მოგზაურობა მესამე: შვარცვალდი

Approved by Natia Jinjolava

უნდა გამოტყდე: იმ ადგილების შესახებ, რაზეც ახლა ვწერ, თითქმის არაფერი ვიცოდი. ერთადერთი, რაც გონებაში ბუნდოვნად ამომიტივტივდა, ისაა, რომ გერმანიაში არის დიდი ტბა, მაგრამ სინამდვილეში ეს ტბა ერთია თუ რამდენიმე, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა. ამიტომ ეს მოგზაურობაც და მიღებული შთაბეჭდილებებიც ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. და, რადგან სამოგზაუროდ მოუმზადებლად წავედი, ამ მხარის ისტორია–გეოგრაფისთვის თვალი წინასწარ არ გადამივლია (საერთოდ, ახალი ადგილების აღქმა მიჭირს, მანამდე რუკა თუ არ შევისწავლე). კიდევ კარგი, არაჩვეულებრივი მეგზური მყავდა, ადგილობრივი ენის, ისტორიისა და ზნე–ჩვეულებების ზედმიწევნით კარგად მცოდნე, რომელმაც ყველაფერზე იზრუნა, სასტუმროზეც, მატარებელზეც, რუკაზეც და ჩემთვის მისაწვდომ ენაზე დაწერილ „საინფორმაციო მასალაზეც“. მოკლედ, გამგზავრების წინა დღეს „კბილებამდე შემაიარაღა“, მაგრამ გამგზავრება დილაუთენია იყო დაგეგმილი, ჰოდა, ბუნებრივია, ბევრი ვერაფრის წაკითხვა ვერ მოვასწარი.
მგზავრობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მატარებელი ხშირად ჩერდებოდა პატარა თუ საშუალო სიდიდის ერთგვაროვან და საკმაოდ უსახურ სადგურებზე, მაგრამ ამ გაჩერებებს შორის იყო საოცარი, თითქმის ზღაპრული პეიზაჟები.
სახელი „შვარცვალდი“ სრულებით ამართლებს თავის თავს – ზუსტად რომ „შავი ტყე“. იქაურობა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ბავშვობაში წაკითხული გერმანული ზღაპრებიდან წარმომედგინა. შვარცვალდი ზამთარში რომ მენახა, ალბათ კიდევ უფრო ჯადოსნური მომეჩვენებოდა, თუმცა უზარმაზარმა წიწვნარებმა (ამხელა ხეები არასდროს მინახავს!) ახლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.
აქა–იქ ტყის მასივებს შორის მწვანე და ყვითელი ფერის მინდვრებია (ყვითელ ფერს მდოგვის ნათესები იძლევა) და ამ მინდვრებს შორის სამ–ოთხსახლიანი სოფლებია მიმობნეული. სადგურების სახელწოდებებს სიტყვა „შვარცვალდი“ ემატება: ჰორნბერგი–შვარცვალდი, ტრიბერგი–შვარცვალდი და წარმოიდგინეთ – სანტგეორგენ–შვარცვალდი (ჩვენებურად, წმ. გიორგი–შვარცვალდი).
ტყეებს შორის დაკლაკნილ სწრაფ მდინარეთა ვიწრო, ღრმა ხეობები და მაღალი კლდეებია, რკინიგზაც ასევე იკლაკნება ხეობებში და მრავალრიცხოვან პატარ–პატარა გვირაბებში გადის. მატარებელი გვირაბიდან თავს გამოჰყოფს თუ არა, ნანახი სურათი მეორდება: ისეც მაღალი ხეები, რამდენიმე სახლი და ყვითელ–მწვანე მინდვრები.
ამ სოფლებს შორის ერთადერთი განსხვავება, რომელიც ზედაპირული დათვალიერებისას (უკაცრავად, მატარებლის ფანჯრიდან ნახვისას) შევამჩნიე, – სახლების სახურავებია. ტიპური შვაბური სახლი ასეთია: ორსართულიანი, თეთრად შებათქაშებული, ხის ტიხრებიანი და ხის დარაბებიანი შენობა წითელი სამკუთხა გადახურვით. შვარცვალდში სწორედ ეს სახურავი იცვლება: ზოგჯერ ტოლფერდა, ზოგჯერ კი ტოლგვერდა სახურავი თანდათანობით დაბლდება, შემდეგ ერთი ფერდი მოკლდება, მეორე მიწამდე ეშვება და მერე სულაც  მრავალკუთხა ხდება (მანსარდაზე სამკუთხა, თითქმის ვერტიკალური გვერდებით სახლის მერე სართულს მთლიანად ფარავს და მერე ისევ დაქანებულ ფორმას იღებს. სახურავი სახლის კედელს ისე გვარიანად სცილდება, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სახურავის ფუძის ფართობი სახლისას ორჯერ მაინც აღემატება). მისი ფერიც შვაბური სახურავისგან განსხვავებულია, წითლიდან ყავისფერში, თითქმის შავში გადადის.
სახურავების ასეთ ფორმას ლოგიკური ახსნა აქვს – პრაქტიკულ გერმანელებთან საქმე სხვაგვარად ვერც იქნებოდა, – მთებში დიდთოვლობა იცის, სახურავიდან თოვლის გადმობერტყვა ძნელია, ბუნებრივ დნობას უნდა ელოდო. ასეთ დახრილ სახურავზე კი თოვლი დიდხანს ვერ გაჩერდება და თავისით ჩამოიყრება.
მატარებლიდან დანახული პეიზაჟიდან განსაკუთრებით ორი რამ დამამახსოვრდა: პირველი – რკინიგზის გაყოლებით კლდეები მთლიანად შეფუთულია რკინის კარკასში და წყლის ნაკადებისთვის ალაგ–ალაგ ჰორიზონტალურად ჩაწყობილი პირღია მილებია ჩატანებული; მეორე – სახლების ეზოებში ღია საცურაო აუზები კამკამა ცისფერი წყლით. წარწერა აუზზე მიუთითებს, რომ წყალი თბება. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – აბა, წარმოიდგინეთ ტყეში მთელი წლის განმავლობაში ცხელი წყლით სავსე ლაგუნა ვერე!
ბუნების და ლანდშაფტის გარდა, საინტერესო ბევრი იყო, მაგალითად, მახსოვს ერთ–ერთ ციცქნა სადგურზე ამოსული 7–8 წლის ბავშვების ჯგუფი, რომელიც მალევე ჩავიდა. ხანმოკლე მგზავრობის მიუხედავად, ყველა ბავშვს ზურგჩანთა და საგზალი ჰქონდა, თან  მასწავლებელი და რკინიგზის წარმომადგენელი მიუძღოდათ. ეს ჯგუფი ყურადღების ღირსი სულაც არ იქნებოდა, რომ არა ის ახსნაა–განმარტება, რომელიც რკინიგზის წარმომადგენელმა მოგვცა: თურმე ეს ადგილობრივი სკოლის მოწაფეებისთვის „მატარებელში მგზავრობის გაკვეთილი“ ყოფილა.
რადგან მატარებელი ამდენჯერ ვახსენე, კიდევ ერთ ევროპულ თავისებურებას აღვნიშნავ: როგორც წესი, მატარებლებში ადგილები დანომრილი არ არის. ბილეთის შესაბამისი კლასის ვაგონში ნებისმიერ ადგილზე დაჯექი. თუ მგზავრობა შორს და თანაც მარტოს გიწევს და ამ დროს საპირფარეშოთი სარგებლობა დაგჭირდა, საკუთარი ბარგი და ხელჩანთა შეგიძლია მშვიდად დატოვო და „დანიშნულების ადგილისკენ“ ხელცარიელი გაეშურო. შენს არყოფნაში ახალი მგზავრი თუ ამოვიდა, დაკავებულ სკამს დახედავს და სხვა, თავისუფალი ადგილის მოსაძებნად გზას გააგრძელებს (ახლა ჩვენი თანამემამულე წარმოიდგინეთ, რომელიც საპირფარეშოს ვიწრო კაბინაში ჩემოდნის შეტანას რომ ცდილობს!).
აი, ასე ვიმგზავრეთ და, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, კონსტანცშიც ჩავაღწიეთ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

„ჰოდა, ამბობენ სახელად მიტომ გიწოდეს თბილისი...“

Approved by Natia Jinjolava

თურქეთში მოგზაურობისას ჩემზე განსაკუთრებული კულტურული თუ მორალური შოკი ქალაქი სამუნის შესასვლელში დადგმულმა ხოხბის უზარმაზარმა ძეგლმა მოახდინა. პირველი რეაქცია მქონდა, რომ თურქებს ალბათ გარეული ფრინველის ხორცი უყვართ და სამსუნში ხოხბების ფერმა აქვთ გაშენებული-თქო. მერე ძეგლგის საკმაოდ დიდმა გაბარიტმა შემაეჭვა (უბრალო მეურნეობისთვის ნამეტანი დიდი პატივი იყო) და ნელ-ნელა თურქული კულინარიის, ტრადიციებისა და ამ ქვეყნის ისტორიის ჩემი ცოდნისადმი რწმენა დამიბრუნდა და ახალი ეჭვი გამიჩნდა: ამ საძაგლებმა ტერიტორიებთან ერთად ჩვენი დედაქალაქის წარმოშობის ლეგენდაც ხომ არ მოგვპარეს-მეთქი. მიუხედავად 10 საათი მგზავრობისა (მართალია საკუთარი მამის ნამეტნავად კომფორტაბელური „მერსედესის“ სალონში გაწოლილი), თბილისიდან ზუსტად 1000 კილომეტრის გავლის შემდეგ, სადღაც მიყრუებული ქალაქის ერთადერთ სასტუმროში წამოწოლილმა, ჩემდა გასაკვირად არსებული ვაი-ფაით ვისარგებლე (წარმოიდგინეთ ხობში ან თერჯოლაში ჯერ კომფორტაბელური სასტუმრო და მერე იქ საკაბელო ტელევიზია და უფასო ინტერნეტი), ვერ მოვისვენე, საშველად მრავალნაცად „გუგლს“ მოვუხმე და ძებნას შვუდექი.
როგორ არ ვეძებე, რა არ მივუთითე საძიებლად, ინგლისურენოვანმა გუგლმა მემგონი სიცოცხლეში პირველად დამაღალატა და იმედგადაწურული, მის რუსულ ვერსიას მივადექი. თურქულენაწვრთნილი არ გახლდით და სხვა რა გზა მქონდა. ამჯერად გამიმართლა. ვიღაც დალოცვილს თურქეთის ფლორასა და ფაუნაზე სტატია დაუწერია და შევიტყვე, რომ ჩვენს რეგიონში არსებული ხოხბის ჯიში წარმოშობით სამსუნიდანაა...
“Ещо одным примером является фазан, который родом из Самсуна, что на черноморском побережье Турции. Научное название этой красивой птици Phasianus colchicus. Phasianus – это древнее названые реки Кызылырмак, а слово «colchicus» образовалось от Colhia, названия древнего царства, территория которого простиралась вдоль черноморского побережия на Кавказ.
აბა, რას იტყვით, მოგეწონათ? მე, პირადად, სიბრაზისგან კბილებს ვაღრჭიალებ. სანამ კოლხურ ხოხობს(!) თურქები ძეგლს უდგამენ, ჩვენ თბილისელები დიღომში შუქნიშანზე დგომისას დავით აღმაშენებლის ცხენის უკანალს და იმავე ცხენის ტონანახევრიან ყვერებს ავცქერით ქვემოდან. მაგრამ უარესის ღირსები ვართ, თბილისზე ასეთ პოპულარულ სიმღერაცშიც კი „მიტომ(!) რომ გვიწოდეს თბილისი“ და არა „იმიტომ“. საკუთარ ენას, საკუთარ ლეგენდებს თავად არ ვცემთ პატივს და ამ თურქებს რას ვერჩი ნეტავ?!
მოკლედ, ჩემს ლირიულ გადახვევას დავამთავრებ და კულინარიულ ნაწილზე გადავალ (იდეაში ეს სტატია თურქეთს და იქაურ სამზარეულოს ეძღვნებოდა), მაგრამ ნება მომეცით, აქ პატარა სამაგიერო გადავუხადო სამსუნელებს და თურქულის ნაცვლად აჭარული ფახლავის ანუ აჭარულად რომ ვთქვათ - ბაქლავის რეცეპტი შემოგთავაზოთ. ნუ შეშინდებით, მისი მომზადება არც ისე „საშიშია“, როგორც ყვებიან. მით უმეტეს, თუ ორიოდე პატარა ეშმაკობაც იცით.

აჭარული ბაქლავა
ინგრედიენტები ცომისთვის: 4 კვერცხის ცილა, 2 კვერცხის გული, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ზეთი, 2 ს/კ გამდნარი კარაქი, 2 ს/კ არაყი, ცოტა მარილი, 1, 1/2 ლ რძე ან თბილი წყალი, 1,1/2 კგ ფქვილი.
1 კგ გამდნარი კარაქი ცომზე მოსასმელად.
გულსართისთვის: 1,5 ჭ დაფქული ნიგოზი და 1 ჭ შაქარი
სიროპისთვის: 2 ჭ შაქარი, 1ჭ წყალი.
კვერცხის ცილები, გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ, ზეთი, კარაქი და მარილი. მერე დავუმატოთ არაყი, რძე. ჩავაყაროთ ფქვილი ნელ-ნელა და მოვზილოთ საკმაოდ რბილი ცომი. ვზილოთ დიდხანს. იმისთვის რომ ცომი ადვილად გაბრტყელდეს, ოთახში ძალიან უნდა დაათბოთ და დაგმანოთ ყველა კარი და ფანჯარა. მე პირადად, გაზის ღუმელს ვანთებ და კარგაღებულს ვტოვებ სითბო კარგად რომ გამოვიდეს. ანუ, ცომს ორპირი ქარი და სიცივე არ უნდა მოხვდეს. გამზადებული ცომი გავყოთ 40 ნაწილად. გასაბრტყელებლად გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი. ბაქლავის ადვილად მომზადების მეორე საიდუმლო აქ გვჭირდება (ოღონდ, ეს გამოცდილ მცხობელებს არ ეხება!). აუცილებლად დაიხმარეთ ვინმე. ცომის ერთ გუნდას რამდენზეც შეძლებთ რომ გააბრტყელებთ, მერე ორი მხრიდან ორმა ადამიანმა მოკიდეთ ხელები, აიღეთ და დაიწყეთ მისი გაწელვა და დათხელება (ბრტყელებაზე ბევრად მარტივი და სწრაფი პროცესია). თითო გუნდიდან ძალიან ბევრი ცომის „ნარჩენი“ დაგრჩებათ და ნუ შეგეშინდებათ. გამოცდილი მცხობელები 1 პორცია ცომიდან 2-3 ბაქლავას აწყობენ.
მოკლედ ცხიმწასმულ თუნუქის ფორმაზე დააფინეთ პირველი ფენა (ფენები რიგ-რიგობით გააბრტყელეთ, ანუ ყველას გავაბრტყელებ და მერე ავაწყობ, არ გამოვა), წაუსვით კარაქი, გააბრტყელეთ მეორე ფენა (ცომი გაწელვისას თუ გაგეხათ, არაუშავს, ამით არაფერი შავდება), დააფინეთ პირველ ფენაზე და წაუსვით კარაქი და ასე ბოლომდე... მოკლედ, ნიგოზისა და შაქრის ნარევს აყრით ყოველ მეხუთე ფენას. ბოლო 5 ფენა უნიგვზოა. რომ მორჩებით, კიდეებზე ზედმეტი ცომი შემოჭერით, თავზე გადაუსვით ცხიმი დაჭერით პორციებად და შედგით წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში სანამ არ დაოქროსფერდება ზემოდან.
წყლისა და შაქრისაგან მოადუღეთ სიროპი და მოასხით ჯერ კიდევ ცხელ ბაქლავას.
ახალ კიდევ ერთი რჩევა: ბევრს ალბათ შეგინიშნავთ განსხვავება ქობულეთურ და ბათუმურ ბაქლავას შორის: ქობულეთური უფრო მაღალია. ამისთვის ნიგოზს ან მარტო ერთხელ აყრიან მეხუთე ფენაზე, ან ყოველი მომდევნო დაყრისას ამცირებენ ნიგვზის დოზას (ცომი ნიგვზის სიმძიმემ რომ არ დაწიოს და არ ჩავარდეს).
ბაქალავის სუროგატი
ერთმა მადლიანმა მოხუცმა ქალმა გურიაში ჩვენს ხილდურ ბოკს ერთი შესანიშნავი რეცეპტი ასწავლა და ასე უთხრა: „40 ფენის წელვით თავს რას იკლავ, შვილო. ასე გააკეთე და მაინც ვერავინ ვერაფერს შენიშნავსო“. და მართალიც აღმოჩნდა - ფენოვანი ცომისაგან 15 წუთში დასამზადებელი ბაქალავა ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება.
ინგრედიენტები ცომისთვის: 1,5 ჭ თბილი წყალი, 2 კვერცხი, მარილი, ფქვილი - რამდენსაც შეიზელს, ერთნახევარი პაჩკა მარგარინი
გულსარითისთვის: 1,5 ჭ დაფქული ნიგოზი, 1 ჭ შაქარი
სიროპისთვის: 2 ჭ შაქარი, 1 წ წყალი
თბილ წყალში ჩავათქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად. დარბილებული მარგარინიც სამ ნაწილად გავყოთ. ცომის თითეული ნაწილი გავაბრთყელოთ და წავუსვანთ მარგარინის თითო ნაწილი, დავკეცოთ და შევდგათ მაცივარში 1 საათით.
გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი, გავაბრტყელოთ. პირველ ფენას მოვაყაროთ ნიგვზისა და შაქრის ნარევის ნახევარი. ზემოდან დავაფინოთ მეორე ფენა, ისევ მოვაყაროთ დარჩენილი გულსართი. ზემოდან გადავაფაროთ მესამე ფენა. გვერდები კარგად ჩავუკეცოთ და დავჭრათ პატარა რომბებად. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში მაღალ ცეცხლზე. ჯერ კიდევ ცხელს მოვასხათ შაქრისა და წყლისაგან მოდუღებული სიროპი.
ორივე ბაქლავის შემთხვევაში მორჩენილი ცომისგან „ბურმეს“ დამზადება შეგიძლიათ. ამისთვის ცომი გააბრტყელეთ, მოაყარეთ ნიგვზისა და შაქრის ნარევი და ფრთხილად დაახვიეთ (რულეტივით) 0,5 სმ დიამეტრის მქონე გრძელ ჯოხზე. რომ დაახვევთ, ცომი ორივე მხრიდან  შუისაკენ შეჭმუჭნეთ. მერე ჯოხი გამოაძვრეთ და დაჭერით დაახლოებით 5-6 სმ-ს ჩხირებად. გამომცხვარს, რასაკვირველია მოასხით სიროპი.
ვისაც მაინც და მაინც თურქული ფახლავა გინდათ, ნიგვზის ნაცვლად ბუსტუღი (ფისტაშკა) იხმარეთ. პროპორციები იგივეა.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P. S. გული მიგრძნობს, ფახლავის გაკეთება რომ მეხერხება ამის აღიარებას ჩვენს კლუბში არავინ შემარჩენს და ამ ფაქტს „დაუსჯელად“ არ დატოვებენ! ეჰ...

ჩემი ოცნების ინდოეთი

Approved by Natia Jinjolava

ერთი პერიოდი ინდოეთმა და ინდურმა ტრადიციებმა გამიტაცა და გადავწყვიტე ძირფესვიანად შემესწავლა ყველაფერი ამ ქვეყნის შესახებ. მინდა თქვენც მოგიყვეთ ყველაფერი, რამაც განსაკუთრებით დამაინტერესა ინდოეთთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფო აზიაში მდებარეობს, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, მისი დედაქალაქია დელი. ინდოეთის ოფიციალური ენებია ინგლისური და ჰინდი.  ხოლო უდიდესი ქალაქია მუმბაი, სადაც შეგიძლია ნახოთ ისტორიული თუ არქიტექტორული თვალსაზრისით გამორჩეული მე-7 საუკუნის ტაძრები. ამ ქვეყანასი ჰავა ძირითადად ტროპიკულია, წარმოიდგინეთ იანვარში ტემპერატურა +27-საც კი აღწევს, ზაფხულში კი + 48-მდეც ადის. ასე რომ, გირჩევთ ინდოეთში სამოგზაუროდ ზამთარში წახვიდეთ და არა ზაფხულში, თორემ თბილისის 37 გრადუსი სიცხე სანატრელი გაგიხდებათ.
ინდოეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩემდა გასაკვირას, სამხრეთ ინდოეთის დაახლოებით 30% ქრისტიან მოსახლეობას უჭირავს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალაქები გოა და კერალა. გოას მრავალი წლის მანძილზე ესხმოდნენ თავს პორტუგალიელები, ხოლო კერალას კი ჰოლანდიელები. სწორედ ამან განაპირობა ის რომ ამ ქალაქებში დღემდე არის შემრჩენილი ევროპული სტილის სახლები და უამრავი  ქრისტიანული ეკლესია. ქალაქი გოა ძალიან საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. მისთვის დამახასიათებელია ოქროსფერი პლაჟები, მთისა და ზღვის ერთმანეთში შერწყმული ტროპიკული ბუნება, რას საოცარ იდუმალებას ანიჭებს ამ ქალაქს. ამ ქალაქში ძალიან მაგარ სასტუმროებს და დასასვენებელ გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ.  პირდაპირ სანაპიროზე არის უამრავი პატარა რეტორანი სადაც არაჩვეულებრივ ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ, სხვათაშორის საკმაოდ იაფადაც. გოაში ჩასვლისას არ დაგვავიწყდეს მოვინახულოთ ლა გრასას მონასტერი სადაც ჩვენი წმინდანი დედოფალი  ქეთევან დედოფალი განისვენებდა.
საკმარისია ვინმემ ინდოეთი ახსენოს და თავლწინ მაშინვე გრანდიოზული და დიდებული მავზოლეუმი ტაჯ-მაჰალი წარმოგვიდგება. იგი ქალაქ აგრაში მდებარეობს. ეს სილამაზე აშენდა 1653 წელს მოღოლების ცნობილი მმართველის შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით. იგი დაახლოებით ოცი წლის მანძილზე  შენდებოდა. ტაჯ-მაჰალმა მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის დაიკავა ადგილი. მისი აშენებისას დაიხარჯა უამრავი ძვირფასი ქვა და ძვირადღირებული მასალა. ამ ძვირფას მასალას მშენებლები  მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან ეზიდებოდნენ. ტაჯ მაჰალი მართლაც სამოთხეა, რომელიც შაჰ-ჯაჰანიმ თავის საყვარელ ქალს მუმთაზ-მაჰალს აუშენა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს მავზოლეუმი ფერს იცვლის, დილით სხვა ფერია ღამით კი სხვა ფერი. მოკლედ, მართლაც საოცრებაა და აუცილებლად უნდა ვნახოთ ის და ყველაფერ ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდეთ.
ინდოეთში ამ სილამაზასთან ერთად სასტიკ რეალობასაც ვაწყდებით, ეს არის კასტებად  დაყოფა. ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი კასტა არის „ჰარიჯანები“ ანუ ღვთის შვილების კასტა. ერთი კასტის წარმომადგენელს სხვა კასტის  წარმომადგენლებთან ქორწინება, ერთი კასტიდან მეორისთვის ქონების მემკვიდრეობით გადაცემა და თქვენ წარმოიდგინეთ საკვების ერთად მიღებაც კი ეკრძალებათ.
როდესაც საქმე ინდოეთს ეხება არ შემიძლია არ შევეხო მათ ეროვნულ სამოსს, კერძოდ სარის. ყოველთვის ძალიან მომწონდა ინდოელი ქალების ჩაცმულობა, განსაკუთრებით  ვოცნებობდი მქონოდა ფირუზისფერი სარი. 
ხოლო ინდოელი ქალის სრულ მორთულობას კი შრინგარი ჰქვია. ეს სახელი წარმოიშვა ნაყოფიერების ქალღმერთ შრი-ლაკშმის სახელისგან. ინდოელი ქალი ლამაზად მიიჩნევა თუკი მას  16 რამ ამშვენებს. მე ამ 16-დან რამოდენიმეს ჩამოგითვლით: ერთ ერთი, რა თქმა უნდა, არის სარი,  რაც ინდოელ ქალს აუცილებლდ უნდა ეცვას, რაზეც  კამარბანდი სარის დასამაგრებელი ქამარი უნდა ეკეთოს. გათხოვილი ქალები მას ძირითადად გასაღებების აცმის დასამაგრებლას იყენებენ. სწორედ ამ აცმას გადასცემს ხოლმე დედამთილი რძალს, რაც ნიშნავს იმას რომ ოჯახის საქმეები რძალს გადააბარა; დეკორატიული ხალი - ბინდი, რომელსაც შუბზე იკეთებენ; სამკაული ტიკა, რომელსაც ინდოელი ქალები ვარცხნილობის განაყოფში იკეთებენ. ტიკა არის იმ ქალის სიმბოლო, რომელმაც ქმრის ოჯახის ტრადიციები უნდა დაიცვას და ბევრი მემკვიდრე გაუჩინოს მას. სილამაზისთვის აუცილებელია თვალზე შავი კონტური, რომელსაც კოლი ჰქვია;  ცხვირში საყურე, რაც მხოლოდ გათხოვილ ქალებს უკეთიათ; აუცილებელია, რომ ინდოელ ქალს ბევრი მძივი ეკეთოს. ამას ჰაარა ჰქვია. მათი აზრით  ამ სამკაულებს ბოროტი თვალისგან დაცვა, წარმატების მოტანა და სიყვარულის მოტანა შეუძლიათ;
 ფეხის სამაჯური, ზოგჯერ ამ სამაჯურზე ზანზალაკებიც კი აქვთ დამაგრებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან მათი ფეხსაცმელი ფეხის თითებზე წამოცმულ ბეჭდებზეც აქვთ დამაგრებული; გათხოვილ ქალს აუცილებლად უნდა ეკეთოს უამრავი სამაჯური ორივე ხელზე, მინიმუმ 10-10 მაინც; საყურე კარნ-პხული. საყურეს ქალისთვის ბედნიერება მოაქვს. რაც უფრო ძვირფასია საყურე, მით უფრო ბედნიერია ქალი. ეს ალბად ინდური გაგებით, თორემ სინამდვილეში რა ბედნიერება უნდა მოგიტანოს ძვირფასმა საყურემ, როცა ზოგჯერ ინდოელი ქალის საყურე იმდენად მძიმეა, რომ ქალი იძულებულია იგი სარჭით თმაზე მიიმაგროს.
ინდოელი ქალები და კაცები ხელ-ფეხს იხატავენ, განსაკუთრებით ქორწინების წინა დღეს. ამ ნახატს მეჰენდი ჰქვია და ინით სრულდება. მხოლოდ რამოდენიმე დღე ძლებს და რაც უფრო დიდი ხანი არ წაიშლება ეს ნახატი, მით უფრო მყარი იქნება ქორწინება და ასე შემდეგ. სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევა ძვირფასი თვლებით და უამრავი ორნამენტით დამშვენებული სამაჯური მკლავზე. მას ბააჯიუბანდი ჰქვია. ინდოელ ქალს აუცილებლად უნდა ამშვენებდეს დიდი გრძელი ნაწნავი, კეშაპაშაჩარაჩნა, რა სასაცილო სახელია არაJ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ინდოელი ქალის აღკაზმულობაში. ვინაიდან  ცერა თითს ხელის მტევნის მეფეს ეძახიან, ინდოელმა ქალმა ამ თითზე სარკიანი ბეჭედი უნდა ატაროს. დილით გაღვიძებისთანავე ქალმა ამ ცერა თითზე წამოცმულ სარკეში უნდა ჩაიხედოს. სხვა თითებზეც უნდა ეკეთოს უამრავი ოქროს ბეჭედი. მოკლედ ქალის აღკაზმულობებზე ძალიან ბევრი ვილაპარაკე.
ორიოდე სიტყვით ინდურ სამზარეულოზე. ინდური სამზარეულო ძალიან ცნობილია მთელს მსოფლიოში. ინდოელები ძირითადად  ვეგეტარიანელები არიან და ბოსტნეულს მიირთმევენ, ხორცს ნაკლებად ეტანებიან. მათი სახელგანთქმული საწებელია კარი, რომელიც ნებისმიერ კერძს დაუვიწყარ გემოს აძლევს. არ დაგავიწყდეთ ინდური ჩაის გასინჯვაც, რომელიც  რძით და ნაირნაირი სუნელით  არის შეზავებული. ვეცდები ამის რეცეპტი ჩავიგდო ხელში და შემოგთავაზოთ.
მოკლედ ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდება მოგწერთ აუცილებლად.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი

ერთი უიღბლო დღე

Approved by Natia Jinjolava

ძალიან დიდი ხნის წინ ერთ გაზეთში დამწყებ ჟურნალისტად ვმუშაობდი. რედაქტორმა (რაღაც საოცარი ლოგიკის ქალი გახლდათ), კაცმა არ იცის, საიდან დაასკვნა, რომ ეკონომიკურ საკითხებზე წერა კარგად მეხერხება, ნამდვილი ექსპერტი ვარ და საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა - სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა შევხვედროდი და აბაშის რაიონში სიმინდის თესვის გრაფიკის და სასუქების შეტანის თაობაზე ინტერვიუ ჩამეწერა. შეხვედრისთვის, რომელიც ორშაბათ დილას იყო დაგეგმილი, მთელი კვირა საგულდაგულოდ ვემზადებოდი. ტანსაცმელი მზრუნველად შევარჩიე და ეგზომ მნიშვნელოვან პირთან ოფიციალური ვიზიტისთვის ჩემი ჰაბიტუსის თითოეული დეტალი დაწვრილებით მოვიფიქრე, სასუქის ნაირსახეობებსაც გადავხედე, სრულიად საქართველოში (და არა მხოლოდ) სიმინდის მოყვანის ისტორია და ვადები დავიზუთხე და საკუთარი თავით კმაყოფილმა გადავწყვიტე, ასეთი სერიოზული თარიღის წინა დღე კუთვნილი და, ჩემი აზრით, დამსახურებული დასვენებისთვის მიმეძღვნა.
 საქართველოში იმ დროისთვის „უცხო ხილმა“  და ახლადჩამოყალიბებულმა თბილისელი სკაუტების ორგანიზაციამ ბოტანიკურ ბაღში ექსკურსიაზე დამპატიჟა. ჩვენი ლაშქრობის პირველმა ნაწილმა კარგად ჩაიარა (ბუნების წიაღში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ), მაგრამ მორიგი დაბრკოლების გადალახვისას (გზად მოკრძალებული ზომის კლდე „გადაგვეღობა“), ვიღაც ჩემი ცოდვით სავსემ, დახმარებისთვის საუკეთესო განზრახვით ხელი გამომიწოდა, მეც ჩავებღუჭე, მაშველს მივენდე, ყურადღება მოვადუნე და მის ხელზე ჩამოკონწიალებული, პირისახით და მთელი ტანით უზარმაზარ ქვას მულტფილმის პერსონაჟივით მივეტყეპე (მხატვრული სურათის სისავსისთვის გაბრტყელებული წიწილა-ტაბაკა წარმოიდგინეთ). ქვიდან ჩამომფხიკეს. საბედნიეროდ არ დავშავებულვარ, მაგრამ ჩემს გარეგნობაში ამ პატარა ინციდენტმა საგრძნობი ცვლილება შეიტანა - მთელი სხეული გვარიანი ჩაქცევებით დამეკოპლა, რომლებიც თვალსა და ხელშუა ფერს იცვლიდნენ, სასიამოვნო ცისფერიდან მუქ იისფრამდე. უნდა გენახათ, რა ტანხატულა ვიყავი!
ეგ არაფერი, სახლში დაბრუნებულმა აწეწილი ნერვების დასამშვიდებლად ჩაის დალევა მოვინდომე, ჩაიდანი დავადგი და სანამ წყალი ადუღდებოდა, დროის გასაყვანად  სამზარეულოს მილაგებას შევუდექი. გაზქურის ღუმელი გამოვაღე (ტაფის შიგნით შენახვას ვაპირებდი), დავიხარე, თავი შევყავი და... მანდ მოხდა, რაც მოხდა! თურმე ღუმელი ვიღაცას მოშვებული დარჩენია, იქიდან დაგროვებული გაზი გამოვარდა და იბუთქა კიდეც! საბედნიეროდ, წარბ-წამწამის ნაწილი შემრჩა და უბედური შემთხვევის ნაშთების აღმოფხვრა მხოლოდ ცოტა უჩვეულო ფორმის და ზომაზე მეტად დამოკლებული „ჩოლკით“ შემოიფარგლა. ასეთ მოვლენას ხომ ვერ მივაჩუმათებდი და დაქალებისთვის მოსაყოლად, სასწრაფოდ ტელეფონს მივაშურე. აქ პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო: იმ დროს „შნურიანი“ ტელეფონები ერთ ადგილს იყო ხოლმე მიჯაჭვული, ჩვენთან კაბინეტში საწერ მაგიდაზე იდო, მაგიდასთან ახლოს კი ტახტი იდგა, და მე რისი მე ვიქნებოდი, სკამზე ადამიანურად ჯდომის წესი რომ მქონოდა?! ტელეფონზე საუბრისას ტახტის სახელურზე ვკალათდებოდი და ისე ვჭორაობდი. ამჯერადაც ყურმილზე დიდი ხნით „ჩამოსაკიდებლად“ მოვემზადე, ტახტზე ჩამოჯდომა დავაპირე და... ტახტსა და საწერ მაგიდას შორის ინგლისური U-ს ფორმაზე მოკეცილი აღმოვჩნდი. უხერხული მდგომარეობიდან „გაზის გაჟონვის“ მერე შორიახლოს დადარაჯებულმა მამამ მიხსნა, ხელი ჩამკიდა, ემანდ, კიდევ რამე არ მოიწიოო და ჩემს ოთახში „გამომკეტა“.
მეც, ასეთი მძიმე დღის შემდეგ, მოსასვენებლად განვეწყვე, დივანზე მოვიკალათე, და სრული კომფორტისთვის, სასიამოვნო მუსიკის ჩართვა დავაპირე. იქვე მდგარ მაგნიტოფონს გადავწვდი და... აფეთქების ხმასა და ტრუსის სუნზე მთელი ოჯახი ჩემს ოთახში შემოქანდა! თურმე მოკლე ჩართვა მომხდარა. ჩემებმა იმსჯელეს და „от греха подальше“, ლოგინში მიკრეს თავი, აქაოდა, კარი არ აგერიოს და ქუჩაში პირდაპირ აივნიდან არ გადახვიდეო!
მეორე დღეს მინისტრთან სტუმრობამ, ჩემს თავისებურ ვარცხნილობასა და ტონალურ კრემში ჩურჩხელასავით ამოვლებულ თავ-ფეხს თუ არ ჩავთვლით, მშვიდობიანად ჩაიარა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

„ბელინი“ და „სანგრია“

Approved by Natia Jinjolava

დღეს ორნაირ უსაზღვროდ გემრიელ, ძალიან პოპულარულ, საკმაოდ მარტივ და არაჩვეულებრივად გამაგრილებელ საზაფხულო კოქტეილს შემოგთავაზებთ. წარმოშობით ორივე კოქტეილი ხმელთაშუა ზღვიდანაა - ერთი იტალიურია, მეორე კი ესპანური.

კოქტეილი ბელინი
ბელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევრად მშრალი ჩაციებული შამპანური და ასეთივე ცივი, კარგად დამწიფებული და სურნელოვანი ატმები.
ატმის პიურე გადაწურეთ საცერში, შეურიეთ შამპანური, ჩაასხით ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!

(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
კოქტეილი სანგრია
სანგრიას მოსამზადებლად სულ ცოტათ მეტი გარჯა მოგიწევთ. აიღეთ ღვინის გრაფინი. გრეიფრუტი და ლიმონი (პრინციპში შეგიძლიათ გამოიყენოთ  ხელთ არსებული ნებისმიერი ხილი, ძალიან გემრიელი გამოდის ატმით) დაჭერით წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ გრაფინში. დაუმატეთ ცოტა ლიქიორი „კვანტრო“, ბრენდი და თითქმის ბოლომდე შეავსეთ სუფრის წითელი ღვინით. ბოლოს დაუმატეთ ფორთოხლის წვენი.


(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კმაყოფილების ნამცეცი - Rahat lokum-ი

Approved by Natia Jinjolava

მე არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის თურქეთი, რაჰათ-ლუქუმი და ფახლავა სინონიმებია. ალბათ, როგორც უკვე ხვდებით, დღეს თურქულ სამზარეულოზე, უფრო კონკრეტულად კი თურქულ ტკბილეულზე მინდა ვისაუბრო.
არა ერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ  ისევე როგორც ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ დესერტს, რაჰათ-ლუქუმსაც (Rahat lokum) თავისი ლეგენდარული ისტორია გააჩნია. ყველაზე გავრცელებული გადმოცემის თანახმად, დიდი ხნის წინ ერთი სულთანი ყოფილა, რომელსაც ღრმად სჯეროდა რომ ქალის გულისკენ გზა კუჭის გავლით მიდის (ეს აღმოსავლელი კაცები რას არ მოიგონებენ!) და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ტაქტიკა ჭრიდა და  საკმაოდ ბევრი ქალის გული მართლაც დაიპყრო. ქალების მოსანადირებლად ჩვენს სულთანს რამდენიმე განსაკუთრებული, ეგზოტიკური და ახლებული კერძის რეცეპტი ჰქონდა გადანახული და ამ კერძებით მერე თავის საყვარლებს უმასპინძლდებოდა ხოლმე. ერთხელაც, გულუხვა სულთანმა სატრფო-ქალბატონებისთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება განიზრახა და თავის მზარეულთუხუცესს რაიმე ორიგინალური დესერტის მომზადება უბრძანა. მზარეულმაც თავი არ შეირცხვინა და რახათ-ლუქუმი მოიგონა.
მეორე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს დესერტი სამეფო კარის მზარეულების შუღლის შედეგად გაჩნდა. თითოეული მათგანი სულთანისთვის თავის მოწონებას  ცდილობდა, ეგებ როგორმე მთავარ მზარეულად დამნიშნოსო. ჰოდა, ერთ-ერთმა განსაკუთრებით მოხერხებულმა თუ იღბლიანმა მზარეულმა ბევრი იწვალა თუ ცოტა შაქრის, სახამებლისაგან და წყლისაგან ეს გასაოცარი დესერტი დაამზადა.
არა მარტო დესერტს, მის სახელსაც კი წარმოშობის საკუთარი ლეგენდა ქვს. ზუსტად რა და როგორ იყო, ვერავინ ამბობს, მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ სახელის ეტიმოლოგია არაბული „rahat- al- hulkum“-იდან მოდის, რაც არბულად სიტყვასიტყვით „ყელითვის სასიამოვნოს“ ანუ „ყელის ჩაკოკლოზინებას“, თუქრულად კი „კმაყოფილების ნამცეცს“ ნიშანვს.
სინამდვილეში ამ დესერტის ავტორიც და წარმოშობის თარიღიც კი ცნობილია: 1776 წელს პროვინციული ანატოლიიდან იმპერიის დედაქალაქში - სტამბულში სახელგანთქმული კონდიტერი ალი მაჰიდინ ჰაკი ბეკირი ჩამოვიდა და შეიტყო, რომ საწუწნ კამფეტზე მორიგი კბილის ჩამომტვრევით გამწარებული სულთანი რბილი კამფეტების დამზადებას ითხოვდა. ნიჭიერმა მზარეულმა შაქრის, სახამებლის, სოუსი ტარტარისა და ვარდის წლის ნაზავი ნუშის ბურბუშელამოყრილ ჭურჭელში ჩაასხა. მერე გაცივებული და შესქელებული ტკბილეული დაჭრა, შაქრის პუდრა მოაყარა და სულთანს მიართვა...
სხვათა შორის, ბეკირ ეფენდის საკონდიტრო სტამბულში ახალი მეჩეთის (იენი ჯამის) სიახლოვეს დღესაც ფუნქციონირებს და სტუმრებს ამ ტკბილეულის ათასგვარ ასორტიმენტს სთავაზობს. თავდაპირველ რეცეპტს დღეს თხილიდან და ნუშიდან დაწყებული, შოკოლადით დამთავრებული ათასგვარ დანამატებს ურევენ. ყველაზე გემრიელად კი ქალაქ აფიონში (Afyon) დამზადებული ნაღების ანუ Kaymak lokum  ითვლება. ისევ და ისევ ლეგენდა გვამცნობს: თურმე აფიონის ნაღებისგან დამზადებული ლუქუმი იმითაა განსაკუთრებული, რომ აფიონელი ძროხები ამ რეგიონში გავრცელებულ ხაშხაშის ანუ ყაყაჩოს მინდვრებზე ბალახობენ. ოპიუმმოცოხნილი ფაქიზოს რძისგან დამზადებული ტკბილეული კი გასაოცარი ჰაეროვნებით გამოირჩევა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ენაზე დნება. 
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, რაჰათ-ლუქუმის დამზადება ძალიან ადვილია და ძლიერი მარჯვენისა და დიდი მოთმინების გარდა, რაიმე განსაკუთრებულ კულინარიულ ოსტატობას არ მოითხოვს. მოკლედ:

კლასიკური რაჰათ-ლუქუმი
4 ლ წყალი დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ. გაცხელების პროცესში ნელ-ნელა ჩავამატოთ 750 გრ მაინც და მაინც სიმინდის სახამებელი, 5 კგ შაქარი და 10 გრ ლიმონმჟავა. და აი, აქ იწყება ერთადერთი რთული მომენტი - თუ გვინდა, რომ კარგი ტკბილეული გამოვიდეს, არც-მეტი არც ნაკლები საათნახევარი შეუწყვეტლივ უნდა ვურიოთ, თან თავი ვინუგეშოთ, რომ შრომამ შექმნა ადამიანი და ჩვენი მძიმე შრომა შესანიშნავი შდეგით დაგვირგვინდება.
სანამ დამატებით ინგრედიენტებს დავამატებთ, მიღებული მასა მზაობაზე აუცილებლად უნდა შევამოწმოთ: ამისთვის, ავიღოთ ცოტაოდენი ლუქუმი და ხელის გულზე გავაციოთ. თავიდან წელვადი მასა, გაციების შემდეგ ადვილად უნდა იხეოდეს. შემდეგ კი ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნებაზეა - ჯერ კიდევ ცხელ მასაში 150 გრ კაკაოს თუ დაამატებთ, შოკოლადის ლუქუმი გამოვა, ვარდის წყლის და ვარდისფერი საღებავის დამატებით - ვარდის. დანამატად თხილი, ნიგოზი, ბუსტუღი, არახისი და ნებისმიერი სხვა კაკალიც გამოდგება. ამ დესერტს წვრილად დაჭრილი ცუკატებიც უხდება. თქვენთვის სასურველი გემოს შერჩევის შემდეგ ლუქუმის ჯერ კიდევ ცხელი მასა რაიმე ფართო ზედაპირზე გაშალეთ და გააციეთ და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ. შემდეგ კუბიკებად დაჭერით და შაქრის პუდრაში ან ქოქოსის ბურბუშელაში ამოგანგლეთ.
რაჰათ-ლუქუმი ბუსტუღით
ავიღოთ 3,5 ჭ შაქარი, 1 ჭ წყალი, 1 ჭ სიმინდის სახამებელი, 300-400 გრ ბუსტუღი (ფსტის კაკალი) და ცოტაოდენი ლიმონმჟავა. ავადუღოთ შაქარი და წყალი, დავუმატოთ სახამებელი და ვხარშოთ შესქელებამდე. ლიმონმჟავა სულ ბოლოს დავუმატოთ. ფართო ზედაპირზე მოვაფრქვიოთ დაჭრილი ბუსტუღის ნახევარი, ზემოდან დავასხათ მოხარშული მასა და თავზე მოვაყაროთ დარჩენილი ბუსტუღი. გავაციოთ და რომ გამაგრდება დავჭრათ.
ხილის რაჰათ-ლუქუმი
ავიღოთ კვლავაც 3,5 ჭ შაქარი, 1 ჭ სიმინდის სახამებელი, 3 ს/კ შაქრის პუდრა, ვანილი, ლიმონმჟავა და ხილის ბადაგი... ავადუღოთ შაქარი და წყალი, დავუმატოთ სახამებელი და ვხარშოთ შესქლებამდე. სულ ბოლოს დავუმატოთ ხილის ბადაგი, ვანილი და ლიმონჟავა. მიღებული მასა გასაციებლად დავასხათ ფართო ზედაპირზე. შესქელებული ლუქუმი დავჭრათ და ამოვგანგლოთ შაქრის პუდრაში.
ბრინჯის რაჰათ-ლუქუმი
2 ლ წყალში ვხარშოთ 400 გრ ბრინჯი, სანამ ბრინჯის მარცვლები პიურესავით არ ჩაიშლება. მოვამზადოთ სიროპი 1,5 კგ შაქრისა და წყლისაგან და ვხარშოთ სანამ კარამელი ძაფებად გაწელვას არ დაიწყებს. ბრინჯი წვრილ საცერზე გავატაროდ და ვაქციოთ პიურედ და ნელ-ნელა დავუმატოტ კარამელს, ისე რომ ბრინჯი ქვაბის კედლებს აღარ ეკვროდეს. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად. პირველ ნაწილს წითელი საღებავი და 2 წვეთი ვარდის ზეთი დავუმატოთ. მეორეში კი 12 წვეთი ფორთოხლის ზეთი და 250 გრ წვრილად დაჭრილი ნუში გადავურიოთ.  გამზადებული ლუქუმი 2,5 სმ-ს სისქის ფენად გავშალოთ ფართო ზედაპირზე, მოვაყაროთ ბლომად შაქრის პუდრა და დავტოვოთ 1 დღე-ღამით.  გაციებული მასა დავჭრათ კუბიკებად.
გერიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ესპრესოს კრემ-ბრულე - Espresso Crème Brûlée

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: 295 მლ ცხიმიანი ასათქვეფი ნაღები, 155 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 10 გრ ხსნადი ყავა, 1 ვანილის ჩხირი, 7 ც კვერცხის გული, 20 გრ ლერწმის შაქარი
მომზადების წესი:
1. ღუმელი 100°C-მდე გაახურეთ. საშუალო ზომის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ ნაღები, რძე, 100 გრ შაქარი და ხსნადი ყავა. შუაზე გაჭრილი ვანილის ჩხირიდან კოვზით თესლი გამოფხიკეთ და რძიან მასაში ჩაათქვიფეთ.
2. დიდი ზომის ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულებს დაუმატეთ 60 მლ ნაღებიანი მასა, კარგად ათქვიფეთ და გვერდზე გადადგით. ვანილის გამონაფხეკი ჩენჩო რძიან და ნაღებიან ქვაბში ჩაუძახეთ.
3. საშუალო ცეცხლზე ნაღებიანი ქვაბი თითქმის დუღილამდე მიიყვანეთ და ყავისა და შაქრის საბოლოოდ გადნობამდე ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და 5 წუთი გასაგრილებლად დატოვეთ. შეგრილებული ნაღებიანი მასა თანდათანობით ჩაათქვიფეთ კვერცხის გულებში.
4. მიღებული მასა საცერზე გადაწურეთ და გაანაწილეთ 4 ცალ 175 მლ-იან ცეცხლგამძლე (დეკორატიულ) ფორმაში. დიდი ზომის ცეცხლგამძლე თუნუქის ტაფა ან საცხობი ფორმა ნახევრამდე გაავსეთ ცხელი წყლით და ამ წყალში მოათავსეთ კრემიანი ფორმები.
5. კრემი ღუმელში შედგით გამოსაცხობად დაახლოებით 2 საათით. ფორმას რომ შეანჭყრევთ და კრემი ოდნავ შეცახცახდება, უკვე მზად იქნება (კრემი გაციების შემდეგ შედედდება).  კრემიანი ფორმები წყლიდან ამოალაგეთ და გასაგრილებლად დატოვეთ. შემდეგ მაცივარში შედგით და საბოლოოდ ჩააციეთ.
6. უკვე გაცივებულ კრემს თავზე ლერწმის შაქარი მოაყარეთ და სანთურას ან (ნებისმიერი ცეცხლიანი ხელსაწყოთი) დააკარამელეთ. კარამელის გასახმობად კრემი 10 წუთით საყინულეში შეაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!

(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

ტორტი შიფონი (Tort Chiffone) მუსლინის კრემით

Approved by Natia Jinjolava

დღეს ატმის ტორტის ფრიად უჩვეულო რეცეპტს შემოგთავაზებთ. მისი ბისკვიტიც განსაკუთრებულია და კრემიც და რაც მთავარია, უზომოდ გემრიელია! მომზადების ტექნოლოგია ნუ შეგაშინებთ,  რეალურად - რთული არაფერია.
ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ: 280 გრ ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი, 10 გრ ვანილინი, 0,5 ჩ/კ სოდა, 180 მლ ატმის წვენი, 3 კვერცხი, 250 გრ შაქარი, 120 მლ ზეითუნის ზეთი
კრემისათვის: 300 გრ ატმის პიურე, 150 მლ ცხიმიანი ნაღები, 100 გრ შაქარი, 1 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 1 ს/კ ფქვილი, 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი, 300 გრ კანგაცლილი ატამი მოსართავად.
თავად ტორტის მომზადების ტექნოლოგია ქვემოთ მოყვანილ ვიდეო-რეცეპტში ნახეთ, სცადეთ, გააკეთეთ და გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

მოგზაურობა მეორე: ორი სათაური - ბადენ-ბადენი

Approved by Natia Jinjolava

ამ საოცარმა პატარა ქალაქმა, მთელ ევროპაში ცნობილმა და გერმანიის კვალობაზე საკმაოდ  ძველმა (2007 წელს ბადენ-ბადენმა ქალაქის სტატუსის მინიჭების 500 წლისთავი იზეიმა), ადგილმდებარეობითა და მთაზე შეფენილი სახლებით რაღაცით თბილისი მომაგონა.
სახელიდან გამომდინარეც ადვილი მისახვედრია, რომ ეს ბადენის საგრაფოს უმთავრესი ქალაქია და ცხადია, ტიპიური გერმანული უნდა იყოს, თუმცა გერმანიის სხვა ქალაქებისგან აშკარა განსხვავება თვალში საცემია - ბადენ-ბადენს თავისებული ელეგანტურობა და სინატიფე ახასიათებს, რასაც საფრანგეთის სიახლოვე განაპირობებს.
უნდა ითქვას, რომ აქ „სწორ“ დროს მოვხვდი - გაზაფხულის მიწურული ბადენ-ბადენის ნახვისა და შეგრძნებისთვის საუკეთესო პერიოდია.
ქალაქმა ბევრი რამით გამაოცა და გამიტაცა: ეკლესია-მონასტრებით, თერმული და მინერალური წყლებით, რომაული სამკურნალო აბანოებით, გრანდიოზული კაზინოთი, სახელგანთქმული მუსიკალური და თეატრალური დარბაზებით, მრავალფეროვანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მოყვავილე ბებერი ხეებით გარშემორტყმულ პატარა მდინარეზე გადებული ხიდებით, დატიხრული ხეივნებით, აღმართ-დაღმართებიანი ვიწრო ქუჩებითა და ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩენით - ადგილობრივი მაცხოვრებლებით.
ადგილობრივ მკვიდრს ჩამოსულისგან ყველგან ადვილად გამოარჩევ, მაგრამ ამ ქალაქში ეს სხვაობა ძალიან მკვეთრია. ტურისტები, როგორც ყველგან, აქაც ძალიან ჭრელი მასაა: სხვადასხვა ჯურის, ფერის, აღნაგობის, ეროვნების, შესაძლებლობის და ასაკის. აი, სწორედ ეს უკანასკნელია, რაც ბადენ-ბადენის მოსახლეობას ტურისტებისგან განასხვავებს. ჰო, და კიდევ ჩაცმულობა.
ჩემი წარმოდგენით (სტერეოტიპით), ტურისტი ახალგაზრდა, ან შედარებით ახალგაზრდა, ზურგზე ჩანთამოკიდებული, სპორტულად და ოდნავ უდიერად ჩაცმული, ასეთივე მოუწესრიგებელი გარეგნობის მქონე, ფოტოაპარატით შეიარაღებული ენერგიული ადამიანი უნდა იყოს. ეს ზოგადი პორტრეტი ბადენ-ბადენის აბორიგენებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, ასაკსა და სტატუსშია და სერიოზული მატერიალური მხარდაჭერაც აქვს.
მოკლედ, ეს ის ქალაქია, სადაც ჩვენ, ყველა პარამეტრით საშუალო ასაკობრივი და წონითი კატეგორიის მქონე ორმა მდედრობითმა სქესის ადამიანმა თავი „ქორფა კიტრებივით“ ვიგრძენით. ადგილობრივ საკანცელარიო ნივთების მაღაზიაშიც კი დაბადების დღის მისალოცი ბარათები მხოლოდ ხანდაზმულ ხალხზეა გათვლილი: უამრავი იყო 65-70-75-80-85-90 და, თქვენ წარმოიდგინეთ, 100 წლისთავის მილოცვებით და საერთოდ არ მოიპოვებოდა (არცერთი!) 20, 25, 30, 35, 40 ან თუნდაც 50 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ბარათი... უნდა ითქვას, რომ ამ ქალაქში ხანდაზმულებისთვის ბევრი რამეა გათვალისწინებული, ამის მაგალითად ქუჩებში ხალხმრავალ ადგილას დამონტაჟებული დეფიბრილიატორებიც გამოდგება (ხმარების წესისა და ექიმის ტელეფონის ნომრების მითითებით).
ერთი კია, ასაკის მიუხედავად, ეს ქალბატონები და ბატონები (ენა ვერ მიბრუნდება, მოხუცები ან თუნდაც ხანშიშესულები ვუწოდო) ძალიან მოვლილი, კოხტა, კარგად და ხარისხიანად (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის უზადო გემოვნებით) ჩაცმულნი, მუდამ მომღიმარნი და საკმაოდ კონტაქტურები არიან. ხალისიანად მიგასწავლიან გზას, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან, ავტობუსის გაჩერების, მუზეუმის თუ ქუჩის საჩვენებლად გამოგყვებიან კიდეც! და ჩვენი მოხუცებისგან ძალიან ფერადი და ელეგანტური ტანსაცმელი გამოარჩევთ...
ამ ფაქტს მარტივი ახსნა მოეძებნება - ბადენ-ბადენი ხომ მილიონერების ქალაქია, აქ ცხოვრება პრესტიჟულიცაა და ამავე დროს ძალიან ძვირიც. როგორც ჩანს, ყოველთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ბოლო საუკუნეების მანძილზე ასეა. ქალაქის სახელი დიდძალ ფულს და გართობას უკავშირდება და ამას არა მხოლოდ ორასწლიანი ისტორიის მქონე კაზინოს არსებობა განაპირობებს, არამედ ისიც, რომ აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შედევრებს ქმნიდნენ შტრაუსები, სენ-სანსი, კლარა შუმანი, ბრამსი, ფოიერბახი, შტოკჰაუზენი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ბადენ-ბადენი ძალიან პოპულარული იყო რუს ინტელიგენციას შორის: ტურგენევი, დოსტოევსკი და ვინ იცის, კიდევ ვინ...
გამოჩენილი ადამიანების საცხოვრებელი ადგილები შესაბამისი წარწერებით არის აღნიშნული, სათუთად მოვლილი და დაცულია. თუმცა გერმანიაში საკუთარი თუ სხვისი ისტორიის პატივისცემა გასაკვირი არ არის, უბრალოდ, დახეტიალობ ამ პატარ-პატარა შუკებსა და ქუჩებში, ფიქრობ, რომ იგივე გზებით სულ რაღაც ... წლის წინ მავანსა და მავანს უვლია, ცდილობ წარმოიდგინო რაზე ფიქრობდა, რა აწუხებდა და უხაროდა უცნობ ადამიანს შორეული წარსულიდან. მერე ჩამოჯდები მრავალრიცხოვანი კაფე-რესტორნებიდან რომელიმეს მაგიდასთან, აუჩქარებლად მიირთმევ სადილს, ტკბილეულს, ლუდს ან კიდევ რამეს, აკვირდები გამვლელ-გამომვლელს, გეჩვენება, რომ ამ ქალაქში დრო გაჩერდა და ძალიან, ძალიან გინდა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდეს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

არტგენი 2011

Approved by Natia Jinjolava

„არტგენი“ თბილისური ფესტივალების იმ გამონაკლისთა რიცხვში შედის, რომელსაც ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები და სიამოვნებითა მივდივარ. არა, არ მოგატყუებთ, რომ ხალხური მუსიკის თავგადაკლული მცოდნე ან დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ წელიწადში ერთხელ ხარისხიანად შესრულებული ქართული სიმღერა ძალიან, ძალიან მიყვარს. წელსაც, ჩემთვის ყველაზე მეტად მისაღები პროგრამიანი (გავიგე, სვანები მღერიანო) დღე შევარჩიე და კუს ტბის ბილიკს დიდი ენთუზიაზმით ავუყევი.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცოტა ხალხი იყო - მე კი ფრიად მეამა სასიამოვნო სიხალვათე, მაგრამ თავად ფესტვილასითვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის მთლად კარგი ფაქტი არ უნდა იყოს.  და ვინც იყო, იმათგან ალბათ სულ ათი პროცენიტი გახლდათ ფოლკლორის სიყვარულით ამოუსლი. რატომ მგონია ასე? იმიტომ რომ ამფითეატრში რამდენი ადგილი არ გამოვიცვალე, ირგვლივ მჯდომებს მთელი საღამოს მანძილზე ენა არ გაუჩერებიათ, ბოლო ხმაზე ყაყანებდნენ და რაზეც გინდათ დაგენიძლავებით, რომ ერთ სიმღერასაც ვერ გაიხსენებენ რას უსმენდნენ. პუბლიკის უდიდესი ნაწილი „მოდერნ თოქინგის“ კონცერტს უფრო დაამშვენებდა, ვიდრე ხალხური მუსიკის ფესტივალს. სიმღერას დამსწრეთა ნახევარი მაინც თუ იცნობდა, (მაგალითად „ჩაკრულო“ და „ართი კოჩი“ - სხვა საბედნიეროდ, ვერაფერი ამოიცნეს), მეორე ნახევარი მაშინათვე აყვებოდა, გოიმი არ გამოვჩნდეო და პირველივე ნოტებზე ისეთი ტაში და ღრიანცელი ტყდებოდა - შემსრულებლებს პირის გაღებას არ აცლიდნენ. ხოლო სადაც რიტმული ტაშის აყოლება იყო საჭირო, ხელების ტყაპუნის წარმოუდგენელი დოდეკაფონიისგან ყურები მიჭკნებოდა.
კონცერტი უსინათლოთა საზოგადოების ქალთა და ვაჟთა გუნდებმა გახსნეს და რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გურულმა კრიმანჭულმა გამოიწვია, მაგრამ ისეთი კარგიც ვერ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან ლაზღანდარობისთვის მოეწყვიტა და განსაკუთრებულად „ბრძნული“ და ღრმაშინაარსიანი მასლაათი ორი წუთით მაინც შეეწყვიტათ. დამიჯერეთ, მაყურებლის გნიასი, ხშირად ფარავდა მიკროფონების ხმას. არადა, ორგანიზატორებმა აშკარად იშრომეს და ხმის და დინამიკების პრობლემა ნამდვილად არ იყო. სხვათა შორის, კონცერტიდან რომ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ სცენის უკანა მხარეს (სადაც ტრიბუნები არ იყო და ხალხი არ იჯდა), არავინ ყაყანებდა და ბევრად კარგი მოსასმენი იყო. ანუ, ის ხალხი, ვინც სცენას არ გაეკარა და მუზეუმის ტერიტორიაზე გაბმულ ჰამაკებში ნებივრობდა, ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.  
სანამ მესტიიდან ჩამოსული არაჩვეულებრივი ანსამბლი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, უფრო სწორად ვერ გავიგონე), თავის პროგრამას შესანიშნავად ასრულებდა, უკან მჯდომი ახალგაზრდებისგან შევიტყვე, რომ სვანები ველურები არიან და სცენაზე ინდიელების ცეკვებს და პირველყოფილ რიტუალებს ასრულებენ - გიჟებივით დაჯლიგინებენ, დახტიან და საერთოდ ვინ არიან კაცმა არ იცის. შემდეგ დმანისელი სვანები გამოვიდნენ და რამდენიმე უნიკალური სიმღერა შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ხელმძღვანელმა თავიდანვე გამოაცხადა, სიმღერის ეს ვარიანტები ჩვენი მოპოვებულია და სხვა არავინ ასრულებსო, ჩემს ირგვლივ მსხდომი სხვა ფოლკლორულის ანსამბლების ახალგაზრდა წევრების ყურადღება მაინც ვერ მიიქცია - ლუდის სმით და გოგონების თვალიერებით ისე იყვნენ გატაცებულები, „კვირიას“ და „ო ქრისტეშის“ კიდევ ერთი, თუნდაც უნიკალური ვერსია აბა, ვის რაში აინტერესებდა?
ამასობაში, საქმეში ჩახედული მსმენელისგან, რომელიც სცენაზე მიმდინარეზე მეტად საკუთარი ერუდიციის გამომზეურებით იყო დაკავებული, შევიტყვე, რომ თურმე ორი ტიპის საგალობლები არსებობს - საეკლესიო და საერო (!). საეკლესიო ეკლესიაში სრულდება, საერო კი სახლში და ეკლესიაში „კვირიას“ არავინ გამღერებს... რა საინტერესოა, ეკლესიაში „ჩიტო-გვიროს“ ან „აფრებს“ თუ გამღერებს ვინმე?! რასაკვირველია, კამერული მუსიკის ან რაიმე სხვა მსგავსი კონცერტი თუ არ ტარდება (მოგეხსენებათ მსოფლიო პრაქტიკაში ასეთებიც ხდება).
შემდეგ, ერთი 15 წუთი სცენაზე  რა ხდებოდა აღარ ვიცი - ჩემს წინ მჯდომი უკვე საკმაოდ შეზარხოშებული თინეიჯერები წამოიშალნენ და ბოლო ხმაზე დიდხანს არკვევდნენ რვა ქილა ლუდი ეყიდათ თუ ცხრა. როგორც იქნა, თითებზე იანგარიშეს, შეთანხმდნენ, მიწაზე ნაგავი დატოვეს და  ლუდის კიოსკისაკენ გაეშურნენ.
საბედნიეროდ, ამ შესვენების დროს გამოვიდა ფრანგი ქალების ანსამბლი „სამშაბათი“, რომლებმაც „ელესა“, „მრავალჟამიერი“ და კიდევ რამდენიმე ქართული სიმღერა ძალიან ქართულად შეასრულეს (სასწაული ხმები ქონდათ!)...
დაბნელდა, პუბლიკა კიდევ უფრო აირია, ალკოჰოლის შემცველობამაც იმატა სისხლში, დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა... აშკარად მთვრალ წამყვანს, რომელიც ხელში მომარჯვებული წარმოსახვითი ყანწით გამომსვლელებს რაღაც საიდუმლოებით მოცულ „დიდ გზაზე“ დიდსულოვნად  აცილებდა, ხელი გამოსამშვიდობებლად დავუქნიე და წამოვედი... ფესტივალი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ აშკარად აკლდა ცხელი ხაჭაპურები, კახური ღვინო ლუდის ნაცვლად, ჩურჩხელები... ხის ქვეშ დადგმულ ერთადერთ მაყალს და სანტიმეტრნახევრიანნაჭრიან ცვრიან მწვადს ორიოდე კაცი უსხდა, სამაგიეროდ იქვე გახსნილ
 საზკვების დაწესებულებას, რომელიც კლიენტებს ჰამბურგერს და სენდვიჩებს სთავაზობდა ახალგაზრდობა ესეოდა. შეიძლება ძალიან პრეტეზიული ვარ, მაგრამ მგონია რომ კარგად შესრულებულ ქართულ სიმღერას (და მართლაც ასე იყო), მეტი ხალხი და უფრო ქართული გარემოცვა უნდა. მე კი ვისიამოვნე, იმიტომ რომ, არაჩვეულებრივი მუსიკა მოვისმინე და ეთნიკური მუზეუმის ეზოში ხალხიც არ ირეოდა (სამუშაო დღის ბოლოს პარკში რომ უნდა იყოს იმაზე ცოტა ნაკლები ხალხი იყო და არა გადავსებული, როგორც ფესტივალზე!) მაგრამ მეტი მინდა. მემგონი, ძალიან პრეტენზიული არ ვარ, გული თუ მწყდება რომ „ექსპოჯორჯიაზე“ ინდურ გამოფენაზე მეტი რია-რიაა, ვიდრე ქართული ფოლკლორის საღამოზე.
არაჩვეულებრივი საღამო იყო - სუფთა ჰაერი ვისუნთქე, ხალხური სიმღერებით დავტკბი, „არტგენის“ საფირმო მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდების დანახვამაც ძალიან გამახარა და გოგოების თავზე სოკოებივით დაკუფსული ნაირფერი თექის „შლიაპებმაც“ . ვიღაცა ჭკვიანმა მოიფიქრა და ქართველ ქალებში ასე პოპულარულ „აბადოკებზე“ (ენა მომტყდება და დიადემას ვერ ვუწოდებ, ისე კი არ ვიცი ამ ქმილებას ქარულად რა ქვია), ნაჭრის ვარდებისა და ბაფთების ნაცვლად თექის ფერად-ფერადი „შლიაპები“ კეკლუცად მიამაგრა. ულამაზესი რამაა, თუმცა (კრიტიკის გარეშე მაინც ვერ ვძლებ!) 15 სმ-ის დიამეტრის თექა ამ სიცხეში თავზე რომ დავიდო, ალბათ იქვე გავღაფავ სულს - ნივთი აშკარად ზამთრისაა ...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

P.S. ახლა შევიტყვე, რომ განსაკუთრებულად "გამოსულ" თბილისელებს პრეტენზია გასჩენიათ - ფესტივალს "არტგენი" კი არა, "ართგენი" ჰქვიაო. ჩემო კარგებო, ინგლისურ "T"-ს ქართულ "ტ" შეესაბამება, ქართულს "თ"-ს კი ინგლისური "TH" და საქმე ქართულ ფონეტიკაშია და არა ინგლისურში (ბევრი მედავება ინგლისურად ასე ჟღერსო. კი ბატონი, ინგლისურად კი ჟღერს, მაგრამ ქართულად ჟღერს სხვანაირად. ნეტავ, არტისტსაც ართისტი ხომ არ უნდა ვიწოდოთ?!) . ამიტომ ქართული ართი, ლიბერთი და ქლინთონი  თქვენს მშობლიური ენის უცოდინრობას უსმევს ხასზს და არა გამოსულობას!