გილოცავთ ახალ წელს!

Approved by Gourmet Guide


საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორები

საახალწლო ზღაპარი

Approved by Gourmet Guide

ათას რაღაც რომელიღაც წელი იწურებოდა. ახალ წლამდე დარჩენილი იყო ნოლი დღე, ცხრა საათი და თორმეტი წუთი. N ქვეყნის N ქალაქის მთავარ მოედანზე ჩოჩქოლი იყო. ქალაქის მცხოვრებლები წინასაახალწლო სამზადისით იყვნენ შეპყრობილნი: ზოგი გაცხოველებულად ვაჭრობდა, ზოგი უკვე ნავაჭრ სანოვაგეს მიეზიდებოდა სახლში, ზოგიც მხოლოდ ათვალიერებდა ისევე, როგორც რატუშის კიბეებზე ჩამომჯდარი პატარა ბიჭუნები.
- წელს თოვლი არ უნდა მოვიდეს? - იკითხა ერთმა და ნაღვლიანად ახედა მოქუფრულ ცას.
- ბებიაჩემმა თქვა, უთოვლო ახალი წელი აქამდე არავის ახსოვსო.
თავზე ნაცრისფერქუდჩამოფხატულმა ბიჭმა გაღმა გორაკებს ეჭვის თვალით გახედა და ამოიოხრა:
- ასე მგონია, თოვლი რომ მოვა, ყველა სურვილი ამიხდება.
- ოქროს ღილებიან ჯუბას მაინც არავინ არ გაჩუქებს. ვიცი, სულ მაგას მისჩერებიხარ, ჩვენს თერძს რომ უკიდია გასაყიდად.
- მაგასაც ვნახავთ! - გაჯიუტდა ალექსანდრე და გაგულისებულმა პატარა კენჭს ფეხი გაჰკრა.
ბიჭებმა გაგორებულ კენჭს თვალი გააყოლეს და მოედნის მეორე ბოლოდან შემოსული ნაირფერი ლენტებითა და ზანზალაკებით მორთული ფორანი დაინახეს, რომელსაც კოხტად ჩაცმული ხანშიშესული კაცი მოუძღოდა.
- უი, თოჯინების თეატრი ჩამოსულა!
- შენ რომ გინდა, ისეთი ტანსაცმელი აცვიათ, მიდი შეეხვეწე, ეგებ გაჩუქონ. სხვანაირად მაინც ვერ ეღირსები!
ბავშვები ფეხზე წამოხტნენ და მოედნისკენ თავპირისმტვრევით დაეშვნენ.
- ყველას გეპატიჟებით ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ზღაპარზე! ჯადოსნური სანახაობა გელით!
ფორანს ხალხი შემოეხვია. ხანშიშესულ მამაკაცს ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოუერთდნენ და მოქალაქეებს ფერადი ქაღალდის ნაკუწები დაურიგეს:
-  ჩაუთქვით სურვილები. ამ საღამოს ყველაფერი აგისრულდებათ!
შარფშემოხვეულმა კიკინებიანმა პატარა გოგონამ ვარდისფერი ფურცელი მუჭში ჩაბღუჯა და დედას დიდი ცისფერი თვალებით ახედა:
- მე ნაჭრის დედოფალა მინდა, მართლა ამისრულდება?
ფორანის კუთხესთან ატუზულმა ალექსანდრემ ქვაფენილზე დაგდებული ქაღალდი შენიშნა, აქეთ-იქით გაიხედა, ჩემი მეგობრები ხომ ვერ მხედავენო, დაიხარა, სწრაფად აიღო და ჯიბეში ჩაიჩურთა.
- თოვლი მოვიდეს, თოვლი, თორემ მოსავალი დაგვეღუპება! - გასძახა მოხეტიალე  მსახიობებს ზურგზე ტომარამოკიდებულმა ჭარმაგმა გლეხმა.
- მოვა ძიაკაცო, ამაღამ ყველა ნატვრა ასრულდება! წარმოდგენა იწყება!
სახელდახელოდ იმპროვიზირებულ პატარ სცენას უამრავი ხალხი გარს შემოერტყა. ამ საყოველთაო მხიარულებაში ალექსანდრე მონაწილეობას არ იღებდა, ფორანის კიდეზე ჩამომჯდარი, ჯიბეში ქაღალდს და ფანქრის ბოლომოჭმულ ნატეხს ხელში აწვალებდა და ფიქრობდა: „რა მინდა? თოვლი მინდა, ჯუბაც მინდა, ახალი თბილი ფეხსაცმელიც არ მაწყენდა...“ ცხვირი შეიჭმუხნა და ჰაერში დატრიალებული ტკბილი სურნელი შეისუნთქა... „თაფლაკვერიც რომ მინდა?“ და მხოლოდ ახლა შეამჩნია თეატრის მეპატრონე, რომელიც დაკვირვებით უყურებდა. ალექსანდრემ დაიმორცხვა და ნაგლეჯი საჩქაროდ ჯიბეში ჩააბრუნა.
- წარმოდგენას რატომ არ უყურებ?
ალექსანდრემ მხრები აიწურა.
- სურვილებზე ვფიქრობდი.
- და რა გინდა, პატარავ?
- ბევრი რამე და ალბათ არაფერი არ მექნება.
მოხუცმა ჯიბიდან თაფლაკვერი ამოიღო და გაუწოდა:
- იქნებ ამან მაინც გაგამხიარულოს.
- მაგას ჯუბა უნდა, ჯუბა! ზუსტად თქვენნაირი! - ალექსანდრეს მეგობრებმა ბიჭის პირისაკენ გაქანებულ კვერს შურიანი თვალი გააყოლეს.
კაცმა ალექსანდრეს თავზე ხელი გადაუსვა, გატრიალდა და ხალხს შეერია.
მოულოდნელი საჩუქრით აღტაცებული ბიჭი მაყურებლებს შეუერთდა და საერთო ჟრიამულში ჩაერთო. სანახაობამ ისე გაიტაცა, რომ ვერც კი შეამჩნია, თავზე რამდენიმე ფანტელი როგორ დაეცა.
- თოვლი მოდის, ხალხო, თოვლი! - იყვირა ვიღაცამ. ატყდა ხვევნა-კოცნა, ჟივილ-ხივილი, მილოცვები. დიდსა და პატარას, თოვლის დანახვა ყველას გაუხარდა.
„თოვლი მოვიდა, თაფლაკვერი მაჩუქეს, ნეტა სხვა სურვილებიც ამისრულდება?“ - ალექსანდრემ ჯიბიდან ფერადი ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო და გამალებულმა  ოკრობოკრო ასოების გამოყვანა დაიწყო.
* * *

ახალი წლის დილა გათენდა. ბავშვთა თავშესაფრის ბიჭების საერთო საძინებელში გარედან მხოლოდ თოვლის ხრაშუნის ხმა შემოდიოდა. ალექსანდრემ ლოგინში გაიზმორა, ბალიშის ქვეშიდან მწვანე ქაღალდის ნაგლეჯი ამოაძრო, გადაიკითხა და ოთახს გადახედა.
„ისევ აქ ვარ“, ამოიხვნეშა და ჩაცმა დაიწყო. ქუდი ჩამოიფხატა, იდაყვებზე გაცვეთილი ქურთუკი მოისხა და  ეზოს მიაშურა. კარებში დარაჯის ხმა წამოეწია:
- ალექსანდრე,  საჩუქარი დაგიტოვეს! - და უხეშად გახვეული ფუთა მიაწოდა.
- მეე?? - სიცოცხლეში პირველი საჩუქარი ხელების კანკალით გამოართვა და სულმოუთქმელად დაიწყო რუხი ქაღალდის შემოცლა. ფუთაში ჯუბა იდო, ხავერდის, ოქროსფერღილებიანი, სწორედ ის, რომელსაც ნატრობდა!
- მადლობა უნდა ვუთხრა! - მიაძახა დარაჯს და გულში ჯუბაჩაკრული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ქალაქის მთავარი მოედნიკენ. მოედანი ცარიელი დახვდა,  საზეიმოდ მორთული ფორანი არსად ჩანდა... ბიჭი გაშრა, დაბნეულმა არ იცოდა, რაღა ექნა. მოულოდნელად დილის სიჩუმეში ნიავმა შორიახლო ქუჩიდან ზანზალაკების ხმა მოიტანა.
„შორს არ წასულან, დავეწევი!“, გაიფიქრა და ადგილიდან მოწყდა. ქალაქის გასასვლელთან მართლაც დაეწია, ფორანი დაინახა და:
- დამელოდეთ!  მეც მოვდივარ თქვენთან! - დაიძახა.
ფორნის ფარდის კალთა აიწია, სიღრმიდან ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა, ბიჭის აღტკინებული სახე რომ დაინახა, გაიღიმა და ფორამში მსხდომებს რაღაც გასძახა. - მოდი, გელოდებით! - ხელი გაუწოდა ალექსანდრეს.  ბიჭი ფორნის კიდეზე ქალის გვერდით მოკალათდა, თოვლიან ქალაქს გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია, ჯიბიდან ნატვრის ფურცელი ამოიღო, დახედა, გაიღიმა და გადააგდო.
ნიავმა ფურცელი აიტაცა და ქალაქის კარიბჭესთან მიაფრიალა. გამვლელი მოხუცი ქალი დაიხარა, ფურცელი აიღო და გაოცებულმა წაიკითხა ერთადერთი სიტყვა: „ოჯახი“...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ბლოგერავტორთა ბრიგადა

ნაძვის ხის ქვეშ დამალული სურვილები

Approved by Efigenia Doubtfire


მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!


ალბად ახალ წელს თქვენც ისევე მოუთმენლად ელით, როგორც მე. სურვილებიც გექნებათ მომზადებული. მინდა სურვილებთან დაკავშირებული ორი წლის წინანდელი ისტორია გავიხსენო. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს. ან კიდევ შეიძლება სულაც არ სჯერათ, მაგრამ ჩვენ გვარწმუნებენ, ვითომ ძალიან უხარიათ თოვლის ბაბუა საჩუქარს რომ მოუტანთ და ამგვარად უფროსებს გვაბრიყვებენ. ჩვენი ბიჭუნა ყოველთვის ჩამოწერდა ხოლმე სურვილებს, ჩადებდა კონვერტში და  ნაძვის ხის ქვეშ ტოვებდა ხოლმე ამ მაგიურ ბარათს. მერე კი ყოველ დილით ამოწმებდა, თოვლის ბაბუამ წაიღო თუ არა მისი სურვილები. ამ შემთხვევაში, თოვლის ბაბუის ფუნქციას ჩემი მშობლები ასრულებდნენ. მეც ერთხელ გადავწყვიტე, რომ მეხუმრა და ჩემს მშობლებს საჩუქრების მოკრძალებული ჩამონათვალი გავუმზადე, ჩავდე თეთრ კონვერტში, მაგრად დავლუქე და ნაძვის ხის ქვეშ დავდე. ხოლო თუ რა ეწერა იმ ჩამონათვალში, ამ წერილის ბოლოს გაიგებთ. ჩემგან განსხვავებით, ბიჭუნას ყველა სურვილი აუსრულეს, ჩემი სურვილების სია კი ნაძვიხსესთან დარჩა და, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კითხულობდა და გულში ფიქრობდა ”ვაი შენს პატრონსო”:)).  ახლა აღარ დაგღლით და მოკლედ გეტყვით, რომ ჩამოწერილი ოთხი სურვილიდან სამი ნამდვილად ამიხდა მომდევნო წელს: 1. ვიყიდე ახალი მანქანა, სწორედ ის ბრენდი, რომელიც მინდოდა (მართალია, სხვა ფერის, მაგრამ ასეთ უმნიშვნელო უზუსტობებზე პრეტენზია არ მაქვს); 2. ვიყავი ჩემს საყვარელ ევროპის ქვეყანაში; 3. ვიშოვე ისეთი სამსახური, როგორიც მინდოდა, თან პრესტიჟულ კომპანიაში. ხოლო იმ მეოთხე სურვილს რაც ეხება, ისევ ნაძვისხის ქვეშ თეთრ კონვერტში დევს. დღეს თუ ხვალ თოვლის ბაბუა მოაკითხავს და წაიღებს:). ვიცი, რომ 2011 წელს ამისრულდება. ასე რომ, ხანდახან უწყინარი ხუმრობა შეიძლება რეალობადაც იქცეს!


კეთილი სურვილებით, თქვენი ეფიგენია დაუთფაიერი

აფრიკის და საფარის მოყვარულთათვის...

Approved by Gourmet Guide

დიდხანს ვითმინე და მაინც ვერ მოვისვენე!




 საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ღია პასუხი მერის: ორეული ამსტერდამში

Approved by Gourmet Guide

ჩემო მერი,
ეს რა კარგი დრო გამახსენე, აფრიკის ნოსტალგია მომეძალა. რას არ იპოვი ინტერნეტში! ვაღიარებ, ნამდვილად მე ვარ. არავითარი ფოტომონტაჟი!
თუმცა ერთ ნამარხ მეგობარ ედისონს, ამსტერდამში მოგზაურობისას ასეთი კურიოზი დაემართა: მდინარეზე გემით სეირნობისას, გემბანზე მე დამინახა, გახარებული გამოქანდა, გადამეხვია და ფართოდ გაღიმებულ სიფათზე ლაზათიანი სილაც მიიღო. ის გოგო მე არ ვიყავი. ატყდა ალიაქოთი, შეიძრა ქვეყანა, გემის პოლიცია ჩაერია, აჰყვნენ მგზავრები და საბრალო ედისონს, ყველასთვის ცალ-ცალკე და ერთად, ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტება მოუწია, რომ უცხო გოგო ახლობელში შეეშალა. დიდხანს არ უჯერებდნენ, ადგილობრივ ქალებზე მონადირე აბეზარი ტურისტი ეგონათ. როგორ გინდა დაიჯერო, რომ ადამიანი თავისი სიმპათიის საგანს ვერ ცნობს.
მთელი დარჩენილი ექსკურსიის მანძილზე ტყუილად გალახული და დაუმსახურებლად გათათხული ედისონი კუთხეში იჯდა და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გოგონას ჩუმად, პიჯაკის ქვეშიდან უღებდა სურათებს... სურათები რომ ვნახე, დავიზაფრე. ფოტოდან ჩემი სახე მიყურებდა: ჩემი ვარცხნილობა, ჩემი სილუეტი, სამკაულები და ჩაცმის სტილიც კი!
ამსტერდამში ორეული რომ მყავს, ზუსტად ვიცი, მაგრამ ჩარლი ოტლისთან სურათებზე ნამდვილად მე ვარ... რეცეპტსაც გამოვართმევ და  მაგ მოგზაურობის შესახებაც მოგიყვები.

საუკეთესო სურვილებით, შენი პოლი

ღია წერილი დეიდა პოლის

Approved by Gourmet Guide

ჩემო პოლი,
აგერ უკვე ერთი თვეა, გამწარებული ვეძებ გადაცემას „მექსიკის სურნელები“ (Flavoirs of Mexico – “Travel Channel”), სადაც ცნობილი წამყვანი და კულინარიის ექსპერტი, ჩარლი ოტლი ვიღაც მექსიკელ ქალბატონთან ერთად უშესანიშნავეს „კრემ კარამელს“ ამზადებს. ამ ტორტის რეცეპტი მაქვს, მაგრამ მინდოდა მკითხველისთვის თვალსაჩინო ვიდეოც შემეთავაზებინა. სად არ ვეძებე, ვის არ ვკითხე, ვერსად ვიპოვე. გუშინ კიდევ ერთხელ ჩავუჯექი ინტერნეტს, გადავქექე ტელეარხის არქივები და ოტლის ბლოგსაც მოვაგენი. გავიხარე, ვიდეოს თუ არა, სურათს მაინც ვნახავ-თქო... ვნახე, ოღონდ „კრემ კარამელის“ არა. ფოტომონტაჟად რომ არ ჩამითვალო და ინტრიგნობა არ დამაბრალო, მარტო ფოტო კი არა, მთელი საიტის სურათი გადავიღე და აი, ფაქტიც!

ჩარლი და პოლი აფრიკაში

ამ კაცს ასე ახლოს თუ იცნობდი, ამდენი რას მაწვალე??? ჰქენი მადლი და ზუსტი რეცეპტიც გამოართვი. სურათიდან ჩანს, ერთმანეთს კარგად იცნობთ. ამ ღიმილ-ღიმილში რეცეპტთან ერთად, ეგებ ჩვენი ბლოგის სტუმრობაც დატყუო... ნეტა რა ცხოველი უნდა შევურჩიოთ მის ავატარს. ალბათ კაზუარი...
მოუთმენლად ველი შენს პასუხს.
საუკეთესო სურვილებით, შენი მერი

მეთორმეტე ღამე

Approved by Gourmet Guide

ვის არ უყვარს ახალი წელი? იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორც ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“) იტყოდა: „ყოვლად საზიზღარ და გათახსირებულ ადამიანს!“. სხვისი არ ვიცი და მე ამ დღეს წინა წლის 1 იანვრიდან თუ არა, 14-დან მოყოლებული მოუთმენლად ველოდები. შუალედში აღვნიშნავ ჩინურ, რომაულ, ეგვიპტურ, შუმერულ და, სადმე თუ რამეს ყური მოვკარი, ყველანაირ ახალ წლებს, მაგრამ 1 იანვარს მაინც ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით, გარეთ თუ თოვლია და შენ გამზადებულ პურმარილზე ბუხრის ახლოს ფეხზე ფეხგადადებული ზიხარ.

 ისე, კაცმა რომ თქვას, 1 იანვარზე მეტად სახალისო და რაღაც სასიამოვნოსა და ჯადოსნურის მოლოდინში ემოციურად დატვირთული უფრო 31 დეკემბერია.  დილიდან ფუსფუსებ, გულის ცემა აჩქარებული გაქვს, ყველაფერი გიხარია: ლამაზად მორთული სახლი, ოთახებში დატრიალებული გოზინაყის  მადისაღმძვრელი სურნელი, ათასფრად მოციმციმე და ბრჭყვიალა ბურთებით მორთული ნაძვის ხე, მომღიმარი სახეები და ნამუსიანი ოჯახის წევრები და მეგობრები თუ გყავს, ამავე ხის ქვეშ დალაგებული უამრავი საჩუქარი...
თუმცა, ეს ყველაფერ ქართველი დიასახლისების დიდ ნაწილს არ ეხება. რატომ? მთელი კვირა სახლს ალაგებენ, ხეხავენ, რეცხაცვენ, ლოკავენ, დილიდან ბაზარში, ბაზრიდან დაბრუნებულზე სამზარეულოში. სადღაც თორმეტის ნახევარზე ქანცგაწყვეტილები, არაქათგამოლილები და ენა გადმოგდებულები სირბილით შლიან სუფრას, შემდეგ ისმენენ მამრობითი სქესის ოჯახის წევრების და მათთან დაახლოებული პირების, ანუ უწყვეტ ნაკადად შემოდინებული და გადინებული არაფხიზელი სტუმრების გაუთავებელ სადღეგრძელოებს (განსაკუთრებული ეშხითა და გამოთქმით, გასწორებული განმკლავით, სწორედ დედების და დიასახლისების სადღეგრძელო ისმება). გამთენიისას, ქმარ-შვილის, საუკეთესო შემთხვევაში ლოგინში, უარესში კი - სკამზე ჩამოძინების შემდეგ, სასწრაფო წესით, იწყებენ უმოწყალოდ არეული სახლის ახლიდან დალაგებას, ჭურჭლის რეცხვას და მაგიდის ახლიდან გაწყობას მომლოცველი სტუმრების მოლოდინში. აღსანიშნავია, რომ ამავე სცენარით ვითარდება ხოლმე ჩვენი ქალების დაბადების დღეც... თან ქმრის მადლობელი უნდა იყო, ბაზრიდან პროდუქტის მოსატანი ფული თუ მოგცა და შენს გაკეთებულზე და მირთმეულზე, თავისი ძმაკაცები თუ აქეიფა.
Не надо о грустном!
იცოდით, რომ  31დეკემბერი - წელიწადის 365-ე დღე (366-ე ნაკიან წელიწადში), წელიწადის ორი დღიდან ერთერთია, რომელსაც ნაკიანი წამი ემატება  ხოლმე?! (მეორე ასეთი დღე 30 ივნისია)
გარდა ამისა:  „მეთორმეტე ღამე“ - ასე ერქვა ამ დღეს წარმართულ ევროპაში, სადაც სჯეროდათ, რომ ძველსა და ახალ წელს შორის ნაპრალი იხსნებოდა და სიცოცხლის ახალი ციკლი იწყებოდა; წელიწადის ყველაზე მშვიდობიან ღმე დგებოდა და იქითა და აქეთ სამყაროს მკვიდრები (ადამიანები და ავი სულები) ერთად ღრეობდნენ; ოჯახში სითბოსა და ნათელის დასაბედებლად კი, საახალწლო თაიგულში სანთლებს მთელი ღამე უნდა ეციმციმა. “მეთორმეტე ღამის“ მომდევნო დღე  „ბედისწერის“ ოყო და მზის ჩასვლამდე წარმოთქმული ყველა სიტყვა და გაკეთებული საქმე მთელი წლის ბედს განსაზღვრადვდა. და სწორედ აქედან შემოგვრჩა გამოთქმა: „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისეთი გექნებაო“.
თანამედროვე ევროპაში წმინდა სილვესტრის დღის პატივსაცემად ახალი წლის ღამეს „სილვესტრს“ ეძახიან და დიდი ზარ-ზეიმითა და ხმაურიანი კარნავალით აღნიშნავენ. ლეგენდის თანახმად, წმინდა სილვესტრმა 314 წელს ზღვის ურჩხული ლევიაფანი დაამარცხა. ნაწინასწარმეტყველები ყოფილა, რომ 1000 წელს სწორედ ამ ბიბლიური მონსტრის „წყალობით“, სამყაროს დასასრული უნდა დამდგარიყო. საბედნიეროდ, წმინდა სილვესტრმა იმარჯვა: გველეშაპი დამარცხებულია, სამყარო - უვნებელი.
ჰოლანდიაში ამ დღეს ყველაზე გვიან გაღვიძებულს „სილვესტრს“ ეძახიან და სახალისო ჯარიმას აკისრებენ; გოგონები, რომლებიც სახლის დალაგებას მზის ჩასვლამდე მოასწრებენ, მომდევნო წელს თუ არ გათხოვდებიან, საბედოს მაინც „იშოვიან“; ჩეხეთში ბარაქისა და ბედნიერების მომტანად სუფრაზე თევზი ითვლება (ამბობენ, თევზის ქერცლს თუ მოიპარავ და საფულით ატარებ, ბევრო ფული გექნებაო); ფრინველს კი, ბედნიერება ჩიტივით რომ არ გაუფრინდეთ, ამ დღეს საერთოდ არ ჭამენ. „სილვესტრს“ განსაკუთრებით ხმაურიანად გართობის მოყვარული გერმანელები აღნიშნავენ. დიახ, დიახ გერმანელები. მუშაობაც და გართობაც კარგად  ეხერხებათ და ნაირგვარ კრენდელებთან და ფუნთუშებთან ერთად, „ღორული ბედნიერების“ ანუ მაძღარი და უდარდელი ცხოვრების დასაბედებლად, ღორის ხორცს მიირთმევენ.
ხვათა შორის, ახალი წლის სიმბოლოს, ნაძვის ხის 1513 წლიდან დამკვიდრებასაც გერმანელ მარტინ ლუთერს უნდა ვუმადლოდეთ. დანარჩენმა ევროპამ ეს ტრადიცია მხოლოდ 250 წლის უკან აღიარა, ისიც, გერმანელი პრიცესების წყალობით. რომლებსაც სხვა ქვეყნებში გათხოვებისას  „მზითვად“  ნაძვიც მიქონდათ. და რაც მთავარია, უაზროდ კი არ რთავდნენ, არამედ, წესისა და კანონის თანახმად: ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა, კვერცხი - ჰარმონიისა და ბარაქის, თხილი - ღვთის მადლის. ასე, რომ კარგად დაფიქრდით ნაძვისხეზე რას აბამთ.
31 დეკმებერს ფრანგები „ქალბატონი ბარაქის“ დღეს ზეიმობენ, მექსიკელები „სურვილების ღამეს“ , შოტლანდიელები კი, საკუთარ ახალ წელს - „ჰოგმანაი“-ს. შოტლანდიელებს თუ დავუჯერებთ, მეკვლე კაცი უნდა იყოს და რაც უფრო შავი, თმაინი და გაუპარსავი იქნება, მით უფრო ბარაქიანი წელი იქნება (რას  გაიხარებენ ჩვენი კაცები!)...

ჩემი შავი და ბანჯგვლიანი მეკვლე
 მეკვლედ ყოველ წელს კაცი მყავდა - შავი და ბანჯგვლიანი (ფრანგული ბულდოგი) და ბარაქასაც ნამდვილად არ ვუჩიოდი. ერთ წელსაც, ჩვენმა ერთ-ერთმა ბლოგერავტორმა - მის ენდრიუმ მიმეკვლა... მეკვლეობამ მოულოდნელად მოუწია და უსაჩუქროდ მოვიდა, ამიტომ ხელს საკუთარი სუფრიდან ფორთოხლის ლიქიორი და კომბოსტოს მწნილი მოაყოლა. არა, წელი მშვენიერი მქონდა! შემდეგ ახალ წლამდე აღარც გამხსენებია. ვიღაცამ მკითხა, შარშან მეკვლედ ვინ გყავდაო და მივხვდი... მთელი წელი ლიქიორებს და მწნილებს ვაკეთებდი: ყავის, შოკოლადის, ალუბლის, პიტნის, ატმის, ნესვის, მოცხრის ... ლიქიორები. მწნილებს არ იკითხავთ? შავი ქლიავი ძმარში, ატამი თეთრ და მსხალი წითელ ღვინოში... ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ სანამ მეკვლეს სახლში შემოუშვებთ, კარგად შეამოწმეთ რა მოაქვს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი.
P. S.  31 დეკემბერი  მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანლების სოლიდარობის და ყირგისტანელი მებაჟეების დღეა.

ვარიაცეიები ტირამისუს თემაზე

Approved by Gourmet Guide

ძველ რეცეპტებს ვათვალიერბდი და საინტერესო დესერტს გადავაწყდი: იულია ვისოცკაიას ტირამისუს. თუმცა, ამ ნამცხვარს კლასიკურ ტირამისუსთან, ინგრედიენტების გარდა, საერთო არაფერი აქვს. მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია და თან ადვილად, პრაქტიკულად უშრომლად კეთდება.
მინდა ავღნიშნო, რომ ნამდვილ ტირამისუს კიდევ უფრო ცოტა შრომა სჭირდება. რეცეპტის აქვე მოწოდებას ვაპირებდი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ბლოგს იტალიას ნაზიარები და, კლასიკურ და არმხოლოდ, ტირამისუ ნაჭამი მკითხველები შემოეჩვივნენ. მე კი შრომის დანაწილების პრინციპის მომხრე ვარ. მარტო მე წერით და თქვენ მარტო კითხვით - შორს ვერ წავალთ... ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ და მივირთავთ ტირამისუ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

გულმავიწყობა - 2: ქალები

Approved by Gourmet Guide

მამაკაცების გულმავიწყობა საყოველთაოდ აღირებული თემაა (ვისაც არ გჯერათ, ჰკითხეთ ცოლებს), მაგრამ დაბნეულობაში ქალებიც არ ჩამოუვარდებიან და, კრიჭაშეკრულმა უნდა ვაღიარო, ხანდახან ჯობნიან კიდეც. რამდენიმე ისტორია გამახსენდა და ყველა ქალზეა! მაგალითად, ერთ ჩემს მეგობარს, გამოცდილ მძღოლს, სამსახურიდან გამოსულს ხშირად არ ახსოვს, მანქანა სად დააყენა. ის კი არა, ისიც დავიწყებია, რომ მანქანით მოვიდა და სახლში ტაქსით მიმავალს შემოურტყამს თავში ხელი!  
მეორე ჩემს მეგობარს (ისიც სტაჟიანი მძღოლია) უკეთესი დაემართა: პიცერიიდან გამოსულმა კარი გააღო, ჩაჯდა და მხოლოდ მერე მიხვდა, რომ სხვის მანქანაში მოკალათებულა. დღემდე ამოუხსნელია, თავისი გასაღებით სხვისი ავტომობილის კარი როგორ გააღო. ამ მოვლენის თვითმხილველი რომ არ ვიყო, მეც არ დავიჯერები!
თუმცა სხვის დაბნეულობას რას დავცინი,  მსგავსი და არამსგავსი მეც არაერთხელ დამმართნია. დარწმუნებული ვარ, გეცნობათ: სახლიდან შეღებილ-დავარცხნილ-სამკაულასხმული  ჩუსტებით არაერთხელ გამოვსულვარ; მობილური ხელში მჭერია და მოსაუბრისთვის შემიჩივლია, რომ ტელეფონს ვერსად ვპოულობ; ნაგვის პარკის მაგივრად ბუნკერში საკუთარი ჩანთა გადამიშვია  და ასე შემდეგ.
ჩემი მეგობრები განსაკუთრებით ორ ისტორიაზე ხალისობენ. საზღვარგარეთ მოსკოვიდან მივფრინავდი. ორი დღის ნაგროვები ნაგავი (შოკოლადის ქაღალდები, ბანანის ქერქები და სიგარეტის ნამწვავები) სათუთად შევფუთე იმ განზრახვით, რომ დილით, აეროპორტის გზაზე სადმე გადამეგდო და სპორტული ჩანთის გარეთა ჯიბეში მოვათავსე. მეორე დღეს მშვიდობიანად ვიმგზავრე, დანიშნულების ადგილს მივაღწიე და მასპინძელს ჩანთა საჩუქრების ამოსალაგებლად გადავულოცე. უნდა გენახათ მისი გაოგნებული სახე, როცა გულდასმით გახვეული პარკი ამოაძრო და დიდხანს და ჩაფიქრებული ათვალიერებდა შიგთავსს..
მეორე ამბავი ქსოვის პირველ მცდელობასთანაა დაკავშირებული. იმ პერიოდში სახლში მეგობრების შემოსევა იყო, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მეგობრები ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველდღე ერთიდაიგივე სახეების შემყურე რომ არ გავგიჟებულიყავი, ამ „საღამოების“ გასახალისებლად, ქსოვა დავიწყე. არ მახსოვს, ამ „პენელოპობამ“ რამდენ ხანს გასტანა, მაგრამ შედეგად აღმოჩნდა, რომ სვიტრის ორივე მხარე და სამი (!) სახელო მომიქსოვია.
ქსოვა მივატოვე, ნაგავს ჩანთაში აღარ ვინახავ, სადარბაზოში გასული შიშით ვიმოწმებ ფეხსაცმელს, ერთი სიტყვით, თავს ყველანაირად ვიზღვევ, მაგრამ... დასაძინებლად წასულს, თვალებიდან ლინზების ამოღება მაინც მავიწყდება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

მამაკაცები და მათი გულმავიწყობა

Approved by Gourmet Guide

მეტნაკლებად ყველა კაცი გულმავიწყია, ზოგი ბუნებით, ზოგი ასაკის გამო, ზოგიც - როცა აწყობს. ავიწყდებათ დარეკვა, ოჯახისთვის რამის ყიდვა, მოკითხვა და ა.შ... აღარაფერს ვამბობ სახლში დატოვებულ ნივთებზე - მანქანის გასაღები, მობილური, სიგარეტი, საფულე... თუმცა, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გულმავიწყობაც ნიჭია!
ბიძაჩემი
აქაც გამიმართლა და ოჯახში გულმავიწყობის ჩემპიონი გვყავს - მამიდაჩემის ქმარი, რომელზეც ერთხელ უკვე გიყვებოდით. მისი ისტორიები ოჯახიდან ოჯახში ზეპირსიტყვიერად გადადის და ალბათ თაობებსაც გადაეცემა. მახსოვს, ერთხელ ბაბუაჩემთან მომაკითხა წასაყვანად. სანამ ჩანთა ავიღე, დავავიწყდი და წავიდა... ვსდიე, მაგრამ მისი მანქანა ჩემზე უფრო სწრაფად დადის...
ერთხელ უკრაინაში მოგზაურობისას, ღამის 2 საათზე ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა. მამიდაჩემი უკანა სავარძელზე ისვენებდა, შეჩერებით ისარგებლა და მუხლის გასამართად მანქანიდან გადმოვიდა. ბიძაჩემმა ბენზინი ჩაასხა, მანქანაში ჩაჯდა და გზა გააგრძელა. თან ცოლს ესაუბრებოდა. პასუხი რომ ვერ მიიღო, დაასკვნა, რომ ჩაეძინა. სადღაც 3 საათის შემდეგ, ცოტა დაფიქრდა, ამდენი ხნის სიჩუმემ გააკვირვა, უკან მოიხედა და... მიხვდა, რომ გაქანებული მანქანიდან მგზავრი ვერსად გაიპარებოდა და ბოლო გაჩერების ადგილზე დაბრუნდა, სადაც ცოლი სკამზე ჩამომჯდარი მორჩილად ელოდა...

ერთადერთი გადარჩენილი

კიდევ უფრო კურიოზულია მისი და თევზების სიყვარულის ამბავი. აკვარიუმი ძალიან უყვარს და  თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე, „მოთების“ („მოთევზობა“ - სიყვარულით ასე უწოდებს), ანუ თევზების საყიდლად ზოომაღაზიებს სტუმრობს. ერთხელაც შეიძინა თევზების მორიგი პარტია, მოიყვანა სახლში, ჩასხა ქილებში და... არ დახვდა ცივი წყალი. მშვიდად ჩაასხა ცხელი, თევზებიანი ქილა საყინულეში მოათავსა და იქვე დაივიწყა. საბედნიეროდ, შვილს მოშივდა, საჭმლისთვის მაცივარს მიაკითხა და ნახევრადგაყინული თევზები ოჯახის წევრების ვიშვიშისა და შეცხადების ფონზე გამოასვენა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ თევზების დიდი ნაწილი გადარჩა. მაგრამ მათი განსაცდელი ამით არ დასრულებულა. გაიგო რა, რომ თევზებს თბილი წყალი უყვართ, ზამთარში, ეზოში დადგმულ დიდ აკვარიუმში მადუღარა ჩაუშვა და ასევე დაივიწყა. მამიდაჩემმა პირაღმა ამოტრიალებული თევზების ფლოტილია სათითაოდ გოდებით ამოიყვანა და... ჰოი, საოცრებავ! ერთი თევზი ცოცხალი იყო!
თევზებს ვინ ჩივის, ადამიანებს კარგავს სისტემატიურად. თავისი მანქანა გაათხოვა და ბაბუაჩემს მიაკითხა, შენი მათხოვეო. ბაბუაც გაყვა ცენტრში. მერიის წინ მანქანა გააჩერეს და ორივე თავის საქმეზე გაეშურა. ბაბუა უფრო ადრე დაბრუნდა და მანქანიდან ხედავს სცენას: სიძე მოდის, იქით-აქეთ იყურება, ხელების შლას და ყვირილს იწყებს. გროვდება ხალხი, პოლიცია... ბაბუამ იფიქრა, ერთადერთ სიძეს რაღაც უჭირსო და საშველად გადავიდა. აჩოჩქოლებულ ხალხს მიუახლოვდა და ესმის: „მიშველეთ! მანქანა მომპარეს! მანქანა ჯანდაბას, კაცი მეჯდა შიგნით!“. ამ დროს დაინახა საღსალამათი სიმამრი,  გაახსენდა, ვისი მანქანით იყო და შიგ ვინ ეჯდა. ორივე ჩუმად გამოიძურწა...
კაცმა რომ თქვას, ამის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს... თუმცა, ხანდახან ახერხებენ. ნიჭიერ ხალხს რა გამოლევს!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

Космический сигнал от мужа под шафэ...

Approved by Gourmet Guide


Привет,  дорогие читатели.  Наконец и до вас у меня дошли ручки. Детки играют, муж опять у друзей, а я сижу у чудом свободного компьютера.



Мой муж: Гурул-Аравийский



Из предыдущего письма вы знаете, что как все многодетные матери (всегда в спешке, всегда в движении), раньше всех  умчалась с праздника – спасать мужа и радовать детей. Но, случилось так, что порадовали и меня. По дороге домой муж уснул в машине.  Пришлось  чуть ли не на руках поднимать его на девятый этаж (правда на лифте ) и укладывать его в постель. И ... неожиданно получила комплимент: « ფისო, ты же знаешь, американцы были на луне. Вокруг луны летал их корабль. Так, вот, дорогая, между мной и тобой сигнал на много силнее чем между ними»... и сладко уснул!
А я с кенгурятами поскакали на ёлку...              
P.S. Кстати: про козла отпущения – есть и другая легенда. У древних евреев существовал обряд отпущения грехов. Священник возлагал обе руки на голову живого козла, тем - самым как бы перекладывая на него грехи всего народа. После этого козла изгоняли в пустыню.


С наилучшими пожеланиями, ваша Мамочка Ру

ჩემი მეგობრები და სხვა ცხოველები

Approved by Gourmet Guide

ამდენი შრომისა და ჯაფის (რომლის მოწმე ხარ, ჩვენო ერთგულო მკითხველო), უწყვეტი ელექტრონული და სატელეფონო კავშირის (რომლის მოწმეცაა სრულიად საქართველოს სატელეფონო და ინტერნეტ-პროვაიდერები), წყვილ-წყვილად და ტრიო-ტრიოდ შეკრებების შემდეგ (რომლის უნებლიე მოწმეა ქუჩაში შემთხვევით გამვლელები), როგორც იქნა, ავისრულეთ ოცნება და ბლოგერავტორთა ხროვის სრული შემადგენლობა + თაყვანისმცემლები, შევიკრიბეთ და მუსრი გავავლეთ 3 დღის წვალების შედეგს.
ერთ ტორტსა და 4 ლიქიორს (ყავა და ჩაი განუსაზღვრელი ოდენობით) გარს ვევლებოდით და თავს ვეხვეოდით 4 ბლოგერი, 1 იურისტი, 1 მეორეხარისხოვანი მთავარი პერსონაჟი, 1 მსხვერპლი და ერთიც განტევების ვაცი და ბლოგთან დაახლოებული სხვა პირები.
სასიამოვნო ბაასსა და ხმამაღალ ჟივილ-ხივილში ოფიციალურად ჩამოყალიბდა, დაარსდა, გაფორმდა და დაკანონდა თანამოაზრეთა კლუბი: Coffee Cake Club. დაისახა მომავლის გეგმები, ჩამოყალიბდა სტრატეგია, შედგა ღონისძიებათა გრაფიკი, შეირჩა კლუბის ქილიკისა და გაკიცხვის ობიექტები, გადაწყდა, ვინ დაისაჯოს, ვინ წახალისდეს.
ერთი სიტყვით, გავერთეთ, ვიხალისეთ, ვილაზღანდარეთ, ერთმანეთის ქებით ენები გადავიტყავეთ და საკუთარი თავის ხოტბაში ყურები დავიკაპიწეთ. ობიექტურობის გრძნობა რომ არ დაგვეკარგა, ვინც კი იმსახურებდა, ყველა გავაკრიტიკეთ (სამართლიანად, რაღა თქმა უნდა!).
ბლოგზე უნებლიედ დამკვიდრებულმა ტრადიციამ, ავატარად ცხოველების სურათების არჩევამ, ჯერალდ დარელი გაგვახსენა - „ჩემი ოჯახი და ცხოველები“, ჩემი ბავშვობის (და არა მარტო) უსაყვარლესი წიგნი. და თავისთავად გაჩნდა: “ჩემი მეგობრები და სხვა ცხოველები“.

მისის ეფიგენია დაუტფაიერი

მისის დაუტფაიერი (უახლოეს მომავალში პირადად გაგეცნობათ), ამ ერთი თვის განმავლობაში გამოჩენილი სიზარმაცისა და დუმილისთვის ნაძვისხის გვერდით, სახით კედლისკენ და ზურგით ტორტისკენ, კუთხეში ავტუზეთ და „სირცხვილო, სირცხვილო“ ვეძახეთ. იმედია, სადღაც შემთხვევით შემორჩენილი სინდის-ნამუსი გავუღვიძეთ და, კალამი თუ არა, კომპიუტერის კლავიატურა მაინც ავაღებინეთ ხელში.
დედიკო რუ, ტრადიციისამებრ, ყველაზე ადრე მოქანდა, ყველაზე ენერგიულად გაერთო და ასევე  ყველაზე ადრე გაქანდა ნასვამი ქმრის დასაბინავებლად და პატარა რუების სასეირნოდ გასარეკად.
ბლოგის იურისტმა სერიოზული დავალება მიიღო - დარჩენილი წლის ბოლომდე იმუშაოს და უნდა-არუნდა, შეადგინოს ბლოგერთა ერთობისა და თანამოაზრეობის ქვისგამტეხი, წყალშეუვალი და ურღვევი ქარტია.
განტევების ვაცი დიდხანს გვიძალიანდებოდა, მაგრამ მაინც გავატყავეთ, ოთხში ამოვიღეთ და ისე გავუშვით სახლში. სხვათა შორის, გაცილებით გალამაზებული და გაკეთილშობილებული.
ერთი სიტყვით, კარგად ვიმუშავეთ. უკაცრავად, კარგად მამუშავეს. მოგეხსენებათ, სატურნალიებია და როლები იცვლება: მასპინძელი იჯდა, სტუმრები კი მის გარშემო ვტრიალებდით. ასე აღარასდროს შევცდები. მომავალ წელს ამ დღეს ყველას ჩემთან ვუმასპინძლებ. ტორტი კი მაჭამეს, მაგრამ რად გინდა?! როგორც დამემუქნენ, ჭურჭელი ჩემი დასარეცხია...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

ძველზე ძველი ახალი წელი, არდაბადების დღე და სხვა...

Approved by Gourmet Guide

საკუთარი თავის გართობა და საკუთარი კომფორტის შექმნა მარტო შენს ხელშია. „მოვიწყინე და არ მართობენ, პირობებს არ მიქმნიან“, მარტო მიზეზია საკუთარი სიზარმაცის ან უინიციატივობის გასამართლებლად. დილაობით ინტერნეტში შესულს, მეგობრების მოკითხვაზე ვპასუხობ, რომ განცხრომაში ვიმყოფები და ლოგინში მივირთმევ ყავას და შოკოლადს. ბევრს შურს და ვიშვიშებს, რომ თვითონაც არ იტყოდა იგივეზე უარს. იცით რა? ყავასაც მე ვიდუღებ, ლანგარზეც მე ვდგამ და ხშირად წინა საღამოს გახაზირებულ შოკოლადიან კრუასანთან ერთად ხალისით მივაცუნცულებ ლოგინში. ჩემი თავის გარდა სხვა არავინ მიქმნის მსგავს კომფორტს. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
რა ჯობია წვიმაში ან ცუდ ამინდში ტელევიზორთან თბილ ოთახში ჯდომას?!. არც არაფერი! მაგრამ გათბობაც თქვენ უნდა ჩართოთ და რბილი სავარძელიც თქვენ უნდა მიაჩოჩოთ ტელევიზორთან. არავინ არ არის ვალდებული იზრუნოს თქვენს გართობაზე. ტყუილად წუწუნს, ყოველთვის ჯობია, თავიდან ცოტა შეწუხდეთ და მერე დატკბეთ ცხოვრებით. „ყავა არ მომიტანეს და ბუხარი არ დამინთეს“ წუწუნს და ნერვების შლას, აბა, რა აზრი აქვს?
ცხოვრების გახალისება ათასნაირად შეიძლება. უბრალოდ კომფორტი თუ არ გაკმაყოფილებთ და კომპანია გჭირდებათ, ჩამორეკეთ მეგობრებთან და აღნიშნეთ... ვინმეს არდაბადების დღე, რომელიც ყველა ადამიანს 364 აქვს წელიწადში, ძველზე ძველი ახალი წელი, კიდევ უფრო ძველი, უძველესი ახალი წელი და ა.შ. ყოველ ორ კვირაში 14 იანვრიდან მოყოლებული, ანთებული სანთლების დღე ძველ ეგვიპტეში, მტირალა ტირიფების დღე შუამდინარეთში, ბაბა-იაგას დღე ბულგარეთში... მიზეზი არასდროს დაგელევათ. სხვისი დღესასწაულები თუ არ მოგწონთ, საკუთარი მოიგონეთ: ნაყინის კვირადღე, „ყიყლიყოების“ ორშაბათი, ზოლიანი წინდების ხუთშაბათი, ახალ წელს მორჩენილი ბენგალური ცეცხლის 21 ივლისი და ა.შ. მოკლედ, რაზეც ფანტაზია გეყოფათ.
მონდომება თქვი, თორემ ერთ წელს მე და ჩემი მეგობრები ყველა სატელევიზიო სერიალის დაწყებას და დამთავრებას აღვნიშნავდით, ისე, რომ არცერთი არ გვინახავს (მხოლოდ სატელევიზიო პროგრამების ჟურნალით ვსარგებლობდით). ერთხელაც, მეგობრის სარდაფში ნამდვილი სამოვარი ვიპოვეთ, ვაკის პარკში გირჩები შევაგროვეთ და, როგორც წესი და რიგია, ძველი ჩექმით გავახურეთ. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვიდექი რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ და თმასა და ტანსაცმელზე შეშის სუნი ამდიოდა.
ამჯერად ახალი იდეა მაქვს: თვეში ერთხელ შევიკრიბოთ და საქართველოში ნაკლებად გავრცელებული სასმელების დეგუსტაცია მოვაწყოთ. მაგალითად, ზამთარის ყინვაში, არაყი „ფინლანდია“  ნორვეგიულად დამზადებული თბილი ქაშაყითა და კარტოფილით; ტეკილა, ლაიმით და მარილით; აბსენტი თავისი კოვზითა და ყინულიანი წყლით; კაიპირინია ლერწმის შაქრით და მწვანე ლიმონით... კარგ სასმელს და ტრადიციებს რა გამოლევს, ყველა ხალხს თავისი წესი აქვს, ასე რომ,  წელიწადიც შეივსება.
ხვალ, მაგალითად, სატურნალიები მთავრდება, მე სტუმრებს ველოდები: ბლოგერავტორებს, ერთ მეორეხარისხოვან პერსონაჟს, ერთ მსხვერპლს და ერთ მავნესაც. თქვენ?

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

სალამი ყველას!

Approved by Gourmet Guide

მაიძულეს!
 საშველი არ დამაყენეს!
რა მინდა ამ საქალეთში! ჩემი ნებით და ფეხით აქ არ მოვიდოდი. მაგრამ ეს ყურუმსაღები ჩემს მტერს გადაეკიდნენ. სახელი რომ ვახსენო მომკლავენ, მოკლედ - ესენი.
არგაბედო და მისი ალტერ ეგო
მშვიდად ცხოვრებას და ტკბილად დაბერებას ვინ გაცლის. კიდევ არ შევდრკებოდი, მაგრამ ჩემი თანამოაზრის კომენტარებს გადავაწყდი და შემეცოდა თქვენს წინააღმდეგ მარტო ბრძოლაში. თანაც ისეთი აზრები აქვს, შევეჭვდი, პიროვნების გაორება ხომ არ მჭირს და მე ხომ არ ვწერ ძილში.
ჩემთვის უცნობო და ამათთვის ნაცნობო თანამოაზრევ, შენ გვერდით მიგულე!  განტევების ვაცობას მეც მიპირებენ. გასატყავებლად ალბათ არ გაგვიმეტებენ. თავს ნუ დავაჩაგვრინებთ და სატურნალიებს თუ გადავურჩით, ერთად დავლიოთ.
Один за всех, все за одного!
 თქვენი მავნე არგაბედო

თევზის კერძი: „სად წახვალ, ისევ მესტუმრები“

Approved by Gourmet Guide

მთვრალ ალუბალს ყოველთვის სიამოვნებით ვჭამდი, მაგრამ რეცეპტით არასდროს დავინტერესებულვარ და ნეტავ, ასეთივე უმეცრებაში დავრჩენილიყავი. დავიზაფრე! აქამდე სულ მეგონა, თუ მომინდება, მარტივად გავაკეთებ კიდეც. ნურას უკაცრავად. ჩემი თავდაჯერებულობა ჩანასახშივე ჩაკვდა. ამის გამკეთებელი ნამდვილად არ ვარ. და ალბათ კიდევ ბევრი ჩემნაირიც... ამ ტორტის გაკეთებას ინგრედიენტების ქონის, რეცეპტის ცოდნისა და ენთუზიაზმის გარდა, დროც სჭირდება. რა ვქნათ იმ ქალებმა, ვისაც არ გვცალია? ვინც მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დარბის, სახლში ენაგადმოგდებული ბრუნდება და სიქაგამოცლილს ერთი სული აქვს, ღამით საწოლამდე მილასლასდეს. და თან გაზთან დგომაზე მეტ სიამოვნებას, სტუმრად მისვლა და მზა-მზარეულის მირთმევა ანიჭებს?
სხვათაშორის, მამაკაცების საყვარელ სათამაშოებზე გამახსენდა: კარგად ჭამასაც არანაკლებ დიდი ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში. შესაბამისად, მათთვის გამზადებული საჭმლით უზუნველყოფას ქალების დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს. ისინი ჭამენ, ჩვენ ვშრომობთ! შედეგად - ჩვენივე გაწყობილი და ჩვენივე ასალაგებელი მაგიდა, გასარეცხი ჭურჭლის გროვა და საუკეთესო შემთხვევაში, ცალყბად ნასროლი მადლობა...
მერი, შენმა თევზის რეცეპტმა მისი ბევრად უფრო მარტივი და მრავალნაცადი ვარიანტი გამახსენა, რომელმაც არაერთხელ გადამარჩინა მოულოდნელად თავსდამტყდარი დამშეული მეგობრების მოგერიებისას. როგორც მახსოვს, შენს ე.წ. „განსაბაჟებელი ბენტლის“ თევზი უყვარს, ასე რომ, ადვილად გამოძვრები. ვიცი, რომ განებივრებული გყავს კულინარიული „იზისკებით“, მაგრამ ამ რეცეპტით არამარტო ძველს, არამედ, სტუმრად პირველად მოსული სიმპათიის გულსაც მოიგებთ და კუჭსაც ადვილად მოინადირებთ. სხვა თუ არაფერი, თევზის საჭმელად მაინც მოგიკაკუნებთ კარზე ხელმეორედ.
ამ რეცეპტის მთავარი მომხიბვლელობა და სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ კერძის მოსამზადებლად სამად-სამი ინგედიენტია საჭირო, რომელთაგანაც ორი, როგორც წესი, მაცივარში მოგეპოვებათ: თევზის ფილე (დროის არმქონე ქალებმა რომ არ იწვალოთ, ჩაირბინეთ უახლოეს სუპერმარკეტში და  გაწმენდილ-გასუფთავებული ფილე ამოარბენინეთ. ნებისმიერი თევზი გამოდგება, თუმცა მე პირადად, ხშირად პალტუსს ვყიდულობ, რომელიც საკმაოდ ცხიმიანია და გირჩევთ, ზედმეტი ქონი ჩამოაჭრათ), მაიონეზი (ოდნავ მოტკბო მაიონეზი ჩვეულებრივზე ბევრად მეტად უხდება) და სტაფილო. ვგულისხმობ, რომ მარილი და პილპილი  ყველა სამზარეულოში დევს.
ვიღებთ თევზის ფილეს,  ვჭრით პორციულ ნაჭრებად  - მართკუთხედებად, კვადრატებად, ერთი სიტყვით, თქვენი გეომეტრიული ხედვისა და მადის მიხედვით.  ვალაგებთ ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. გავხეხოთ სტაფილო, ჩავურიოთ მაიონეზი (მაიონეზისა და სტაფილოს ოდენობას თვალით ვსაზღვრავ, საჭიროებისა და მჭამელთა ოდენობის მიხედვით. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, არაფერი შავდება. რაც მეტია სტაფილო, უფრო გემრიელია კერძი), დავამატოთ პილპილი და მარილი, კარგად ავურიოთ. და აი, ეს მასა გავანაწილოთ თევზის ნაჭრებზე. შევდგათ ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავზე ოქროსფერი ქერქის გაკეთებამდე. დაახლოებით, 80-100 წუთით და დავივიწყოთ.
წადით, თამამად მიხედეთ საქმეებს, თავისუფლად მოასწრებთ სახლში მტვრის გადაწმენდას, თმის შეღებვას, სერიალის ყურებას, რამდენიმე სატელეფონო ზარსაც... ჩემს ერთ მეგობარს თუ ჰგავხართ, რომელიც მჭადის კვერებს საათმომარჯვებული აცხობს (ცალი მხარე 15 წუთი, მეორე - 15 წუთი) და ძალიან ღელავს არ გაუფუჭდეს(!), დაჯექით სამზარეულოში და პერიოდულად უშიშრად შეიჭყიტეთ ღუმელში - შეამოწმეთ, ხომ არ დაიბრაწა. გულით რომ მოინდომოთ, ვერაფერს დაუშავებთ - ტორტისგან განსხვავებით, ნამდვილად არ ჩავარდება!!!
კიდევ ერთი რჩევა: ამ თევზს გარნირად უბრალოდ მოხარშული ბრინჯიც უხდება, განსაკუთრებით, თევზის სიმცირისა და სტუმრების სიმრავლის პირობებში.
უი, კარზე ზარია, სტუმრები მოვიდნენ. თითქოს ყველაფერი მოვასწარი: სტატია დაწერილია, ბრინჯს მარტო გადაწურვა აკლია, თევზს კი ღუმელიდან გამოღება. გავიქეცი...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

მამაკაცები და მათი საყვარელი სათამაშოები (???)

Approved by Gourmet Guide



გასულ კვირას, მცხეთაში თეატრონზე რალის დავესწარი. ქართველი ავტომოყვარულები  ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რამდენიმე პროფესიონალი  კი ხალისობდა. საკაიფოდ გავერთე (მით უმეტეს, რომ ჩემმა საყვარელმა კლუბმა - SubaruClabGeorgia-მ გაიმარჯვა) და სტატიების ახალი ციკლის შექმნის იდეა გამიჩნდა: „მამაკაცები და მათი სათამაშოები“. ანუ მანქანები, კომპიუტერი, იარაღი, მობილური, ლამაზი ქალები (!) ... და ა.შ.
მოვინდომე მანქანებით დამეწყო. ამ თემაში ქალის კვალობაზე, საკმაოდ კარგად ვერკვევი. პრაქტიკულად მანქანაში გავიზარდე, თანაც ისე გამიმართლა, რომ ოჯახში ყველა კარგი (მართლა კარგი) მძღოლი გამოდგა, შემომატებულებიც კი, სიძეების სახით. მამიდაჩემის ქმარმა და ჩემმა განსაკუთრებულად საყვარელმა ბიძამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაუყენა საბჭოთა 06-ს GPS-ი. საჭესთან სისტემატიურად იძინებდა და მანქანა ისე გაწვრთნა, რომ სახლში და სამსახურში თვითონ დადიოდა. რობოტის მოვალეობას კი, რომელიც აცხადებს: „50 მეტრში შესახვევი მარჯვნივ“, ერთად მგზავრობისას, მე და მამიდაჩემი ვასრულებდით წარმატებით. საქართველოსა და უკრაინას შორის სისტემატიური მიმოსვლისას და 10 000-ობით კილომეტრის დაფარვისას ერთი ავარიაც არ მოსვლია, აი, მამიდაჩემის და ჩემი ჩაძინების შედეგად, გზაჯვარედინზე არასწორი მიმართულებით გადახვევა და მარშრუტიდან 200-300 კილომეტრით, რამდენიც გინდა. მამაჩემი კი, ასევე საბჭოთა მანქანით (მართალია, სულ ახალი 24-ებით, 24-10-ით, 31...) ახერხებდა 3 სთ-სა და 45 წუთში ჩასვლას თბილისიდან ქობულეთში, გზაზე ჭამით და ზესტაფონში საყვარელი სიდედრის მონახულებით.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ მანქანებში მეტნაკლებად კარგად ვერკვევი. ზუსტად ვიცი, რომ „მერსედესი ბრაბუსი“ ჯიპი არაა („ბრაბუსი“ ავტომანქანების დატიუნინგებაზე სპეციალიზირებული ქარხანაა და „მერსედესი ბრაბუსი“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს მანქანა ქარხნულადაა „ბრაბუსის“ მიერ დატიუნინგებული), „ფერარის“ გარდა თავისი წითელი ფერი „სუბარუ ბლიტცენსაც“ აქვს, „ჰონდა-CRV“ საბარგულში დამონტაჟებულ მაგიდას გამობმული 4 ბორბალია, „მაიბახიც“ „მერსედესისაა“ და SLR-სთვის ზეთის გამოცვლა 10 000$ ჯდება, „პლიტა-მოტორმა“ მარტო „ოპელისთვის“ არ გაამართლა და საერთოდ, „ოპელიდან“ სხვა მანქანაზე გადამჯდარი მძღოლები რომ იძახიან, „ოპელი“ გავყიდე და მანქანაზე გადავჯექიო, ეგ რა არის, „ტვინტურბოსა“ და „ბიტურბოს შორის“ რა განსხვავებაა, ეგეც კი ვიცი...
გავემზადე საწერად. საქმეს, როგორც ყოველთვის, მთელი სერიოზულობით მოვეკიდე, მინდოდა ქართული ავტომოყვარულების შესაძლებლობები და მსოფლიო ბაზარი შემედარებინა ერთმანეთისთვის. სახლში ყოველთვის ახალი მანქანა გვყავდა და ამიტომ (და ქალური ლოგიკითაც) ჩემთვის კარგი ისაა, რასაც არაფრის დამატება არ სჭირდება. ანუ - ყიდულობ ხარისხიანს. კაცები ჩამქოლავენ, მაგრამ "მანქანას ვიყიდი და ამას დავიყენებ, იმას მოვაძრობ", ჩემს თვალში მანქანის ფასს აქვეითებს. არადა, კაცებს როგორ უყვართ საკუთარი მანქანის მოტორში ძრომიალი და „დაბუსტვა“ „დალიფტვა“, "გაჩიპვა" და "კოვანნი პორშინების ჩაყრა" ... კიდევ იცით, რას ვფიქრობ? იმ კაცის ტვინში ჩამახედა, 10 000-ზე მეტს რომ გადაიხდის მანქანაში და მერე ბენზინის ფასზე წუწუნებს, ან „იაგუარი“ რომ ჰყავს და ელიავაზე დადის ნახმარი საბურავების საყიდლად.
დავიწყე სურათების შერჩევა: „ხულიგანი“ იტალიელების („ფერარი“, „ლამბორგინი“ -  დიახ! „ლამბორგინი“ და არა, „ლამბორჯინი“! ეგეც კი ვიცი, ბევრი ქართველი ავტომოყვარული მამაკაცისგან განსხვავებით), დინჯი და ფერხორციანი გერმანელების („ბუგატი“, „მერსედესი“, „აუდი“, „პორშ-ი“ და არა „პორშე“), არასერიოზული, მაგრამ ძალიან ხარისხიანი და დონე ბრიტანელების („ასტონ მარტინი“, „იაგუარი“, „როლს-როისი“, „რენჯ-როვერი“), დიდი და ძლიერი ამერიკელების („ფორდ GT“, "შევროლე კორვეტი", "დოჯ ვაიპერი"), სწრაფი და აგრესიული იაპონლების („ნისან სკაი-ლაინი“, „სუბარუ იმპრეზა“, „მიცუბიში ევო“)... ავარჩიე ჩვენთვის უცნობი, მაგრამ კომფორტის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი „ფორნასარი“, „დიტომასო“, "არიელ ატომი", "ზონდა"... და აი, ისიც - ბენტლი...
ნამდვილი ბრიტანელი, ერთდროულად არისტოკრატი და მონსტრი. კომფორტის, სიძლიერისა და უზრუნველყოფილობის განსახიერება. მეტალისა და ტყავის 2 ტონიან კონსტუქციაში აცხადებული ოცნება.
სახლი აღარ მინდა, „ბენტლიში“ ვიცხოვრებ. ნახეთ, რა სალონია!


მამაკაცების სათამაშოებიო? რა მამაკაცები, რის მამაკაცები? მამაკაცები ვინ ან რა არიან? ჩემთვის მინდა!!! ასეთი მანქანა რომ გყავს გვერდით, კაცს როგორ მოაშლევინებ ნერვებს? გულწრფელად მითხარით, რითი ჯობია ახლა ამას კაცი? რაღად მინდა კაცი? ბენტლიც მეყოფა.


მარტო აქსესუარები რად ღირს? ნუუ, სულ 20 000$ ღირს: Windows Vista აყენია, 64 ბიტიანი პროცესორი, 160 გიგა მყარი დისკი... უჰ, ფერზე ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ...
ჩემი სათამაშოები, მხოლოდ ჩემი... დიახ! მიყვარს დიდი და ღონიერი, თბილი და კომფორტული მანქანები! ძალიან მიყვარს... არ მითხრათ, რომ ჭეშმარიტი მამაკაცის „ვიდზე“ არ დგას და ყველა ქალის ოცნება არ არის...
კაი, გამოვტყდები, ბენტლი ძალიან მიყვარს და... კაცებიც მიყვარს. ისე, გემოვნება უცნაური რამეა, არა? ახლა მივხვდი, რომ „ბენტლი“ და ჩემი... არ ვიცი, რა სტატუსი მივანიჭო... ერთ სტილშია. ვისაც „იგი“ ნანახი გყავთ, აღიარეთ, რომ ნამდვილად ჰგავს. ნუუუ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, ცოტა მოუვლელი, დასატიუნინგებელი, ძველი მოდელი, სხვისი ნახმარია ჩამოყვანილი, განსაბაჟებელი... „პალიროვკა“ და სალონის „გახიმჩისტკებაც“ არ აწყენდა ... მაგრამ მაინც „ბენტლია“....
ვაიმე, მე მგონი, საჯაროდ ვაღიარე მიყვარს-თქო... სულ „ბენტლის“ ბრალია! აბა, მე და ასეთი გულის აჩუყება ვის უნახავს?! დავხურე ლაპა და წავედი, სანამ რამე უარესი დამიწერია!!!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი