მარწყვის ეგზოტიკური სალათა პილპილითა და ძმრით

Approved by Natia Jinjolava


მარწყვის სალათა
4 პორცია

750 გრ მარწყვი, გარეცხილი და ორდ ან ოთხად გაჭრილი, 2 ½ ს/კ ლერწმი შაქარი, 1 ს/კ ძმარი ბალზამიკო, ¼ ჩ/კ ახალდაფქული პილპილი

ფართო ჯამში ჩავყაროთ მარწყვი, მოვაყაროთ შაქარი, გადავურიოთ და გავაჩეროთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. ფიალაში ერთმანეთში გადავურიოთ ძმარი და პილპილი და მოვასხათ მარწყვს. გადავურიოთ, სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანის ფოთლები და მივირთვათ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ატმის ნამცხვარი უატმოდ იტალიურად

Approved by Natia Jinjolava


ატმის ნამცხვარი 

2 ცალი ბურთების  საცხობი ფირფიტა
ბიკვიტისთვის: 5 კვერცხი, 5 ს/კ ფქვილი, 5 ს/კ შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი, მწიკვი სოდა
კრემისთვის: 1 პაკეტი ვანილის პუდინგის ფხვნილი, 3 ს/კ შაქარი, 0,5 ლ რძე, 100 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი
მოსართავად: ¾ ჭ შაქარი, წითელი და ყვითელი ფერის თხევადი ნამცხვრის საღებავი, 12 ცალი ფოთოლი (საურველია პიტნის), დარიჩინის ჩხირი, 12 ცალი ნუშის გული

კვერცხის ცილები და გულები დავაცალკევოთ და მოვათავსოთ ცალ-ცალკე ჯამებში. ცილები ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთდ და ბეზე ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს თითო-თითო კოვზად დავუმატოთ 3 ს/კ შაქარი. 
ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გულები, დარჩენილი 2 ს/კ შაქარი და ვანილის შაქარი. გათქვეფილი გულები ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილ ცილაში, ხის კოვზით დავუმატოთ 2 ს/კ ფქვილი და სოდა. კარგად, მაგრამ ფრთხილად მოვურიოთ და მერე თითო-თითო კოვზად გადავურიოთ დარჩენილი ფქვილიც.
გამზადებული ცომი გავანაწილოთ ცხიმწასმულ ბურთის ფორმის საცხობ ფორმებში (12 განყოფილებიანი ფორმა, რომელშიც ნახევარსფეროები გამოდის) და შევდგათ 170°C-მდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით. გამოვიღოთ, ბისკვიტებს 5-10 წუთი ფორმაშივე ვაცალოთ გაგრილება და მერე გადმოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ საბოლოოდ.
სანამ ბისკვიტი ცხვება, მოვამზადოთ კრემი: სქელძირიანი პატარა ქვაბით დავდგათ რძე გასაცხელებლად. პუდინგის ფხვნილი და შაქარი გავხსნათ შემთბარ რძეში და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ. კრემი რომ ადუღდება, გავაჩეროთ 2 წუთი ცეცხლზე, მერე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კარაქი და ჩავათქვიფოთ პუდინგის კრემი და ყვითელი საღებავი.
შაქარს გადავურიოთ წითელი საღებავი და დავყაროთ ფართო თეფშზე. ავიღოთ გამომცხვარი „ბურთების“ ნახევრები, წავუსვათ შუაში კრემი, ჩავაყოლოთ თითოცალი ნუში და შევაწებოთ ერთმანეთს, ისე, რომ მთლიანი ბურთები გამოგვივიდეს. ბურთებს გარედან ძალიან თხლად (ისე, როგორც საბჭოთა საბავშვო ბაღში - პურს კარაქი), წავუსვათ კრემი და ამოვგანგლოთ ვარდისფერ შაქარში. დარიჩინი ჩხირი დავამტვრიოთ და ჩვენს ატმებს გავუკეთოთ დარიჩინის „ყუნწი“ და პიტნის „ფოთოლი“.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

