მოგზაურობა მეორე: ორი სათაური - ბადენ-ბადენი

Approved by Mary Poppins

ამ საოცარმა პატარა ქალაქმა, მთელ ევროპაში ცნობილმა და გერმანიის კვალობაზე საკმაოდ  ძველმა (2007 წელს ბადენ-ბადენმა ქალაქის სტატუსის მინიჭების 500 წლისთავი იზეიმა), ადგილმდებარეობითა და მთაზე შეფენილი სახლებით რაღაცით თბილისი მომაგონა.
სახელიდან გამომდინარეც ადვილი მისახვედრია, რომ ეს ბადენის საგრაფოს უმთავრესი ქალაქია და ცხადია, ტიპიური გერმანული უნდა იყოს, თუმცა გერმანიის სხვა ქალაქებისგან აშკარა განსხვავება თვალში საცემია - ბადენ-ბადენს თავისებული ელეგანტურობა და სინატიფე ახასიათებს, რასაც საფრანგეთის სიახლოვე განაპირობებს.
უნდა ითქვას, რომ აქ „სწორ“ დროს მოვხვდი - გაზაფხულის მიწურული ბადენ-ბადენის ნახვისა და შეგრძნებისთვის საუკეთესო პერიოდია.
ქალაქმა ბევრი რამით გამაოცა და გამიტაცა: ეკლესია-მონასტრებით, თერმული და მინერალური წყლებით, რომაული სამკურნალო აბანოებით, გრანდიოზული კაზინოთი, სახელგანთქმული მუსიკალური და თეატრალური დარბაზებით, მრავალფეროვანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მოყვავილე ბებერი ხეებით გარშემორტყმულ პატარა მდინარეზე გადებული ხიდებით, დატიხრული ხეივნებით, აღმართ-დაღმართებიანი ვიწრო ქუჩებითა და ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩენით - ადგილობრივი მაცხოვრებლებით.
ადგილობრივ მკვიდრს ჩამოსულისგან ყველგან ადვილად გამოარჩევ, მაგრამ ამ ქალაქში ეს სხვაობა ძალიან მკვეთრია. ტურისტები, როგორც ყველგან, აქაც ძალიან ჭრელი მასაა: სხვადასხვა ჯურის, ფერის, აღნაგობის, ეროვნების, შესაძლებლობის და ასაკის. აი, სწორედ ეს უკანასკნელია, რაც ბადენ-ბადენის მოსახლეობას ტურისტებისგან განასხვავებს. ჰო, და კიდევ ჩაცმულობა.
ჩემი წარმოდგენით (სტერეოტიპით), ტურისტი ახალგაზრდა, ან შედარებით ახალგაზრდა, ზურგზე ჩანთამოკიდებული, სპორტულად და ოდნავ უდიერად ჩაცმული, ასეთივე მოუწესრიგებელი გარეგნობის მქონე, ფოტოაპარატით შეიარაღებული ენერგიული ადამიანი უნდა იყოს. ეს ზოგადი პორტრეტი ბადენ-ბადენის აბორიგენებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, ასაკსა და სტატუსშია და სერიოზული მატერიალური მხარდაჭერაც აქვს.
მოკლედ, ეს ის ქალაქია, სადაც ჩვენ, ყველა პარამეტრით საშუალო ასაკობრივი და წონითი კატეგორიის მქონე ორმა მდედრობითმა სქესის ადამიანმა თავი „ქორფა კიტრებივით“ ვიგრძენით. ადგილობრივ საკანცელარიო ნივთების მაღაზიაშიც კი დაბადების დღის მისალოცი ბარათები მხოლოდ ხანდაზმულ ხალხზეა გათვლილი: უამრავი იყო 65-70-75-80-85-90 და, თქვენ წარმოიდგინეთ, 100 წლისთავის მილოცვებით და საერთოდ არ მოიპოვებოდა (არცერთი!) 20, 25, 30, 35, 40 ან თუნდაც 50 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ბარათი... უნდა ითქვას, რომ ამ ქალაქში ხანდაზმულებისთვის ბევრი რამეა გათვალისწინებული, ამის მაგალითად ქუჩებში ხალხმრავალ ადგილას დამონტაჟებული დეფიბრილიატორებიც გამოდგება (ხმარების წესისა და ექიმის ტელეფონის ნომრების მითითებით).
ერთი კია, ასაკის მიუხედავად, ეს ქალბატონები და ბატონები (ენა ვერ მიბრუნდება, მოხუცები ან თუნდაც ხანშიშესულები ვუწოდო) ძალიან მოვლილი, კოხტა, კარგად და ხარისხიანად (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის უზადო გემოვნებით) ჩაცმულნი, მუდამ მომღიმარნი და საკმაოდ კონტაქტურები არიან. ხალისიანად მიგასწავლიან გზას, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიან, ავტობუსის გაჩერების, მუზეუმის თუ ქუჩის საჩვენებლად გამოგყვებიან კიდეც! და ჩვენი მოხუცებისგან ძალიან ფერადი და ელეგანტური ტანსაცმელი გამოარჩევთ...
ამ ფაქტს მარტივი ახსნა მოეძებნება - ბადენ-ბადენი ხომ მილიონერების ქალაქია, აქ ცხოვრება პრესტიჟულიცაა და ამავე დროს ძალიან ძვირიც. როგორც ჩანს, ყოველთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ბოლო საუკუნეების მანძილზე ასეა. ქალაქის სახელი დიდძალ ფულს და გართობას უკავშირდება და ამას არა მხოლოდ ორასწლიანი ისტორიის მქონე კაზინოს არსებობა განაპირობებს, არამედ ისიც, რომ აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შედევრებს ქმნიდნენ შტრაუსები, სენ-სანსი, კლარა შუმანი, ბრამსი, ფოიერბახი, შტოკჰაუზენი. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ბადენ-ბადენი ძალიან პოპულარული იყო რუს ინტელიგენციას შორის: ტურგენევი, დოსტოევსკი და ვინ იცის, კიდევ ვინ...
გამოჩენილი ადამიანების საცხოვრებელი ადგილები შესაბამისი წარწერებით არის აღნიშნული, სათუთად მოვლილი და დაცულია. თუმცა გერმანიაში საკუთარი თუ სხვისი ისტორიის პატივისცემა გასაკვირი არ არის, უბრალოდ, დახეტიალობ ამ პატარ-პატარა შუკებსა და ქუჩებში, ფიქრობ, რომ იგივე გზებით სულ რაღაც ... წლის წინ მავანსა და მავანს უვლია, ცდილობ წარმოიდგინო რაზე ფიქრობდა, რა აწუხებდა და უხაროდა უცნობ ადამიანს შორეული წარსულიდან. მერე ჩამოჯდები მრავალრიცხოვანი კაფე-რესტორნებიდან რომელიმეს მაგიდასთან, აუჩქარებლად მიირთმევ სადილს, ტკბილეულს, ლუდს ან კიდევ რამეს, აკვირდები გამვლელ-გამომვლელს, გეჩვენება, რომ ამ ქალაქში დრო გაჩერდა და ძალიან, ძალიან გინდა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდეს.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი ვარდისფერი სპილო

0 კომენტარი.:

Post a Comment