Berliner - ბერლინური პონჩიკი

Approved by Natia Jinjolava


არაფერი არ უხდება ზამთრის სიცივეს ისე, როგორც ცხელი ჩაი ან კაკაო და პონჩიკი. მავანი ალბათ შემისწორებს, პონჩიკი კი არა, ფუნჩულაო. მომკალით და ფუნჩულა ბავშვის ლოყა ვიცი მე. ძალიან გემრიელი, მაგრამ გაქონილი და ცხიმიანი დესერტი კი სრულიად სხვა ასოციაციებს იწვევს ჩემში და გარდა ამისა, ასე მარტივად და კეკლუცად თუ ავიტაცეთ ამერიკული დონატი (ან თუნდაც ფრანგული ტარტი, ეკლერი და შუ), პონჩიკი რუსული იტყვა რომაა, მარტო იმიტომ ითვლება გოიმობად? მთელი ბავშობა ასე ვეძახოდით და უცებ, რატომ უნდა გახდეს ფუნჩულა. მათ საყურადღებოდ კი, ვინც ასევე ქედმაღლურად შემისწორებს, დონატი კი არა დონატსიო, განვმარტავ: დონატსი დონატეების მაღაზიას ან კაფეს ქვია - ადგილს სადაც ბევრი დონატი დევს, ერთ ცალს კი დონატი ანუ სიტყვა-სიტყვით ცომის ჭანჭიკი ქვია. ვისაც არ გჯერათ, ნებისმიერ ლექსიკონში გადაამოწმეთ. ანუ, სწორია ან დონატები ან დონატსი, თორემ დონატსები ქართულად დონატებები გამოდის. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია ვინ რას დაუძახებს, მაგრამ უკვე იმდენჯერ და ისეთი კმაყოფილი სახით მომცეს შენიშვნა, რომ პროტესტის გრძნობა გამოჩნდა.
ერთი სიტყვით, დონატი იქნება, პონჩიკი, ფუნჩულა თუ ზეთში მოხარშული ცომის ნებისმიერი სხვა სახეცვლილება, გადავწყვიტე ამ თვეში ამ დესერტის ჩემი საყვარელი რეცეპტები შემოგთავაზოთ და საქმეს ჯემიანი ბერლინური პონჩიკების რეცეპტის გამოქვეყნებით ვიწყებ.

Berliner - ბერლინური პონჩიკი
12 ცალი
ცომისთვის: 125 მლ რძე, 500 გრ ფქვილი, 25 გრ მშრალი საფუარი, 80 გრ შაქარი, 80 გრ კარაქი ან მარგარინი, 2კვერცხი, ½ ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 მწიკვი მარილი, 2ს/კ რომი
გულსართისთვის: 200 გრ ნებისმიერი ხილის ჯემი (განსაკუთრებულად გემრიელია ატამი, ჟოლო ან გარგარი)
1 ½ ლ ზეთი ან ერბო ფრიტიურისთვის,
შაქრის პუდრა მოსაყრელად
ფქვილი გავცრათ და ჩავყაროთ ჯამში, შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება, ამ ჩაღრმავებულში ჩავყაროთ საფუარი და 1 ს/კ შაქარი. რძე შვათბოთ (ნუ გავაცხელებთ, თორემ საფუარს „მოკლავს“) და ცოტა ჩავასხათ ჩაღრმაბევაში, მოვურიოთ საფუარი კარგად რომ გაიხსნას, ოღონდ მთელ ფქვილს ჯერ ნუ შევურევთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი თბილ ადგილას. მერე დავუმატოთ დარჩენილი რძე, შაქარი, დარბილებული კარაქი, კვერცხი, მარილი, რომი და ლიმონის ცედრა და მოვზილოთ ცომი. ცომი პრიალა რომ გახდება და ჯამის კედლებიდან მოშორებას დაიწყებს, გადვაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდევ 30 წუთით დავდგათ თბილ  ადგილას.
ფქვილმოყრილ დაფაზე ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ს სისქის მართკუთხედად. გაბრტყელებული ცომი ნახევარზე 8 სმ დიამეტრიანი ჭიქით ან საჭრელი ფორმით მოვნიშნოთ 12 ცალი წრე. ამ წრეების შუაგულში მოვათავსოთ თითო ს/კ ჯემი და ზემოდან გადავაფაროთ ცომი მეორე ნახევარი (ცომი მარტივად გადავკეცოთ შუაზე). და იმავე ჭიქის ან საჭრელი ფორმის მეშვეობით ამოვჭრათ წრეები, ისე რომ თითოულის შუაგულში მოექცეს ჯემი. გამზადებული პონჩიკები ფქვილმოყრილ დაფაზე დავალაგოთ, ჩაის ტილო გადავაფაროთ და კიდევ ნახევარი საათი გავაჩეროთ.
ზეთი გავაცხელოთ მაღალ ქვაბში ან სპეციალურ საფრიტიურე მოწყობილობაში.  ზეთში ხის კოვზის ჩაყოფისას ბუშტები თუ გაჩნდება, ზეთი საკმარისადაა გაცხელებული და შეგვიძლია პონჩიკების ხარშვასაც შევუდგეთ. ერთდროულად ბევრ პონჩიკს ნუ ჩაყრით, ქვაბის ზომიდან გამომდინარე 2 ან 3 საკმარისი იქნება. ჯერ ერთი მხრიდან ვხარშოთ 2 ½ წუთის განმავლობაში, მერე კოვზით გადავაბრუნოთ და მეორედან დავბრაწოთ. ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისაგან დასაწრეტად. ცხლადვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ცოტათი რომ შეგრილდება მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment