გულმავიწყობა - 2: ქალები

Approved by Mary Poppins

მამაკაცების გულმავიწყობა საყოველთაოდ აღირებული თემაა (ვისაც არ გჯერათ, ჰკითხეთ ცოლებს), მაგრამ დაბნეულობაში ქალებიც არ ჩამოუვარდებიან და, კრიჭაშეკრულმა უნდა ვაღიარო, ხანდახან ჯობნიან კიდეც. რამდენიმე ისტორია გამახსენდა და ყველა ქალზეა! მაგალითად, ერთ ჩემს მეგობარს, გამოცდილ მძღოლს, სამსახურიდან გამოსულს ხშირად არ ახსოვს, მანქანა სად დააყენა. ის კი არა, ისიც დავიწყებია, რომ მანქანით მოვიდა და სახლში ტაქსით მიმავალს შემოურტყამს თავში ხელი!  
მეორე ჩემს მეგობარს (ისიც სტაჟიანი მძღოლია) უკეთესი დაემართა: პიცერიიდან გამოსულმა კარი გააღო, ჩაჯდა და მხოლოდ მერე მიხვდა, რომ სხვის მანქანაში მოკალათებულა. დღემდე ამოუხსნელია, თავისი გასაღებით სხვისი ავტომობილის კარი როგორ გააღო. ამ მოვლენის თვითმხილველი რომ არ ვიყო, მეც არ დავიჯერები!
თუმცა სხვის დაბნეულობას რას დავცინი,  მსგავსი და არამსგავსი მეც არაერთხელ დამმართნია. დარწმუნებული ვარ, გეცნობათ: სახლიდან შეღებილ-დავარცხნილ-სამკაულასხმული  ჩუსტებით არაერთხელ გამოვსულვარ; მობილური ხელში მჭერია და მოსაუბრისთვის შემიჩივლია, რომ ტელეფონს ვერსად ვპოულობ; ნაგვის პარკის მაგივრად ბუნკერში საკუთარი ჩანთა გადამიშვია  და ასე შემდეგ.
ჩემი მეგობრები განსაკუთრებით ორ ისტორიაზე ხალისობენ. საზღვარგარეთ მოსკოვიდან მივფრინავდი. ორი დღის ნაგროვები ნაგავი (შოკოლადის ქაღალდები, ბანანის ქერქები და სიგარეტის ნამწვავები) სათუთად შევფუთე იმ განზრახვით, რომ დილით, აეროპორტის გზაზე სადმე გადამეგდო და სპორტული ჩანთის გარეთა ჯიბეში მოვათავსე. მეორე დღეს მშვიდობიანად ვიმგზავრე, დანიშნულების ადგილს მივაღწიე და მასპინძელს ჩანთა საჩუქრების ამოსალაგებლად გადავულოცე. უნდა გენახათ მისი გაოგნებული სახე, როცა გულდასმით გახვეული პარკი ამოაძრო და დიდხანს და ჩაფიქრებული ათვალიერებდა შიგთავსს..
მეორე ამბავი ქსოვის პირველ მცდელობასთანაა დაკავშირებული. იმ პერიოდში სახლში მეგობრების შემოსევა იყო, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა. მეგობრები ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველდღე ერთიდაიგივე სახეების შემყურე რომ არ გავგიჟებულიყავი, ამ „საღამოების“ გასახალისებლად, ქსოვა დავიწყე. არ მახსოვს, ამ „პენელოპობამ“ რამდენ ხანს გასტანა, მაგრამ შედეგად აღმოჩნდა, რომ სვიტრის ორივე მხარე და სამი (!) სახელო მომიქსოვია.
ქსოვა მივატოვე, ნაგავს ჩანთაში აღარ ვინახავ, სადარბაზოში გასული შიშით ვიმოწმებ ფეხსაცმელს, ერთი სიტყვით, თავს ყველანაირად ვიზღვევ, მაგრამ... დასაძინებლად წასულს, თვალებიდან ლინზების ამოღება მაინც მავიწყდება!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი

3 კომენტარი.:

  1. Efigenia Doubtfire

    გულმავიწყობასთან დაკავშირებული უამრავი ისტორია არსებობს. დიდი სიამოვნებით წავიკითხე დეიდა პოლის მოყოლილი ამბები, ძალიან ვიხალისე. სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავი გამახსენდა. მე, როგორც მოგეხსენებათ, მისის დაუთფაიერი ვარ და გარდა იმისა რომ ე.წ. საკუთარი შვილების მწყემსვა მევალება, სხვა უამრავი პასუხისმგებლობა თუ საქმე მაქვს წამოკიდებული. დღის ბოლოს იმდენად გამოფიტული და დაღლილი ვარ რომ აღარც კი მახსოვს მანქანა სად დავაყენე და საერთოდ მანქანით ვარ თუ არა. ასე რომ, ჩვენ ქალები, ხანდახან კაცის საქმეებსაც ვითავსებთ და ორმაგად მეტ ჯაფას ვწევთ. რაც, ბუნებრივია, ჩვენს გულმავიწყობის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ჩემს კოლეგას ერთის ნაცვლად ორი საათი გაუკეთებია ხელზე, და კითხვაზე "რომელი საათია?" პასუხის გაცემისას საკმაოდ უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენილა:). ესეც სიჩქარის, ბევრი საქმეების და მუდმივი გადარბენების გამო მოხდა. მგონი კურიოზების თემას გადავუხვიე, არა?:)))
    მაგრამ არ დაიჯეროთ, მთლად ასეთი გულმავიწყები მაინც არ ვართ. არასოდეს გვავიწყდება რაც მნიშვნელოვანია :)))))
    კეთილი სურვილებით,
    მარად თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

  1. Mary Poppins

    ჩემნაირი ალბათ არცერთს არ მოგსვლიათ. სახლიდან გავდიოდი, კიბეებიდან დავბრუნდი, კაბას გამოვიცვლი-თქო.ჩავიცვი, გამოვედი და მივხვდი, რომ კაბაზე მეორე კაბა მეცვა... ამას წინათ თავზე ტანის დასაბანი გელი რომ დავისხი მხოლოდ მერე შევამჩნიე რას ვაკეთებდი. ყავის აპარატში კი მარტო წყალი რანდენჯერ ჩამისხამს და გამკვირვებია თეთრი ყავა რატომ ასხია-თქო ან საერთოდ შეუერთებელი რამდენჯერ დამიტოვებია მაგაზე აღარ ვლაპარაკობ...ვზივარ და მორჩილად ველოდები ხოლმე როდის ადუღდება.

  1. Madame Durova

    მთლად ამ თემაზე არაა, მაგრამ ერთი კურიოზი რომ არ მოვყვე, არ შემიძლია. ბათუმში ვარ სტუმრად და ახლობელმა მომაკითხა სანახავად, რომელსაც მასპინძლის გაუთხოვარი ქალიშვილი ეპრანჭებოდა. ოჯახი დაფაცურდა, მთავარმა დიასახლისმა სახელგანთქმული ბათუმური ყავა მოადუღა, ქალიშვილს ლანგარზე დაულაგა და მოგვართვეს. ინტერესის საგანმა მოსვა, სახე შეეცვალა და ცივად დადგა, ვინ მოადუღაო, მორიდებულად იკითხა. ამაყად მიუთითეს "საბედოზე". გეხვეწებით, გასინჯეთო. მსგავსი მარილიანი არაფერი გენახოთ ... გაოცებულმა დიასახლისმა ცოტა ხანში საშაქრე შემოიტანა და შაქარში ჩაყრილი მარილის გროვა გვანახა...
    ყველაზე უარესი ის იყო, რომ დამნაშავე მე ვიყავი. სადილზე მარილი ყავის ლამბაქზე ეყარა (სამარილე ვერ იპოვეს). სუფრის ალაგებაში დავეხმარე და მარილი, ჩემი აზრით, დავაბინავე და სამარილეში ჩავუძახე. ასე შევუშალე ხელი ჩემი დაბდურობით ორი ახალგაზრდის გაბედნიერებას :))))))))))))

Post a Comment