პომპეუსიდან მაცი ხვიტიამდე

Approved by Natia Jinjolava



ყოველთვის მხიბლავდა და მიზიდავდა სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორიები. რაც უფრო არაბუნებრივი, თითიდან გამოწოვილი და ფანტასტიკის სფეროდან იყო თეორია, მით უფრო მახალისებდა ის. მახსოვს, ათიოდე წლის წინ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, თუ არ ვცდები „კვირის პალიტრაში“, ერთი ქართველი მეცნიერის ნაშრომი, რომელშიც ავტორი გვაუწყებდა რომ ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო ახსნა. თურმე ნუ იტყვით და პირამიდა თავისი ფორმითა და თეთრი ფერით (!) ხელოვნური ტორნადოს წარმოშობას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ჩვენეულ და ეგვიპტისაც ნახევარსფეროზე ტორნადო საერთოდ არ იცის და მისი არსებობის არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული არც ძველ და არც თანამედროვე სამყაროში, მახვიგონიერ მკვლევარს მაინც გულწრფელად ჯერა, რომ ფარაონის გასვენების დროს პირამიდის წვერზე ტორნადო ჩნდებოდა და ძველი ეგვიპტელები თავიანთი მეფის ანუ ზეციური მხედრის ცად ამაღლების სასწაულის თვითმხილველები ხდებოდნენ. 
თანაც, ტორნადოს წარმოშობის მიზეზი პირამიდის წვეტიანი ფორმა და მისი კაშკაშა თეთრი ფერი ყოფილა. ჯერ ერთი, პირამიდა დღესაც იგივე ფერისა და ფორმისაა, როგორც ბოლო რამდენიმე საუკუნის წინ და ტორნადოები არსად ჩანს, გარდა ამისა, თუ ფორმა და ფერი იყო ამის მიზეზი, რატომ იყო ამით გამოწვეული ტორნადო ერთჯერადი და რატომ ჩნდებოდა მაინცდამაინც გასვენების მომენტში? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პირამიდას ფარაონის სიცოცხლეშივე აშენებდნენ და უფრო მეტიც, ახალაშენებული პირამიდა სულაც არ იყო ჩვენთვის დღეისათვის ცნობილი ყვითელი (და არა თეთრი) ფერის - ის ფერად-ფერადად მოხატული ჭრელა-ჭრულა მეტლახით იყო მოპირკეთებული და მხოლოდ დრო-ჟამის სიმუხთლემ და უდაბნოს ქვიშით უმოწყალოდ ხეხვამ გახადა ერთი ფერის.
ერთი სიტყვით, პირამიდაც და მის წვერზე გამობმული ტორნადოც იქით იყოს, სულ მშურდა ასეთი ფანტაზიის მქონე ხალხის - ყოველთვის მინდოდა მეც მომეფიქრებინა რამე მსგავსი, და - გამოქვეყნების რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ მეგობრებში მაინც ხომ ვიხალისებდი? ჰოდა, აი, ახდა-ამისრულდა ოცნება და ჩემს თავშიც მომწიფდა სრულიად უსაფუძვლო მაგრამ საკმაოდ ლოგიკური თეორია იმის თაობაზე რომ მეგრელებს და იტალიელებს საერთო წინაპარი ყავთ - ვთქვათ რომაელები და ამის დასტურად ამ ორი ხალხის ხასიათის თავისებურებაზე და ტემპერამენტზე რომ არაფერი ვთქვათ, ორივე ქვეყნის სამზარეულოც გამოდგება:
კამეჩის მოცარელა და კამეჩის სულგუნი - რომლების დამზადების ტექნოლოგიაც ტყუპის ცალივით გავს ერთმანეთს და როცა მოცარელაში უთუსბირს გახდევინებენ, შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ რომ ოდნავ სხვანაირად შენახულ რძიან სულგუნს ჭამთ;
მოცარელა
რიკოტა და მეგრული ხაჭო - რომელიც სინამდვილეში ნახევრადწანადუღო ელემენტია;
რომაული ტრიპა და მეგრული კუჭმაჭი - ოროვე მოხრაკული ფაშვისაგან მზადდება და მათი ფრანგული და ბრიტანული თანამოძმეებისგან განსხვავებით ოროვე იხრაკება მოხარშვის მერე;
ღომი და პოლენტა - მოხარშული სიმინდის ფქვილისაგან მზადდება და პოლენტაში ელარჯის არ იყოს, ხშირად ურევენ სხვადასხვა სახეობის ყველს;
პესტო და მეგრული სუნელი - მართალია სხვადასხვა მწვანილებისაა, მაგრამ ორივერ ერთნაირადაა პირველის შემთხვევაში დაბლენდერებული და მეორეში დანაყული ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული;
ტრიპა
გრაპპა და მეგრული ჭაჭა - ჭაჭას (ყურძნის არაყს) გასაგებია რომ საქართველოს ყველა რეგიონში ხდიან, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, არ გვაქს მისი სხვა რეგიონში წარმოშობის დამადასტურებელი ფაქტები, თავისუფლად შეგვიძლია ვიდავოთ რომ პირველად სწორედ სამეგრელოში გამოხადეს პომპეუსის იმ ცენტურიონის რეცეპტით, რომელიც ლაშქრობისას რომაულ ჯარს ჩამორჩა და როგორც ასევე გადაუმოწმებელი ლეგენდა მოგვითხრობს ჭანტურიების გვარს ჩაუყარა საფუძველი;
იტალიური ძეხვი და მეგრული კუპატი - ორივე ღორის, ოროვე ცხიმიანი და გულისწავლამდე შესუნელებული;
იტალიური ძეხვი (რით არაა ტაფაზე
დაბრაწული კუპატი?)
თეთრი პიცა და მეგრული ხაჭაპური
რავიოლი და კვარაბია ... და უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მეგრულ პამიდვრის საწებელსა და იტალიელების საყვარელ პამიდვრის სოუსზე. ბევრი მომედავება, რომაელებმა პამიდორი რა იცოდნენო. მოგეხსენებათ, ეს შესანიშნავი ბოსტნეული კოლუმბმა ჩამოგვიტანა ევროპაში, მაგრამ აქ იმაში კი არაა საქმე, რომაელებმა რა იცოდნენ და რა არა - ფაქტი ისაა, რომ ერთი გენეტიკის ხალხს გემოვნებაც ერთნაირი აქვთ და რაც მოეწონებათ იტალიელებს, მოეწონებათ მეგრელებსაც.
სხვას ზემოთ ჩამოთვლილიც ეყოფოდა, მაგრამ  ჩემი სამართლიანად აბსურდული თეორიის უტყუარობაში მე სულ სხვა ფაქტმა დამარწმუნა: ჩემი ღრმა ბავშვობის და სამეგრელოს იქით (ისიც მხოლოდ ქორწილებში და ქელეხებში) არსად რომ არ მინახავს ისეთ ნამცხვარს მივაგენი იტალიელებთან. ვინმეს გახსოვთ ხიდან მოწყვეტილ ფოთოლგარჭობილი, შაქარმოყრილი, საოცრად მიმზიდველი და გულისწასვლამდე უგემური და გაქვავებული ატმის ნამცხვარი? ყოველ დანახვაზე მიმიწევდა გული, ყოველ დანახვაზე ვბრიყვდებოდი და ვიმტვრევდი კბილებს (რათქმაუნდა გადატანითი მნიშვნელობით). ალბათ 30 წელია რაც საქართველოს ტერიტორიაზე თვალი აღარ მომიკრავს და, აგერ არ გამოჩნდა ინტერნეტში? ალბათ დაკარგული ბავშვობის მეგობრის დანახვა არ გამეხარდებოდა ისე, როგორც მისი დანახვა გამეხარდა. ამ კოხტა, ლოყებდაბრაწული და შაქარში ამოვლებული ცომის გუნდის შემხედვარეს მეგონა ისევ ხუთი წლის ვარ, ისევ მინდვრად გაშლილ სეფასა და კოჭის ძაფით თეთრ ქაღალდგადაკრული გარანდული ხის მაგიდებითა და სკამებით გაწყობილ ქორწილში მოვხვდი ბებისათან და ბაბუასთან ერთად და ერთიან მერხზე მსხდომ საყვარელ ადამიანებს ისევ ჩავეკვეტე შუაში...
მერე რა რომ იტალიური „ატამი“ ჩვენებურისგან განსხვავებით რბილი ბისკვიტისგან მზადდება, შუაში მოხარშული კრემი და ნუშის გული აქვს ჩაყოლებული და ალბათ საკმაოდ გემრიელიც არის - გარეგნულად მაინც მეგრულის ტყუპისცალია და სამეგრელოსა და იტალიის გარდა ვერსად, ვერსად ნახავთ: სხვა არავინ შეიწუხებს თავს მისი გაკეთებით. სწორედ ამიტომაა ჩემი თეორია მეგრელების და იტალიელების ნათესაობის თაობაზე  დამტკიცებული და უტყუარი ... 
წერა მეგობარმა შემაწყვეტინა, ეგეთი ნამცხვარი აჭარაშიც იცოდნენო. და, რა გგონიათ, ფარ-ხმალს დავყრი? არაფერიც! დიახ, სწორედაც ლაზებმა ჩაიტანეს აჭარაში რეცეპტი და გურიაშიც ექნება ერთ ორ გურულს ნასწავლი გურიელების ძაღლზე გაცვლილი დადიანების მეგრელი ყმებისგან...

აი, ასე! რითაა ახლა ჩემი თეორია პირამიდის თავზე მობზრიალე ტორნადოზე ნაკლები? 

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყავა ქარბუქში

Approved by Natia Jinjolava


ასპინიში, კაფე „39 degrees“-ს ბარმენმა Denis Côté-მ „ყავა ქარბუქში“ საგანგებოდ სათხილამურო ტრასიდან დაბრუნებული გაყინული მოთხილამურეების გასათბობად მოიგონა.

Snowstorm coffee - ყავა ქარბუქში
1 პორცია
90 მლ ქაფქაფა მაგარი ყავა, 30 მლ ლიქიორი „Frangeico”, 15 მლ „Locor 43“ ან „ Navan“ (ლიქიორი ციტრუსის და ვანილის არომატით), 15 მლ კონიაკი, 1 დიდი ჩამჩა ათქვეფილი ნაღები, 3 მარცვალი ყავა

ყავის ფინჯანში ერთმანეთში ავურიო ყავა, „Frangeico”, „Locor 43“ და კონიაკი. ზემოდან მოვათავსოთ ათქვეფილი ნაღები, გავაფორმოთ ყავის მარცვლებით და გადავკრათ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ვიეტნამური სტილის ცივი ყავა

Approved by Natia Jinjolava


ვიეტნამური სტილის ცივი ყავა
1 პორცია
4 ½ ჭ ცივი წყალი, 250 გრ დაფქული ყავა (თურქული ყავისთვის), 60 მლ შესქელებული რძე, 100 მლ რძე, ყინულის კუბიკები

ჯამში ჩავყაროთ ყავა და დავასხათ წყალი. დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 24 საათი ოთახის ტემპერატურაზე. გადავწყუროთ (ასეთი ყავა მაცივარში ინახება 1 კვირა). მაღალ, შუშის ჭიქაში ჩავასხათ შესქელებული რძე დავუმატოთ 150 მლ ყავის ნაყენი და რძე. მოვურიოთ კარგად. ჩავყაროთ ყინული და დავლიოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

-ძამია ლოკოკინაო, მარტო არ მოგეწყინაო? მითხარი, რატომ აიგე ასე პატარა ბინაო? სტუმრად რომ ვინმე გეწვიოს, სად უნდაა დააბინაო?

Approved by Natia Jinjolava


ახალციხელი ლოკოკინების და მათი თანამოძმეების დღის აღსანინავად, ლოკოკინის მომზადების რამდენიმე წესს და მეტად საინტერესო რჩევას შემოგთავაზებთ. იცოდით, რომ მინდვრად დაჭერილი ლოკოკინა ფერმის ლოკოკინაზე ბევრად გემრიელია? და რომ მათი მომზადება დაჭერისთანავე არ შეიძლება?  
ერთი სიტყვით, ლოკოკინები დაკრიფეთ (ასე ეწოდება მათი შეგრივები პროცესს) და ორიოდე დღე მინის ქილაში (რასაკვირველია თავდახურულში, თორემ გაიქცევიან) დიეტაზე ამყოფეთ, თან რეგულარულად აბანავეთ. ორი დღის მერე, ჩაულაგეთ რამდენიმე ცალი სტაფილო და დაელოდეთ (3-4 დღე), სანამ მათი ცურცლი თუ კურკლი ხასხასა სტაფილოსფერი არ გახდება. მერე კიდევ ერთხელ გაახვანჩალეთ, ჩაბანეთ და დააბრუნეთ გარეცხილ ქილაში. შედგით მაცივარში. სიცივეში ლოკოკინები ღრმა ძილით დაიძინებენ და ასევე მძინარე ჩაყარეთ მდუღარეში.

ბაღის ლოკოკინები გორდონ რამზის რეცეპტით
1 პეშვი სალბის ფოთლები, 2-3 ნაჭერი (ლენტი) პანჩეტა ან ბეკონი ნახევარი პეშვი წვრილად დაჭრილო ოხრახუში, 1 ლიმონის წვენი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, ლოკოკინები

ქვაბით ავადუღოთ წყალი ან ქათმის ბულიონი და ვხარშოთ ლოკოკინები 2 წუთის განმავლობაში. გადავწუროთ და პინცეტის ან დანი წვერის დახმარებით ამოვიღოთ ნიჟარებიდან. გავწმინდოთ.
ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე და დავბრაწოთ რამდენიმე ნაჭერი წვრილად დაჭრილი პანჩეტა ან ბეკონი. ბვეკონი რომ დაიბრაწება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სალბის ფოთლები, ლოკოკინები და ვბრაწოთ 1-2 წუთი. თან ვურიოთ. მოვაწუწოთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ ოხრახუში. მივირთვათ ნებისმიერ სალათასთან ერთად.



ესკარგო (ლოკოკინა ფრანგულად)
1 კგ ზემოთ ნაჩვენები წესით ნადიეტარი და მომზადებული ლოკოკინები, 300 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 1 მსხვილი თავი ნიორი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი (სურვილის ემთხვევაში)

ქვაბით ავადუღოთ წყალი ან ქათმის ბულიონი და ვხარშოთ ლოკოკინები 2 წუთის განმავლობაში. გადავწუოთ და პინცეტის ან დანი წვერის დახმარებით ამოვიღოთ ნიჟარებიდან. გავწმინდოთ. შევამარილოთ და დავბრაწოთ კარგად გახურებლ ტაფაზე (ან მოვხარშოთ მწვანილებიან ბულიონში).
მოვამზადოთ კარაქი: დაბილებული კარაქი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. დაბრაწული ლოკოკინები დავაბრუნოთ თავისავე ნიჟარაში და ამოვავსოთ არომატიზირებული კარაქით. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი ყველი. მომზადების ამ ეტაპზე ლოკოკინების ცელოფანში ჩაყრა და სამომავლო სარგებლობისთვის გაყინვაც შეიძლება - სწორედ ასეთ მდგომარეობაშ იყიდება სუპერმარკეტებში.
კარაქიანი ლოკოკინები დავალაგოთ ტაფაზე, გახურებულ ღუმელში შევდგათ და 10 წუთი გავაჩეროთ.  თუკი ლოკოკინი ნჟარის გამოყენება არ გინდათ, არომატიზირებული კარაქი რაიმე პატარა ფორმებში მოათავსეთ, ზემოდან კი შემწვარი ლოკოკინა დაადეთ და 10 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში. ჭემთ ცხლად!

ლოკოკინა ბურგუნდიულად
20-30 ცალი უკვე მომზადებული და ნიჟარაგაცლილი ლოკოკინა, 100 გრ კარაქი, 50 გრ ყველი პარმეზანი, 2-3 კბილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი ჯავზის კაკალი და მარილი გემოვნებით

დარბილებულ კარაქში გადავურიოთ ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, ჯავზის კაკალი და მარილი. ლოკოკინები გავანაწილოთ სპეციალურ სალოკოკინე ფორმაში ან გამოვიყენოთ მინი ტარტალეტკის ფორმები. ზემოდან წავუსვათ ცოტაოდენი არომატიზირებული კარაქი და ვაცხოთ 10 წუთი 230°C-ზე.

საუკეთესო სურვილბით, თქვენი მერიპოპინსი

პარსი - კვერცხი პამიდვრით ინდურად

Approved by Natia Jinjolava


პარსი - კვერცხი პამიდვრით ინდურად
4 პორცია
4 ს/კ კარაქი, 4 ღერი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 ჩ/კ გახეხილი ჯანჯაფილის (იმბირი) ბოლქვი, 1 დიდი ზომის მწვანე ან წითელი ცხარე წიწაკა წვრილად დაჭრილი, 2 ს/კ კარის ფხვნილი, 4 პამიდორი კუბიკებად დაჭრილი, 8 მსხვილი კვერცხი, 4-5 საშუალო ზომის პამიდორი, 2 ს/კ რძე, მარილი და ახალდაფქული პილპილი გემოვნებით, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ქინძის ფოთლები

ფართო ტაფა შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და გავადნოთ 2 ს/კ  კარაქი. დავყაროთ მწვანე ხახვი, წიწაკა და ჯანჯაფილი. ვთუშოთ 2 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ კარის ფხვნილი და პამიდორი და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. გადმოვიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დავაგდოთ დარჩენილი კარაქი. კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი ავთქვიფოთ ერთად. დავასხათ ტაფაზე და კარგად მოვურიოთ. კვერცხი ოდნავ რომ  შეშრება დავუმატოთ მოთუშული ბოსტნეული და ვურიოთ სანამ კვერცხი ბოლომდე არ შეიწვება. მოვაყაროთ ქინძი და მივირთვათ ცხლად.
სულვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ ინდაურის ან ქათმის შაშხი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კვერცხი აჭარულად - ჩირბული

Approved by Natia Jinjolava

(ქართული სუფრის საგანძურის ფოტო)
როცა გადაწყვიტავთ მრავალრიცხოვანი ოჯახი სწრაფად, მარტივად და ეფექტურად დააპუროთ, მოიმარჯვეთ ყველაზე ფართო, სქელძირიანი და მაღალკედლიანი ტაფა  ან ქვაბი და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. დაჭერით ორი საშუალო ზომის ხახვი და მოთუშეთ ზეთში. ხახვი გამჭვირვალე რომ გახდება, დაუმატეთ 5-6 გატყავებული და პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. რასაკვირველია, პამიდორს ვჭრით მანამ, სანამ ხახვი ითუშება. სახლში თუ გაქვთ, ტაფაში ჩაუძახეთ კუბიკებად დაჭრილ ბულგარულ წიწაკაც და წვრილად დაჭრილ მწვანე ცხარე წიწაკაც. ბოსტნეული რომ შერბილდება, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ნედლ მწვანილსაც ნუ დაიშურებთ -  განსაკუთრებულად უხდება კამა, ქინი და რეჰანი. 
ამ ეტაპზე სამზარულოში ისეთი სუნი დადგება, რომ დამშეული ოჯახის წევრების და მეზობლების მოგერიება მოგიწევთ. აიღეთ 10-12 კვერცხი (1 ადამიანზე 2 ცალი), ჩაახალეთ მადისაღმძვრელად მოთუხთუხე ბოსტნეულში, ქვაბს თავსახური დააფარეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 7-9 წუთი - იმისდამიხედვით რამდენად შეკრული კვერცხის გული გიყვართ. ტრადიციულ აჭარულ ვაიანტში კვერცხის გული ბოლომდე მოხარშული არაა, მაგრამ არც ევროპულივით თხევადია. 
მერწმუნეთ, ზაფხულის სიცხეში ვერაფერს შეჭამთ უფრო მსუბუქს და გემრიელს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დედიკო რუ


კვერცხი პამიდვრით მექსიკურად - Huevos rancheros

Approved by Natia Jinjolava


კვერცხი მექსიკურად - Huevos rancheros
2 პორცია
ზეითუნის ზეთი, 1 ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 ბულგარული წითელი წიწაკა დაჭრილი, 1 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, ½ ჩ/კ ხმელი ან ნედლი ორეგანო, 400 გრ კუბიკებად დაჭრილი პამიდორი, 1 წვრილად დაჭრილი წითელი ცხარე წიწაკა, 2 ნაჭერი პური

ტაფაზე დავასხათ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და კარგად რომ გაცხელდება დავყაროთ ხახვი, ბულგარული წიწაკა, წიწაკა, ნიორი და ორეგანო.  ვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ პამიდორი და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. ძალიან თუ გამოშრა, ცოტაოდენი წყალი დავუმატოთ. შევამარილ-შევაპილპილოთ და სუფრის კოვზის ზურგით მოთუშულ ბოტნეულ დავაწვეთ და 4 ჩაღრმავება გავაკეთოთ. ამ ჩაღრმავებებში ჩავახალოთ კვერცხები, ტაფას თავსახური დავაფაროთ და ცეცხლზე დავტოვოთ 5 წუთის განმავლობაში. ცილა რომ შეიკვრება, გული კი ჯერ კიდევ თხევადია - კერძი მზადაა. მივირთვათ ცხლად პურთან ერთად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

შაკშუკა - კვერცხი პამიდვრით ტუნისურად

Approved by Natia Jinjolava


შაკშუკა კვერცხი ტრადიციული ტუნისური კერძია და თარგმანში დაახლოებით აჯაფსანდალს ანუ „ერთმანეთში არეულს“ ნიშნავს. ამ კერძის სიმარტივემ, გემომ, არომატმა და იმან რომ მისი ანალოგი, აგერ ჩვენთან აჭარაშიც არსებობს - ისე მომხიბლა, რომ  პაწია ინტერნეტ-კვლევა ჩავატარე, მისი რამდენიმე თანამოძმე მოვიძე და რეცეპტები დაპოსტვაც გადავწყვიტე. რატატუი-კაპონატა-აჯაფსანდლის არ იყოს, თამამად შეგილიათ ერთიდაიგივე კერძი აკეთოთ და  თან ამაყად აცხადოთ, რომ ოჯახი წევრებს ყოველდღე ნაირ-ნაირი ინტერნაციონალური კერძებით უმასპინძლდებით.

კვერცხი შაკშუკა
2 პორცია
4 მსხვილი კვერცხი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭრილი, 1 წითელი ხცხარე წიწაკა წვრილად დაჭრილი, 2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 4 პატარა ზომის პამიდორი კუბიკებად დაჭრილი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ჩ/კ დაფქული პაპრიკა, ¼ ჭ წყალი, მარილი და ქონდარას (thyme) ფოთლები გემოვნებით

საშუალო ცეცხლზე კარგად გავახუროთ ტაფა და დავასხათ ზეთი. დავყაროთ წიწაკები და ნიორი და ვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ პამიდორი და წყალი და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. მოვაფრქვიოთ პაპრიკა. ჩავუწიოთ ცეცხლი და ჩავახალოთ კვერცხები. დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთი (ცილა უნდა შეიწვას, გული კი კვლავაც თხევადი იყოს). მოვაყაროთ მარილი და ქონდარას ფოთლები და მივირთვათ ცხლად.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყავა „მარტინი რომანო“

Approved by Natia Jinjolava


ყავა „მარტინი რომანო“
ფილიპ დაფის რეცეპტით
1 პორცია
ყინული, 50 მლ არაყი, 20 მლ ყავის ლიქიორი, 60 მლ მაგარი ყავა, 15 მლ ანწლის სიროპი, 15 მლ სიროპი; 3 მარცვალი ყავა და 1 ფოთოლი ლიმონის ვერბენა მოართავად

კოქტეილის შეიკერში ჩავყაროთ ყინული, დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად შევაჭანჭყაროთ. ჩავასხათ მარტინის ჭიქაში და მოვრთოთ ყავის მარცვლებითა და ვერბენას ფოთლით.

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ყავა ალპურად

Approved by Natia Jinjolava


ყავა ალპურად

1 პორცია
1ჩ/კ თაფლი, 100 გრ მაგარი შავი ყავა, 50 მლ ბურბონი, 1 ჩამჩა ათქვეფილი ნაღები, მწიკვი გახეხილი ჯავზის კაკალი (მუსკატი)

თაფლი და ბურბონი ჩავასხათ შემთბარ ფინჯანში, დავასხათ ქაფქაფა ყავა და მოვურიოთ. ზემოდან მოვათავსოთ ათქვეფილი ნაღები, მოვაყაროთ გახეხილი ჯავზი და გემრიელად მოვწრუპოთ.

საუკეთესო სურვილებით თქვენი მერი პოპინსი

Big brother is watching you…

Approved by Natia Jinjolava


იცით, რომ ამ გაგანია ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს პოლიციას კომპიუტერულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება არ აქვს? პრინციპში, პოლიციის უკანასკნელი წლების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტ და მძიმე კომპიუტერულ დანაშაულს სწორედ მისი თანამრომლები ჩადიოდნენ ხელმძღვანელობის ხელდასმით (თვალთვალი, მოსმენები და ა.შ.) და საკუთარ თავს თვითონ ხომ არ შეებრძოლებოდნენ, მაგრამ ამბობენ, აღარო. ჰოდა, ვინც ადრე უკანონოდ გვითვალთვალებდა იმათ დასასჯელად და გამოსაჭერად მაინც ხომ უნდა ქონდეთ? ან ვინმემ ბანკის ანგარიშები რომ გატეხოს და მილიონები მიითვისოს არ გამოიძიებენ და არ დაიჭერენ?
ერთი სიტყვით, თქვენი კომომპიუტერის და მის წიაღში „საიმედოდ“ განთავსებული პირადი ინფორმაციის დაცვა მხოლოდ თქვენსა და თქვენი ნაცნობი აიტიშნიკის ან კომპიუტერთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ახლობლის მიერ გატეხილი დაცვის პროგრამის ხელთაა. მავანი მეტყვის, ასეთი განა რა გაქვს კომპიუტერში რისი გამოაშკარავებაც არ გინდაო? არც არაფერი - მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ რისი გამჟღავნებაც არ მინდა არ ვწერ და არ ვინახავ. იმიტომ რომ საიდუმლოს შენახვის სხვა ვარიანტი არ არსებობს. მაგრამ, აქ სხვა რამეშია საქმე. ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა ვიღაც ავადმყოფი (აბა, ჯანმრთელი ამას არ იზამს) შენ პირად ცხოვრებაში და ნივთებში აფათურებს თავის ოფლიან კოტიტა თითებს და ყოფს ცინგლიან და მეჭეჭებიან ცხვირს. 
საქალაქო სასამართლოში მუშაობის პერიოდში, სადაც ნახევრად ოფიციალური გაფრთხილება მქონდა მიღებული, რომ ვითოდა სასამართლოს სახელის შებღალვის თავიდან ასაცილებლად, ემანდ, ვინმემ რამე არ გთხოვოს და შენ არ დაეხმაროო, პირად ტელეფონს მოურიდებლად უსმენდნენ, სახლის კომპიუტერზე კასპერსკის დავცის პროგრამა მეყენა, რომელიც დღედაღამე წიოდა, შემოღწევას ცდილობენო. სასამართლოდან წამოსვლის მერე დავისვენე და სახელმწიფოს სიმშვიდის მოდარაჯენი, პერიოდულად, მხოლოდ ჩემს საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან ერთად აქტიურდებოდნენ ხოლმე (ხომ უნდა გაეგოთ დივერსანტული საქმიანვისთვის ხომ არ მიხდიდნენ ფულს) და ხან „ფეისბუქი“ მატყობინებდა ხოლმე უცნობი აქაუნთებიდან შემოსვლის მცდელობებს და ხანაც საკუთარი ბლოგი.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს ყურადღებას დიდად არ ვაქცევდი (მოგეხენებათ, საკუთარ თავზე კომპრომატებს არ ვინახავ), სანამ ერთმა აწ უკვე გადამდგარმა, გადაყენებულმა თუ სამსახურიდან დათხოვნილმა პოლიციელმა სახლში არ მოიწყინა და სამსახურებრივი მოვალეობების დროს შეგროვებული ინფორმაციით და მასალით გართობა არ განიზრახა. სხვას რა უქნა და როგორ დააშანტაჟა არ ვიცი, მე კი „ფეისბუქზე“ დამიმეგობრდა და სახელიც ჩემი დაირქვა და ჩემი კომპიუტერიდან მოპარული „შინაური“ ფოტოსურათებიც გამოფინა.  ასე იპოვეს ჩემმა ნამდვილმა მეგობრებმა, ჩემი მეორე აქაუნთი, სადაც ხან საკუთარ ტახტზე ვკოტრიალობ წიგნით ხელში და ხანაც სურათის გადამღებ დის შვილებს ვუყოფ ენას და ვეჭყანები.
ბევრს აღარ გაგიგრძელებთ, ყოფილი სამართალდამცავი უნამუსოსთან ერთად ყბედიც აღმოჩნდა და დაწვრილებით მომიყვა, თურმე როგორ ვეწეოდი წლების მანძილზე პროსტიტუციას „მაილრუზე“ და როგორ იყო ჩემი კლიენტი. ერთი სიტყვით, ტიპმა, ჩემი დაშანტაჟება და დაშინება ცადა, თან „ძაღლურადაც“ გამირჩია საქმე: „ახლა მე მისმინე, ქალბატონო, კანონიც შენზე უკეთესად ვიცი და...“ მოკლედ, არც მაცია, არც მაცხელა, ჩვენი მიმოწერისა და მისი ყალბი აქაუნთის სკრინშოთებით, ყველა კომპიუტერის IP მისამართით, რომელთანაც კავშირში იყო ჩემი კომპიუტერი და სხვა საჭირო ინფორმაციით აღჭურვილ-შეიარაღებული პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას ვეწვიე და დავწერე განცხადება, პირადი კომპიუტერის გატეხვის, შანტაჟის, მუქარის, ღირსების შებღალვის, ცილიწამებისა და პირადი ინფორმაციის უნებართვოდ გამომზეურების ბრალდებით. და, რა გგონიათ? ჯერ როგორც გიჟს ისე მიყურეს, მერე რომ მოიმისმინეს დაინტერესდნენ, და ბოლოს, - არ გვასწავლი ეგ IP მისამართები როგორ დაადგინეო? და საერთოდ, რა ვუყოთ ან როგორ გავიგოთ ვის ეკუთვნის მაგასაც ხომ არ გვეტყვიო.
ჩვენი საიმედო პოლიციის მონდომებული და გულისხმიერი თანამშრომლების ხათრით, ეჭვმიტანილის დანაშაულის ჩადენის პროცესში გამოჭერა რომ გაადვილებოდათ, 3 დღე და ღამე ველაპარაკე და ვეფერე ჩემს „მანიაკს“. გველის ხვრელიდან ამომყვანი ტკბილი ენით ავაღებინე სურათები, დავცანცლე რა იცოდა ჩემს შესახებ, დავადგინე რომ 2007 წელს აქეთ არაფერთან ქონია წვდომა, ვისმინე როგორ იჟდება ჩემზე და როგორ ვუყვარვარ და ათასი სისულელე. რად გინდა? როგორც თქვენ არ დაგკავშირებით პოლიცია ისე მე და ჩემს ახალშეძენილ მხურვალე თაყვანისმცემელს. მერე ისევ ბატონ ცუკერბერგს ვუხმე საშველად, მივწერე გულისამაჩუყებელი წერილი „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, გავუგზავნე ნივთმტკიცებები და ზუსტად 20 წამში გადავჭერი პრობლემა - აქაუნთიც გაუუქმეს და სამუდამოდ აღუკვეთეს ჩემთან შემოსვლის მცდელობაც  ნებიმიერი მისი მისამართიდან. თუ მაინცდამაინც ტერორიზმს არ მიყოფს ხელს, სოციალური ქელის მესვეურები სხვას ვერაფერს უზამენ - მეტისთვის პოლიციაა საჭირო. 

დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დამრჩა - ვინ არის არ ვიცი, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და კარგად დამეცინა. თანაც, კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ადამიანს აშანტაჟებს. ყველას ხომ არ აქვს ჩემნაირად სტერილური კომპიუტერი და ჯიუტი ხასიათი? პოლიციას კი ვკიდივართ და ალბათ კიდევ ბევრი-ბევრი წელი გავა, სანამ მიხვდებიან რომ ახალ ეპოქაში დანაშაულის უმრავლესობა სწორედ კომპიუტერით ხდება.
ყველაზე მეტად კი ის ტეხავს, რომ წორედ ჩვენი საკუთარი სახელმწიფოს დავალებით გვისმენენ, გითვალთვალებენ, იქექებოან ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩემი გიჟის მსგავი "მაღალკვალიფიცირებული" სპეციალისტები და მერე არანაირი კონტროლი აღარ არებობს ვითომდა ოფიციალურად, როგორც კანონში წერია, სახელმწიფოს ინტერესებში გადაუდებელი აუცილებლობისთვის შეგროვებულ ინდორმაციაზე (ვინ იცის, ჩემს ტახტზე მოკოტრიალე სურათებს რამხელა წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნების ან ნატოში გაწევრიანების საქმეში!) და ვისაც როგორ უნდა ისე იყენებს დასჯის და პასუხისგები წინაშე ელემენტარული შიშის გარეშე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო...

Approved by Natia Jinjolava


კარგად მახსოვს, საბჭოთა კავშირს წიხლი რომ ვკარით (და სრულიადაც დამსახურებულადაც), მთელი ქვეყანა ერთხმად ვირწმუნებოდით, რომ საქართველოს... მარტო ტურიზმიც არჩენს. მაგრამ მარჩენალ კი არა, ნებისმიერ, თუნდაც რუკზაკებიან ტურიზმს რომ ლამაზი ბუნების გარდა ინფრასტრუქტურა და მომსახურების მაღალი დონეც უნდა, მაგაზე მაშინ კი არა, მგონი ახალაც არავინ ფიქრობს.
საქართველოს ბუნება რომ მართლაც საუცხოოა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მარტო მწვანე მთები და აწ უკვე აღარ კამკამა მდინარეები თვით ახალ ზელანდიასაც კი ვერ ინახავს და ხალხს მუშაობა მაინც უწევს. ქართული ბუნების ანალოგს კი მსოფლიოს მრავალ წერტილში ნახავთ - აგერ, მეზობელი თურქეთიდან დაწყებული და ევროპით დამთავრებული. რა დამავიწყებს, ჩემმა მეგობრამა შრი-ლანკიდან ბათუმი-ქობულეთის გზის აშკარა ტყუპისცალი ფოტოები რომ ჩამოიტანა თავზე ჩაის ფოთლით სავსე კალათებშემოდგმული სინჰალა და ტამილი ქალებით. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ „g+“-ის მოგზაურთა კლუბის ფოტოების თვალიერებისას, რამდენი ჩემი აზრით საქართველოს ხედებს გადავაწყდი, იმდენი პაკისატანი აღმოჩნდა.
ხუთიოდე წლის წინ ერთ სუფრაზე, თუ არ ვცდები, ჩხოროწყუს თუ წალენჯიხის ყოფილ პრეფექტს შევხვდი. გადამდგარი ჩინოვნიკი ხალისით იხსენებდა ზვიად გამსაზურდიას მთავრობისეულ ქვეყნის განვითარების გეგმებს. ყველა დეტალი დაწვრილებით აღარ მახსოვს, მაგრამ ორი პროექტი ჩემს მეხიერებაში სამუდამოდ დარჩა. სანამ თავად პროექტებზე მოვყვები, ერთი პატარა განმარტება უნდა გავაკეთო: ვისაც იმ პერიოდის მთავრობაში უმუშავია, კარგად ემახსოვრება მაშნდელი პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც თვლიდა, რომ ქართველი კაცი დაბადებით ინტელიგენტია და ის ფიზიკური შრომისთვის და ოფლის ღვრისთვის არაა გაჩენილი. თოხის და ბარის ქნევა ნამდვილ ქართველს არ ეკადრება და სანამ მსოფლიოს დანარჩენი ხალხები შორომობენ, ჩვენ უნდა ვისხდეთ სავარძელში და წიგნის კითხვით (გონებრივი მუშაობით) ვტკბებოდეთ. რაღა გასაკვირია, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველა გეგმა ამ კონცეფციის გათვალისწინებით დგებოდა: არ ვმუშაობთ, ფული არ გვჭირდება, მთავრობა გვირიგებს ყველაფერს და სანამ იმაზე ფიქრში ვართ გართული, ერისთვის პრეზიდენტი დედაა თუ მამა კოსმიურ მასშტაბში, ყველაფერი მზა-მზარეული მოგვდის.
მოკლედ, პირველი პროექტი წალენჯიხიდან მინერალური წყალი „სქურის“ მილებით პირდაპირ ფოთამდე გაყვანას გულისხმობდა. ფოთში კი წყალს სატვირთო გემების ტრიუმებში ჩავტვირთვადით და მერე კუვეიტში გავცვლიდით ოქროზე. ოქროს კი სხვა ქვეყნებს გავუცვლიდით ჩვენთვი სასურველ (დიახ, სასურველ და არა საჭირო, იმიტომ რომ უზრუნველი ცხოვრების წყალობით საჭირეობა რაა აღარ გვეცოდინებოდა) პროდუქტებში. ვერაფერს იტყვი - როგორც მახსოვს ადამიანის მოდგამ განვითარება და პირველი საზოგადოების ჩამოყალიბება სწორედ გაცვლა-გამოცვლით დაიწყო. მეორე გეგმით, აბაშის ჭაობიან ჭალებში ბაყაყთსაშენ მეურნეობებს ვაწყობდით და მერე ჩვენს საგანგებოდ ნასუქ-ნალოლიავებ ამფიბიებს საფრანგეთში ვცვლიდით ფრანგულ სუნამოში. სუნამოებს კი წიგნის კითხვაში გართულ ქართველები ვიპკურებდით სრული ჰარმონიისთვის. ახლა ვხვდები - ერთ-ერთმა დღეს მოქმედმა პარლამენტარმა რომ გამოგვიცხადა ქუთაისამდე შავი ზღვის შემოყვანას ვაპირებთ და მალე პორტი გვექნებაო, ალბათ მაშინდელ მთავრობაში მუშაობდა და ჯერაც იქ გონია თავი.
ამ ოპტიმისტურ ნოტაზე, საქართველოსი რა გითხრათ, მაგრამ მსოფლიოს გამორჩეულად ლამაზი ადგილები მინდა შემოგთავაზოთ - დავათვალიეროთ და დავფიქრდეთ, ვინმეს კიდევ ჯერა რომ მართლა მარტო ტურიზმი გვარჩენს?

უკრაინა












ჰოლანდია

ბოლივია

იაპონია




























აშშ, ალიასკა

ჩინეთი

იაპონია








გერმანია




























ჩინეთი

გერმანია





იაპონია

მექსიკა

ჩინეთი




























ვიეტნამი

საფრანგეთი

იაპონია



ჩინეთი

აშშ






























სენეგალი


ავსტრალია



















სამხრეთ ამერიკა

ჩინეთი


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი