიევურ კატლეტზე ხმას ვინ იღებს? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ყველაზე პრესტიჟული რესტორნების საპირფარეშოებიც კი რომ ძალიან შორსაა ჰიგიენის ელემენტარული სტანდარტებისგან.
ორიოდე დღის წინ რომანტიული საღამოს მოწყობა განვიზრახეთ და მანამდე შეთვალიერებულ-მოწონებულ იაპონური სამზარეულოს რესტორანს, „კიოტოს“ მივაშურეთ. პირველად „კიოტოში“ გაგანია სამუშაო კვირის სამუშაო საათებში მოვხვდით საქმიან შეხვედრაზე და ცარიელი რესტორნის სასიამოვნო გარემომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და თან როგორც ჩანს, საქმის და დიალოგის დეტალებს მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ვიდრე დანარჩენს. ამჯერად, შაბათ საღამოს წინასწარ დარეზერვებული ცარიელი მაგიდებით სავსე ერთ ბეწო რესტორანში შესაღწევად ლამის პროტექცია დაგვჭირდა. ხახამშრალებს უკან გაბრუნებამ რომ არ მოგვიწია ამ ფაქტითაც ფრიად კმაყოფილები, ჩვენზე ცოტა ადრე მოსულ სრულიად უცნობ წყვილთან ერთად შევეკვეტეთ 12 კვადრატულ მეტრში სკოლის მერხებივით ერთმანეთზე მიჭუჭკნულ ხუთ მაგიდას შორის და ლამის პალტოების ერთადერთ საკიდზეც ჩხუბი მოგვივიდა. ისევ ჩემმა მშვიდობისმოყვარულობამ იმარჯვა და საკუთარი ჩანთისა და კურტკის სკამზე ჩამოკიდებამ მომიწია.
აი, ამ პაწაწუნა სივრცეში, თუ დააკვირდებით,
ნახავთ, რომ 5 მაგიდა დგას, თითო
მინიმუმ 3 კაცზე
მიუხედავად იმისა, რომ სავარძლებიც სასიამოვნოა და იქაურობაც საკმაოდ ნეიტრალურად და გემოვნებითაა მოწყობილი, „კიოტოშო“ თუ მიხვალთ, შეეგუეთ, რომ მეტისმეტი სივიწროვის გამო, თქვენს თანამგზავრებთან ერთად მარტო ერთი წუთითაც ვერ დარჩებით. ნებით თუ უნებლიეთ, სხვისი საუბრის ყველა დეტალს მოისმენთ და მათ თითო ლუკმაში ჩაყოფთ ცხვირს. ის კი არა და ხელს ცოტა ზედმეტათ თუ გაშლით, თქვენს გვერდით მაგიდასთან მჯდომებს, სახეში თქვენი სილა თუ არა, ფერდში იდაყვის მუჯლუგუნი ნამდვილად არ აცდება. განმარტოვება და მშვიდი საღამოს გატარება გამორიცხულია. თუმცა, ნამდვილად გაერთობით ხის ჩხირებით ჭამისას ვინ როგორ წვალობს და ჯახირობს - ყურებით. სხვათა შორის, ჩხირების ხმარება თუ არ გეხერხებათ ან გეზარებათ, თამამად მოითხოვეთ ჩანგალი, მერწმუნეთ ეს სირცხვილი არაა.
საჭმელს რაც შეეხევა - ვისაც მსგავის სამზარეულო გიყვართ, მისვლა ღირს. სუში კარგი და გმერიელი აქვთ. თუმცა, ისევე როგორცნე ბისმიერ თბილისურ რესტორანში,  უნდა შეეგუოთ იმას, რომ ხარისხიანის ნაცვლად განაყინ თევზს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ, ოღონდ ათი წუთის წინ დანაჭერის ფასად. სოიოს სოუსი მთლად ყველაზე ხარისხიანი ვერ აქვთ - მაგრამ ყველაზე ცუდიც არაა. აი, უგემრიელეს ტომ-იუმ სუპს რაც შეეხება, შესანიშნავი იქნებოდა, კვლავაც თბილისური სიხარებე რომ არ ძლევდეს მზარეულს და არაჩვეულებრივ ბულიონში გაყინული ქათმის ფილეს გამომშრალ, გამოფიტულ და გაქვავებულ ნაჭრებს რომ არ ყრიდეს. გეფიცებით, მათი დაღეჭვა შეუძლებელია, უნდა გადაყლაპო. ალბათ მეათასეჯერ გავიმეორებ, რომ არცერთი მეტ-ნაკლებად პრეტენზიის მქონე რესტორნის შეფი არ მისცემს თავის თავს ნებას, მწვანე ბარდის და ფენოვანი ცომის გარდა რამე გაყინული იხმაროს. კაი, ბატონო, სხვანაირი ზღის პროდუქტები საქართველოში არ შემოდის, მაგრამ ეს ქათამი მაინც ხომ გვყავს? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ 150 მლ სბულიონში ჩაგდებულ ამერიკის პრერიებში მზეზე გამოკიდებული ბიზონის ხორცივით გამომშრალი და ვინ იცის როდის დაკლული ქათმის გუმლერდის ფილის მეოთხედს მთლიანი ფასკუნჯის ხორცის ტარიფით აფასებენ. თანაც, ტომ იუმი სახელგანთქმული ტაილანდური სუპია და მას იაპონურ სამზარეულოსთან არაფერი ესაქმება. კი აწერია მენიუს იაპინური ფიუჟენიო, მაგრამ "ფიუჟენი" ორი სხვადასხვა ქვეყნი სამზარეულო ტრადიციების ნარევს ნიშნავს და არა მთელი მსოფლიოსას (ამას დომხალი ქვია). 
„კიოტოში“ ყოფნის ნათელ მომენტებში ჩემთვის ჯანჯაფილის მარინადი და ტრაპეზის დაწყებამდე ხელის გასაწმენდად მორთმეული თბილი პირსახოცი შევიდა. კიდევ, აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ოფიციანტებს დამტვრეული, მაგრამ ცოტა რუსულიც უსწავლიათ. მეზობელ მაგიდებთან, რატომღაც ყველა რუსულენოვანი მოვიდა. როგორც უკვე გიყვებოდით, ისეთი სივიწროვე იყო, გვერდით რომ ლაპარაკს იწყებდნენ, შანსი არ იყო შენ არ გაჩერებულიყავი. ამიტომ ვინ რა შეუკვეთა - სულ ზეპირად ვიცი.
„კიოტოს“ სივიწროვის კიდევ ერთი შედეგი - იქვე მაგიდებთან, პატარა კარადებში ერთ თაროზე მხარდამხარ ულაგიათ თავღია საშაქრეში შაქარი, მარილი, სოიოს სოუსი, გამოსაცვლელი თეფშები, ჩაის ჭიქები, ავეჯის საწმენდი ქიმიკატები და უკვე ნახმარი ავეჯის საწმენდი ტილო... ეს უკანასკნელები კი ყოველი კლიენტის წასვლის მერე გამოაქვთ, შენს და შენი საჭმლის თავზე გაფრქვევენ, თავზევე გაფერთხავენ და ქიმიკატების ნაზ სურნელსაც აყენებენ ირგვლივ.
იქაურ საპირფარეშოში არ ვყოფილვარ და რა ხდება არ ვიცი. რა საპირფარეშო? ხომ გეუბნებოდით, რომანტიული საღამოს გატარება გვიდოდა-თქო, მაგრამ ვერ მოგვართვეს, სასწრაფოდ ვჭაემეთ და გამოვიქეცით. მოდუნების, რბილი ბალიშებით უხვადმოფენილ ტახტზე და სავარძლებზე მოსვენების საშუალება არაა. უცხო ხალხს ლამის კალთაში უზიხარ და იმათაც ერთი სული აქვთ და შენც, როდის გადაყლაპავ საჭმელს და გაიქცევი. შირმით განცალკებული ერთადერთი მაგიდისთვის ბრძოლაში რამდენიმე ოჯახს სისხლი არ დაუღვრია, მაგრამ ფული ბლომად დახარჯეს და ბუნებრივია, ყველაზე ხელგაშლილმა გაიმარჯვა. ჯერ ერთი შეუშვეს, მაგრამ მეორემ მეტი რომ შეუკვეთა, ისინი გარეთ გამოაბუნძულეს და ამათ დაუთმეს.
ჩვენ სახლში დავბრუნდით, ისევ საკუთარ ტახტზე, საკუთარ ტელევიზორთან მოვიკალათეთ, ლაპტოპები მოვიმარჯვეთ. 1 საათის წინ ნაჭამი სუპის რეცეპტი მოვიძიეთ და საკუთარი თავით კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი: პირველივე ყლუპზე ბრინჯის ღვინის ძმრის ჩათვლით ყველა ინგრედიენტი გავარტყი. ბევრი ვიცინეთ, ერთმანეთს სათქმელი მშვიდად გავუზიარეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნამდვილი რომანტიკა ყოველთვის იქაა სადაც ჩვეენ ვართ და ამისთვის სულ არაა საჭირო ვარდების თაიგული ან მოლიცლიცე სანთლები. როცა ადამიანთან ყოფნა გიხარია, მისი სახის დანახვაც ნათელში გირჩევნია ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

"ოსკარი" სამზარეულოში

Approved by Gourmet Guide


მორიგი „ოსკარით“ დაჯილდოების საღამო მოახლოვდა და უკვე ერთი კვირაა „ფეისბუქსა“ თუ „ტვიტერზე“ „სპაგოს“ სახელგანთქმული შეფ-მზარეული ვოლფგანგ პაკის სახე დღეში რამდენჯერმე მაინც ჩნდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ აგერ უკვე მერამდენე წელია, დაჯილდოვების ღონისძიების შემდგომ ღვინისძიებას გუბერნატორის სასახლეში სწორედ ის და მისი მარადგანახლებადი და ყოველთვის ერთნაირად საინტერესო მენიუ მასპინძლობენ. ჰოდა, მეც გადავწყვიტე ჩვენი ბლოგის კოლექციას ამ უნიჭიერესი კულინარის ორიოდე საავტორო რეცეპტი კიდევ შევმატო და ამ საგანგებო საღამოსთვის საბჭოთა ღარიბი სტუდენტის გაჭირვების ტალკვესი - ყველიანი მაკარონი და გაზულუქებული კაპიტალისტების საყვარელი სასმელი ცხელი შოკოლადი შევარჩიე.

ვოლფგანგ პაკის „ოსკაროსანი მაკარონი ყველით“ – Oscar Baked Macaroni and Cheese with Black Truffles
4 პორცია
220 გრ მაკარონი (elbow macaroni), 3 ს/კ კარაქი, 3 ს/კ ფქვილი, 3 ½ ჭ რძე, ½ თეთრი ხახვი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 ჩ/კ კოშერული მარილი, 1 ჩ/კ პილპილი, 1 მწიკვი ცხარე კაიენური წიწაკა, 3 ს/კ წვრილად დაჭრილი შავი ტრიუფელი, 286 გრ ყველი თეთრი და დაძველებული ჩედერი გახეხილი, 85 გრ ყველი გრუიერი გახეხილი, 30 გრ ყველი პარმეზანი გახეხილი, ორიოდე წვეთი შავი ტრიუფელის ზეთი, 3 ს/კ კარაქი, 1 ჭ საფანელი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები,
თხლად ათლილი შავი ტრიუფელის ფანტელები მოსართავად
გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე.
დიდი ზომის ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი „ალდენტემდე“ (დაახლოებით 7 წუთი). გადავწუროთ და დავყაროთ რამდენიმე წვეთ ტრიუფელისზეთმოწუწულ ლანგარზე. სანამ მაკარონი იხარშება, სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში გავადნოთ 3 ს/კ კარაქი და ამ კარაქში მოვხალოთ ფქვილი. დაბალ ცეცხლზე ვხალოთ და თან ვურიოთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ რძე, წვრილად დაჭრილი ტრიუფელი, ხახვი და დაფნის ფოთოლი. ვადუღოთ 10 წუთი. ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ხახვი. გამოვრთოთ ცეცხლი და ჩავაყაროთ „ჩედერის“ ¾, „გრუიერი“ და „პარმეზანი“. შევამარილ-შევაპილპილოთ. დავუმატოთ მოხარშული მაკარონიც. გადავასხათ ცეცხლგამძლე თუჯის ქვაბში ან ფაიფურის ჭურჭელში და ზემოდან დარჩენილი „ჩედერი“ მოვაყაროთ. ტაფაზე 3 ს/კ კარაქში ოქროსფრად დავბრაწოთ საფანელი და ოხრახუში. მოვაყაროთ მაკარონს. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან, გავაჩეროთ 5 წუთი. ზემოდან მოვრთოდ ტრიუელის ფანტელებით.

ცხელი შოკოლადი
გამოდის 5 ფინჯანი
ცხელი შოკოლადისთვის - 2 ჭ რძე, ½ ჭ ნაღები, 2 ს/კ კაკაო, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ათქვეფილი ნაღები, გახეხილი შოკოლადი ზემოდან მოსაყრელად
Master Ganache“-თვის: 220 გრ შავი შოკოლადი, 1 ჭ ცხიმიანი ნაღები
ბასრი დანით დავჭრათ შოკოლადი ნახევარსანტიმეტრიან კუბიკებად და მოვათავსოთ საშუალო ზომის ცეცხლგამძლე ჭურჭელში. პატარა სქელძირიანი ქვაბით ნაღები საშუალო ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე. წამოდუღდება თუ არა, მდუღარე ნაღები მაშინვე დავასხათ დაჭრილ შოკოლადს. ყურადღება მივაქციოთ, რომ ნაღებმა შოკოლადი დაფაროს. 1 წუთი გავაჩეროთ და მერე სამზარეულოს ნიჩბით ან ხის კოვზით, ნელ-ნელა, წრიული მოძრაობებით ჯამის ცენტრიდან კიდეებისკენ ვურიოთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება (დაახლოებით 2 წუთი). ვეცადოთ, რომ განაშში(ასე ქვია ნაღებიან გამდნარ შოკოლადს), რაც შეიძლება ცოტა ჰაერი შეერიოს. ცალკე ქვაბში წამოვადუღოთ რძე და ნაღები საშუალო ცეცხლზე. დავუმატოთ კაკაო და ვთქვიფოთ სანამ კაკაოს ფხვნილი ბოლომდე არ გაიხსნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ განაშს. გავაჩეროთ 1 წუთი და მერე ვურიოთ დაახლოებით 4 წუთი, სანამ ერთგვაროვან ემულსიას არ მივიღებთ. დავუმატოთ ვანილიც.
დაუყოვნებლივ ჩავასხათ ჭიქებში, სურვილის შემთხვევაში მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით. მივირთვათ პეჩენიებთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Loukoumades - ბერძნული პონჩიკი

Approved by Gourmet Guide


Loukoumades - ბერძნული პონჩიკი

40 ცალი
პონჩიკისთვის: 450 გრ ფქვილი, 30 გრ საფუარი, 2 ჩ/კ შაქარი, 1/8 ლ თბილი რძე, 1/8 ლ თბილი წყალი, 1 კვერცხი, ½ ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა
სიროპისთვის: 200 გრ შაქარი, ½ ჭ თაფლი, 1/8 ლ წყალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 30 გ დაფქული ბუსტუღი (ფსტის კაკალი)
1-2 ლ ზეთი ფრიტიურისთვის

ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ამ ჩაღრმავებულში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი. დავასხათ ცოტაოდენი რძე და მოვურიოთ საფუარი კარგად რომ გაიხსნას, ოღონდ მთელ ფქვილს ჯერ ნუ შევურევთ და გავაჩეროთ თბილ ადგილას 15 წუთით.  მერე დავუმატოთ დარჩენილი რძე, წყალი, კვერცხი, მარილი, ლიმონის ცედრა და მოვზილოთ ცომი. ცომი პრიალა რომ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, მოვაყაროთ ფქვილი,  გადვაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და 40 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. დიდი ქვაბით დავადგათ ზეთი ცეცხლზე და გავაცხელოთ 180°C-მდე (ხის კოვზს რომ ჩავყოფთ, ირგვლივ ბუშტები უნდა გაიკეთოს). წყალში დასველებული სუფრის კოვზით ჩამოვჭრათ ცომი, დავაგორგოლაოთ და 3-4 ცალობით ვხარშოთ ზეთში დაბრაწვამდე დაახლოებით 4 წუთი. ხარშვის პროცესში პონჩიკები, თანაბრად რომ დაიბრაწოს ერთხელ მაინც გადავაბრუნოთ. დაბრაწული პონჩიკები ამოვიღოთ ქაფქირით და ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ.  ყველა პონჩიკი რომ შეიწვება, სქელძირიან ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავუმატოთ თაფლი ლიმონის წვენი და წყალი და მორევა-მორევით გავაცხელოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. ვხარშოთ კიდევ 5 წუთი და სიროპი რომ შესქელდება, მოვასხათ პონჩიკებს. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული ბუსტუღი ან ნებისმიერი  კაკალი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ფლანი კარამელით და ნაღების ყველით

Approved by Gourmet Guide


ამას წინათ, მე და დეიდა პოლმა თბილისის ერთ-ერთ კაფეში თბილისური ფლანი გავსინჯეთ და მივხვდი რომ... ნამდვილი მომენატრა. ჩვენს ნაჭამ აშკარად შაქარნაკლულ და საკმაოდ მშრალ ნამცხვარს ღუმელში გამომცხვარი ჭარბი კრემის გარდა ბევრი საერთო არაფერი ქონია ამ ლათინოამერიკულ დელიკატესთან.
მაშ ასე:

Flan de Queso
5 კვერცხი, 100 გრ შაქარი, 700 მლ რძე, არომატისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ლიმონის ცედრა ან დარიჩინის ჩხირი, 200 გრ ნაღების ყველი (მაგ.: მასკარპონე ან ფილადელფია), 200 გრ შესქელებული რძე
კარამელისთვის: 100 გრ შაქარი და სულ ცოტა წყალი
პირველ რიგში, ფლანის მოსამზადებელ ჭურჭელში დავაკარამელოთ შაქარი. ამისთვის ტორტის საცხობი ფორმაც გამოდგება. ჩავყაროთ 100 გრ შაქარი, დავასხათ სულ ცოტა წყალი და შემოვდგათ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ნუ მოვურევთ (!), ვაცალოთ შაქარს გადნობა და ვადუღოთ სანამ მუქი ოქროსფერი არ გახდება, მაგრამ ნუ დავწვავთ! გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე ქვაბში გავაცხელოთ რძე ლიმონის ცედრასთან ან დარიჩინი ჩხირთან ერთად (შეგიძლიათ ორივე ჩაანაცვლოთ ვანილით ან დაუმატოთ ხსნადი ყავა. ერთი სიტყვით, ფლანის „გემო“ მთლიანად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული). დავუმატოთ შაქარი და ვურიოთ სანამ არ გადნება. ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები ნაღების ყველთან ერთად და დავუმატოთ ცოტაოდენი თბილი რძეც. დუღილამდე მიყვანილი რძინად ამოვიღოთ დარიჩინის ჩხირი ასეთის არსებობის შემთხვევაში და შესქელებულ რძესთან ერთად ჩავათქვიფოთ კვერცხისა და ყველის კრემს. მიღებული მასა ჩავასხათ კარამელიან ტორტის ფორმაში.
უფრო დიდი ზომის ტორტის ფორმაში ჩავასხათ მდუღარე წყალი და  შიგნით ჩავდგათ ჩვენი კრემიანი ფორმა, ისე რომ წყალი კრემიან ფორმას შუამდე წვდებოდეს. ძალიან ფრთხილად, ისე რომ  წყალი კრემში არ ჩაგვესხას (!) შევდგათ 170°C-მდე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 1 საათი. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით. მზა და ჯერ კიდეც ცხელ ფლანი უნდა შეიკრას, მაგრამ თითს ფრთხილად რომ დააჭერ, შუაში ჟელესავით უნდა თახთახებდეს. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე ცხელ წყალში ჩადგმულ ფორმაშივე. მერე შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით. მთელი ღამით ჯობია. ფორმას დიდი ზომის ლანგარი დავაფაროთ და გადმოვაყირავოთ. ფორმის ფსკერზე თავიდანვე ჩასხმული კარამელი ახლა ფლანს თავზე მოექცევა და გვერდებზეც ჩამოიწუწება. დავუძახოთ ოჯახის წევრებს და გემრიელად მივირთვათ!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

6 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე დაბრაწული ღორის ბეჭი

Approved by Gourmet Guide


დაბრაწული ღორის ბეჭი ჯეიმი ოლივერისგან
2 კილოგრამიანი ღორის ბეჭი თავისი ძვლით და ტყავით, ზვის მარილი და ახალდაფქული პილპილი, 2 წითელი ხახვი შუაზე გაჭრილი, 2 სტაფილო გათლილი და სიგრძეზე ორად გაჭრილი, 2 ღერო ბოლქვიანი ნიახური შუაზე გაჭრილი, 1 თავი ნიორი კბილებად დაშლილი და კბილები თავისავე ტყავში დატოვებული, 6-8 დაფნის ფოთოლი, 600 მლ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი.
გავახუროთ ღუმელი 220°C-მდე.
ღორის ბარკალი მოვათავსოთ დაფაზე ტყავით  ზევით. ავიღოთ ბასრი დანა და ღორის ტყავი 1 სმ-ის შუალედით დავსეროთ დიაგონალზე, ძალიან ღრმადაც ნუ ჩავჭრით. კარგად შევაზილოთ მარილი. ზედმეტი მარილი გადავფერთხოთ და ხორცი ამოვატრიალოთ და მეორე მხრიდანაც მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ბეჭი დავდოთ ღუმელში შესადგამ ტაფაზე ტყავით ზევით და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ვბრაწოთ 30 წუთი, ღორის ტყავი რომ დაიბუშტება და დაკრაწუნებას დაიწყებს, ცეცხლს 170°C-მდე დავუწიოთ. ღორის ბეჭს ორმაგად გაკეცილი ალუმინის ფოლგის ნაჭერი გადავაფაროთ და შევაბრუნოთ ღუმელში 4 საათ ნახევრით.
გამოვიღოთ ღუმელიდან. გადავხადოთ ფოლგა და ხორცს მოვასხათ ტაფის ფსკერზე დაგროვებული ცხიმი. ბეჭი ფრთხილად ავიღოთ და გადავიტანოთ ლანგარზე ან საჭრელ დაფაზე. ტაფიდან რამდენიმე სუფრის კოვზი ცხიმი გადმოვასხათ ფიალაში და კარტოფილის შესაწვავად შევინახოთ.
ტაფაზე დავყაროთ ბოსტნეული და კარგად ამოვგანგლოთ ცხიმში. ბოსტნეულზე ზევიდან დავდოთ ღორის ბეჭი და ფოლგის გარეშე შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ ერთი საათით. ამ დროისთვის ხორცი უნდა "დნებოდეს" ანუ ფანტელებად იშლებოდეს.
ხორცი გადმოვიტანოთ ლანგარზე, გადავაფაროთ ფოლგის ნაჭერი და „დავასვენოთ“, ჩვენ კი მანამდე საწებელის მომზადებით დავკავდეთ. ტაფიდან ზედმეტი ცხიმი კოვზით ამოვხაპოთ, მერე დავუმატოთ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი და შემოვდგათ გაზზე. წამოვადუღოთ და ვათქუხთუხოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შიგადაშიგ ვურიოთ ხის კოვზით და ვეცადოთ, რომ ტაფის ძირზე მიკურული ხორცის მინაწვავი ავფხიკოთ. სოუსი რომ შესქელდება და გამუქდება, გადავწუროთ ხშირ საცერზე და კოვზით მოხარშული ბოსტნეულის პიურეც გავიყვანოთ საცერზე. გავსინჯოთ. საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ მარილი და პილპილი.
ღორის ხორცი მივირთვათ მისავე საწებელთან და მის ცხიმშივე შემწვარ კარტოფილთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

წიგნის დღე და ხელნაწერი მემკვიდრეობა

Approved by Gourmet Guide


მახსოვს, სტუდენტობის პირველ თუ სკოლი ბოლო წლებში, მორიგ დაბადების დღეზე მაშინ ძალიან მოდური მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ ხუთი სრულიად იდენტური ეგზემპლიარი და გრიგოლ რობაქიძის შვიდი „გველის პერანგი“ მივიღე საჩუქრად. ისიც მახსოვს, რომ კიდევ უფრო ღრმა, საბჭოთა ბავშვობაში, წერა-კითხის ცოდნისდა მიუხედავად, ყველამ იცოდა რომ წიგნი კარგი და აუცილებელი იყო და ძალიან ბევრ ოჯახში დღემდეა შემორჩენილი ტოლსტოისა თუ ჰიუგოს მოწიწებით ნაყიდი და შეურყვნელი, გადაუშლელი ტომები. ერთი სიტყვით, იყო დრო, როცა ყველაზე მკითხველ და ნაკითხ ერად ვითვლებოდით.
დღეს, აქა-იქ კიდევ შემორჩა წიგნის სიყვარული და ბევრმაც ინსტინქტურად იცის, რომ წიგნი კარგია, მაგრამ ხუთიოდე წლის წინ, სამსახურში იძულებითი უსაქმურობის დროს მე და დეიდა პოლი წიგნით ხელში რომ ვისხედით და უაზოდ გაწელილი საათების შინაარსიანად გაყვანას ვცდილობდით,  აკადემიურ ხარისხიანი თანამშომლები რიგ-რიგობით მოდიოდნენ და უცხო მხეცებივით გვათვალიერებდნენ. თან ერთმანეთს თითით უჩვენებდნენ და ეჩურჩულებოდნენ: „შეხედე, შეხედე, წიგნს კითხულობენო!“
ერთხელ პლიაჟზე გასარუჯად წამოკოტრიალებულს მითხრეს, „შენ რა ნერვები გქონია, აქ წევხარ და „კოსმოპოლიტანს“ კითხულობო, გეგონება შექსპირის ტრაგედიებით ვტკბებოდი ან ფოლკნერის და ჰესეს შემოქმედებით. ერთი სიტყვით, სად გაქრა და ახალ თაობას გენეტიკის დონეზე რატომ არ გადაეცა მშობლების და ბებია-ბაბუების წიგნის სიყვარული არავინ იცის. 
განა, სულ ცოტა ხნის წინ არ იყო, როცა ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულები, მე და მამაჩემი ერთმანეთს წიგნებს ვპარავდით და საკმარისი იყო ვინმეს უყურადღებოდ დაეგდო გადაშლილი წიგნი, მაშინვე მეორე დასტაცებდა ხელს? თანაც ამასობაში სხვაგანაც ისწავლეს კითხვა და ამერიკელები ყველაზე აქტიურ მკითხველ ერად იქცნენ. ერთადერი ის გვშველის, რომ ძალიან ბევრნი არიან და უმეტესობის განათლების დონე მოიკოჭლებს. ევროპელებიც კითხულობენ, რუსებიც. ჩვენ კი ყოველი სექტემბრის ბოლოს სკოლის წიგნების საფასურს ხელის კანკალით ვიხდით და პარალელურად შვილისთვის მორიგ აიფონს კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც ვყიდულობთ.
მატენადარანი
ერევანში, ყველაზე ლამაზ შენობაში, ყველაზე ლამაზ ადგილას, ქალაქის ცენტრში ხელნაწერთა ინსტიტუტი „მატენადარანი“ მდებარეობს და ქალაქის რომელ ქუჩაზეც არ უნდა იყოთ, მისკენ მიმავალ გზის მაჩვენებლებს ყველგან ნახავთ. არადა, საკმაოდ მწირი კოლექცია და პატარა მემკვიდრეობა აქვთ. სამაგიეროდ, როგორ აქვთ გამოფენილი? თავი ნამდვილ სასახლეში გეგონება და ეგრევე მიხვდები წიგნს და საკუთარ ისტორიას როგორ პატივს სცემენ.
საქართველოს ხელნაწერთ ცენტრში ყოფილხართ? 
გული დაგეწვება როგორ უპატრონოდ ყრია პირადად თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალისა და ერეკლე მეორი მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და მე-9 - მე-19 საუკუნის უნიკალური წიგნები: ბეშქენ ოპიზრის ერთადერთი შემორჩენილი ნამუშევარი, ლაილაშის ბიბლია და პირველი „ვეფხისტყაოსანი“. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კლიმატკონტროლისა და ძველი ხელნაწერების მოვლის ყველა წესის დარღვევით, ეგებ ვინმეს ორი კაპიკი დავცანცლოთო, ყველა მეტ-ნაკლებად პატივსაცემ სტუმარს საცავში მიათრევენ და მერე გაოცებული უცხოელების (და არამხოლოდ) თვალწინ დაახრიგინებენ და ფურცლავენ ამ წიგნებს. ყბადაღებული „მოქვის“ შენახვის პირობები რომ განახათ, ალბათ ამაზე პასუხისმგებელი პირის სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებას მოითხოვდით. პარალელურად, ხელნაწერებს თითქმის აღარავინ სწავლობს და ეს საგანმანათლებლო ცენტრი მხოლოდ საკმაოდ დაბალი ხარისხის სურათებიანი ალბომების დამშტამპავ და დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის გამოფენების მომწყობ ორგანიზაციად იქცა, რომელიც რეაურად ერთადერთი ადამიანის, მისი დირექტორის კაიბიჭობის რეკლამირებას და ტელეეთერში ღრმადპატრიოტული და ერის გასაჭირზე მჭმუნვარე სიფათით კვანწვას ემსახურება. 
იქ დაცული წიგნების 90%-ის შინაარსი დღემდე უცნობია. არადა, უნდა განახათ იქ მოხვედრილი სხვადასხვა ქვეყნის ელეჩები და მეცნიერები როგორი გაოცებით კითხულობენ აქ, ასეთ პირობებში რატომ ხართო და ვერაფრით ხვდებიან როგორ შეიძლება მოექცე ასე აგდებულად კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ ხალხზე ბევრად მაღლა გაყენებს. იმათ ხომ ვერ აუხსნი, რომ მეცნიერებაზე, კვლევაზე და ნებისმიერი უნიკალური ხელნაწერი ძეგლის რესტავრაციაზე უფრო მაღლა ადმინისტრაციის მივლინებები და ექსპედიციები დგას, მათივე განსადიდებელ საკმაოდ უხარისხოდ ორგანიზებულ გამოფენებთან ერთად.
დღეს სომხეთში ერთმანეთისთვის წიგნების ჩუქების დღეა, რომელიც სომხეთის მთავრობამ 2008 წელს აღადგინა(!), ჩემთვის კი წიგნი ბოლო 10-15 წელია არავის უჩუქებია... არადა, ყველამ იცის, რომ მაქვს ასეთი ნაკლი და კითხვა ძალიან მიყვარს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ერთი ისტორია გამახენდა: ჩემს რძალს უმცროსი და ყავ და ერთხელ მამამ (იმათმა, ჩემმა არა) ჩემზე უთხრა, ამას მიბაძე, შეხედ როგორი ჭკვიანი და განათლებულია, რამდენი რამე იცის, ბევრს კითხულობს და იმიტომო და გოგომ ხელზე მომქაჩა, “შენისთანა რომ გავხდე, დღეში რამდენი გევრდი უნდა წავიკითხოო...“

ამერიკის შეერთებული შტატების დროშა

Approved by Gourmet Guide


ცოტა ხნის წინ მცირე განხილვა მქონდა მეგობართან სხვადსახვა ქვეყნის დროშების შესახებ და როგორც აღმოვაჩინე აზრთა სხვაობა დაფიქსირდა შეერთებული შტატების დროშის გარშემო, კერძოდ მისი დიზაინის საკითხებზე. დროშაზე გამოსახული ზოლების რაოდენობაზე ჩვენი პოზციები დაემთხვა, აი ვარსკვლავებთან დაკავშირებით ცოდნის შედარებისას კი ,,ერთვარსკვლავიანი“ ცდომილება დაფიქსირდა. აღნიშნულის შემდეგ გადავწყვიტე უფრო დეტალურად გავცნობოდი ხსენებულ თემატიკას.
ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე გამოსახულია ცამეტი ზოლი (შვიდი წითელი და ექვსი თეთრი) და მუქ ლურჯ მართკუთხა ფონზე განლაგებული ორმოცდაათი თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ხსენებული ზოლები სიმბოლურად გამოხატავენ ბრიტანეთის იმ ცამეტ ყოფილ კოლონიას, რომელთა გაერთიანების შედეგადაც მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში საფუძველი ჩაეყარა ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ისინი სახელმწიფოში შემავალ შტატებს ასახიერებენ. ვარსკვლავები განლაგებულია ცხრა მწკრივად და თერთმეტ რიგად (ხუთი ექვს ვარსკვლავიანი და ოთხი ხუთვარსკვლავიანი მწკრივი). თავად ლურჯი ფონი ვარსკვლავების, ანუ შტატების ერთიანობის, კავშირის სიმბოლოა.
სულ პირველ სახელმწიფო დროშაზე, რომელიც კონგრესმა 1777 წლის 14 ივნისს დაამტკიცა, გამოსახული იყო ცამეტი ვარსკვლავი. დროთა განმავლობაში, შტატების რაოდენობის მატებასთან ერთად იცვლებოდა ვარსკვლავების რაოდენობა. როგორც წესი დროშაზე ვრსკვლავი ემატებოდა მომდევნო 4 ივლისს (ა.შ.შ.–ს დამოუკიდებლობის დღეს), მას შემდეგ, რაც ახალი შტატი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდოდა. ზოლების რაოდენობა მხოლოდ ერთხელ შეიცვალა 1795 წელს, როდესაც ორ ვარსკვლავთან ერთად დროშას ორი ზოლიც დაუმატეს ვერმონტისა და კენტუკის შტატების სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანების ნიშნად. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ზოლების რაოდენობა კვლავ ცამეტს გაუთანაბრდა. მას მერე მხოლოდ ვარსკვლავთა რაოდენობა იცვლებოდა. ბოლო ცვლილება დროშაზე 1960 წელს მოხდა, ჰავაის კუნძულების ა.შ.შ.–ს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ. სწორედ ამ ბოლო ცვლილების შემდეგ მიიღო შტატების დროშამ დღევანდელი იერი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სპეციალურად გამოიყენება ფერთა მუქი ტონები, რათა დროშები მალე არ გაუფერულდნენ, განსაკუთრებით გემებზე აღმართულები.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშის გამოყენება დარეგულირებულია საკანონმდებლო ნორმებით. აღნიშნული ნორმებით დადგენილია არაერთი წესი, რომელთა სრულ ჩამონათვალს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა მოვიყვან ზოგიერთ მათგანს:
       ა.შ.შ.–ს დროშა არასდროს უნდა ეხებოდეს მიწას;
       დროშა ყოველთვის უნდა ეკიდოს (ფრიალებდეს) თავისუფლად (გამონაკლისი შემთხვევა დაშვებულ იქნა ამერიკელი ასტრონავტებისათვის, რომლთაც მთვარეზე აღმართეს იგი);
       ღამის საათებში დროშა უნდა იყოს განათებული;
       დროშის კანტონი (თეთრი ვარსკვლავებით გაწყობილი ლურჯი ფონი) ყოველთვის უნდა იყოს დროშის ზედა მხარეს.
ბოლო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დროშის თავდაყირა აღმართვით ხდება უბედურების სიგნალის მიწოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება ნანახი გქონდეთ რობერტ რედფორდის მონაწილეობით გადაღებული ფილმი ,,უკანასკნელი ციხესიმაგრე“ (The Last Castle), სადაც ყოფილი სამხედროებისათვის განკუთვნილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ყოფილი გენერლის თაოსნობით მომხდარი ბუნტის ფინალი თითქოსდა ციხის  ეზოს ცენტრში მდგარ ფლაგშტოკზე სახელმწიფო დროშის თავდაყირა აღმართვა უნდა ყოფილიყო, რითაც გარე სამყაროსათვის ციხის დაცემის სიგნალი უნდა მიეწოდებინათ, თუმცა როგორც შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, გენერალს აზრადაც არ ჰქონია სახელმწიფო სიმბოლიკის თავდაყირა აღმართვა. თუ ნანახი არ გაქვთ ხსენებული ფილმი, გირჩევთ ნახოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც სამხედრო თემატიკითაა დაინტერესებული.
თუ დაკვირვებიხართ, შტატების დროშა სიბრტყეზე ძირითადად ლურჯი ფონით მარცხნივ გამოისახება, თუმცა შეიძლება შეგინიშნავთ ისიც, რომ სამხედრო ტექნიკაზე, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა საველე უნიფორმის მკლავებზე იგი ხშირად ლურჯი ფონით მარჯვნივ არის გამოსახული. ერთ–ერთ ამერიკელ სამხედროს ვკითხე ამის შესახებ. როგორც მან განმიმარტა, აღნიშნულს სიმბოლური დატვირთვა ჰქონია. კერძოდ, ტექნიკის ბორტზე (ან სამხედროთა საველე ფორმის მკლავზე) გამოსახავენ დროშას ლურჯი ფონით ტექნიკის წინა მხრის მიმართულებით (მკლავზე – სამხედრო მოსამსახურის მკერდის მიმართულებით). სიმბოლური დატვირთვა კი შემდეგში მდგომარეობს: წარმოიდგინეთ შეტევაზე გადასულ ამერიკელ სამხედროთა ქვედანაყოფი, რომელსაც წინ მედროშე მიუძღვის. დროშის ლურჯი ფონი რა თქმა უნდა შეტევის მხარის მიმართულებით იქნება მოქცეული... შესაბამისად, ყოველივე ხსენებული მუდამ წინ – შეტევაზე მიმავალის ასოციაციას იწვევს.
ერთ–ერთ ინტერნეტ გვერდზე დროშის ახალი ვარიანტის ორი ესკიზიც ვიხილე, გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, თუ შეერთებული შტატებს ახალი, ორმოცდამეთერთმეტე შტატი შეემატება. მოხდება თუ არა ამ ახალი ესკიზებიდან რომელიმეს დამტკიცება სამერმისოდ, ამას დრო გვიჩვენებს.

მავნე ნუიზამ, სპეციალურად ბლოგისთვის

Oliebollen - ჰოლანდიური პონჩიკი

Approved by Gourmet Guide


Oliebollen - ჰოლანდიური პონჩიკი

375 გრ ფქვილი, 25 გრ საფუარი, 2 ს/კ შაქარი, 1/8 ლ თბილი რძე, ½ ჩ/კ მარილი, 3 კვერცხი, 4 ს/კ ყავიფერი ქიშმიში, 4 ს/კ ყვითელი ქიშმიში, 4 ს/კ ფორთოხლის კანის ცუკატები, 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 ლ ზეთი, შაქრის პუდრა მოსაყრელად
ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ამ ჩაღრმავებულში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი. დავასხათ ცოტაოდენი რძე და მოვურიოთ საფუარი კარგად რომ გაიხსნას, ოღონდ მთელ ფქვილს ჯერ ნუ შევურევთ და გავაჩეროთ თბილ ადგილას სანამ საფუარი ბუშტების გაკეთებას არ დაიწყებს. მერე დავუმატოთ დარჩენილი რძე,  კვერცხები, მარილი და მოვზილოთ ცომი. ცომი პრიალა რომ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, გადვაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და 60 წუთით დავდგათ თბილ ადგილას. ამოსული ცომი ზომაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. დიდი ქვაბით დავადგათ ზეთი ცეცხლზე და გავაცხელოთ 160°C-მდე (ხის კოვზს რომ ჩავყოფთ, ცხელმა ზეთმა ბუშტები უნდა გაიკეთოს). ცომს სწრაფად დავუმატოთ ქიშმიში, წვრილ კუბიკებად დაჭრილი ფორთოხლის ცუკატები და ლიმონი ცედრა. ცომისგან დავაგორგოლაოთ ბურთულები, თითო დაახლოებით 4 ს/კ ცომის ოდენობის და დაახლოებით 5 წუთი ვხარშოთ ზეთში (გადავატრიალოთ ხოლმე). ერთ ჯერზე, ბერვს ნუ ჩაყრით, 3-4 ჩააგდეთ. დაბრაწული პონჩიკები ამოვიღოთ ქაფქირით და ზედმეტი ცხიმის დასაწრეტად ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ. ცხლადვე მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ძაბრის ნამცხვარი“ ანუ Funnel Cake

Approved by Gourmet Guide


დღეს პონჩიკოსანთა ოჯახი ფრიად უჩვეულო და საკმაოდ გემრიელ ჩრდილოამერიკელ წარმომადგენელს - Funnel Cake-ს გთავაზობთ, რომლის დასახელებაც სიტყვა-სიტყვით „ძაბრის ნამცხვარ“ ანუ ძაბრში გატარებულ ნამცხვარს ნიშნავს. თავად ცომი უიოლესად  მზადდება ყველა ინგრედიენტის მარტივად ერთმანეთში გადარევი გზით. მთელი სირთულე, ცომის გავარვარებულ ზეთში ჩასხმის ტექნოლოგიაში გახლავთ. საკმაოდ თხევადი ცომი ძაბრის მეშვებით ზეთსი ისე უნდა ჩაასხათ, რომ საკმაოდ ფართო დისკის ფორმის მაქმანივით ნაქსოვი პონჩიკი მიიღოთ, რაც ასაღწერად და წარმოსადგენლად უფრო ძნელია, ვიდრე გასაკეთებლად.
ამიტომ, რეცეპტს კი სახელგანთქმული კულინარი მარტა სტიუარტის წიგნიდან გთავაზობთ, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის სხვისი ვიდეოც მოვაყოლე (მარტას ვიდეო იუთუბზე სამწუხაროდ არ აღმოჩნდა). თავად პონჩიკის ფორმიდან გამომდინარე, მის დასაბრაწად ქვაბ ფართო ტაფა ჯობია. ამ შემთხვევაში სიღრმეზე მეტი მნიშვნელობა სიფართეს აქვს.
უკვე გმომცხვარ პონჩიკებს, მჭამელის გემოვნების მიხედვით, აყრიან შაქრის პუდრას, ასხამენ გამდნარ შოკოლადს ან ნებიმიერ სიროპს, ან სულაც ათქვეფილი ნაღებით, ნაყინით და ხილით რთავენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი თვქენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, ამ ნამცხვრისთვის იდეალურია მაჭკატების ანუ ალადიკების ცომი.

მარტა სტიუარტის Funnel Cake
8 ცალისთვის
ზეთი დასაბრაწად, 1 ჭ ფქვილი, 0,5 ჩ/კ სოდა 2 ჩ/კ ლერქმის შაქარი, ¼ ჩ/კ მარილი, ¾ ჭ რძე, 1 დიდი კვერცხი, 2 ს/კ ზეთი, 1/2 ჩ/კ ვანილის ექატრაქტი (ჩაანაცვლეთ 1 პაკეტი ვანილის შაქრით), ½ ჭ შაქარის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
ფართო ტაფაზე გავავარვართ დაახლოებით 1 ლ ზეთი. საუალო ზომის ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, სოდა, ლერწმის შაქარი და მარილი. დავუმატოთ კვერცხი, რძე, ვანილი და 2 ს/კ ზეთი. გავთქვიფოთ კარგად. საშუალო ზომის ძაბრის ხვრელს ქვემოდან დავაფაროთ თითი და ჩამჩით ჩავასხათ ცომის ერთი პორცია. ძაბრი გადავიტანოთ გაცხელებული ზეთის თავზე და  მოვაცილოთ თითი და წრიული მოძრაობებით დავიწყოთ წვრილ ნაკადად წამოსული ცომი ჩასხმა. ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება, გადავატრიალოთ და მეორედანაც დავბრაწოთ. მზა ნამცხვარი ამოვიღოთ და დავდოთ ქაღალდი ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისაგან დასაწრეტად. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გემრიელად ჩავახრამუნოთ!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Bomboloni alla crema - იტალიური პონჩიკები კრემით

Approved by Gourmet Guide


Bomboloni alla crema - იტალიური პონჩიკები კრემით

ცომისთვის: 500 გრ ფქვილი, 25 გრ საფუარი, 2 ს/კ შაქარი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, 3 საშუალო ზომის კვერცხი, 250 გრ არაჟანი, 1 მწიკვი მარილი
კრემისთვის: ½ ლ რძე, 100 გრ შაქარი, 4 კვერცხის გული, 75 გრ ფქვილი, 1 ს/კ კარაქი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა ან ვანილი
ასევე: არაქისის ზეთი პონჩიკების დასაბრაწად და შაქარი პონჩიკების ამოსაგანგლავად
პირველ რგში მოვამზადოთ კრემი: სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ რძე, კარაქი და ლიმონის ცედრა. გადმოვგათ ცეცხლიდან. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. მასა რომ გაღიავდება გადავურიოთ ფქვილი და წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ჯერ კიდევ ცხელი რძე. კვერცხის და რძის მასა დავაბრუნოთ რძის ქვაბში, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და მორევა-მორევით წამოვადუღოთ. ვადუღოთ 2 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. უფრო მალე რომ გაგრილდეს გადავასხათ ფართო ჯამში. ქერქი რომ არ გაიკეთოს, ცელოფანი გადავაკრათ (ცელოფანი კრემის ზედაპირს უნდა ეხებოდეს). სანამ კრემი გრილდება, მივხედოთ პონჩიკებს.
ცოტაოდენ თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი, გავაჩეროთ 10-15 წუთი და საფუარი ბუშტებს რომ გაიკეთებს, დავუმატოთ ჯამში ერთმანეთში გადარეულ ფქვილს, მარილს, კვერცხებს, ლიმონის ცედრასა და ნაღებს. მოვზილოთ ცომი. ვზილოთ სანამ ცომი არ შეიკვრება, პრიალა არ გახდება და ჯამის კედლებს არ მოშორდება. მერე გადავაფაროთ ჩაის ტილო და თბილ ადგილას გავაჩეროთ 1 საათით. ამოსული ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და საბრტყელებლით გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქეზე. 7-8 სმ დიამეტრის ჭიქით ან საგანგებო საჭრელით ამოვჭრათ წრეები. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ სანამ ცომის წრეები ზომაში არ გაორმაგდება. ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 175°C-მდე და თითო ჯერზე 3-4 პონჩიკი მოვხარშოთ - ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება, კოვზით ან ჩანგლით გადავატრიალოთ და მეორედანაც დავბრაწოთ. ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად. ცხელივე ამოვგანგლოთ თეფშზე დაყრილ შაქარში და საკონდიტრო შპრიცის მეშვეობით დავტენოთ მოხარშული კრემით. მივირთვათ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

რამდენიმე მარტივი რჩევა ვალენტინობის აღნიშვნასთან დაკავშირებით

Approved by Gourmet Guide

Fran's Chocolates


ვალენტინობა ერთ-ერთ იმ უცხოურ დღესასწაულთაგანია, რომლის აღნიშვნაც ქართველებმა უსიტყვოდ და ზედმეტი ფიქრის გარეშე გავითავისეთ. ოღონდ, გარკვეული სახეცვლილებები და ჩვენებური კორექტივები ამ საქმეშიც შევიტანეთ. მაგალითად: მინიმალურ დროს ვუთმობთ ეგრეთ წოდებული ხელითნაკეთი „ვალენტინების“ დამზადებას (რაც ჩემი აზრით სულ არაა ცუდი) და არ ვაცხობთ წმინდა ვალენტინის დღისადმი მიძღვნილ კექსებსა და ტორტებს. ერთი სიტყვით, პირდაპირ ვალენტინობის დღის საუკეთესო ნაწილზე ანუ საჩუქრებსა და რეტორანში რომანტიულ საღამოზე გადავდივართ ზედმეტი შრომისა და თავის შეწუხების გარეშე. არადა ამ დღის მთელი არსი, სწორედ სატრფოსთვის თავის შეწუხებასა და მის მიართ ზრუნვის გამოხატვაში, ანუ საკუთარი ხელით რამის შექმნაშია. კიდევ ერთი მომენტი, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, განსაკუთრებულად სკოლის მოსწავლეებში, როცა გოგოს, ამ შემთხევაში მოწონებულ სარძლოს, ბიჭის დედა უგზავნის საჩუქარს. თუმცა, რა სკოლის მოსწავლეები, ჩემი ახლობელი 28 წლის ბიჭის დედაც ასე უგზავნის შვილის ხელის სავალენტინობო და საახალწლო საჩუქრებს 27 წლის სარძლოს.
Vosges Haut-Chocolat
ამან ქართული სასიყვარულო ტრადიციების კიდევ ერთი უცნაურობა გამახსენა: შეგიმჩნევიათ, რომ ოფოციალურ ნიშობაზე საქორწილო ბეჭედს სარძლოს სადედამთილო უკეთებს და არა საქმრო? და, ისვე ასხამს საჩუქრად მირთმეულ დანარჩენ სამკაულებსაც.
ახლა ისევ ვალენტინობის ჩვენებურად აღნიშვნას მივუბრუნდები და გეტყვით, რომ აქ თუ ყველაზე კაი პონტად რესტორანში წასვლა ითვლება, უცხოელებს ამ დღის შინ გატარება ურჩევნიათ. ჯერ ერთი, უფრო რომანტიულია. რომანტიკული სადილი კი საღამოს კიდევ უფრო რომანტიულად გაგრძელებას გულისხმობს და ამისთვის სწორედ სახლია ზედგამოჭრილი და გარდა ამისა, ამ დღეს რესტორნები გადაჭედიალია. შესაბამისად: უარესია მომსახურებაც, სიტუაციაც და სამზარეულოც და ძალიან ძნელია ამ აყალ-მაყალსა და საყოველთაო გნიასში რომანტიული განწყობის შენარჩუნება.
Christipher Elbow Artisanal Chocolate
სახლში კი ყველაფერი თქვენს ხელთაა, ოღონდ წინდახედული სპეციალისტები (მოგეხსენებათ, უცხოეთში ყველაფრის სპეციალისტები ყავთ) რამდენიმე რჩევას აქაც გთავაზობენ: ჯერ ერთი, რაიმე მსუბუქი, ადვილად დასამზადებელი და მაგიდასთან ადვილად მისატანი კერძები შეარჩიეთ. თავს ნუ მოიკლავთ სამზარეულოსა და საადილო ოთახს შორის სირბილით და არც თქვენი მეწყვილე უნდა დატანჯოთ ჩინური ჩხირებით ან კიბორჩხალების საცეცების სამტვრევი პინცეტებით ჯახირით. მეორე - ბინდ-ბუნდი კი რომანტიულ გარემოს ქმნის, მაგრამ ოთახს ისეც ნუ დააბნელებთ, რომ ერთმანეთის სახეს და გამომეტყველებას ვერ ხედავდეთ. 3. არომატიზირებული სანთლების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, ჭამის დროს, საჭმლის სუნთან შერწყმისას უარყოფითი ეფექტი არ გამოიწვიოს. არომატიზირებულ სანთლებს სასადილო ოთახში საერთოდ არ ხმარობენ - მათი ადგილი საძინებელშია.
შინ იქნებით თუ გარეთ, ვალენტინობაზე კატეგორიულად იკრძალება ნივრის, ლობიოს, მუხუდოს, კომბოსტოს და  მწნილების ჭამა. ასევე, დიდი ოდენობით გაზიანი სასმელი დალევა. ერთი სიტყვით, ერიდეთ ყველაფერ მყრალს და იმას რაც ბოყინს, მუცლის გაბერვას და მოჭარბებულ მეტეორიზმს იწვევს.
L.A. Burdick Chocolates
ჩემი მხრიდან კი იმას დავამატებ, რომ პირადად მე, ყველაზე მეტად აი, ამ შოკოლადების მიღება გამეხარდებოდა, მაგრამ მთელი უბედურება იმაშა, რომ საქართველოში ვერცერთ მათგანს ვერ ნახავთ...





საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპონს

Beignets - ფრანგული პონჩიკები ახალორლეანურად

Approved by Gourmet Guide


ბენიე ახალ-ორლეანურად
(ენ ბარელის რეცეპტებიდან)

24 ცალი
¾ ჭ ნელ-თბილი წყალი, 25 გრ მშრალი საფუარი, ½ ჭ- +1 ჩ/კ შაქარი, 4 ჭ ფქვილი, მწიკვი მარილი, 2 კვერცხის გული, ½ ჭ შესქელებული რძე, 2 /კ გამდნარი კარაქი, 1 ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, შაქრის პუდრა მოსაყრელად
4 ან 6 ჭ არაქისის ან ნებისმიერი სხვა ზეთი.
ჭიქაში გავხსნათ გავხსნათ წყალი, საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი. დავდგათ თბილ ადგილას სანამ საფუარი ბუშტების გაკეთებას არ დაიწყებს. ცალკე ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, მარილი და დარჩენილი შაქარი. კიდევ ერთ ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, შესქელებული რძე, გამდნარი კარაქი და ვანილი. მერე ჩავამატოთ საფუარიანი სითხეც და კარგად მოვურიოთ. ახლა მშრალი (ფქვილი) და სველი (კვერცხი და რძე) ინგრედიენტები ერთმანეთში გადავურიოთ მიქსერის მეშვეობით და მოვზილოთ ცომი. ხელით ან მიქსერის ცომის ზელვის რეჟიმით ვზილოთ დაახლოებით 5 წუთი. ცომს თავზე ჩაის ტილო ან ცელოფანი გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 2 საათით.
ფართო ქვაბში გავაცხელოთ ზეთი 175°C-მდე. ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე, დავაგორგოლაოთ ძეხვის ფორმაზე და დავჭრათ 5 სმ-ს კვადრატებად. ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცი დავაფინოთ, უკვე დაბრაწული ბენიეების დასალაგებლად და შევუდგეთ მათი ხარშვის პროცესს. თითო ჯერზე ოთხ ცალზე მეტს ნუ ჩაყრით. ერთი მხრიდან რომ დაიბრაწება გადავაბრუნოთ და მეორედანაც დავბრაწოთ, მერე კი ბლომად შაქრის პუდრა მოვაყაროთ და მივირთვათ ცხლად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი